x
მარადიული დილემა : არჩევანი ცუდსა და უარესს შორის...
ეკონომიკური სტაგნაციისა და უსამართლობის, დაუცველობის განცდის ფონზე ამ ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის ნდობა საგრძნობლად რომ შემცირდა, ეს კარგად გამოჩნდა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის მხარდამჭერ აქციებზეც, სადაც უამრავი, ათიათასობით ადამიანი მივიდა პროტესტის გამოსახატავად. საპროტესტო მოძრაობამ არა მხოლოდ დედაქალაქი, არამედ რეგიონებიც მოიცვა. პროტესტანტების თავდაპირველი მოთხოვნა იყო სამართლის დადგენა, მაგრამ აქციის მეორედღეს უკვე მთავრობის გადადგომისა და პარლამენტის დაშლის მოთხოვნები გაისმა.

უნდა ვიფიქროთ, რომ აქციის ასეთი მასშტაბურობა არა მხოლოდ ერთი კონკრტული ტრაგედიის შედეგია, არამედ ეს არის იმ სისტემური კრიზისის გამოვლინება, რომელიც არის დღეს ქვეყანაში. ხელისუფლების არასწორმა პოლიტიკამ, წინა, სასტიკი რეჟიმისათვის შესაბამისი შეფასების მიუცემლობამ, რეჟიმის მესვეურთა დაუსჯელობამ, სამართლიანობის აღდგენის შესახებ ხალხის მოთხოვნის იგნორირებამ, ძალოვან სტრუქტურებში და ფაქტიურად, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტებში სააკაშვილის რეჟიმის მომხრე კადრების დატოვებამ, შექმნა სწორედ ის სიტუაცია, ის მოცემულობა, რასაც ვუყურებთ დღეს.

ივანიშვილისეული" შუა გაკრეფვის" პოლიტიკის შედეგად მივიღეთ უკიდურესად დასუსტებული ოპოზიციური სპექტრი და პოლიტიკურ სცენაზე მხოლოდ ორი წონიანი მოთამაშე - " ქართული ოცნება " და " ნაციონალური მოძრაობა " (თავის სატელიტებიანადდა განაყოფებიანად). ეს უკანასკნელნი რომ რევანშისტული განწყობით არიან განმსჭვალულნი, ეს ცხადია, ამას მათი ფიურერის, სააკაშვილის ვიდეომიმართვებიც კარგად აჩვენებს. საცნაურია ასევე, აქციებზე წინა რეჟიმის ყოფილი ძალოვანის, ზვიად კუპრავას აქტიურობა., სავარაუდოდ, რომლის წაქეზებითაც, შეიძლება ვთქვათ, მოკლული სარალიძის მამამ უკვე პოლიტიკური მოთხოვნებიცimage
წამოაყენა, რაცმთავრობის გადადგომასა და პარლამენტის დათხოვნაში გამოიხატება.

ხალხის უკმაყოფილებას იწვევს ასევე, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური გაჭირვება, უმუშევრობა, სიღარიბის მაღალი დონე, დაუცველობის განცდა. ამ ყველაფრის შედეგია ემიგრაციისა და ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ასეთი მკვეთრი ზრდა. კაზუსი ის არის, რომ მთავრობა, რომელიც ამ კატეგორიის ადამიანებს ადგილზე, საკუთარ სამშობლოში, ვერაფერს სთავაზობს - ვერც სამუშაო ადგილს, ვერც ფულად კომპენსაციას, სასიცოცხლოდ აუცილებელ სოციალურ დახმარებასა თუ ღირსეულ პენსიას, მთელი რიგი ევროპული ქვეყნების მთავრობებს მიმართავს თხოვნით, უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანეთ საქართველო და შესაბამისად, იქ მყოფი ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ, დეპორტაციას დაუქვემდებარეთო. ამ თავის პოზიციას მთავრობა იმით ამართლებს, რომ ქვეყნიდან გასულთა და თავშესაფრის მაძიებელთა ასეთმა რაოდენობამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას უვიზო რეჟიმს. უვიზო რეჟიმის შენარჩუნებაზე მართლად უნდა ვიზრუნოთ, მაგრამ მიგრაციის ტალღის შეჩერება, ძალისმიერი მეთოდებით არამგონია მართებული და მიღწევადი იყოს.


მინდა შევახსენო იმ ადამიანებს, რომლებიც სწორედ სააკაშვილის რეჟიმის მანკიერი მხარეების კრიტიკით მოვიდნენ ხელისუფლებაში და დღეს სამთავრობო თუ საკანონმდებლო სავარძლებში მორჭმით სხედან, ამქვეყნად მარადიული არაფერია, არც ეს თქვენი სავარძლები, რომელიც ხალხმა მოგართვათ და ხალხივე წაგართმევთ , თუ მათი კეთილდღეობისათვის სათანადოდ არ გაისარჯეთ და გაიხარჯეთ. ამის მაგალითები, ჩვენს უახლოეს წარსულში, არც ისე ცოტა გვინახავს და ძალიან არ მინდა კვლავ განვითარდეს ეს პროცესები. ამით ქვეყანა მშვიდობიანი განვითარების გზას აცდება და კვლავ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის წინაშე დადგება. მიმაჩნია, რომ ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს დრო და რესურსი, გაატაროს რადიკალური რეფორმები ყველა მიმართულებით და ადამიანებს შეუქმნას ღირსეული ცხოვრებისა და საქმიანობის პირობები.

სამწუხარო რეალობაა, რომ მომავალ საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო არჩევნებზე ისევე, როგორც წინა არაერთ არჩევნებზე, ქართველი ამომრჩეველი კვლავ მარადიული დილემის წინაშე დადგება : გააკეთოს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის ( არა ცუდსა და კარგს შორის !!! ) . ამჯერად ეს დილემა სწორედაც " შუა გაკრეფვის " პოლიტიკის შედეგი მგონია, რადგან გარდა ორი მოთამაშისა, ქვეყნის პოლიტიკურ ველზე( ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას ვგულისხმობ, თავიანთი სატელიტებით), ფაქტიურად, აღარავინ დარჩა, ვისაც შეიძლება ამომრჩეველი ენდოს და ხმა მისცეს.

1
24
შეფასება არ არის
ავტორი:სერგო ჯანაშია
სერგო ჯანაშია
24
  
2018, 4 ივნისი, 12:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1