x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
შეცდომები სახელთა გამოყენებისას
image


დღის განმავლობაში ხშირად ვხვდებით სახელების ამგვარ ფორმებს მიმართვის დროს : თამაზი, ნოდარი, რამაზი და ა.შ. შეცდომა იმაში მდგომარეობს რომ ამავე ფორმებს ვიყენებთ მიმართვის დროსაც. იმისათვის რომ მსგავსი შეცდომები აღარ დავუშვათ, უნდა გავიხსენოთ, რომ არსებობს თანხმოვანფუძიანი და ხმოვანფუძიანი საკუთარი სახელები. მიმართვის დროს ორივე შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ და მხოლოდ ფუძეები. განსხვავებას ის ქმნის, რომ ხმოვანფუძიანებში მიმართვის მიმართვის ფორმა სახელობითის ფორმას ემთხვევა. მაგალითად: ელენე გვექნება სახელობით ბრუნვაშიც და მიმართვის დროსაც. აქ განსხვავებული სურათია თანხმოვანფუძიანების შემთხვევაში. მაგალითად: თამაზი. ამ და ასეთი ტიპის სხვა საკუთარ სახელებში „ი“ არის სახელობითი ბრუნვის ნიშანი, სახელის ფუძე კი არის - თამაზ. ამიტომ მიმართვის დროს აუცილებელია სახელობითი ბრუნვის ნიშანი - „ი“ ჩამოვაშოროთ და მხოლოდ ფუძე „თამაზ“ გამოვიყენოთ. მიმართვის დროს თამაზი-ს მსგავს ფორმებს იყენებენ ხმოვანფუძიანი საკუთარი სახელების ანალოგიით, რაც დაუშვებელია.

ქართველ მეფეთა და ცნობილ მოღვაწეთა სახელები ქუჩების სახელწოდებებად არის წარმოდგენილი, მაგრამ ისინი არ არის სათანადოდ შესრულებული. საქმე იმაშია, რომ მათი ინიციალები არასწორადაა წარმოდგენილი. როდესაც საქმე ეხება მეფეებისა და ძველი მოღვაწეების სახელებს, მათ, ჩვეულებრივ, გვარის ნაცვლად რაიმე ზეწოდება აქვთ, რომელსაც ისინის სხვადასხვა დამსახურების მიხედვით იღებდნენ. მაგალითად: დავით აღმაშენებელი, გიორგი ბრწყინვალე, თამარ მეფე და სხვა. ასეთი შემთხვევის დროს სახელის შემოკლებით წარმოდგენა ქუჩის სამისამართო ტრაფარეტებზე დაუშვებელია, ვინაიდან მათ გვარის ნაცვლად ზეწოდებები აქვთ. აქედან გამომდინარე, ტრაფარეტზე უნდა დავწეროთ მათი სახელები და ზეწოდებები სრული სახით. შესაბამისად, სწორი ფორმაა - დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, გიორგი ბრწყინვალე და არა დ.აღმაშენებელი, გ.ბრწყინვალე და ა.შ. სახელსა და ზეწოდებას თანაბარი დამოკიდებულება აქვს ერთმანეთთან, ამიტომ გაუმართლებელია წინამავალი სახელის ინიციალით წარმოდგენა. ამ ტიპის შეცდომები იქიდან გამომდინარეობს, რომ ჩვეულებრივი სახელისა და გვარის შემთხვევაში შეგვიძლია სახელი ინიციალით გაფორმდეს, ხოლო გვარი კი სრული სახით დაიწეროს. ამ ტიპის შეცდომებში კიდევ უფრო მეტად გაუმართლებელია, როდესაც საკუთარი სახელისა და ზეწოდების აბრევიატურაში ჩართვა. მაგალითად „სდასუ“. ეს აბრევიატურა ნიშნავს - საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი. აქ შედის „დავით აღმაშენებელი“, რომელიც ჩვენი უძლიერესი მეფის საკუთარი სახელისა და მისი ზეწოდების ერთიანობას წარმოადგენს. შესაბამისად, მისი შეტანა აბრევიატურაში დაუშვებელია. ზეწოდებისა და გვარის ერთმანეთთან გათანაბრება არ შეიძლება, ამიტომ ზეწოდების წინ მდგარი საკუთარი სახელი სრული სახით უნდა იყოს წარმოდგენილი.

