x
image
რუსუდან ნადირაშვილი
საპატრიარქო სამღვდელოებას და მორწმუნეებს მოუწოდებს „რუსთავი 2“-თან ურთიერთობა შეწყვიტონ

image


საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და სამღვდელოებას მოუწოდებს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ყოველგვარი ურთიერთობა შეწყვიტოს, მრევლს კი მიმართავს, პროვოკაციებს არ აჰყვეს. საპატრიარქოს განცხადებით, 17 მაისის შემდეგ „რუსთავი 2“ და სხვა ძალები, რომლებიც „ეკლესიას კარგა ხანია უპირისპირდებიან, ახალი სიმწვავით იწყებენ რევანშისტული ქმედებების განხორციელებას, რაც ჯერჯერობით ყველაზე მკვეთრად „რუსთავი 2“-მა გამოხატა“.
.
„ამ ქმედებების სულისკვეთება ერთია – სურთ ჩვენი საზოგადოება წარმოაჩინონ თავისუფალი აზროვნების მოწინააღმდეგედ; ამასთან, „თავისუფლებაში“ ისინი უზნეობის და რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფის უფლებას გულისხმობენ, ხოლო ჩვენი ეკლესია – პრორუსულ ძალად. ვფიქრობთ, მათ არ ესმით, რომ ეკლესია ქრისტეს სხეულია და იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკასთან დაკავშირებული, არც პრორუსულთან და არც – პროდასავლურთან. გადაცემები კი იმდენად ცინიკური და უტიფარია, რომ ხალხის საერთო აღშფოთებას და ქვეყანაში დაძაბულობას იწვევს.
.
თვალში საცემია ის ფაქტიც, რომ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ძირითადად მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი მრევლისადმი ვლინდება. შერჩევითი სამართლით მოქმედი უმეტესი ნაწილი უფლებადამცველთა და არასამთავრობო სექტორისა კი ასეთ სერიოზულ ფაქტებზე დუმილს არჩევენ. არც ხელისუფლებას აქვს სათანადო კანონები და სტრატეგია შემუშავებული, რაც საერთო დაუცველობისა და უსამართლობის მკვეთრ განცდას ბადებს.
.
მიუხედავად იმისა, რომ მაცხოვრისა და ღვთისმშობლის კვართის მცველ და ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში საჯაროდ შეურაცხყვეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ყოვლადწმინდა მარიამი, ამასთან, ვრცელდება ცილისმწამებლური განცხადებები, ჩვენ მაინც მოვუწოდებთ მრევლს, რომ არ აყვნენ პროვოკაციებს, რადგან მავანთა სურვილი სწორედ შფოთისა და არეულობის შემოტენაა და მათ მიზნის განხორციელებაში ხელი არ უნდა შევუწყოთ.
.
ასევე მივმართავთ საქართველოში მყოფ საერთაშორისო ორგანიზაციებს და იმ უცხოელ დონორებს, რომლებიც დასავლური ღირებულებების ჩვენს ქვეყანაში გავრცელებას უწყობენ ხელს, – დაანახეთ საზოგადოებას, რომ ევროპული დემოკრატია არ არის ხალხის უდიდესი უმრავლესობის აზროვნების წესის და მათი რელიგიური გრძნობების უგულებელყოფა, რათა ჩვენს მოქალაქეებს არ შეექმნათ არასწორი წარმოდგენა და განწყობები.
.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადადგან ქმედითი და სწრაფი ნაბიჯები, რათა შეიქმნას საზოგადოების დამცავი სამართლებრივი და სხვა სახის მექანიზმები და გატარდეს შესაბამისი პოლიტიკა, რომ ქვეყანა არ დადგეს უმართავი პროცესების განვითარების საშიშროების წინაშე“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

.

შეგახსენებთ, ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა მეუფე იობმა “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი გიორგი გაბუნია დაწყევლა. ამის შესახებ მან დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა. მეუფე იობი აცხადებს, რომ ჟურნალისტი გიორგი გაბუნია „ეშმაკის მსახურია და ის უნდა მოშორდეს როგორც ჟურნალისტიკას, ისე მთლიანად საქართველოს“. მოციქულ სიმონ კანანელის ხსენებისადმი აღვლენილი საზეიმო წირვის შემდეგ მეუფე იობმა მრევლს ქადაგებით მიმართა.


