x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ირინა სარიშვილი: "მთავრობამ სულში ჩააფურთხა შვილმოკლულ მამას"
image
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიება პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტომ მას შემდეგ განაახლა, რაც საზოგადოებამ სამართლიანობის აღდგენა საპროტესტო აქციების გზით მოითხოვა. გუშინ, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ყოფილი გენინსპექტორი მირზა სუბელიანი დააკავეს. მას დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად. მირზა სუბელიანის დაკავებას, 6 თვის განმავლობაში ითხოვდა ერთ-ერთი გარდაცვლილის მამა, ზაზა სარალიძეც. სარალიძის თქმით, თუ მთავრობა 10 ივნისამდე ყველა დამნაშავეს არ დააკავებდა, იგი ისევ განაგრძობდა საპროტესტო აქციების გამართვას. როგორც ჩანს, მმართველმა პარტიამ, მოსალოდნელი საფრთხის გასაქარწყლებლად, გადაწყვიტა მირზა სუბელიანის დაკავებაც. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ყოფილი პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი: "

მირზა სუბელიანი დაკავებულია.
და რა თქმა უნდა, რომ არა პირველ რიგში ზაზა სარალიძის და მის გვერდით დამდგარი ათი ათასობით ადამიანის თავგანწირული ბრძოლა, ხელისუფლება ამ ნაბიჯსაც არ გადადგამდა. თან ამ ნაბიჯით ხელისუფლებამ ფაქტიურად დაადასტურა, რომ ის ხელს აფარებდფა დამნაშავეს!
მაგრამ...
მოდით, ცოტა ხნით გვერდით გადავდოთ სრულიად საფუძვლიანი ემოციები, ჩავრთოთ გონება და სანამ გამარჯვების ყიჟინას შემოვძახებთ, უმარტივეს კითხვებზე უმარტივესი პასუხები გავცეთ.

რატომ დააკავა ხელისუფლებამ, უფრო კონკრეტულად, შსს–მ სუბელიანი?!
ცხადია, რომ არა სიმართლის დადგენის მიზნით, რადგან ამის თაობაზე მთელი 6 თვის განმავლობაში მას აფრთხილებდა ზაზა სარალიძე და ხელისუფლებამ არა მარტო ყურად არ იღო გამწარებული მამის მოთხოვნები, იქით მუქარაზე გადავიდა და სულში ჩააფურთხა შვილმოკლულ მამას.
ნამდვილი მიზეზი ამ ნაბიჯის გადადგმის მხოლოდ ერთია – მინიმალური დათმობებით გადარჩეს დანაშაულებრივი სისტემა!
პირველი ასეთი მინიმალური დათმობა იყო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შოთაძის განთავისუფლება. რატომ მინიმალური? თუნდაც იმიტომ, რომ შოთაძე წესით პასუხისგებაში უნდა იყოს მიცემული და არა უბრალოდ განთავისუფლებული, რის შემდეგაც ყოფილი ჩინოვნიკები არა ციხეში, არამედ მაღალანაზღაურებად სხვადასხვა სამეთვალყურეო საბჭოებში თუ მარეგულირებელ კომისიებში ხვდებიან.

რა მუხლით არის დაკავებული სუბელიანი? – დანაშაულის დაფარვის მუხლით, რაც 2–დან 4 წლამდე პატიმრობას ან სულაც ჯარიმას ითვალისწინებს! ლაპარაკია კაცზე, რომელმაც უბრალოდ კი არ დაფარა დანაშაული, არა! ამ კაცმა გაანადგურა ყველა მტკიცებულება, გააფრთხილა დამნაშავე, და ბოლოს და ბოლოს, თავდაყირა დააყენა მთელი პროცესი!


გაბედავდა თუ არა სუბელიანი ამას მარტო? – რა თქმა უნდა ვერ გაბედავდა და მას ამ დანაშაულში გვერდით ჰყავდა ხელისუფლების ყველა შტო! ყველა! ანუ მთელი სისტემა!

