x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სასწაულმოქმედი ბერები - წმინდა მამა შიო, წმინდა დავით და ლუკიანე
ახლად გავრცელებულ ქრისტიანობას ბევრი გულმოდგინე მიმდევარი ჰყავდა. ამ უკანასკნელთა შორის იყვნენ ქრისტეს მსახური ბერები. ასეთი ადამიანები ღვთის სიყვარულს იმით გამოხატავდნენ, რომ უარს ამბობდნენ სიმდიდრესა და განცხრომით ცხოვრებაზე, ძალაუფლებაზე; ტოვებდნენ ოჯახს, ახლობელ ადამიანებს და დასახლებული ადგილებიდან შორს, მიუვალ მღვიმეებსა და გამოქვაბულებში იდებდნენ ბინას. აქ მათ არავითარი ცდუნება არ მოელოდათ და მთელ დროს ღმერთზე ფიქრსა და ლოცვაში ატარებდნენ. ლოცვისას ისინი მარტო საკუთარ სულებს როდი ავედრებდნენ უფალს - შესთხოვდნენ თანამოძმეთა სულიერ განმტკიცებას და ქვეყნის მფარველობას. ასეთ ბერებს ხალხში დიდი სახელი ჰქონდათ გავარდნილი. მათი ზეგავლენით, ბევრ ადამიანს გულში მოხვედრილი რწმენის ნაპერწკალი მძლავრ კოცონად აჰგიზგიზებია. იყვნენ ისეთებიც, რომელთაც სასწაულთქმედების უნარი ჰქონდათ ღვთისაგან მიმადლებული.



image



წმინდა მამა შიო


mama shio.jpg

მე-6 საუკუნეში მცხეთის მახლობლად, მტკვრის სანაპიროზე აღმართულ კლდეში, იქ, სადაც ახლა შიომღვიმის მონასტერია, წმინდა მამა შიომ დაიდო ბინა; მთელ დღეებს ღვთის დიდებაში ატარებდა, იმ მცირე საზრდოთი ირჩენდა თავს, რასაც მტრედი უზიდავდა. მამა შიოს სათნო ცხოვრებამ მრავალი ადამიანი მოაქცია, ბევრი მისი ერთგული მოწაფე გახდა. მალე მონასტერიც ააშენეს, ბერები სენაკებში გაამწესეს, წმინდა შიო კი ისევ მღვიმეში არჩევდა ყოფნას.

ბერები მონასტრისათვის საჭირო წყალსა და პურს ბარიდან სახედრებით ეზიდებოდნენ. იქაურ ტყეებში მრავალი ნადირი ბინადრობდა. ნადირმა იწყო ტყიდან გამოსვლა და საძოვარზე გაშვებული სახედრების გატაცება. შეწუხებულმა ბერებმა მოახსენეს ეს ამბავი მამა შიოს. წმინდა მამამ ლოცვით მიმართა უფალს და სთხოვა, შეეკრიბა მის წინაშე იმ მიდამოების მკვიდრი ველური ბინადარნი. როგორც კი ლოცვა დაამთავრა, მისი გამოქვაბულის წინ უამრავი მხეცი ქედმოდრეკით იდგა. შიომ ასე მიმართა მათ: “იცოდეთ, მხეცნო, რომ გული შემტკივა თქვენთვის, რადგან ეს ადგილები წაგართვით, მაგრამ იცოდეთ, ქრისტეს ბრძანებით, აქ ადამიანები უნდა დაემკვიდრონ, მოძებნეთ სხვა ადგილი თქვენდა სამყოფელად და ამიერიდან ნურას ავნებთ ადამიანებს. მხოლოდ ერთი თქვენგანი დარჩეს და მწყემსად დაუდგეს ჩვენს სახედრებს". მოხდა საკვირველება! წმინდა შიომ ეს სიტყვები დაასრულა თუ არა, მხეცებმა ჩაიარეს დაღმართი, გაცურეს მდინარე და თვალს მიეფარნენ. მხოლოდ ერთი მგელი დარჩა ბერის წინ მორჩილად. წმინდანმა მას ჩააბარა სახედრები სამწყესავად, საზრდოდ კი პური და წყალი გაუჩინა. ასე გახდა ეს მგელი სახედართა მწყემსი. გამთენიისას ბორცვზე ავიდოდა და საძოვარზე გასარეკად ყმუილით მოუხმობდა სახედრებს. საღამო ჟამს ისევ ყმუილით ამცნობდა ბერებს სახედრების უკან მოდენას.


