x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
„ადამიანი უნდა მიიღო ისეთი, როგორიც არის, მიუხედავად მისი შეხედულებებისა, ორიენტაციისა და რელიგიური მრწამსისასა"
image

ლამარა აბჟანდაძე, 88 წლის, თბილისი


„მე ვარ 1930 წელს დაბადებული, პროფესიით მათემატიკოსი, ყოფილი პედაგოგი.


თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში გავატარე ბავშობა. როგორ გითხრათ, ძალიან მწარე და მძიმე ბავშვობა მქონდა. 1930-დან 1940 წლამდე რა გადაიტანა ჩემმა ოჯახმა არ ვიცი. ბაბუა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო გააკულაკეს, რომ ერთადერთი წისქვილი ჰქონდა და ოჯახის სამყოფი სიმინდი რომ მოჰყავდა იმდენი მიწა, მეტი არაფერი. ბაბუამ ეს ამბავი ვერ გადაიტანა და გარდაიცვალა.



მამა ტყიბულის რადიოში მუშაობდა. მან დროზე უშველა თავს და წამოვიდა იქიდან, თორემ ყველა ვისი მეგობარი, ვინც მასთან ერთად მუშაობდა, ყველა დახვრიტეს ან გადაასახლეს. მას შემდეგ ყველაფერს შიშით უყურებდა. მის თვალებში სულ შიშს დაინახავდი, მუდამ დაპატიმრების შიშით ცხოვრობდა. ეს შიში კიდევ იმით იყო გამოწვეული, რომ გრიგოლ რობაქიძე ჩემი ბებიის ბიძაშვილია. რა თქმა უნდა, მაშინ ის უკვე უცხოეთში იყო წასული, მას გაჰყვა ბებიას ძმაც, ყველაფერმა ამან გამოიწვია ის, რომ ოჯახი მუდამ მთავრობის მეთვალყურეობის ქვეშ იყო. ამიტომ, მამაჩემი ყველაფერს გვიკრძალავდა. წიგნებთან რომ თავისუფლად მივსულიყავით იმის უფლებაც არ გვქონდა. ბაბუა გრიგოლ რობაქიძისა და მიხეილ ჯავახიშვილის წიგნებს სათუთად ინახავდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიპარავდით ამ წიგნებს და მალულად ვკითხულობდით. იმ პერიოდში, რაც შეიძლება უბედურება დაატყდეს ოჯახს, ყველაფერი გამოვიარეთ.


ომის პერიოდი კიდევ უფრო მწარედ მახსენდება. მაშინ ნამდვილი შიმშილობა იყო. მე რომ ვიცი ისე, სამი ბავშვი მოკვდა სოფელში შიმშილით, კიდევ ერთი ოთხი მოხუცი. ერთი მეზობელი ისე დაკრძალეს, რომ მისმა შვილებმა ჩამოსვლაც ვერ მოახერხეს. ძალიან დიდი გაჭირვება იყო.
მამა ჯარში ფილტვების ანთებიანი წაიყვანეს. ომში ფეხში დაიჭრა, რის შემდეგაც უკან დააბრუნეს. თუმცა მერე მთელი ცხოვრება ისე გაატარა, რომ თითქოს არც ომის მონაწილე ყოფილა - საბუთები დაუკარგეს და პენსიაც კი არ ჰქონია. სულ ცდილობა საბუთების აღდგენას, მაგრამ ვერ მოახერხა.


მე შეიძლება შინაგანი პროტესტი გამიჩნდა იმიტომ, რომ ომის დამთავრების შემდეგ, 1947 წელს დავამთავრე სკოლა და კომკავშირი დავტოვე. ამას მოჰყვა ის, რომ მთელი სტუდენტობის პერიოდში წარუმატებელ სტუდენტად ვითვლებოდი. რამდენჯერ დამიბარეს კომკავშირში აღსადგენად, რამდენჯერ პირდაპირ მომთხოვეს ისევ გავწევრიანებულიყავი, მაგრამ გავჯიუტდი და ბოლომდე ჩემი გავიტანე. საბჭოთა კავშირში თუ პარტიული არ იყავი, წინსვლაზე არც უნდა გეფიქრა. არც უნდა გეფიქრა წარმატებაზე. ყოველთვის წარუმატებელი იყავი. თუკი პარტიაში შეხვიდოდი და კომუნისტური პარტიის წევრი გახდებოდი, მაშინ ბინასაც გაძლევდნენ და ხელფასსაც გიმატებდნენ. ჩემს ოჯახში პარტიის წევრი არავინ ყოფილა.


