x
მეტი
  • 24.06.2018
  • სტატია:78085
  • ვიდეო:330822
  • სურათი:434093
„რობოტი ლაბორანტი“ - გოგონების მიერ შექმნილი აპლიკაცია, რომელმაც NASA-ს საგზურიც მოიპოვა

image

ინტერესმა 15 წლის ანი თეთრაშვილი, 17 წლის თამარ მიქელაძე და 17 წლის ნინი ხუნძაყიშვილი გააერთიანა. კერძოდ, გოგონები ლაბორატორიული ცდების ჩატარებით არიან გატაცებულნი და მათი აზრით, სწავლისთვის სწორედ პრაქტიკული მეცნიერებაა აუცილებელი. ამიტომ, გადაწყვიტეს ლაბორატორიული ცდები ყველასთვის ხელმისაწვდომი გაეხადათ.


ამისთვის, გოგონებმა აპლიკაცია „რობოტი ლაბორანტი“ შექმნეს, რომელიც დისტანციურად იმართება და მათი დახმარებით მოსწავლეები შეძლებენ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ცდები დამოუკიდებლად, სახლიდან გაუსვლელად ჩაატარონ. მოწყობილობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის და ის ხმოვანი ბრძანებებითაც იმართება.


პროექტის ხელმძღვანელი, რომლის სკოლის მოსწავლეები კონკურსზე წარდგნენ, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ვირტუალური მოდელირების ცენტრის ხელმძღვანელი, დავით სონღულაშვილია.


მე–10 და მე–11 კლასის მოსწავლეებმა აპლიკაციით „რობოტი ლაბორანტი“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში (MIA) მიიღეს მონაწილეობა და კონკურსის გამარჯვებულების ტიტული მოიპოვეს.


გამარჯვებულები ზაფხულში აშშ–ში გაემგზავრებიან და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.


- ანი, რატომ გაგიჩნდათ სამ გოგონას სურვილი, აპლიკაციაზე გემუშავათ და უფრო კონკრეტულად, რას წარმოადგენს „რობოტი ლაბორანტი“?


- გოგონებმა ერთმანეთი „სტემ აკადემიაში“ გავიცანით, სადაც რობოტიკისა და ფიზიკის სხვადასხვა დარგს ვსწავლობდით. ამ პროცესში მივხვდით, რომ კარგი სწავლისთვის ბევრი ცდის ჩატარება აუცილებელია, თუმცა სკოლაში არსებულ ლაბორატორიებში მოსწავლეებს არ შეუძლიათ, როცა სურთ, ცდებით მაშინ დაკავდნენ. აპლიკაცია „რობოტი ლაბორანტით“ კი, რომელიც ფიზიკის დარგებზეა მორგებული, ცდების ჩატარება სახლიდან გაუსვლელად ნებისმიერ დროს მოსახერხებელია.


- ამ იდეაზე სამმა გოგონამ იმუშავეთ. მანამდეც თუ შეგიქმნიათ მსგავსი პროექტი?


- დიახ, მანამდეც ვიყავით ამგვარი საკითხებით დაინტერესებულნი და სხვადასხვა კონკურსში გვაქვს მონაწილეობა მიღებული. სპეციალური პრიზებიც აგვიღია. ახლა კი უფრო მასშტაბური პროექტი გავაკეთეთ.


- რა დრო დასჭირდა აპლიკაციის შექმნას და სად მუშაობდით?


- ამ პროექტზე ჩვენს მენტორთან, დავით სონღულაშვილთან ერთად 6 თვე ვმუშაობდით; ტექნიკურ უნივერსიტეტში ვიკრიბებოდით და პროგრამას თუ პრეზენტაციას, მის კაბინეტში ვამზადებდით.


- რატომ ჰქვია აპლიკაციას „რობოტი ლაბორანტი“?


- აპლიკაციაში შესულ მომხმარებელს რამდენიმე ოთახი ხვდება, სადაც რობოტი ლაბორანტები მუშაობენ. ისინი ცდებს მომხმარებლის სურვილის მიხედვით ატარებენ. ეს არის მსოფლიო მასშტაბის სიახლე.


- ამ პროექტმა რა გამარჯვება მოგიტანათ?


- ამით მონაწილეობა ევროკავშირის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსში მივიღეთ, სადაც გავიმარჯვეთ და სექტემბერში ირლანდიაში მივდივართ.


- NASA-ც დაინტერესდა თქვენით. ეს რას გულისხმობს?


- ამ პროექტის გამო NASA-ში ხუთდღიანი პროგრამა ჩაგვიტარდება, რაც გულისხმობს იმას, რომ NASA-ს ლაბორატორიას დავათვალიერებთ და ისეთ ადგილებს ვნახავთ, რაც სხვა ვიზიტორებისთვის შეუძლებელია. ასევე, ასტრონავტების საწვრთნელ პროგრამას გავივლით.


- როდის შეუძლია მომხმარებელს თქვენი შექმნილი აპლიკაციით სარგებლობა?


- აპლიკაცია უკვე მზად არის, უბრალოდ, მის გასაშვებად ფინანსური დახმარება გვჭირდება.


- არის დაინტერესება ამ მხრივ? ვინმეს სურს მისი შეძენა?


- ამ ეტაპზე არ არის, თუმცა ვგეგმავთ, რომ აპლიკაციას აუცილებლად ავამოქმედებთ და პროექტს უფრო განვავითარებთ. ამ ეტაპზე, „რობოტი ლაბორანტის“ გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ, რადგან ის ფიზიკის მხოლოდ ოთხ დარგს მოიცავს, მაშინ როცა კიდევ უამრავი დარგია.


- აღვნიშნოთ, რომ სტერეოტიპიც დაამსხვრიეთ, თითქოს გოგონებს ამგვარი საკითხები არ აინტერესებთ.


- დიახ, ეს ყველაზე კარგი შეგრძნებაა. მართლა ყველას უკვირს, როცა იგებენ, რომ ეს აპლიკაცია გოგონებმა შევქმენით, ან NASA-ს დაინტერესება გამოვიწვიეთ. თან მოდელი ვარ და მოდელი მეცნიერი კიდევ უფრო მეტად აოცებთ.

0
12
შეფასება არ არის
ავტორი:ანანო ლიპარტია
ანანო ლიპარტია
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0