ექვსი წელი მწყესავდა მგელი სახედრებს. ერთხელ ერთი სახედარი კლდიდან გადაიჩეხა. საღამოთი ბერებმა ეს შეამჩნიეს და მგელს დააბრალეს მისი შეჭმა. მგელი საბრალო წკავწკავით იმართლებდა თავს, მაგრამ ვინ დაუჯერა! მაშინ მგელმა კბილი ჩაავლო ჯოხს, რომელიც ერთ-ერთ ბერს ეჭირა და იმ ადგილისაკენ დაუწყო ქაჩვა, სადაც სახედარი გადაიჩეხა. ბერები მიჰყვნენ მგელს და მალე დაინახეს კიდეც უფსკრულში ჩავარდნილი სახედარი. გაოცებულმა ბერებმა მოინანიეს თავიანთი შეცდომა. წმინდა შიომ კი მოიხმო მგელი და მას მადლიერებით აღსავსე სიტყვები უთხრა, შემდეგ დაამატა: “საკმარისია, რაც გვემსახურე, ამიერიდან თავისუფალი ხარ, წადი, შეუერთდი შენს თანამოძმეებს, მხოლოდ ადამიანებს ნუ ავნებო''. მგელი დამორჩილდა ბერის ნებას და იქაურობას ძუნძულით გაშორდა.

შიომღვიმის მონასტერი

შიომღვიმე




წმინდა დავით და ლუკიანე

წმინდა დავით და ლუკიანე

წმინდა მამა დავითი და მისი მოწაფე ლუკიანე კაცთაგან მოშორებული მყუდრო ადგილის ძებნაში გარეჯის უდაბნოში აღმოჩნდნენ. აქ მათ ერთ კლდის ნაპრალს შეაფარეს თავი, ადიდებდნენ ღმერთს და სულის მარგებელ საუბრებში გაჰყავდათ დრო. ზაფხული იდგა. წმინდა ბერები უდაბნოს მწირი მცენარეულობით და კლდიდან გადმონაჟონი წყლის წვეთებით ირჩენდნენ თავს.

გავიდა ხანი, უდაბნოს მკაცრი ზამთარიც დადგა. ბერებს გამხმარი მცენარეულობაც აღარ დარჩათ. ლუკიანე შეშფოთდა: “ვაითუ ხორცმა ჩვენმა ვერ გაუძლოს შიმშილს და ღვთის დიდებაც ვეღარ შევძლოთო''. მამა დავითმა დაამშვიდა საყვარელი მოწაფე: “მოთმინება იქონიე, შვილო, ღმერთი მოწყალეა, იგი უნუგეშოდ როდი აგდებს მის ერთგულნ მსახურთო''. სწორედ ამ დროს ბერების წინაშე სამი ირემი გამოცხადდა სამი ნუკრით. ირმებმა მორჩილების ნიშნად თავი დახარეს. დავითმა თქვა: “მიდი, ლუკიანე, მოწველე ირმები, ისინი ღმერთმა გამოაგზავნა ჩვენ გადასარჩენადო''. ლუკიანემ მოიტანა ჭურჭელი და ირმები მოწველა. როცა წველას მორჩა, ჯვარი გადასახა რძეს და ისიც უმალ ყველად იქცა. ასე მოდიოდნენ ირმები ყოველდღე და წმინდა ბერებს რძით ასაზრდოებდნენ.

0
156
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ლიპარტია
მარიამ ლიპარტია
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0