რა ნაბიჯები გადადგა ხელისუფლებამ, უფრო სწორად კი ამდენ რეგვენში ერთადერთმა ჭკვიანმა და ვერაგმა შინაგან საქმეთა მინისტრმა?

შექმნა კონტრაქციების მთელი ქსელი, დაწყებული ქუჩიდან დამთავრებული პარლამენტით (საპარლამენტო საგამომძიებლო კომისია);
მთელი ძალით აამუშავა კარგად ნაცადი ჭორების გამავრცელებელი მანქანა მსხვერპლის დამნაშავედ და დამნაშავის მსხვერპლად გადაქცევის მიზნით;
ერთი დღით ადრე, 10 ივნისის აქციამდე, რომლის წარმატებაზეც ბევრად არის დამოკიდებული ამ ხელისუფლების მომავალი, საპარლამენტო საგამომძიებლო კომისია ულტიმატუმს უყენებს ხელისუფლებას, რომ მან დააკავოს მირზა სუბელიანი და ვითომ ამ განცხადების "შიშით დაზაფრული" ხელისუფლება რამოდენიმე საათში ამ მოთხოვნას ასრულებს!
რატომ? იმიტომ რომ 10 ივნისის აქცია არ შედგეს. და ყველა ნაბიჯი, რაც აქ ჩამოვთვალეთ, სწორედ ქუჩის აქციების შიშითაა გადადგმული, რადგან სწორედ ქუჩის აქციებს შეუძლია ამ სისტემის დანგრევა და ხელისუფლების რიგგარეშე არჩევნებით შეცვლა!

პრიმიტიულ ტვინებზე გათვლილი უმარტივესი გეგმა, რომელმაც ეს ხელისუფლება და ეს დანაშაულებრივი სისტემა უნდა გადაარჩინოს!

მირზა სუბელიანის აქციამდე 1 დღით ადრე დაჭერა ზუსტად იგივეა, რაც 13 მაისს გახარიას მიერ მოხდილი ბოდიში! ისეთივე ყალბი და არაფრის მომტანი!
ოღონდ ერთი დიდი განსხვავებით – ის შვილმოკლულ მამას – ზაზა სარალიძეს ეჯახება და არა ამჯერად დასასვენებლად წასულ, გადაღლილ ბექა წიქარიშვილს!

და ისევ, ამ მზაკვრული ნაბიჯის მერე, ვისმენთ ზაზა სარალიძის ბრძნულ განცხადებას – ის არ ტყუვდება! ვერც მირზა სუბელიანის დაკავებით მოატყუეს ალალმართალი, უკეთილშობილესი გამწარებული მამა!

და ეხლა მხოლოდ ჩვენზე – ხალხზე, პოლიტიკოსებზე მათ შორის, არის დამოკიდებული, იმუშავებს თუ არა ეს გეგმა და გადაარჩენს თუ არა ის ამ დანაშაულებრივ სისტემას, რომელმაც შეიძლება ხვალ ჩვენი შვილები იმსხვერპლოს!

და რომ არ გაცუდდეს ის, რისთვისაც ეს არაჩვეულებრივი ადამიანი მიუხედავად ყველაფრისა, იბრძვის;
რომ ზაზასთან ერთად გავაცოცხლოთ ჩვენი მოკლული შვილები და დავიცვათ ცოცხლები;
რომ მართლა დაინგრეს ის სისტემა, რომელსაც ამდენი სისხლი და უსამართლობა მოაქვს,
ყველა დედა, ყველა მამა, ყველა ბებია, ყველა ბაბუა, ყველა შვილი ხვალ 4 საათზე რუსთაველზე ჩვენი შვილების მომავლისთვის!
ჩემი სოლიდარობა ზაზა სარალიძეს!
Zaza Saralidze - შენს გვერდით ვარ ბოლომდე! "image

1
63
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
63
  
2018, 10 ივნისი, 14:37
არ მინდა ცუდი რამ წამომცდეს...
0 1 1