x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
აბაშის ისტორია
სიტყვა ”აბაშა” არაბულიდან მომდინარეობს. მის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს; ერთ-ერთის თანახმად, მტერს მდინარე აბაშის გადალახვა სურდა, მაგრამ მდინარე ადიდებულა და არაბები თურმე ერთმანეთს უყვიროდნენ: ”აბა-შა” - ”უკან დავიხიოთ”-ო.

image

”ქართლის ცხოვრება” მოგვითხრობს: ანაკოფიასთან ძლეული მურვან-ყრუ დაბანაკდა ციხე გოჯთან. კოკისპირული წვიმა მოსულა ისეთი, რომ ორი მდინარე - დღევანდელი აბაშა და ცხენისწყალი გაუერთიანებია - ”წყალთა მათ ზედა ორთა, მსგავსად ერთისა”. ერთმა მდინარემ დაახრჩო 23 000 ქვეითი მურვანის ლაშქარში მყოფი ეთიოპიური წარმოშობის ”აბაშ”-თა ტომისა, მეორე მდინარემ კი წაიღო 35 000 ცხენი და ”ამიერთაგან სახელი ედვა მათ მდინარეთა, ერთსა ”აბაშა”, ერთსა ”ცხენისწყალი””.

აბაშის ტერიტორია შედიოდა ცნობილი კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაში. ვარაუდეობენ, რომ მსოფლიოში ცნობილ ლეგენდა არგონავტების შესახებ აბაშასაც უკავშირდება. მეცნიერებში გავრცელებული აზრით, ადგილი, სადაც იასონმა ჰეფესტოს მიერ გამოჭედილი სპილენძის ცეცხლისმფრქვეველი, უღელშებმული ხარები არესის ოთხი დღიური ხოდაბუნისაკენ გარეკა, და სადაც გველეშაპის კბილები დათესა, აბაშის ტერიტორიაზე, კერძოდ ანჯერის მიწებზე მდებარობდა. სწორედ უღელშებმული ხარები მიუთითებენ, რომ ამ ტერიტორიაზე ამ დროისათვის მიწათმოქმდება უკვე ძალიან მაღალ დონეზე იყო განვითარებული.


ის, რომ აბაშის ტერიტორიაზე მიწათმოქმედება წამყვან დარგს წარმოადგენს ცნობილი ფაქტია. მის შესახებ პროკოფი კესარიელიც წერს. მისი ცნობით, მიწები, რომლებშიც აბაშის ტერიტორია მოიაზრება, კოლხეთის მიწა-წყალზე საუკეთესო მხარეს წარმოადგენდა. ის წერს: „ღვინოც კარგი მოდის და სხვა ნაყოფნიც იქ კარგად ხარობენ.“ ასევე დღევანდელი აბაშის სოფელ სუჯუნის ტერიტორიას შემდეგნაირად ახასიათებენ: „ცხენისწყალისა და რიონისკენ არის საჭილაო, სამიქელაო და არს ადგილი ესე ფრიად ნაყოფიერი ყოვლითვე. პირუტყვი მძოვარ არიან ზამთარ-ზაფხულ. ფრინველნი ურცხვნი, თევზნი არასადა თვინიერ რიონისა. კირჩხიბი მრავალი სახლობენ მთავარნი და აზნაურნი.“