„ე.წ. ჟურნალისტმა, ჟურნალისტმა კი არა, ეს არის ეშმაკის მსახური, გიორგი გაბუნიამ, რომელმაც შეურაცხყო ჯერ მაცხოვარი და დღეს დედა ღვთისმშობელი, ის არის წყეული, ის არის შეჩვენებული. აშკარაა, რომ უკვე აბუჩად იგდებენ ჩვენთვის ყველაზე სათაყვანებელ უფალ იესო ქრისტეს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას, ვისი წილხვედრიცაა საქართველო. ასეთი ადამიანები არ უნდა არსებობდნენ ამ ქვეყნად, მაგრამ ვხედავთ, რომ დამცველებიც ჰყავთ და ვინც მათ შეეწინააღმდეგნენ მართლმადიდებელი ახალგაზრდა ბიჭები, ციხეში ჩაყარეს და დღეს მეორედ გაიმეორა კიდევ უფრო უარესი ღვთისმშობლის შესახებ – დამამცირებელი სიტყვები თქვა. მე სასულიერო პირმა რა უნდა ვთქვა ისეთი – ეს ადამიანი არ არის საპატიებელი. ის უნდა მოშორდეს არა მხოლოდ ჟურნალისტიკას, არამედ საქართველოს. ჩემი მხრიდან მე მას ვწყევლი და შევაჩვენებ. ის აღარ მოინანიებს, ის არის პირდაპირ ეშმაკის მსახური და საერთოდ, ეს ტელევიზია უნდა გაუქმდეს. ღვარძლი და შხამი იღვრება ამ ტელევიზიით სრულიად საქართველოზე. ეს მოუთმენელია. თითოეული თქვენგანი თუკი მოისმენს მის სიტყვებს მართლაც აღშფოთდებით და მართლაც შეიძლება გამოხვიდეთ მდგომარეობიდან. ეს არის ჭინკა, ეშმაკის მსახური, რომელიც ასე აბუჩად იგდებს ჩვენ სიწმინდეებს. ასეთი მდგომარეობაა დღეს საქართველოში. რაც უფრო წინ მივიწევთ, მით უფრო მძიმდება ცხოვრება, მით უფრო შეურაცხყოფენ ჩვენ სიწმინდეებს. ჩვენ რელიგიურ გრძნობებზე ცუდად მოქმედებენ. ჩვენც გვაქვს, რა თქმა უნდა, ანათემაზე გადაცემა, წყევლა, შეჩვენება. საბედნიეროდ, თუ სამწუხაროდ მას მომავალი არ აქვს. ის სხვა ორიენტაციის ადამიანია, ის ვერც ოჯახს შექმნის და ვერაფერს ვერ გააკეთებს. ოჯახიც რომ შეექმნა, მისი მოდგმაც დაიწყევლებოდა მთლიანად, მაგრამ ეს წყევლა და შეჩვენება მასზეა პირდაპირ. მიკვირს ზოგიერთი სასულიერო პირის, რომ მივიდეს ამ ტელევიზიაში და ინტერვიუ მისცეს. როგორ შეიძლება მას გიორგი ერქვას. ის არის ეშმაკის მსახური, მიზანმიმართულად ეშმაკს ემსახურება და იმსახურებს წყევლას და რისხვას ეს ადამიანი. ასე რომ, ჩვენ ძალიან რთულ დროში გვიწევს ცხოვრება, ძალიან დიდი შემოტევებია, მაგრამ ჩვენ სულიერი წონასწორობა არ უნდა დავკარგოთ. უნდა გვახსოვდეს უფლის სიტყვები, რომ „ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი მას ვერ მოერევიან“. ვერც გაბუნია და ვერც ის, ვინც ის ღვთისმშობლის ხატი დახატა, რას დააკლებენ ეკლესიას. ესენი არიან დაწყევლილი ხალხი, რომლებიც თავისი შეგნებით ეშმაკს ემსახურებიან.მათ შეუძლიათ გვაწყენინონ და გაგვაბრაზონ, მეტი არაფერი. თავიანთი თავის მტრები თითონ არიან და დავინახავთ როგორ წარიმართება მათი ცხოვრება", – განაცხადა მიტროპოლიტმა იობიმ.


გიორგი გაბუნიამ გადაცემა “არჩევანში” მხატვარ ლია უკლებას ნახატზე “თვითმკვლელი ღვთისმშობელის” შესახებ განცხადება გააკეთა.
“არჩევანში” სტუმრებთან ერთად შეამჩნევდით, რომ კიდევ ერთი უცნაური სტუმარი გვყავს, ეს არის მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც როგორც წესი, ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, სინამდვილეში ის თავს ვერ მოიკლავს. ასე რომ, ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გაბუნიამ.
.
.
0
47
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0