x
მეტი
  • 22.06.2018
  • სტატია:78044
  • ვიდეო:330798
  • სურათი:434022
"ვეფხისტყაოსნის" ქაჯეთი

image

"ვეფხისტყაოსნის" მთავარ პერსონაჟთა მოქმედების ასპარეზია არაბეთი, ინდოეთი, ხატაეთი, ზღვათა ქვეყანა, მუღაზანზარი, ქაჯეთი და უდაბნოს ქვაბოვანი.

საგანგებო ყურადღების ღირსია ის გარემოება, რომ სამხედრო ტექნიკის ისტორიის შესწავლისა და "საკვირველ ამბავთა" შეცნობის თვალსაზრისით"ვეფხისტყაოსანში დასახელებული ხუთი ქვეყნიდან ვერც ერთი ვერ შეედრება ქაჯეთს, ამდენად მას მკითხველისათვის გარკვეული თვალსაზრისით ყველა დასახელებულ ქვეყანაზე მეტი შემეცნებითი მნიშვნელობა აქვს. ამის გამო სასურველია ვცადოთ მისი ახსნა.

დ. ჩუბინაშვილის შეხედულებით, ქაჯეთის ციხე ჰგავს ახალციხეში არსებულ "ქაჯის ციხეს". მ.ჯანაშვილისა და კ. კეკელიძის მოსაზრებით, პოეტი ქაჯეთის ციხედ გულისხმობდა "ქართლის ცხოვრებით" და სხვა წყაროებით ცნობილ "ალამუთის ციხეს".

იუსტინე აბულაძე ქაჯეთს თვლის საზღაპრო ჯადოსნური საქმეებითა და საომარი ხერხებით განთქმულ ადამიანთა ქვეყნად, ე.ი. არარეალურ გეოგრაფიულ ერთეულად. ზ.ავალიშვილის თანახმად, "გულანშარო და ქაჯეთი ოცნების ქვეყანაში უნდა ვეძიოთ". მისი აზრით, რუსთაველმა ასეთი ტოპონიმი(ქაჯეთი) "ქართული ზეპირსიტყვიერებიდან ამოიღო" ან მას შეეძლო ისტორიულად არსებული სამხრეთ ავღანისტანის თურქეთის მხარე ქალჯეთი ქაჯეთად გადაესხვაფერებინა. კ.ჭიჭინაძე ქაჯეთს რუსთაველის გამოგონილ ქვეყნად თვლის. ქაჯეთი - ამბობს ა.სვანიძე - არის ესპანური მავრიტანია, ხოლო ქაჯეთის ციხე - გიბრალტარი. ლ. მარუაშვილის მოსაზრებით კი ზღვათა სამეფო, გულანშარო და ქაჯეთი კუნძულ მადაგასკარზე მდებარეობდა.

მართლა პოეტის გამოგონილია ქაჯეთი თუ რეალური ისტორიულ-გეოგრაფიული ერთეულია?

წინასწარ აღსანიშნავია, რომ რუსთაველისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ლ.მროველის საისტორიო თხზულებით ან სხვა წყაროებით "ქაჯეთის ციხე" ან "ქაჯთა ქალაქი". პოემის ქაჯეთში არ შეიძლება დავინახოთ არტაანის ან ეგრისის ქაჯეთის ნაქალაქარი, ვინაიდან ქაჯი მოსახლეობის არსებობა ამ გეოგრაფიულ პუნქტებში არაა დადასტურებული, როგორც ეს "ვეფხისტყაოსნის" ქაჯეთში გვაქვს.