აბაშის ტერიტორიაზე საკმაოდ არის ნაპოვნი უძველი სამოსახლარ-ნაქალაქარის კვალი. ასეთებია: აბაშის სოფელ კეთილარში „ნამარნუდ“ წოდებული, 20 ჰექტარზე მდებარე ნაქალაქარი, რომელიც ძვ.წ. მე-7 -მე-8 საუკუნეებში გაუნადგურებია კიმერიელთა ურდოს; „შუა ქალაქი“ ნაესაკოვოს თემის სოფელია, რომელიც ერთ-ერთი მკვლევარის ვარაუდით ჭანურ ქალაქ „სქამალნიხონად“ ანუ ჭანურად „შქამალინოღად“ უნდა მოიზრებოდეს. ამ ტერიტორიაზე აუკრეფიათ ანტიკური ხანის ჭურჭელთა ფრანგმენტები, ასევე ნაპოვნია ქვის გალავნის კოტაამოკვეთილი მშრალი წყობის ქვები; სოფელ ზანათში არის დიხაზურგას კულტურული ფენა, რომელიც უხვად შეიცავს ანტიკური ეპოქის მდიდარ ნაშთებს. ასევე აქ აღმოჩენილი არის შესანიშნავი კულტურული ფენის სამაროვანი ქვევრ-სამარხები. ერთ-ერთ ქვევ-სამარხში აღმოჩნდა უძველესი დროის ნივთები, როგორიცაა: ბრინჯაოს და თითბერის ბეჭდები არწივის გამოსახულებით, მძივები, მონეტები, სამაჯურები და სხვა ნივთები. ასევე ძვ.წ. V-II საუკუნეების ვერცხლის კოლხური მონეტები. ქვევრ-სამარხიც შეიძლება დათარიღდეს ძვ.წ V საუკუნით; ეს ადგილები უნდა ყოფილიყო მჭიდროდ დასახლებული კოლხური მოსახლეობით, რომელიც მჭიდრო ეკონომიკურ ურთიერთობებში იყვნენ ანტიკურ ქვეყნებთან, ჰქონდათ საკუთარი მონეტები, შესანიშნავი ქალაქები და სოფლები, მაღალ დონეზე მდგარი მოსახლეობის სამეურნეო და კულტურული ცხოვრება.

თუ 1885 წლის გაზეთ „დროებაში“ დაცული ლეგენდის თანახმად, გულეიკარის ეკლესიაში მოსულა ცნობილი არაბი სარდალი მურვან-ყრუ, რომელსაც ტაძრის განადგრურება უბრძანებია. „ მაშინ მომხდარა სასწაული წმ.გიორგის მურვან ყრუ უძრავად გაუშეშებია საყდარში. გარეთ გაჩენილა ვიღაც თეთრ ცხენზე ამხედრებული მხედარი და აუოხრებია მურვანის ლაშქარი. “როცა მურვან ყრუმ ეს ამბავი შეიტყო გამოსვლა სცადა, თუმცა ადგილიდან ვერ დაიძრა. ამის შემდეგ, მან წმ.გიორგის შესთხოვა „წმინდა გიორგი თუ მე გამიშვებ მძევლად შემოგწირავ ჩემს ხმალსაო“ აუხსნია ხმალი და შეუწირავს. ამის შემდეგ, მურვანს შესძლებია მოძრაობა. მურვან ყრუს ხმალი წმ.გიორგის ეკლესიაში დიდხანს ინახებოდა. ამჟად ის გამქრალია.

ეს ყველაფერი მომხდარა ამჟამინდელი ძვ. აბაშის თემის ტერიტორიაზე. აბაშის რაიონი 1917 წლამდე ქუთაისის გუბერნიის სენაკის მაზრაში შედიოდა, 1917-20 წ.წ. სენაკის მაზრაში, ხოლო 1930 წელს ადმინისტრაციული-ტერიტორიული დაყოფით გამოეყო სენაკის მაზრას, როგორც ცალკე რაიონი. 1963-66 წ.წ. შედიოდა გეგეჭკორის რაიონის შემადგენლობაში. 1966 წელს კვლავ გამოეყო ახლანდელ საზღვრებში. ქალაქად გამოცხადდა 1964 წელს და დღეისათვის მოქმედებს როგორც აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, სამეგრელო-ზემო სვანეთის ფარგლებში. მოსახლეობა 6, 4 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის რკინიგზის სადგური, სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. აბაშაში არის ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენცია.


1
1134
1-ს მოსწონს
ავტორი:ანანო ლიპარტია
ანანო ლიპარტია
1134
  
2018, 1 ივნისი, 19:23
კარგი სტატიაა
0 1 1