x
მეტი
  • 22.10.2018
  • სტატია:81870
  • ვიდეო:333866
  • სურათი:439135
წინადადების ტიპები მოდალობის (რაგვარობის) მიხედვით

image


მოდალობის ანუ რაგვარობის მიხედვით წინადადების დახასიათება გულისხმობს მთქმელის თვალსაზრისის გაგებას წინადადების შინაარსისადმი. ამ უკანასკნელით შეიძლება გამოიხატოს რაიმეს დადასტურება, ნათქვამის უეჭველობა, მთქმელის ვარაუდი, შესაძლებლობა, ნება-სურვილი, ბრძანება და ა.შ. გამომდინარე აქედან, ქართულ გრამატიკულ ლიტერატურაში გამოყოფენ ხუთი სახის წინადადებას. ესენია: თხრობითი, კითხვითი, ბრძანებითი (იმპერატიული), ძახილის (ემოციური), კითხვა-ძახილის (კითხვით-ემოციური).

თხრობითია წინადადება, რომელიც აღნიშნავს რაიმე ფაქტს, შემთხვევას, მოვლენას, ამბავს ისე, რომ მთქმელის დამოკიდებულება გამოთქმული აზრისადმი არ ჩანს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თხრობითი წინადადება გვაწვდის რაიმე ცნობას ამა თუ იმ ფაქტის შესახებ დადებით ან უარყოფით ფორმაში.თხრობითი წინადადებით გადმოცემული ფაქტი შეიძლება იყოს რელურიც და არარეალურიც, ზოგჯერ იგი სავარაუდოა და შესაძლებელი. სხვა ტიპის წინადადებებისაგან განსხვავებით ნეიტრალურია. იგი მხოლოდ ფაქტის კონსტატაციას იძლევა. აგებულების მიხედვით თხრობითი წინადადება შეიძლება იყოს მარტივიც, შერწყმულიც და რთულიც. თხრობითი წინადადება ყველაზე გავრცელებული ტიპია. თხრობითი წინადადებისათვის დამახასიათებელია დამავალი ინტონაცია, წინადადება მთვარდება დაბალი ტონით. წინადადების ბოლოს იწერება წერტილი.

კითხვითი წინადადება კითხვას შეიცავს. კითხვითი წინადადება ორი სახისაა: კითხვითსიტყვიანი და კითხვითი სიტყვის არმქონე. საზოგადოდ კითხვითი წინადადება ინტონაციურად მრავალგვარია. წინადადების ბოლოს იწერება კითხვის ნიშანი. კითხვითსიტყვიანი წინადადება შეიცავს კითხვით ნაცვალსახელებს (ვინ? რა? რომელი? როგორი? რამდენი? ), კითხვით ზმნიზედებსა (სად? საიდან? საითკენ? როდის? რატომ? რისთვის?) და კითხვით ნაწილაკებს (განა, ნუთუ, ხომ, თუ). მაგალითად: სად მიდიხარ? რატომ წახვედი? განა მე არ ვიცი ეგ? კითხვითსიტყვიან წინადადებაში ინტონცია მაღლდება კითხვით სიტყვაზე.

კითხვითი სიტყვის არმქონე წინადადება სტრუქტურულად არ განსხვადება თხრობითი წინადადებისგან, იგი მხოლოდ ინტონაციით გამოხატავს კითხვას. მაგალითად: ბავშვი თამაშობს? შეადარეთ: ბავშვი თამაშობს. ამ ტიპის წინადადებაში მახვილი მოუდის შემასმენლის ბოლო მარცვალს.

ბრძანებითი წინადადება გამოხატავს მთქმელის ნება-სურვილის შესრულების აუცილებლობას. ბრძანებით წინადადებაში შემასმენელი გადმოცემულია ბრძანებითი კილოს ფორმით, თუმცა სემანტიკურად იგი სხვადასხვაგვარია. ბრძანებითი წინადადება ორგვარია: წართქმითი და უკუთქმითი. წართქმითი ბრძანებითი გულისხმობს ზმნით გამოხატული მოქმედების შესრულებას (წყალი მომიტანე! აქ მოდი!). უკუთქმითი ბრძანებითი კი კრძალავს ზმნით გამოხატული მოქმედების შესრულებას (არ ირბინო! ნუ ყვირი!).

ძახილისაა წინადადება, რომელიც გამოხატავს მთქმელის გრძნობებს, ემოციებს. ამის გამო მეორე წინადადებას ემოციურ წინადადებასაც უწოდებენ. ძახილის წინადადება სემანტიკურად სხვადასხვანაირია. იგი შეიძლება გამოხატავდეს კჯმაყოფილებას, სიხარულს, აღტაცებას, მოწონებას, ნატვრას, სურვილს, გაკვირვებას, გაოცებას, დანანებას, სიბრალულს, სინანულს, დაცინვას, ზიზღს, მწუხარებას, შიშს. მაგალითად: ოჰ, რა კარგი ხარ, ოცნებავ, ტკბილო! ნეტავ, მალე გათენდეს! ძახილის წინადადებას განსაკუთრებულ ემოციურ ელფერს აძლევს პეციფიკური, თანაც მრავალფეროვანი ინტონაცია. ამ ფუნქციით გამოყენებულია ზმნის დრო-კილოთა ფორმები, შორისდებულები, მოდალური სიტყვები და ნაწილაკები.

კითხვით-ძახილის წინადადება ერთდროულად გამოხატავს კითხვასაც და ამა თუ იმ გრძნობასაც. ასეთი წინადადების ბოლოს იწერება ორი ნიშანი - კითხვის და ძახილის.



თამთა ბერაძე

თსუ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, II კურსი


0
15
2-ს მოსწონს
ავტორი:თამთა ბერაძე
თამთა ბერაძე
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0