ჩემი სტუდენტობის წლები ომისშემდგომ პერიოდს დაემთხვა. საბჭოთა კავშირმა იმდენი რამე წამოიღო სხვადასხვა ქვეყნებიდან - უნგრეთიდან, პოლონეთიდან და გერმანიიდან, რომ მაღაზიები სავსე იყო ამ დოვლათით, მაგრამ სტუდენტებს არაფრის ყიდვის საშუალება არ გვქონდა. სტიპენდია იმდენი იყო, რომ საჭმელზე ძლივს გვყოფნიდა, ჩასაცმელზე და სხვა საჭიროებებზე ლაპარაკი ზედმეტია. მშობლებსაც ძალიან უჭირდათ, თან ოთხი შვილი ვყავდით, დედა პედაგოგი იყო და ძლივს გაჰქონდათ თავი. ბევრს ვერაფერს გვეხმარებოდნენ და ჩვენი სტიპენდიით ვცხოვრობდით.


უნივერისტეტის დამთავრების შემდეგ, ჯერ სოფელ ჩხარის სკოლაში ვმუშაობდი, შემდეგ კი სიმონეთში, სადაც მე დავამთავრე სკოლა, დედაჩემმა დამითმო საათები და მანდ გავაგრძელე მუშაობა. მერე კი, 30 წლის ასაკში გავთხოვდი და ქუთაისში გადავედი საცხოვრებლად. გათხოვებამდე, ჩემ ირგვლივ, საკმაოდ ბევრი ადამიანი მაწუხებდა გათხოვების თემაზე, თუმცა ჩემი მშობლები იმდენად შეგნებულები იყვნენ, არასოდეს დაუძალებიათ.


ორი შვილი მყავს - დავითი და ქეთევანი. ბედნიერად ვცხოვრობ დღეს მათთან ერთად. ჩემს პენსიას ჩემს თავზე ნამდვილად არ ვხარჯავ, შვილიშვილებს ვაძლევ ძირითადად. მაგრამ პენსიონერებს სახელმწიფოსგან უფრო მეტი დაფასება უნდა ჰქონდეთ. მე შეიძლება არაფერი მაკლია და ბევრი არაფერი მჭირდება იმიტომ, რომ ჩემი შვილები მარჩენენ, მაგრამ ხომ არიან ისეთი მოხუცები, რომლებიც მარტო პენსიაზე ცხოვრობენ?! მათ ეს პენსია ნამდვილად არ ეყოფათ. მე წნევის მარეგულირებელი წამალი მჭირდება, რაშიც ორ კვირაში 30-40 ლარი მაინც მეხარჯება. როგორ უნდა შეძლოს ამ ყველაფრის ყიდვა მან, ვინც მხოლოდ 180 ლარზე ცხოვრობს?!image


მე კი, ჩემი შვილები არაფერს მაკლებენ და ყვავილების მოვლით ვირთობ თავს. ეს ჩემი ჰობია. ბავშვობიდან ვუვლიდი ყვავილებს. მინდვრის ყვავილები ეზოში გადმომქონდა და იქ ვუვლიდი. მას შემდეგ, რაც აივნიან ბინაში ვცხოვრობ, ვცდილობ აივანი მშვენიერი ყვავილებით გავალამაზო. არ აქვს მნიშვნელობა რა ყვავილია - იაფფასიანი, ძვირფასი თუ მინდორიში ნაპოვნი, უბრალო ყვავილი.


