x
გაიგეთ მეტი ძველი კოლხეთისა და არგონავტების შესახებ
კოლხეთს ბერძნები ოქროს საწმისის ქვეყანას უწოდებდნენ. ამ ქვეყნის მკვიდრთ უყვარდათ თავიანთი სამშობლო და ბედნიერადაც ცხოვრობდნენ აქ. საამისოდ ზღვაც ჰქონდათ, მდინარეებიც, ნაირფერი მინდვრებიც, უღრანი ტყეებიცა და თვალუწვდენელი მთებიც. კოლხეთის მთებში უხვად მოიპოვებოდა მადნეული: ოქრო, ვერცხლი, თუთია, სპილენძი.

image

კოლხებმა იცოდნენ ლითონის ოსტატურად დამუშავება, მისგან ამზადებდნენ გუთანს - მიწის სახნავად, საომარ იარაღს - მტრისაგან თავის დასაცავად და ნატიფ სამკაულებს - ულამაზესი კოლხი ქალების მოსართავად. კოლხეთის მიწა მდიდარი იყო მცენარეულობით. აქ იზრდებოდა მარადმწვანე ნაძვები და ფიჭვები, უზარმაზარი მუხები, ათასნაირი ხეხილი. კოლხეთის მინდვრები სავსე იყო ნაირნაირი ბალახეულით, ამიტომ იქაურებმა კარგად იცოდნენ მათგან წამლების დამზადება.

კოლხეთში ბრძენი და მამაცი აიეტი მეფობდა. იგი მზის ღმერთის - ჰელიოსის შვილი იყო. აიეტს სახელი, დიდება და სიმდიდრე არ აკლდა, მაგრამ თავად ყველაზე დიდ განძად ოქროს საწმისს მიიჩნევდა, რომელსაც თვალისჩინივით უფრთხილდებოდა.


ძველი ბერძნული მითი იმასაც მოგვითხრობს, თუ როგორ მოხვდა ოქროს საწმისი კოლხეთში: საბერძნეთის მეფე ათამანტის შვილებს - ფრიქსოსსა და ჰელეს - ვერაგი დედინაცვალი ჰყავდათ. მათმა დედამ, ქალღმერთმა ნეფელემ, დედინაცვლისგან დასაცავად, ციდან ოქროს ვერძი მოუვლინა შვილებს, ვერძმა და-ძმა ზურგზე შეისვა და გაფრინდა. გზაზე პატარა ჰელე გადმოვარდა და ზღვაში დაიხრჩო, რის გამოც იმ ზღვას ჰელესპონტის ზღვა ეწოდა. ფრიქსოსი მფრინავმა ვერძმა კოლხეთში ჩაიყვანა. აქ იგი მეფე აიეტმა შეიფარა, ვერძი ღმერთებს შესწირა მსხვერპლად, მისი ოქროსმატყლიანი ტყავი კი მუხაზე ჩამოკიდა და მცველად ურჩხული მიუჩინა.

ოქროს საწმისი უძვირფასესი განძი იყო მთელი კოლხეთისათვის. ბევრი გარეშე მტერი ოცნებობდა მის ხელში ჩაგდებაზე, მაგრამ ვინ გაბედავდა საწმისთან მიკარებას!

არაჩვეულებრივი სანახავი იყო მეფე აიეტის სასახლე - ქვისაგან გამოთლილ მაღალ სვეტებს სპილენძის ქონგურები ამშვენებდა, ბაღში შადრევნები ჩქეფდა, ერთიდან რძე გადმოდიოდა, მეორედან - სურნელოვანი ზეთი, მესამედან - ღვინო, მეოთხედან - ცივი, ანკარა წყარო.

ძველი კოლხეთი და არგონავტები

ერთხელ ამ საუცხოო ქვეყანაში საბერძნეთის ქალაქ იოლკოსიდან ოქროს საწმისის მოსაპოვებლად ჩამოვიდნენ ბერძნები გმირი იასონის წინამძღოლობით. ბერძნები ხომ განთქმული მეზღვაურები იყვნენ! მათ რამდენიმე ზღვა გადმოლახეს ხომალდით, რომელსაც “არგო'' ერქვა. გზაზე უამრავი თავგადასავალი გადახდათ და ბოლოს მოაღწიეს კოლხეთამდე. გმირი იასონი წარუდგა მეფე აიეტს და ოქროს საწმისი სთხოვა. აიეტი, აბა, ვის დაუთმობდა ოქროს საწმისს! მან იასონის მოტყუება განიზრახა: შეჰპირდა, ოქროს საწმისს მოგცემ, თუ ჩემს სამ დავალებას შეასრულებო. დავალებები კი იმდენად რთული იყო, რომ აიეტს ვერც კი წარმოედგინა, იასონი მათ შესრულებას თუ შეძლებდა.

აი, როგორი იყო ეს დავალებები: იასონს უღელში უნდა შეება სპილენძისფეხებიანი ცეცხლისმფრქვეველი ხარები; ამ ხარებით მოეხნა მიწა და დაეთესა იქ ურჩხულის კბილები; ხოლო როცა ნათესიდან ბრინჯაოსჯავშნიანი მეომრები ამოიზრდებოდნენ, იასონს ისი უნდა დაეხოცა.

აიეტს ჰყავდა სილამაზითა და სიბრძნით განთქმული ასული, სახელად მედეა. მეფის ასულს დანახვისთანავე შეუყვარდა გმირი იასონი და ფარულად მისი დახმარება განიზრახა. მედეამ საუკეთესო წამლების დამზადება იცოდა, მან იასონს ჩუმად ერთი უცნაური მალამო მისცა, - ჭაბუკი თუ მას ტანზე წაიცხებდა, ბევრად უფრო ღონიერი გახდებოდა. მართლაც, იასონმა წაისვა მედეას მიცემული მალამო, რისგანაც გაუასკეცდა ძალ-ღონე და აიეტის ყველა დავალება შეასრულა. მეფე აიეტი მიხვდა, რომ იასონს მედეა დაეხმარა, განრისხდა და მტკიცე უარი განაცხადა ბერძენი ჭაბუკისათვის ოქროს საწმისის მიცემაზე. მაშინ მედეამ თავისი გრძნეულებით ოქროს საწმისის მცველი ურჩხული დააძინა და ამით იასონს მისი მოპარვა გაუადვილა.

oqros sawmisi

ასე დაეუფლნენ იასონი და მისი მეგობრები ოქროს საწმისს და “არგოთი'' საბერძნეთისაკენ გაბრუნდნენ. მედეა იასონს თან გაჰყვა. გამტაცებლებს აიეტმა თავისი ვაჟი აფსირტოსი დაადევნა მეომრების თანხლებით, მაგრამ ბერძნებთან შეტაკებისას ისინი დამარცხდნენ. იასონმა ოქროს საწმისი საბერძნეთში ჩაიტანა.

3
2604
4-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ლიპარტია
მარიამ ლიპარტია
2604
  
2018, 31 მაისი, 13:47
უკაცრავად,იაზონის ნაცვლად აიეტი უნდა იყოს,მეგრელის კონტექსტში...
2018, 31 მაისი, 13:46
შესანიშნავი სტატიაა,მაგრამ აიეტს არ მოუტყუებია იაზონი,მან თითქმის შეუსრულებელი 3 პირობა დაუთქვა,რაზედაც იაზონი დაეთანხმა.იაზონი კი იყო მეგრელი,მაგრამ მოსატყუებელი არაფერი სჭირდა.თვითონ იყო პარადის ხელმძღვარელი...კარგია.
0 1 3