x
მეტი
  • 24.09.2018
  • სტატია:80872
  • ვიდეო:333172
  • სურათი:438265
უნებლიობის კატეგორია

image

„ ქართველებს ერთი უცნაური გამოთქმა გვაქვს: შემომაკვდა, შემომელახა, შემომეჭამა, შემომატყდა, შემომეხარჯა, შემომეფრცქვნა და ასე შემდეგ. ესე იგი, იმდენი ქნა თავი შემომაკლაო, ეგრე არ არი?! მე მოვკალიო კი არ ვამბობთ, მოკლულს ვაბრალებთ, რომ მოვკალი იმის ბრალიაო. ამის
მოფიქრება არ გინდა?!“-
ნოდარ დუმბაძე „თეთრი ბაირაღები“

თბილისის უნივერსიტეტმა გიორგი ახვლედიანს მისი დაბადების 80 წლისთავზე მიუძღვნა კრებული, სადაც ა.ფოცხიშვილმა დაბეჭდა წერილი შემდეგი სათაურით: „უნებლიობის კატეგორია ქართულ ზმნაში“.

ა. ფოცხიშვილის წერილმა, საკმაო ინტერესი აღძრა ქართველ ენათმეცნიერებში, მის სტატიას ეხმიანება აკაკი შანიძეც წერილით „უნებლიობის კატეგორია, თუ უნებლიობის ვნებითი?“

ფოცხიშვილი თავის სტატიაში თავის წერილში ამტკიცებს, რომ „ქართულ ზმნას მოეპოვება ერთი მეტად თავისებური ლექსიკურ-გრამატიკული კატეგორია, რომელსაც ჩვენ უნებლიობის კატეგორია ვუწოდეთ“ (გვ.153) აკაკი შანიძე წერს, რომ ავტორის აზრით, უნებლიობის კატეგორია გადმოგვცემს ისეთ მოქმედებას, რომელიც რეალურმა სუბიექტმა-- მოქმედების რეალურმა ჩამდენმა-- შეასრუა უნებლიეთ, წინასწარ განუსაზღვრელად, შემთხვევით, ისე, რომ მას ამის გაკეთება

არ სურდა. საკითხს აშკარას გახდის დაპირისპირება: კაცი მოვკალი||კაცი შემომაკვდა; ფული დავხარჯე||ფული შემომეხარჯა; პური შევჭამე|| პური შემომეჭამა და სხვა.

ავტორი დარწმუნებულია, რომ „უნებლიობის კატეგორია მეტად მყარი და საკმაოდ გავრცელებულია ჩვენს ენაში. აწმყოს მწკრივებიც რომ გამოვრიცხოთ, რვა მწკრივი მაინც დაგვრჩება, ისინი მშვენივრად აწარმოებენ ამ კატეგორიას. და თუ იმასაც ვიგულისხმებთ. ყოველ მწკრივს ორი კონვერსიული ფორმა (პასივი -„შემომაკვდა“ და აქტივი- „შემომაკლა“) აქვს სუბიექტ-ობიექტის ჩვეულებრივი კომბინაციით, აშკარა გახდება მისი გავრცელების არე“ (გვ.154) ფოცხიშვილი სერიოზულად მსჯელობს იმის შესახებ, რომ თითქოს უნებლიობის კატეგორია მოქმედებითი გვარის ზმნასაც მოეპოვებოდეს: „საინტერესოა ის გარემოება, რომ

„შემომაკვდა“ ორპირიან პასიურ ფორმას გვერდით უდგას „შემომაკლა“ სამპირიანი აქტიური ფორმა. ეს უკანასკნელიც მსგავს მოქმედებას გადმოგვცემს- მე, რეალურ სუბიექტს- არ მქონდა სურვილი, გადაწყვეტილება კაცის მოკვლისა, მოქმედება მოხდა ჩემი ნება-სურვილის გარეშე; მოქმედების გამომწვევი მიზეზი რეალური ობიექტში-მოკლულში-უნდა ვეძიოთ. იქნებ ამიტომ ზმნამ იგი სუბიექტური ნიშნით წარმოგვიდგინ: „შემო-მ-ა-კლ-ა“ ფორმაში პირველი ირიბ-ობიექტური პირის მაჩვენებელია, ბოლოკიდური ა კი- სუბიექტურისა მესამე პირში (შემო-მ-ა-კლ-ა: მან მე იგი)“ (გვ.153).

