x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
გველის ნაკბენის ორი შემთხვევა დედოფლისწყაროში - რამდენ ვაქცინას ფლობს მუნიციპალიტეტი?
image


გველის ნაკბენის ორი შემთხვევა დაფიქსირდა დედოფლისწყაროში. ქვეწარმავალის ნაკბენი გასულ თვეში ელდარის საძოვრებზე მდებარე ერთ–ერთ მეცხოველეობის ფერმაში 16 წლის ბიჭს აღენიშნებოდა, ხოლო სოფელ სამთაწყაროში – 2 წლის ბიჭს.


როგორც დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, გველის შხამის საწინააღმდეგო ორ ვაქცინას ფლობენ. ორივე დაკბენილ პაციენტს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.


„მიმღები განყოფილების ექიმი აფასებს პაციენტის მდგომარეობას და იწყებს მკურნალობას. საჭიროების შემთხვევაში იღებს კონსულტაციას ტოქსიკოლოგისგანაც. ორივე შემთხვევაში ნაკბენის დათვალიერებით, დაწყებული ინტოქსიკაციის სიძმის მიხედვით, დადასტურდა, რომ გველის ნაკბენი არ იყო შხამიანი, შესაბამისად, ვაქცინის გამოყენება ამ შემთხვევებში არ მომხდარა. პირველი შემთხვევა 3 მაისს, მეორე კი 2 ივნისს დაფიქსირდა. რაც შეეხება დედოფლისწყაროში არსებულ მარაგს, ამჟამად 2 დოზა გველის შხამის საწინააღმდეგო პოლივალენტური შრატი გვაქვს დედოფლისწყაროში და სეზონის დადგომისთანავე ორივე გადავეცით საავადმყოფოს. მთელი წლის განმავლობაში იდო ერთი დოზა საავადმყოფოში. თებერვლის ბოლოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან კიდევ ერთი დოზა ჩამოიტანა. აპრილის ბოლომდე ჩვენთან საწყობში ინახებოდა. 1 მაისს გადავეცით საავადმყოფოს, საჭიროების შემთხვევაში სწრაფი რეაგირების მიზნით. ქედის ზონაში არის სასწრაფო დახმარების პუნქტი, მაგრამ ადგილზე შრატი არ ინახება. სასწრაფო დახმარებას გადჰმოყავს პაციენტი ქედების ზონიდან, შრატი კეთდება მხოლოდ საავადმყოფოში. არის შემთხვევები, როცა თვითდინებითაც შემოდის პაციენტი. რაც შეეხება მინდვრის სასაზღვრო საგუშაგოებში არსებულ ვითარებას, როგორც წესი, სასაზღვრო პოლიციას ყოველთვის აქვს შრატი. მათ ჩვენ არ ვამარაგებთ, ამიტომ ამჟამად რა მდგომარეობა აქვთ, რამდენად განახლდა მარაგი, არ ვიცი, “ – აცხადებს დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ლალი ალადაშვილი.



სასაზღვრო პოლიციის დედოფლისწყაროს სამმართველოს ექიმი დიმიტრი ყოჩიაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ინფორმაციის ოფიციალურად გაცემის უფლებამოსილება არ აქვს, თუმცა აღნიშნავს, რომ სამმართველო ვადიან შრატს ფლობს. ვადის გასვლის შემდეგ კი მისი გამოცვლა ხდება.


ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ნაკრძალში გველის ნაკბენის მხოლოდ სამი შემთხვევაა დაფიქსირებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერიტორია ქვეწარმავლების სიმრავლით გამოირჩევა და ბოლო წლებში დამთვალიერებელთა ნაკადიც მნიშვნელოვნად გაიზარდა, საბედნიეროდ, უსიამოვნო შემთხვევები მინიმუმამდეა დაყვანილი.


„ორ შემთხვევაში გველმა ჩვენი თანამშრომელი რეინჯერები დაგესლა, ერთ შემთხვევაში კი დედოფლისწყაროს მკვიდრი ბავშვი, რომელიც ნაკრძალში მამამ წაიყვანა. ჩვენ ადგილზე, საველე პირობებში შრატის გამოყენების უფლება და საშუალება არ გვაქვს, ამდენად შრატიც არ გვქონია. ასეთ შემთხვევებში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ვიძახებთ. სამი წლის წინ მოხდა ბოლო ასეთი ფაქტი, ე.წ. მიჯნისყურეში ბავშვს გველმა უკბინა, პირველადი სამედიცინო დახმარება მას რეინჯერებმა აღმოუჩინეს, შემდეგ კი სასწრაფო დახმარების სამსახურმა დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადმოიყვანა. ასე რომ, ნაკრძალის ტერიტორიაზე სტუმრობა უსაფრთხოა, “ - აღნიშნავს ნინო სეთურიძე.

0
194
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0