ხშირად ვხვდებით სასულიერო პირების სახელებს არასწორი ფორმით მიმართვის დროს. ნათესაური ურთიერთობის სახელი „მამა“ რელიგიური მნიშვნელობით აღნიშნავს, როგორც ღმერთს, ასევე სასულიერო პირს. მიმართვისას დამკვიდრებულია ფორმა - „მამაო“. ეს სიტყვა მამა-დან მომდინარეობს, რომელიც ხმოვანფუძიანი სახელია. ამიტომ, როდესაც ის საკუთარ სახელთან ერთად გვხდება შესიტყვებაში უცვლელად დარჩება და ფორმას ბრუნვის მიხედვით შეიცვლის მასთან ერთად წარმოდგენილი საკუთარი სახელი. მაგ: მამა დავითი, მამა დავითმა, მამა დავითს, მამა დავითის და ა.შ. მიმართვის ფორმაში კი, როგორც ხმოვანფუძიანი სახელი, გვექნება ფუძის სახით წარმოდგენილი ანუ მამა დავით. როდესაც მიმართვის ფორმას ეხება საქმე, ჩვენში დამკვიდრებულია ტრადიცია, რომლის მიხედვითაც დასაშვებია „მამაო დავით“ ფორმის გამოყენება. მაგრამ აქედან გამომდინარე, „მამაო“ ფორმა გადადის ისეთ სიტუაციებშიც, როდესაც მიმართვის ფორმა არ გვაქვს. ეს კი დაუშვებელია. შესაბამისად, არასწორი ფორმებია „მამაო მოვიდა“, „მამაო ამბობს“ და ა.შ. აქედან გამომდინარე, დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ სასულიერო პირისადმი „მამაო“ ფორმის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მიმართვის დროს. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში მისი გამოყენება არასწორია.


საკმაოდ გავრცელებული შეცდომაა, როდესაც ადამიანის საკუთარ სახელებს წინ უძღვის საზოგადო სახელები. ამ მხრივ, უნდა ვთქვათ რომ ადამიანის სახელს შეიძლება წინ უძღოდეს მისი ხელობისა თუ პროფესიის აღმნიშვნელი სახელი. მაგალითად: ექიმი გაგნიძე. ძველ ქართულ ენაში განსხვავებული სიტუაცია გვქონდა. საზოგადო სახელი მოსდევდა საკუთარს, შესაბამისად, ბრუნებაც სხვანაირი იყო. იბრუნებოდა საზოგადო სახელი. თანამედროვე ქართულში ჯერ საკუთარი სახელი, ხოლო შემდგომ საზოგადო სახელია წარმოდგენილი. ბრუნვის დროს კი იბრუნვის მომდევნო საკუთარი სახელი, საზოგადო კი უცვლელი რჩება. ჩამოყალიბდა ნორმა, რომლის მიხედვითაც ყველა საზოგადო სახელი თუ მას ფუძე ხმოვანზე უმთავრდება უცვლელია. მაგ: მოქალაქე გაგნიძე, მოქალაქე გაგნიძემ, მოქალაქე გაგნიძეს, მოქალაქე გაგნიძის და ა.შ. მაგრამ თუ საზოგადო სახელი თანხმოვანფუძიანია, მაშინ ის უთანხმდება საზღვრულ საკუთარ სახელს ან გვარს სამ ბრუნვაში - სახელობითში, მოთხრობითსა და წოდებითში. მაგალითად:

  • სახელობითი - ექიმი გაგნიძე
  • მოთხრობითი - ექიმმა გაგნიძემ
  • წოდებითი - ექიმო გაგნიძე.
განსხვავებული სიტუაცია იქნება „ბატონ“ და „ქალბატონ“ სიტყვებთან. ისინი წინ უძღვიან საზღვრულ საკუთარ სახელებს. ეს ორი სიტყვა ისევე იბრუნვის, როგორც ნებისმიერი თანხმოვანფუძიანი მსაზღვრელი. ეს იმას ნიშნავს, რომ ნათესაობითსა და მოქმედებითში ისინი „ი“ დაბოლოებას დაირთავენ. მაგალითად:

  • ნათესაობით - ბატონი გაგნიძის
  • მოქმედებითი - ბატონი გაგნიძით

  • ნათესაობითი - ქალბატონი მარიამი
  • მოქმედებითი - ქალბატონი მარიამით.
ასევე, ქართულში გვაქვს საზოგადო სახელების ბრუნების წესი, რომლის მიხედვითაც თუ ისინი „ა“ ხმოვანზე მაშინ ორ ბრუნვაში - ნათესაობითსა და მოქმედებითში, რომელთა ბრუნვის ნიშნებიც ხმოვანზე იწყება, საზოგადო სახელის ბოლოს წარმოდგენილი „ა“ ხმოვანი დაიკარგება. მაგალითად: მთა. ეს საზოგადო სახელი ნათესაობით ბრუნვაში გვექნება, როგორც „მთის“, ხოლო მოქმედებითში „მთით“. როგორც ჩანს, „ა“ დაბოლოება ამ ორ ბრუნვაში ჩამოსცილდა. იგივე წესი ვრცელდება ყველა გეოგრაფიულ სახელზე, თუმცა ამ მხრივ მაინც გვხვდება შეცდომები. მაგალითად: ჯორჯიას შტატი არასწორი ფორმაა და აქ წარმოდგენილი წესის მიხედვით, სწორი იქნება ჯორჯიის შტატი. ამიტომ აუცილებელია, ა-ზე დაბოლოებული გეორგაფიულ სახელთა ბრუნებისას ა-მოკვეცილი ფორმები უნდა გამოვიყენოთ.




ეკატერინე გურგენიძე

თსუ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, II კურსი

0
194
შეფასება არ არის
ავტორი:ეკატერინე გურგენიძე
ეკატერინე გურგენიძე
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0