აკაკი შანიძისთვის კი ამგვარი განცხადება უთუოდ გაუგებრობის ნაყოფია. მისი აზრით, არ შეიძლება, რომ გარდამავალ ზმნას, მოქმედებითი გვარის ზმნას( მაგ, „შემომაკლა“ ფორმას) უნებლიე მოქმედების გადმოცემის ძალა ჰქონდეს, მაშინ გარდამავალი ზმნის ყოველგვარ სამპირიან ფორმას, რომელშიც ირიბი ობიექტის პირიც შედის, ექნებოდა ძალა უნებლიობის გაგების გამოხატვისა (მაგ. „შემომიტანს“-ს „გამომიგზავნა“, და სხვას). ფოციხიშვილს მაგალითად მოჰყავს „შაჰ-ნამედან“ ერთი ტაეპი:

იმან თავი შემოგვაკლა, არ გვინდოდა ჩვენის ნებით

აკაკი შანიძეს კი ჰგონია, რომ ფოცხიშვილი სწორედ ამ ტაეპმა შეიყვანა შეცდომაში, რაკი ნათქვამია „არ გვინდოდა ჩვენის ნებით“, მას ჰგონია, რომ იგი გამომდინარეობს „თავი შემოგვაკლას“-ს შინაარსიდან: „ შესანიშნავადაა დახასიათებული ზმნით გადმოცემული მოქმედება“-ო ამბობს იგი. მაგრამ შანიძე მიიჩნევს, რომ „თავი შემოგვაკლა“-ს მსგავსად შეგვიძლია ვთქვათ: ძმა შემოგვაკლა, შვილი შემოგვაკლა, მამა შემოგვაკლა, ბიძა შემოგვაკლა და სხვა. მოყვანილი ობიექტები(ძმა, შვილი, მამა, ბიძა) ყველა პირდაპირი ობიექტია, პირდაპირი ობიექტია აგრეთვე თავი-ც, რომელიც ამ შემთხვევაში უკუქცევითი ნაცვალსახელის როლს ასრულებს. აქ არსად უნებლიობის გაგება არ არის წარმოდგენილი, რომ შევადგინოთ მსგავსი წინადადება,

მაგ, ასეთი:

„იმან ქრთამი მოგვიტანა( ან: ჩვენ შემოგვძღვნა), არ გვინდოდა ჩვენის ნებით“, განა „მოგვიტანა“ (ან შემოგვძღვნა“) აქ უნებლიობის გადმომცემი იქნება? რა თქმა უნდა არა, მაშასადამე, აკაკი შანიძეს გამოაქვს ფოცხიშვილისა და ჯორბენაძისგან განსხვავებული დასკვნა, რომ მოქმედებითი გვარის ზმნათა ფორმები უნდა სავსებით გამოვრიცხოთ ამ საკითხის კვლევისას და უნდა მივმართოთ მხოლოდ ვნებითი გვარის ფორმებს. სტატიკური ვნებითი ამ შემთხვევაში არ მიიღება მხდედველობაში, რადგანაც უნებლიე მოქმედების გადმოცემა მას არ შეუძლია. დაგვრჩა, მაშასადამე, დინამიკური ვნებითი. ამასთან დაკავშირებით აკაკი შანიძეს ერთი საინტერესო ისტოია მოჰყავს მაგალითად: „სადღაც აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთ ტყეში ერთ გლეხს ხე მოეჭრა. მას ამ დროს თავს წასდგომოდა ტყის მცველი, რომელსაც უსიამოვნო ცხარე საუბარი მოსვლოდა უნებართვოდ ხის მომჭრელ გლეხთან და ამას შედეგად მეტყევის მიერ, გლეხის მოკვლა მოჰყოლოდა, საქმე ირჩეოდა სასამართლოში, სადაც დაკითხვა და საქმის წარმოება რუსულად იყო. Так, значит, ви убили крестьянина? -შეეკითხა სასამართლოს თავმჯდომარე მეტყევეს. შეკითხვა გადაუთარგმნეს და მან პასუხად ეს თქვა: შემომაკვდაო. ეს კი ასე უთარგმნეს სასამართლოს: да, убил. ამ დროს ჩაერია საქმეში მეტყევის დამცველი ადვოკატი, რომელმაც განაცხადა: нет обвиняемый не

сказал მოვკალი (я убил), а შემომაკვდა(мне пришлось невольно убить). არ ვიცი, რა დადგენილება გამოიტანა სასამართლომ ამ საქმის გამო“ო- ამბობს შანიძე, „მაგრამ ის კი ცხადია, რომ ადვოკატის განცხადება სრული ჭეშმარიტებაა: „შემომაკვდა“ ნიშნავს არა я убил, არამედ я убил его невольно, უფრო ზუსტად რომ ვთარგმნოთ: он убит мной невольно.

რა ფორმაა „შემომაკვდა“?-წერს შანიძე. ზოგიერთ ზმნას არ მოეპოვება კონვერსიული ფორმა იმავე ფუძისა, მაგრამ შეიძლება, რომ ეს ნაკლი შეივსოს სხვა ფუძის ზმნით. ერთი ასეთთაგანია „კლავს“ ზმნა. თუ ის „დაკვლას“ გულისხმობს, ვნებითი არ იხმარება და მას „კვდება“ ენაცვლება. ამიტომ „კლავს“ და „კვდება“ ისე ეფარდებიან ერთმანეთს, როგორც სვანური ადგარი(„კლავს“) და იდგარი („კვდება“) ამიტომ ცხადია, რომ „შემომაკლა“ აქტივია და „შემომაკვდა“- მისი პასივი.

