x
მეტი
  • 21.10.2018
  • სტატია:81852
  • ვიდეო:333857
  • სურათი:439113
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება

image

საქართველოს ვითარება 1885 წელს საკმაოდ მძიმე იყო. ჩვენი „მფარველი“ რუსეთი ყველაფერს აკეთებდა, რათა ქართველი ხალხის ეროვნული მთლიანობა დაერღვია. სწორედ ასეთ დროს, ილია ჭავჭავაძის მიერ შექმნილმა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ“ თავისი ინიციატივითა და ხარჯებით სენაკში ქართული სკოლა დააარსა. რა თქმა უნდა, სკოლის გახსნა ისე არ ჩაივლიდა რომ ვინმე სიტყვით არ გამოსულიყო, ამიტომ, აკაკი წერეთელმა და დიმიტრი ყიფიანმა აიღეს ეს პასუხისმგებლობა.

დიმიტრი ყიფიანი თავის სიტყვას იწყებს აფორიზმით: „ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა“. ამ პოზიციის გასამყარებლად კი არგუმენტი მოჰყავს, რომლითაც ამტკიცებს, რომ მატერიალური ღირებულებები შეიძლება ერთ წამში გაქრეს, ხოლო ის, რასაც სწავლა გვაძლევს, სამუდამოდ დაგვრჩება, მას ვერავინ წაგვართმევს, როგორც ეს დავით გურამიშვილმა თქვა:

„სწავლა სიკვდიმდე შენია, მუდამ შენთანა მყოფელი,
მას გეცილების ვერავინ, არ არის გასაყოფელი.“

ეს სასწავლებელიც სწორედ ცოდნის მიღების მიზნით შეიქმნა. ცოდნას კი მომავლის გაუმჯობესებისკენ მივყავართ. დიმიტრი ყიფიანმაც თქვა: „სწავლას დაჰყვება მეცნიერება და მეცნიერება კი ის ხერხია, რომლითაც კაცი განუზომელს ჰზომავს, განუვალს განვლის“. მან ხალხს გადასცა სწავლის არსი, მისი „ყოვლის შემძლეობა“. საბოლოოდ კი თავისი სიტყვით გვითხრა, რომ „სწავლა აპატიოსნებს კაცსა, აფაქიზებს, აღონიერებს, ზე აღავლენს და ღირსყოფს დაუსაბამოსთან მიახლოვებისა“.

აკაკი წერეთელმა თავისი სიტყვა დაიწყო იმით, თუ როგორი უგუნურია ის ადამიანი, რომელიც აწმყოს სჯერდება. გონიერ ადამიანს მხოლოდ აწმყო როდი აკმაყოფილებს. „გონიერება მეტს მოითხოვს, გადადის წარსულში და იქიდან გამონაკვლევ ჭეშმარიტებას ფონად, გზად და ხიდად უდებს“. ის ადამიანი, რომელმაც წარსული არ იცის, ახალდაბადებულს ემსგავსება, უსუსურს. ამიტომ ქართველები, რომლებსაც ასეთი მდიდარი წარსული გვაქვს, არ უნდა ვივიწყებდეთ განვლილს და მისი დახმარებით უნდა შევიქმნათ უკეთესი მომავალი. აკაკი წერეთელი საქართველოს წინაპრებსაც შეეხო და მათ ღვაწლზე ისაუბრა. თუ როგორ გაუმკლავდნენ მტერს და „დაიცვეს ის, რაც შეადგენს ყოველი ერის სიქადულსა და სულის დგმას“. სწავლა საკუთარი თავის შეცნობაში გვეხმარება, ის გვავსებს ზნეობრივად, გვივსებს გულს სიყვარულითა და სიმართლით. სწორედ ამ დროს შეგვიძლია „ეს სიყვარული სხვასაც გავუზიაროთ“. თავის სიტყვას აკაკიც იმ აზრით ასრულებს, რომელიც მთავარ იდეად ედო სკოლის დაარსებას. სკოლაში ბავშვებმა უნდა შეისწავლონ საკუთარი თავი და მიხვდნენ, რომ ისინიც საქართველოს ნაწილნი არიან.

ორივე, დიმიტრი ყიფიანიც და აკაკი წერეთელიც, თავის სიტყვაში სწავლის აუცილებლობაზე საუბრობენ; საუბრობენ იმაზე, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება ამ ახლადდაარსებულ სკოლას და რას მოგვცემს ის - „საკუთარი თავის შეცნობის უნარს“.

მიუხედავად იმისა, რომ მათი სიტყვა ორატორულადაა გადმოცემული და თითქმის ერთი და იმავე შინაარსისაა, მაინც არის განსხვავება მათ შორის. დიმიტრი ყიფიანი კონკრეტულად იმაზე საუბრობს, თუ რაოდენ უმნიშვნელოა მატერიალური ღირებულებები და რამდენად მნიშვნელოვანია სწავლა და მეცნიერება მომავლის განვითარებისთვის. ხოლო აკაკი წერეთელი საუბრობს, წინაპრების დამსახურებაზე და იმაზე, თუ როგორ უნდა შევიცნოთ თავი. საბოლოოდ კი ორივემ გამოამჟღავნა საკუთარი ორატორული ნიჭი და სკოლის გახსნაც ასე დააგვირგვინა.


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი

მარიამ გურგენიძე

0
41
შეფასება არ არის
ავტორი:გურგენიძე მარიამ
გურგენიძე მარიამ
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0