ახლა საკითხავია, გვაქვს თუ არა საბუთები იმის დასამტკიცებლად, რომ ქაჯეთი არ არის პოეტის პოეტის გამოგონილი ან მითოლოგიიდან თუ ზღაპრებიდან აღებული სახელი, აი ისინიც: 1) რუსთაველამდე დიდი ხნით ადრე ცნობილი იყო საქართველოში არსებული "ქაჯთა ქალაქი" და "ქაჯის ციხე". ამდენად ამ ტოპონიმის გამოგონება მას არ შეეძლო.2)ინდოეთში ამჟამად არსებობს ქაჯის რაიონი, ანუ ქაჯეთის პროვინცია, რომელშიც 1951 წლის აღწერით 123 ათასი სული ცხოვრობდა. ქაჯეთი სოფლის სახელია ინდოეთში და აქვე 7-8 კილომეტრზეა ქაჯეთის ძლიერ დიდი დასახლებული ქაჯეთის ციხე. 3)ქაჯი დასახლებული პუნქტია აგრეთვე ავსტრალიაში, ტასმანიის ზღვის ახლოს. "ქაჯი" სიტყვის ფუძის გაორმაგებით აფრიკაში შექმნილია არაბული სახელმწიფოს სახელწოდება ქაჯო-ქაჯი(უგანდისა და სუდანის საზღვარზე). ცხადია, წარმოუდგენელია, რომ გეოგრაფიული ერთეულები "ქაჯი"-ს სახელწოდებით რუსთაველის შემდეგ წარმოშობილიყო. აგრეთვე არც ის არის სადავო, რომ ამ სეხნია გეოგრაფიული სახელებიდან ენციკლობედიურად განსწავლულ პოეტს შეუძლებელია, ერთი მაინც არ სცოდნოდა.

როცა ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ გეოგრაფიული ერთეული "ქაჯი" და ქაჯეთი რამდენიმე ადგილას გვხვდება, აგრეთვე იმასაც, რომ ტომი ქაჯე ახლაც არსებობს ნიგერიაში ცხადი ხდება, რომ დაუჯერებელია მოსაზრება, პოეტის მიერ ქაჯეთის მოგონილობის ან ზღაპრებიდან თუ მითოლოგიიდან აღების, თუნდაც "ქალჯეთის" ქაჯეთად გადასხვაფერების შესახებ. ნათლად წარმოგვიდგება ისიც, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს "ვეფხისტყაოსანს" მსოფლიოს ისტორიული გეოგრაფიის შესწავლისთვის. აქვე უნდა დავამატოთ: "ვეფხისტყაოსნის" ქაჯეთი რომ არ არის პოეტის გამოგონილი, ამოწმებს პოემის მრავალი მონაცემიც: 1) თხზულების ქაჯეთს ოდითგანვე იცნობენ ინდოელები, მათი მეფე და მისი თანამოღვაწენი. ჯერ კიდევ ტარიელ-ნესტანის გამიჯნურებამდე ინდოეთის უმაღლეს მმართველ წრეს მოყვრული კავშირი აქვს ქაჯეთის უმაღლეს ფენასთან. ქაჯეთის სამეფოს ისე დიდი ავტორიტეტი მოუპოვებია ინდოეთის უმაღლეს ხელისუფლებათა თვალში, რომ მეფე ფარსადანმა თავისი და - დავარი "ქაჯეთში" გაათხოვა. განა ბუნებრივია, რომ ინდოეთის მეფეს ან მეფის მშობლებს დავარი ზღაპრულ-მითოლოგიურ ქვეყანაში გაეთხოვებინათ?! 2) ნესტანი ქაჯეთს და მის ადგილ-მდებარეობას იცნობს ჯერ კიდევ ქაჯთაგან შეპყრობამდე. მან იცის, რომ გულანშაროსა და ქაჯეთს შორის არსებობს დიპლომატიური ურთიერთობა და იცის ზღვათა ქვეყნიდან ქაჯეთს მიმავალი გზაც .3) ქაჯეთის ზღაპრულ-მითოლოგიურობას არ ეგუება ის გარემოება, რომ ტარიელმა ქაჯეთის ციხე-ქალაქი ზღვათა მეფეს მელიქ სურხავს უბოძა.

ერთი სიტყვით, ქაჯეთი ისეთივე ისტორიულ-გეოგრაფიული ერთეული ჩანს, როგორც "ვეფხისტყაოსანში" დასახელებული სხვა ქვეყნები: არაბეთი, ინდოეთი, ხატაეთი, ხვარაზმეთი. იგულისხმება, რომ იგივე ითქმის გულანშაროსა და მუღაზანზარის შესახებაც, თუმცა ამის დამადასტურებელი გეოგრაფიული საბუთები ჯერ-ჯერობით არ მოგვეპოვება.


0
93
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო გრიგალაშვილი
ნინო გრიგალაშვილი
93