„მეტყევეს კაცი შემოაკვდა“. ამ წინადადების გრამატიკული სუბიექტია „კაცი“, „მეტყევეს“ კი ირიბი ობიექტია. ამიტომაა, რომ „კაცი“ გვეჩვენება მოქმედების ჩამდენად: კაცი მოკვდა მეტყევის ხელით: человек убит лесником.

„შემომაკვდა“-ს მსგავსი შინაარსი აქვს რამდენიმე სხვა ვნებითი გვარის ზმნას:

შემომეჭამა, შემომეხარჯა, შემომელანძღა, შემომეტყიპა, შემომელახა, შემომატყდა, შემომეფშვნა.

ა, ფოცხიშვილს „უნებლიობის კატეგორიის“ მაგალითად მოჰყავს კიდევ ერთი მოქმედებითი გვარის ფორმა შ ე მ ო ა ჭ ა მ ე ს(„მე ჩემს გოგონას ხელუხლებლად დავუტოვე მამამისის ქონება და თუ ნათესავებმა შ ე მ ო ა ჭ ა მ ე ს, რა ჩემი საქმეა“) მაგრამ როგორც შანიძე აღნიშნავს, მოქმედებით გვარის ზმნას არ შეუძლია უნებლიე მოქმედების გადმოცემა. შანიძე, ფოცხიშვილს არც ვნებითი გვარის ფორმას „შემოგვაქრება“-ს მიიჩნევს უნებლიე მოქმედების გამომხატველად (ამ ფრაზიდან „დღე პატარაა. თუ არ დავუჩქარებთ, მზის სინათლე ლაპარაკში შ ე მ ო გ ვ ა ქ რ ე ბ ა).

საინტერესოა, შანიძისა და ფოცხიშვილის ურთიერთსაპირისპირო არგუმენტაცია „შემო“-ზმნისწინთან დაკავშირებითაც. ფოცხიშვილი ამტკიცებს, რომ უნებლიობის კატეგორიის მაწარმოებელია ზმნისწინი „შემო“, თუმცა აკაკი შანიძე აბათილებს ამ მოსაზრებას იმით, რომ ქართულში მოგვეპოვება „შემო“ ზმნისწინდართული ვნებითი გვარის ზმნათა ფორმები, სადაც არავითარი უნებლიობა არ ჩანს, მაგალითად კი მოჰყავს ისეთი ზმნები, რომლებიც „შემო“ ზმნისწინის გარდა ჩვეულებრივ სხვა ზმნისწინებსაც დაირთავენ. მაგ: და-მაკლდა: დახლში ფული დამაკლდა. ახალგაზრდა რომ ვიყავ, ფულს უთავბოლოდ ვხარჯავდი და მალე შემომაკლდა. „დამაკლდა“ და „შემომაკლდა“ შანიძის აზრით, ერთი და იმავე მნიშვნელობის მქონეა. ასევე ერთი შინაარსის მქონე შეიძლება იყოს „დაესია“ და „შემოესია“, „გამომელია“ და „შემომელია“: „აკაკი წერეთელს შეჩვეული ჰყავდა ქუთაისში ერთი მეეტლე, გვარად მელია, რომელიც დიდ პოეტს ხშირად ნისიად დაატარებდა. ერთხელ აკაკის მიუმართავს მეეტლისათვის:

შენ რომ გინდა, მელიაო,

იგი შემომელიაო.

შემომელიას ნაცვლად პოეტს შეეძლო ეთქცა „გამომელიაო“ და აზრი იგივე იქნებოდა.

საბოლოოდ, კი იმ საკითხთან დაკავშირებით თუ სად უნდა იყოს საუბარი გრამატიკაში „უნებლიობის“ ფორმათა შესახებ, შანიძე ასკვნის, რომ დინამიკური ვნებითი გვარის ზმნათა ფორმებს სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ზმნას ფორმა ჰქონდეს პასივისა, მნიშვნელობა კი - აქტივისა. ასეთებია ე.წ. დეპონენსები. არის შესაძლებლობის ვნებითი: ისმევა, იჭმევა; არის მიჩნევის ვნებითი:მევოტავება, მემწარება... და სწორედ ამათ უნდა მიემატოს უნებლიობის ვნებითიც, რომელიც ათიოდე ზმნას გააჩნია. მაშასადამე, მისი ადგილია არა გვარის შემდეგ, როგორც ფიქრობდა ფოცხიშვილი, არამედ ვნებით გვარში.


ნინო გრიგალაშვილი

თსუ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, II კურსი

0
8
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო გრიგალაშვილი
ნინო გრიგალაშვილი
8