x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134498
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508559
პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა
imageსაქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.


კვირიკაშვილის თქმით, პარტიის თავმჯდომარეს (ბიძინა ივანიშვილი) უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ მან გუნდი დააკომპლექტოს. „იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომლებშიც მქონდა პარტიის თავმჯდომარისგან განსხვავებული პოზიციები და მოსაზრებები. ეს ნორმალური პროცესია. 2012 წლიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ მინისტრობის პერიოდში, არასდროს მოვრიდებივარ პოლემიკას. ვფიქრობ, დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიდრე თანამდებობის დატოვების შესახებ იტყოდა, მისი ხელმძღვანელობით მთავრობის მუშაობის შედეგებზეც ილაპარაკა.


„ჩემთვის ეს თანამდებობა ყოველთვის იყო მხოლოდ და მხოლოდ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რაც კი შეიძლება რომ ადამიანს დაეკისროს. ყოველთვის ვცდილობდი, უდიდესი პატივის გრძნობით მეტარებინა ეს უდიდესი პასუხისმგებლობა მთელი ამ ხნის განმავლობაში. მე ვეცადე ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერმინისტრი. დიახ, მიმიღია გადაწყვეტილებები საკუთარი თავის საზიანოდ, მაგრამ ყოველთვის, მთელი გულით მჯეროდა და მჯერა, რომ ყველა გადაწყვეტილება, ყველა ნაბიჯი იყო ჩემი ქვეყნის, ჩემი სამშობლოს სასიკეთოდ ნაკარნახევი და იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია უკეთესობისკენ შეგვეცალა. მე, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიყავი და ვარ გუნდური მოთამაშე. აქედან გამომდინარე, ვხედავ გუნდში განწყობებს და მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს სიტუაციაში უნდა მიეღო ნებისმიერი გუნდის ხელმძღვანელს. მე ვტოვებ დღეს თანამდებობას. მინდა მადლობა გადავუხადო იმ უამრავ, ძალიან კარგ ადამიანს, რომელიც ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში გავიცანი. მინდა ჩემს თანამშრომლებს უდიდესი მადლობა გადავუხადო გათენებული ღამეებისთვის, იმ შრომისთვის, რომელიც მათ გასწიეს, ადამიანური თანადგომისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო. მინდა მინისტრებს, გუნდის წევრებს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა, მათ ძალიან დიდი შრომა გასწიეს. ასევე მინდა საპარლამენტო გუნდსაც გადავუხადო მადლობა და რა თქმა უნდა, პარტიის თავმჯდომარეს იმისთვის, რომ მე მომეცა საშუალება, მემსახურა საქართველოსთვის ჯერ მინისტრის პოსტზე, ხოლო შემდგომ პრემიერმინისტრის თანამდებობაზე. მინდა გუნდის ხელმძღვანელს წარმატება ვუსურვო ქვეყნის სასიკეთოდ გადაგმულ თითოეულ ნაბიჯში. ღმერთი ფარავდეს საქართველოს! მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება ერთიანი, გაბრწყინებული, განვითარებული და დემოკრატიული სახელმწიფო", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შესაძლო სამთავრობო ცვლილებების შესახებ მედია რამდენიმე დღის განმავლობაში წერდა, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები გავრცელებულ ხმებს არ ადასტურებდნენ. არსებობდა არაოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგომის შესახებ განცხადებას, 12 ივნისს პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს შემდეგ გააკეთებდა, თუმცა ეს ცნობა არ დადასტურდა. როგორც პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ თქვა, მათ შეხვედრაზე Unicef-ის კვლევა განიხილეს.



გიორგი კვირიკაშვილმა გადადგომის შესაძლებლობაზე ბოლოს ორი კვირის წინ, რუსთაველის გამზირზე, მოკლული მოზარდების საქმის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების დროს ილაპარაკა. პრემიერმინისტრმა თქვა, რომ სკამს მისთვის ფასი არ აქვს და გადადგება კიდეც, თუკი ამის აუცილებლობას დაინახავს.


მისი გადადგომის მოსურნეებს ის მარტშიც გამოეხმაურა. 30 მარტს მთავრობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ გავრცელებული ხმები მისი გადადგომის შესახებ სიმართლეს არ შეეფერებოდა და იმ ადამიანებს, რომლებსაც მისი თქმით, პრემიერის გადადგომაზე ტაიმერები ჰქონდათ მომართული, დასვენებისკენ მოუწოდა. „ეს ტაიმერი მინიმუმ რამდენიმე წელი არ დარეკავს“- თქვა კვირიკაშვილმა.


საქართველოს კანონმდებლობით, პრემიერმინისტრის გადადგომით მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილებაც წყდება. პროცედურის თანახმად, პრეზიდენტი ფორმალურად წამოაყენებს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მისთვის წარდგენილ პრემიერობის კანდიდატს, რომელიც ამის შემდეგ შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და სამთავრობო პროგრამასთან ერთად წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად, რისთვისაც სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.


საქართველოს მოქმედი კონსტიტუცით, მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის იმავე შემადგენლობას აკისრებს მოვალეობის შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე.


გიორგი კვირიკაშვილი „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერმინისტრის თანამდებობაზე 2015 წლის დეკემბერში დაასახელა. მანამდე ის „ოცნების“ ხელისუფლების ჯერ ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ კი საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცეპრემიერი იყო. მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე მან ირაკლი ღარიბაშვილი შეცვალა. მოგვიანებით, კვირიკაშვილმა თქვა, რომ ამ პოსტზე მისი კანდიდატურის წამოყენება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირველი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის იდეა იყო.


50 წლის გიორგი კვირიკაშვილის კარიერის დიდი ნაწილი საფინანსო და საბანკო სექტორებში საქმიანობას უკავშირდება. 2012 წელს ივანიშვილის კოალიციასთან ერთად ხელისუფლებაში მოსვლამდე ის პოლიტიკაში ერთხელ უკვე იყო. 1999–2004 წლებში პარლამენტში „ახალი მემერჯვენეების“ წევრი გახლდათ და პარლამენტის ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. 2006–2011 წლებში ის ბიძინა ივანიშვილის ბანკს „ქართუ“ ხელმძღვანელობდა.

3
28
შეფასება არ არის
ავტორი:ანანო ლიპარტია
ანანო ლიპარტია
28
  
2018, 16 ივნისი, 0:15
ისე 13 რიცხვი თარსი ყოფილა კვირიკ შენთვის
2018, 15 ივნისი, 6:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 14 ივნისი, 20:22
ამას ვინ ეკითხებოდა ან მოსვლას ან წასვლას???? არა და ეხლახანს არ თქვა მომავალი 4 წელი არსად წასვლას არ ვაპირებ დიადი საქმეები მაქვს საკეთებელიო??? რა საოცრად წავიდაააა :-)
0 1 3