x
მეტი
  • 21.08.2018
  • სტატია:79628
  • ვიდეო:332354
  • სურათი:436935
ჯალალედინისა და მონღოლების დაპყრობები, ცოტნე დადიანი და დემეტრე თავდადებული

როცა მონღოლებმა შუა აზიის სახელმწიფო - ხორეზმი გაანადგურეს, ხორეზმელი უფლისწული ჯალალედინი თავისი ჯარის ნარჩენებით საქართველოში შემოიჭრა. დაარბიეს აყვავებული თბილისი, დაარღვიეს ეკლესიები, სიონის ტაძრიდან გამოიტანეს ხატები, მეტეხის ხიდთან დაყარეს და ათიათასობით დატყვევებულ ქრისტიანს უბრძანეს, ფეხით გაეთელათ. არც ერთმა ქრისტიანმა არ ისურვა წმინდა ხატების შეურაცხყოფა. მაშინ ჯალალედინმა მათი გაჟლეტა ბრძანა. ქართულმა ეკლესიამ ეს ადამიანები წმინდანებად შერაცხა და ამით უკვდავყო მათი თავდადება სარწმუნოებისა და სამშობლოს წინაშე. ხორეზმელებმა სიონის გუმბათიც მოანგრიეს და თავიანთ მბრძანებელს ზედ ტახტრევანი დაუდგეს, რათა იქიდან დამტკბარიყო განადგურებული ქალაქის ცქერით. ამ დროს საქართველოს ტახტზე თამარის მემკვიდრე - რუსუდანი იჯდა.



rusudani


რამდენიმე წლის შემდეგ ჯალალედინს ფეხდაფეხ მოჰყვნენ მონღოლები. ქართველი ხალხის თვალში ისინი ერთობ უცნაური გარეგნობის, ჩაცმულობისა და ჩვევებისანი იყვნენ. მათი რაზმები გრიგალივით დაქროდნენ სოფლებსა და ქალაქებში და შიშის ზარს სცემდნენ მოსახლეობას. ქართველებმა სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს მათთვის სრულიად უცხო ძალას. 6 წლის განმავლობაში მონღოლებმა საქართველოს უმეტეს ნაწილში მოახერხეს გაბატონება. მათ შემოიღეს თავიანთი კანონები, მოსახლეობას დაადეს უზარმაზარი ხარკი, დაუწესეს მონღოლურ ჯარში სავალდებულო სამხედრო სამსახური. მონღოლები განუწყვეტლივ ომობდნენ და იმდროინდელი ქართველი მეფეებიც საკუთარი მხედრობით იძულებულნი იყვნენ, მონაწილეობა მიეღოთ მონღოლთა ომებში.

მონღოლთა უზარმაზარმა იმპერიამ მალე იწყო დაშლა. ნოინებიც განუწყვეტლივ ექიშპებოდნენ ერთმანეთს პირველობისათვის. ხშირად მათი ბრძოლის ასპარეზი საქართველო იყო. ამ დროს ბევრი ადგილი გაუდაბურდა, ოჯახები განადგურდა, მაგრამ ცხოვრება მაინც გრძელდებოდა.


ცოტნე დადიანი


cotne dadiani


ერთხელ ქართველი დიდებულები საიდუმლოდ შეიკრიბნენ და მონღოლთა წინააღმდეგ შეთქმულება დაგეგმეს. მათ შორის ერია ცოტნე დადიანიც. მონღოლებმა საიდანღაც შეიტყვეს შეთქმულების ამბავი, ყველანი დააპატიმრეს და მონღოლთა ნოინს მიჰგვარეს. ცოტნე დადიანი შემთხვევით გადაურჩა დაჭერას. დაპატიმრებულები შეეცადნენ თავის მართლებას, მაგრამ ნოინს მათი მოსმენაც არ სურდა. მისი ბრძანებით, ხელფეხშეკრული შეთქმულები მცხუნვარე მზეზე დაყარეს, ტანზე კი თაფლი წაუსვეს, რათა მწერებს დაეკბინათ. სამშვიდობოს გასულმა ცოტნე დადიანმა ეს ამბავი შეიტყო, ძლიერ შეწუხდა და ასეთი რამ მოიფიქრა: ჩავიდა თავის ამხანაგებთან, ტანთ გაიხადა, წაისვა თაფლი და გვერდით მიუწვა დასჯილებს. მონღოლებმა ნოინს მოახსენეს ვიღაც ქართველის უცნაური საქციელის ამბავი. ნოინმა იგი თავისთან მოიხმო და ჰკითხა: “ვინა ხარ, ან რა გინდაო''. მამაცმა ცოტნემ უპასუხა: “სადაც ჩემს უდანაშაულო ამხანაგებს სჯიან, მეც იქ უნდა ვიყოო''. ნოინმა ირწმუნა ქართველთა უდანაშაულობის ამბავი და ყველანი გაათავისუფლა.


