x
მეტი
  • 20.10.2018
  • სტატია:81839
  • ვიდეო:333849
  • სურათი:439054
წმიდა ფილიმონ მგალობელი, ერისათვის თავდადებული

სახელი: ფილიმონი
გვარი: ქორიძე
დაიბადა: 1829 წელ, ზემო აბაშა, სოფ. გამოჩინებული
მამა: მღვდელი იესე
ძმები:მღვდელი ლაზარე, მღვდელი იოსები
განათლება: ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, მილანი
მოღვაწეობდა: ლა სკალა, პეტერბურგის სამეფო თეატრი, გასტროლებით მოიარა სამხრეთ ამერიკა
გარდაიცვალა: 1912 წელს, ბახმაროში.

image
ფოტოზე:ფილიმონ ქორიძე

სულ რამდენიმე სიტყვით შეიძლება ადამიანის ცხოვრება მოჰყვე. დაიბადა, მოღვაწეობდა, გარდაიცვალა და ...
ადამიანი, რომელზეც მინდა გიამბოთ, სოფლის მღვდლის ოჯახში დაიბადა. დიდ წარმატებას მიაღწია, როგორც ევროპაში ისე სამხრეთ ამერიკაში. მსმენელს აჯადოებდა მისი ბანი. საქართველოს პატარა სოფელში დაბადებული ფილიმონ ქორიძე, რომელსაც მღვდლობა უნდოდა ბედმა მილანში წაიყვანა და ლა სკალას სცენაზე ვარსკვლავად აქცია. მასზე წერდნენ ცნობილი გამოცემები. იტალიურმა პრესამ ის იტალიის საუკეთესო ბანად აღიარა. ფილიმონს ჰქონდა ყველაფერი, რაზეც შეიძლება ოპერის მომღერალმა იოცნებოს. წარმატება, აღიარება… მაგრამ მან ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერზე უარი თქვა. უარი თქვა საოპერო კარიერაზე სამშობლოს გამო. ალბათ, რთულად დასაჯერებელია, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავმა მიატოვა სცენა და თბილისში დასახლდა, რათა ქართული საგალობლები ჩაეწერა.
1881 წელს იგი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა საგასტროლოდ მოიწვია.
1883 წელს უკან, მილანში უნდა დაბრუნებულიყო. ეს ის პერიოდია, როდესაც მეფის რუსეთი, ეგზარქოსული მმართველობა ებრძოდა, კრძალავდა ყოველივე ქართულს, ეროვნულს.მათ შორის იყო უნიკალური ქართული გალობა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება. ქართული გალობის მცოდნე თითქმის აღარავინ იყო საქართველოში.
საგალობლების გადარჩენას მრავალი ღირსეული ქართველი ცდილობდა. მათ შორის იყვნენ გურული მგალობლები, რომლებიც მუსიკის მცოდნეს ეძებდნენ, რათა საგალობლები ჩაეწერათ. ბევრ მუსიკოს სთხოვეს დახმარება, მაგრამ მათი ყური გადაჩვეული იყო ქართულ პოლიოფონიას. უკანასკნელი იმედი გალობის მოამაგეთათვის ფილიმონ ქორიძე იყო, რომელმაც ერთი მოსმენით შეძლო შეესისხლხორცებინა ქართ.გალობა. 1882 წელს მელქისედეკ ნაკაშიძემ და ნესტორ კონტრიძემ ფილიმონ ქორიძესთან ერთად დაიწყეს ქართული საგალობლების გურული კილოს ნოტებზე გადატანა. იგი იწერდა არა მარტო გალობის გურულ კილოს, არამედ ზემო იმერულსაც, ამაში მას ეხმარებოდნენ: აკაკი წერეთელი და მელიტონ ბალანჩივაძე. ცნობილი ბანის სამშობლოში ყოფნის დრო იწურებოდა, მას არჩევანი უნდა გაეკეთებინა დარჩენილიყო და ქართული გალობა შთამომავლობისათვის შემოენახა, თუ დაბრუნებოდა ლა სკალას სცენას. როგორც უკვე ავღნიშნეთ მან უარი თქვა წარმატებულ კარიერაზე და სამშობლოში დარჩა.
თავდაპირველად თბილისში ცხოვრობდა, ყოველ დღე დაუღალავად იწერდა საგალობლებს. აღფრთოვანებული, პატარა ბავშვივით ხარობდა ყოველი ახალი საგალობლის ჩაწერისას. თბილისში ცხოვრება, ქართულ პოლიფონიასთან შეგუება გაუჭირდა ფილიმონის მეორე ცოლს (პირველი გარდაეცვალა) ზინაიდა ვორობეცს. თუმც, ეს სულ ცოტა ხანს გაგრძელდა, მალე ზინაიდამ დაიწყო საგალობლების გადაწერა.
1884 წლისთვის დასასტამბად გამზადებული იყო იოანე ოქროპირის წირვის წესი. სამწუხაროდ აქაც არ დააყოვნა ერთმორწმუნე რუსეთმა, ეგზარქოსმა ყველა ძალა იხმარა და ხელი შეუშალა საგალობლების დაბეჭვდვას.
ამ დროისთვის ქართული საგალობლების ჩაწერითა და გამოცემით

ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძეფოტოზე:ეპისკოპოსი გაბრიელი

დაინტერესებული იყო იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი (ერისკაცობაში გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე). ამის შესახებ ქორიძეს ჟურნალ “მწყემსის” რედაქტორმა დავით ღამბაშიძემ ამცნო. არ დანებდნენ ქართული საგალობლის მხსნელები და ყველა ღონე იხმარეს, რათა უფრო მეტი საგალობელი ჩაეწერათ.

იმერეთში 1884 წელს გაიმართა სამღვდელოების კრება, რომელმაც აირჩია სპეციალური კომიტეტი . სწორედ ამ კომიტეტმა 1885 წელს ფილიმონ ქორიძეს გაუფორმა კონტრაკტი, რომლის თანახმადაც მას მგალობლებისგან 400 საგალობელი უნდა ჩაეწერა. ორწლიანი დაუღალავი შრომის შემდეგ იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელს 400 ჩაწერილი საგალობელი მიართვა, რომლებშიც შედიოდა: ბასილი დიდის, იოანე ოქროპირის წირვა და სხვა საგალობლები.
სამწუხაროდ სასულიერო ბანკი, რომელშიც ფილიმონ ქორიძე ფულს ინახავდა, გაკოტრდა. მეუღლე მალე გარდაეცვალა, ქალიშვილი ცოლის ნათესავებთან გაგზავნა საცხოვრებლად, ვაჟი მიხეილ ქორელი კი გიმნაზიის პანსიონში სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობდა. ევროპაში ცნობილი ბანი, გაჭირვების გამო მდიდრებს, როიალს უწყობდა ხუთი ან სამი მანეთის სანაცვლოდ...
გადიოდა დრო, ფილიმონმა არაერთხელ შეიცვალა საცხოვრებელი, რათა ქართული საგალობლები ჩაეწერა. 1895-1911 წლებში გამოსცა საგალობლების ექვსი კრებული. ავტორია წიგნისა: „სახელმძღვანელო ნოტებისა და მისი კანონების შესწავლისათვის“ (1895).
ექვთიმე თაყაიშვილის, არისტო ქუთათელაძის, მაქსიმე შარაძის ინიციატივით ფ. ქორიძე გურიაში გაემგზავრა, მათვე უყიდეს ფილიმონს ფისჰარმონია (კლავიშებიანი და საბერვლიანი მომცრო საკრავი, რომელიც გარეგნულად პიანინოს ჰგავს; გამოსცემს ორგანისებურ ხმებს.). ამ ფაქტის შესახებ გაზეთი ივერია იუწყებოდა:

„დღეს, ამ თვის 16, მიემგზავრება ბატონი ფილიმონ ქორიძე ქ. ოზურგეთს. მაშასადამე, ხვალ ორი მამულიშვილი, ბატონი ფილიმონ ქორიძე, რომელსაც ფოტოგრაფსავით სისწორით გადააქვს ჩვენი გალობა, და ბატონი ანტონ დუმბაძე, რომელიც სრული და შეუდარებელი მგალობელია მთელს საქართველოში, ერთად შეიყრებიან“ [გაზეთი „ივერია“, N125 — 1893 წ.]

ფილიმონ ქორიძემ ჩაიწერა 5532 საგალობელი.
გარდაიცვალა 1911 წელს გურიაში, 80 წლის ასაკში. სამწუხაროდ დღეს მისი საფლავი დაკარგულია.
დაკარგული იქნებდა მისი ჩაწერილი საგალობლებიც, რომ არა ფილიმონის მოწაფე, ღირსეული მამულიშვილი ესტატე კერესელიძე, რომელმაც გადაწერა ხელნაწერები და კიდევ უფრო გაამდიდრა.
სამშობლოს, ქართული ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლის გამო, წმინდა სინოდმა 2003 წელს იგი წმინდანდად შერაცხა.
ფილიმონ ქორიძის ცხოვრებიდან ნათლად ჩანს, რომ მშვიდ, ლაღ ცხოვრებას ეკლიანი გზა არჩია, რომელმაც მისი სახელი საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერა.

ასეთმა ადამიანებმა მოიტანეს საქართელო ჩვენამდე…

ფილიმონ ქორიძე და მისი გუნდიპოტოზე: ფილიმონ ქორიძე და მისი გუნდი

0
37
1-ს მოსწონს
ავტორი:მერი უგულავა
მერი უგულავა
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0