x
მეტი
  • 22.06.2018
  • სტატია:78039
  • ვიდეო:330796
  • სურათი:434015
განსხვავება ქალის და მამაკაცის თავის ტვინში

image

კავშირი სქესს და სწორ გადაწყვეტილებებს შორის - რუბრიკა "გალილეო" დღეს პენსილვანიის უნივერსიტეტში ახალი სამეცნიერო აღმოჩენის შესახებ მოგითხრობთ


მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ქალები და მამაკაცები ერთანაირად არ ფიქრობენ. ევოლუციის თეორია აღნიშნულ მოსაზრებას იმ განსხვავებული როლით ხსნის, რასაც ქალი და მამაკაცი საზოგადოებაში ათასწლეულების მანძილზე ასრულებდა. თანდათან მატულობს ამ უძველესი დროიდან მტკიცედ ჩამოყალიბებული სტერეოტიპის დამადასტურებელი სამეცნიერო კვლევების რაოდენობა.

პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევარები შეეცადნენ გაერკვიათ, თუ რატომ შეუძლიათ მამაკაცებს უკეთ, თუნდაც სამოგზაურო რუკის გარკვევა, ქალებს კი - იოლად ამახსოვრდებათ გრძელი დიალოგები. როგორც აღმოჩნდა, ქალის და მამაკაცის ტვინში ნერვულ უჯრედებს შორის კავშირი ერთმანეთისგან დრამატულად განსხვავდება. კერძოდ, ტიპიურ მამაკაცში, თავის ტვინის ნერვულ უჯრედებს შორის კავშირი უმეტესად ერთი და იმავე ნახევარსფეროში გაცვლით მყარდება. მაშინ, როცა ქალებში ნერვულ უჯრედებს შორის ინფორმაციის გაცვლა ბევრად უფრო ინტენსიურად მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროებს შორის მიმდინარეობს. საუბარია მხოლოდ ზრდასრულ ადამიანზე, როცა, მაგალითისთვის, ჰორმონალური ცვლილებების შედეგად, ქალებში უკვე მკერდია განვითარებული, მამაკაცებს კი სახეზე თმა აქვთ.

imageმამაკაცის თავის ტვინი

რას უნდა ნიშნავდეს ეს განსხვავება, რომელიც გრაფიკულ დიაგრამაზე განსაკუთრებით კარგად ჩანს? და რამდენად უკავშირდება ნერვულ უჯრედებს შორის განსხვავებული ტიპის კავშირი იმ განსხვავებებს, რომელიც ქალს და მამაკაცს შორის ფსიქოლოგიაში, ან თუნდაც ფოლკლორში არსებობს?

image

ქალის თავის ტვინი

როგორც უკვე აღინიშნა, პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერთა აღმოჩენის მიხედვით, ტიპიური, ზრდასრული ქალის თავის ტვინის ორ ნახევარსფეროს შორის ინფორმაციის ბევრად უფრო ინტენსიური გაცვლა ხდება, ვიდრე მამაკაცებისაში. თუმცა არის უბნები, სადაც მამაკაცის ერთი და იმავე ნახევარსფეროში ინფორმაციის გაცვლა ასევე ბევრად უფრო ხშირია, ვიდრე ქალისაში. ეს მამაკაცის თავის ტვინის ისეთ უბანში ხდება, რომელიც კოორდინირებულ ქმედებებზე, გამოცდილებების ერთმანეთთან დაკავშირებაზეა პასუხისმგებელი.


რაც შეეხება ქალის თავის ტვინის ორი ნახევარსფეროს უბნებს, რომელთა ნერვულ უჯრედებს შორის კავშირი ინტენსიურად მყარდება, ისინი პასუხს აგებენ უფრო ანალიტიკურ პროცესებზე. და აი, რატომ: მარცხენა ნახევარსფერო ლოგიკურ აზროვნებას უკავშირდება. მარჯვენა - ინტუიციას. ვინაიდან ქალის თავის ტვინში ორ ნახევარსფეროს შორის ინფორმაციის გაცვლა ბევრად უფრო ხშირია, შესაბამისად იმ გადაწყვეტილებებს, რომელთა მიღებაც ინტუიციით არის საჭირო, ქალი უფრო უფრო სწორად და ხშირად იღებს. მას უკეთესი მეხსიერება აქვს, სოციალურად უფრო ადაპტირებულია და ერთდროულად ბევრი რამის კეთების უნარი აქვს. მაშინ, როცა მამაკაცები უფრო მეტად კონცენტრირდებიან ერთ საკითხზე, თუმცა, სივრცის, დროის და მასშტაბის მეტი აღქმა აქვთ და როცა ამ თვისების აუცილებლობით შესაბამისი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა საჭირო, მას უკეთ იღებენ.


პროფესორი რუბენ გური, რომელიც კვლევაში მონაწილეობდა, აღნიშნავს, რომ ამ დასკვნების გააზრებისას, აუცილებელია გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ საუბარია საშუალო სტატისტიკურ ერთეულზე. მისი თქმით, ქალის და მამაკაცის თავის ტვინის უკეთ შესწავლა მნიშვნელოვანია არამარტო იმისთვის, რომ გავიგოთ, თუ რატომ ფიქრობენ განსხვავებულად სხვადასხვა სქესის ადამიანები, არამედ იმისათვის, რომ უკეთ შევძლოთ ფსიქიური დაავადებების ზოგიერთი ფორმის შესწავლა, როგორიცაა მაგალითად ფსიქოზი ან დეპრესია, ან ნეიროფსიქიატრიული დარღვევების შესწავლა, რომელიც ხშირად სწორედ სქესს უკავშირდება.


აღნიშნული კვლევა 949 ადამიანზე ჩატარდა. მათ შორის 521 ქალი იყო და 428 მამაკაცი. პენსილვანიის უნივერსიტეტში რადიოლოგიის პროფესორის, რაგინი ვერმას თქმით, მეცნიერებმა გამოიყენეს საგანგებო ტექნოლოგია, რომელიც თავის ტვინის აქტივობის სკანირებას ახდენს. ის ნერვულ უჯრედებში ინფორმაციის გაცვლას აფიქსირებს და შესაბამის დიაგრამულ რუკას ქმნის. პროფესორი ვერმა ამბობს, რომ ტექნოლოგია საშუალებას იძლევა დავასკვნათ, თუ როგორ ხდება ინფორმაციის გადაცემა ადამიანის თავის ტვინის ნახევარსფეროებში და ამისათვის ტვინის რომელი უბანი რომელს უკავშირდება. სამეცნიერო კვლევა გამოქვეყნებულია მეცნიერების ეროვნული აკადემიის გამოცემაში, სახელწოდებით Proceedings of the National Academy of Sciences.


0
30
1-ს მოსწონს
ავტორი:ანანო ლიპარტია
ანანო ლიპარტია
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0