ერთი ისტორია მახსენდება ჩემი ახალგაზრდობიდან. 1983 წელი იყო. ჩემი შვილი, დათო ხიდაშელი პროკლამაციების გავრცელებისთვის დააპატიმრეს. ეს ამბავი რომ გადმომცეს, მოსწავლეებს ვამეცადინებდი. გამწარებული, ჩემს 5 მოსწავლესთან ერთად ქუთაისის აეროპორტში გავიქეცი. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ერთი, საფოსტო თვითმფრინავი იდგა, რომელიც მეორე დილით გაფრინდებოდა თბილისში, ახლა კი მუშები არ ჰყავდათ თვითმფრინავის გადმოსაცლელად. მაშინ დატრიალდნენ ჩემი მოსწავლეები. არ ვიცი როგორ მოახერხეს, მაგრამ ნახევარ საათში თვითმფრინავიდან ტვირთი მთლიანად გადმოტვირთეს და თბილისში გადმომაფრინეს. მთელი გზა ვტიროდი. ღამის 2 საათზე, აეროპორტიდან ავლაბარში, ჩემი ძმის სახლში როგორ მოვხვდი არ მახსოვს, მაგრამ მისულს, დათო განთავისუფლებული დამხვდა.


რადგან პენსიონერი ადამიანები ძირითად დროს სახლში ვატარებთ, ამიტომ შევისწავლე კომპიუტერი. ერთი წლის წინ, ჩემს შვილთან ვიყავი გურიაში წასული და ტელევიზორი არ ჰქონდა, რომ რამისთვის მეყურებინა და დრო გამეყვანა. ჩემი შვილი კი, მთელი დღე სამსახურში იყო. ამიტომ, დამიჯდა ჩემი შვილი და მასწავლა კომპიუტერთან მუშაობა. მანამდეც კი მინდოდა მესწავლა, მაგრამ არ მქონდა საკუთარი კომპიუტერი, ბიჭებს კი (შვილიშივლებს) კომპიუტერთან მიასწრებ? სიმართლე გითხრათ, ორ დღეში ვისწავლე, ძლივსძლივობით, მაგრამ მაინც. კარგად ვიცი და დაუფლებული ვარ ბოლომდეთქო, ახლაც ვერ ვიტყვი, მაგრამ მე მყოფნის, მთავარია დაინტერესებული ვარ. ამიტომ არ მესმის იმ ადამიანების, რომლებსაც ჩემზე მეტი შესაძლებლობა აქვთ, ჩემზე ახალგაზრდები არიან და კომპიუტერს არ სწავლობენ. მე იმას ვჯავრობ, ამდენი წელი კომპიუტერის გარეშე რომ გავატარე. ძირითადად ფეისბუქზე შევდივარ, აქტუალურ თემებზე სტატუსებს ვაქვეყნებ და სხვადასხვა ინფორმაციას ვიღებ, ასევე იუთიუბზე ვიდეოებს ვუყურებ. როგორ შეიძლება ამდენმა სიახლემ არ დაგაინტერესოს?!image


ადამიანი უნდა მიიღო ისეთი, როგორიც არის, მიუხედავად მისი შეხედულებებისა, ორიენტაციისა და რელიგიური მრწამსისას, ყველაფრის მიუხედავად. ჩემამდე არ დადის, რატომ დასდევენ ადამიანები ერთმანეთს. ადამიანი ხომ შეიძლება დაიბადოს ბრმა? დაბადებიდან უსინათლოები ხომ არსებობენ? ის უნდა უკუვაგდოთ და ხელი ვკრათ? რა, რახან არ მოგვწონს ვინმე, ხელი მოვკიდოთ და გადავყაროთ ისინი, ვიძალადოთ მათზე? ჩემი სურვილია, რომ ადამიანებმა პროგრესულად იაზროვნონ და ერთმანეთში მტრობა არ იყოს. ადამიანებმა ურთიერთპატივისცემა უნდა ისწავლონ. მომავლის იმედი რომ არ მქონდეს, მართლა ვერ ვიცოცხლებდი, ახალგაზრდების იმედი მაქვს“.


ავტორი: ნინო გამისონია
ფოტო: სოფო აფციაურიimageimageimage


0
27
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0