x
image
რუსუდან ნადირაშვილი
„ზაზა სარალიძე „ნაცმოძრაობის“ მძევალია და მოვედი, რომ დავიხსნა“ - ალეკო ელისაშვილი
image


დღეს დილით ინციდენტი მოხდა რუსთაველის გამზირზე, სადაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან შეკრებილი, ერთ-ერთმა მოქალაქემ, ნინო დავითაშვილმა პროტესტი გამოთქვა და აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია, როდესაც შვილმოკლული მამის გვერდით პოლიტიკური პარტიები დგანან და ქულებს იწერენ.


დღესვე პროტესტი გამოხატა ალეკო ელისაშვილმაც. „მე მინდა, რომ ზაზა სარალიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მძევლობიდან დავიხსნა, - ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის შენობასთან განაცხადა. საკრებულოს ყოფილი დეპუტატის თქმით, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ზაზა სარალიძეს ქვეყანაში რევოლუციის მოსაწყობად იყენებს, რაც დაუშვებელია.


„მე მოვედი არა კონსულტაციისთვის, არამედ იმისთვის, რომ ზაზა სარალიძე ვნახო. სამწუხაროდ, ის არც კარავშია და ტელეფინიც გამორთული აქვს. მე მინდა, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ მძევლობიდან დავიხსნა. „ნაციონალური მოძრაობა“ მის ტკივილს აშკარად იყენებს რევოლუციის დასაწყებად. ეს დაუშვებელია და დიდი უსინდისობაა. ამით მთლიანად იფანტება ის ყველაფერი, რაც ამ დღეების განმავლობაში იყო. დღეს დაგეგმილი აქციით ერთის მხრივ „ნაციონალური მოძრაობა“ დაეხმარება „ქართულ ოცნებას“ გამოძვრეს სიტუაციიდან. ეს იყო გულწრფელი პროტესტი გამწარებული ადამიანის, მაგრამ ეს ტკივილი გამოიყენეს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.




მოქალაქე ნინო დავითაშვილის განცხადებას პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარვებში მყოფი აქტივისტების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი მოქალაქეს ეუბნებოდნენ, რომ იყო პარტიული აქტივისტი და სუს-ის აგენტი. მოქალაქე ნინო დავითაშვილმა განმარტა, რომ ის არანაირი აქტივისტი არ არის და პირველივე დღეებიდან გვერდში უდგას ზაზა სარალიძეს საპროტესტო აქციებზე. თუმცა, ამჟამად აქციებმა პოლიტიკური ხასიათი მიიღო, რაც მისთვის მიუღებელია. სიტყვიერი დაპირისპირების განმუხტვა პოლიციის ჩარევის შემდეგ მოხერხდა. პოლიციამ აღნიშნული მოქალაქე ტერიტორიას გაარიდა.


პროცესით უკმაყოფილოა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც. ის მიიჩნევს, რომ სისტემა ვერ დაინგრევა ამავე სისტემის შემქმნელი ნაციონალური მოძრაობის რევანშის გზით. ამის შესახებ უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.


„სისტემა ვერ დაინგრევა სისტემის შემქმნელის, „ნაცმოძრაობის“ რევანშით, სისტემის შემნარჩუნებლის „ოცნების“ წინააღმდეგ. სისტემა დაინგრევა და ქვეყანა გადარჩება კონსტიტუციის ფარგლებში წარმართული პოლიტიკური პროცესით და პროპორციული არჩევნების გზით ხალხის ნების ადეკვატურად ამსახველი ახალი პარლამენტით და ახალი მთავრობით. ამიტომ, ყველა, ვისაც უნდა ქვეყანაში სწორი პოლიტიკის წარმართვა, სამართლიანი სისტემის აშენება და რეალური ცვლილებები, ვადამდელ არჩევნებამდე უნდა ითხოვდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლას. გავიხსენოთ, არსებული საარჩევნო სისტემა რა შედეგს იძლევა ხოლმე რევოლუციურ ტალღაზე - პროცესების ლიდერი ძალა სწორედ ამ სისტემის მეშვეობით იღებს ხოლმე ერთპიროვნულ უმრავლესობას და ხდება ერთპიროვნული მმართველი. ახლა ისიც გავიხსენოთ, თუ რა შედეგი მოაქვს რევოლუციურ ერთპიროვნულ მმართველობას და ამის შემდეგ გადავწყვიტოთ თუ რას მივყავართ სისტემის შეცვლისკენ და რას - იმავე მანკიერ სისტემაში ადამიანების ჩანაცვლებისკენ“, - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

0
44
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0