დემეტრე თავდადებული


Demetre_II_relief


მეფე დემეტრეს მონღოლთა ბატონობის დროს მოუწია ქვეყნის მართვა. დემეტრეს მამა, დავითი (ლაშას ძე), მონღოლებს აუჯანყდა და მათი დიდი რისხვა დაიტეხა თავს. მონღოლებმა შურის საძიებლად დემეტრეს დედა - გვანცა დედოფალი შეიპყრეს, წამებით მოკლედ და მისი სხეული ზღვაში გადააგდეს. დემეტრემ კარგად იცოდა, რა დაუნდობელნი იყვნენ მონღოლები, ამიტომ მათთან მოჩვენებითი მეგობრობა არჩია და მონღოლთა ერთ-ერთ პირველ ვეზირთაგანს დაუახლოვდა. დემეტრე მათ შორეულ ლაშქრობებშიც იღებდა მონაწილეობას და უშიშარი მებრძოლის სახელიც დაიმკვიდრა. ახალგაზრდა მეფეს ძლიერ უყვარდა ღამღამობით ქალაქის ქუჩებში სიარული, ხალხთან შეხვედრა, ღარიბებისა და გაჭირვებულების დასაჩუქრება. ამის გამო დემეტრე დიდი სიყვარულით სარგებლობდა ხალხში. იმ ძნელ დროს მონღოლმა სარდლებმა თავიანთი ყაენის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს. შეთქმულთა შორის დემეტრეს მეგობარი ვეზირიც ერია. შეთქმულება გამჟღავნდა და მისი ყველა მონაწილე სიკვდილით დასაჯეს. ბრალი დემეტრესაც დასდეს. ყაენმა მეფეს შემოუთვალა: ან ჩემთან გამოცხადდი, ან მე თვითონ მოვალ და ჩემი ძლევამოსილი ჯარით შენს სამეფოს ავაოხრებო.

121

მეფემ მღვდელმთავრები და დიდებულები მოიწვია და ყაენის მუქარა შეატყობინა. ყველა მიხვდა, თუ რას მოასწავებდა ყაენის რისხვა. შეკრებილებმა მეფე დემეტრეს წაუსვლელობა ურჩიეს: “მეფევ, ნუ წახვალ, თუ მტერი მოვა, შევებრძოლებით, როგორც ადრე გვიბრძოლიაო''. დემეტრემ კი განაცხადა: “ან მეფემ უნდა დადოს თავი ერისათვის, ან ერი უნდა ემსხვერპლოს მეფეს. მეფე ვარ და მმართებს თავგანწირვა, რათა ჩემი ერი გადარჩესო''. ყველანი აღელვებით უსმენდნენ მეფეს და თვალთაგან ცრემლი სდიოდათ. ვეღარვინ შეჰბედა მეფეს განზრახვის გადათქმევინება...

მეფე წავიდა მონღოლთა ურდოში, მალე მისი სიკვდილით დასჯის ამბავიც შეიტყვეს საქართველოში. დემეტრე ამ დროს მხოლოდ 29 წლის იყო. მეფის ცხედარი ქართველებმა ფარულად გადმოასვენეს სამშობლოში და სვეტიცხოველში დაკრძალეს.


დემეტრე-მეორე.jpg

3
85
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ლიპარტია
მარიამ ლიპარტია
85
  
8 ივნისი, 0:07
საქართველოს ბოლო მეფეს ზაქის ხორცი, რომ უყვარდა ამიტომაც "ზაქიჭამია" შეარქვეს.
თრიაქს ჩვენი მეფეების დიდი ნაწილი ეტანებოდა, სპარსეთის გავლენა დიდი იყო სამწუხაროდ.
8 ივნისი, 0:05
ჯალალ ად–დინ მანქუბარდი საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე სასტიკი მომხდური.
7 ივნისი, 9:58
დემეტრეს ღამ-ღამობით სიარული იმიტომ უყვარდა,რომ სიძვის დიაცებში დაიპარებოდა,ღრეობდა და თრიაქს იყო მიძალებული.ამგვარი ცხოვრების წესის გამო მას არაერთხელ მიეცა შენიშვნა სამღვდელოებისაგან,მაგრამ აგრძელებდა უწესო ცხოვრებას.ხალხს სიმართლე უნდა მოუყვეთ თავიანთი დიდი წინაპრების შესახებ, რომლებისთვისაც არ იყო უცხო ადამიანური სისუსტეები,მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ხალხისთვის თავსაც სწირავდნენ,რაც ორმაგად დასაფასებელია.
0 1 3