x
საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენა
1917 წლის თებერვალში მრავალეროვანი რუსეთის იმპერიაში მოხდა რევოლუცია, რის შედეგადაც მეფის ხელისუფლება დაემხო. ამ მოვლენამ ქართველთა ოცნებას - აღედგინათ საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა, - ფრთები შეასხა. იმდროინდელი განათლებული ქართველი სამღვდელოება სათავეში ჩაუდგა ამ საქმეს. 1917 წლის 12 მარტს, კვირადღეს, ქართველმა მღვდელმთავრებმა სვეტიცხოველში აღავლინეს საგანგებო საზეიმო წირვა, სადაც ქართველ ხალხს ეუწყა საქართველოს ეკლესიის თავისთავადობის (ავტოკეფალია) აღდგენა. ეს კი ნიშნავდა რუსეთის ეკლესიის შემადგენლობიდან ქართული ეკლესიის გამოსვლას, რასაც უნდა მოჰყოლოდა ეგზარქოსის თანამდებობის გაუქმება. ამ წირვიდან მეორე დღეს ეპისკოპოსმა ლეონიდემ საქართველოს უკანასკნელ ეგზარქოს პლატონს შეატყობინა, რომ იგი გათავისუფლებული იყო თანამდებობიდან. რამდენიმე დღის შემდეგ თბილისში ისევ ჩატარდა სამღვდელოების კრება, სადაც გადაწყდა, რომ ამიერიდან ქართულ ეკლესიებში წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე ჩაეტარებინათ. ასე დაიწყო ქართული ეკლესიის რუსეთის ეკლესიისაგან დამოუკიდებელი ცხოვრება.


ეპისკოპოსი ლეონიდე

 ლეონიდე

ქართული ეკლესიის მესაჭის არჩევის მიზნით, 1917 წლის სექტემბერში, თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში, გაიმართა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კრება. კრებაზე აირჩიეს კათალიკოს-პატრიარქი, ანუ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლი. პირველი კათალიკოს-პატრიარქი იყო იმ დროისათვის სახელგანთქმული სასულიერო მოღვაწე, ქველმოქმედი და მეცნიერი კირიონ II საძაგლიშვილი. რუსეთის ეკლესიის მეთაურები აღშფოთებულნი იყვნენ ქართველ მღვდელმთავართა საქციელით, ისინი აცხადებდნენ, რომ ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის გამოცხადებით ქართველები საეკლესიო კანონებს არღვევდნენ. ქართველი სამღვდელოება უპასუხოდ არ ტოვებდა ასეთ უსაფუძვლო ბრალდებებს. კირიონმა წერილები დაუგზავნა მსოფლიოს სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიათა მეთაურებს, რომლებშიც სთხოვდა, ეცნოთ საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა.

1918 წლის 26 იანვარს კირიონ კათალიკოსმა აკურთხა საქართველოს პირველი უმაღლესი სასწავლებელი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო იმავე წლის 27 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების მეორე დღეს, მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს მხურვალე სიტყვებით მიულოცა თავისუფლების დადგომა და საზეიმო წირვა ჩაატარა. კირიონი დიდი მონდომებით შეუდგა ქართული ეკლესიის თავიდან მოწყობას, დააარსა ახალი საეპისკოპოსო კათედრები, დაიწყო ეკლესიის გავერანებული ქონების შეგროვება, საეკლესიო პირებზე ზრუნვა, მაგრამ, საუბედუროდ, მას არ დასცალდა. საქართველოს მტრებმა 1918 წლის ივნისში კირიონ კათალიკოსი მოკლეს. კირიონის დაწყებული საქმე განაგრძო კათალიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ. იგი იყო ღრმად განსწავლული სამღვდელო პირი, სამშობლოს მოყვარული, ქართული ეკლესიის დიდი ქომაგი, სკოლათა დამაარსებელი, გაჭირვებულთა გამკითხავი, სიკეთის მსახური სიტყვითა თუ საქმით. ამ შესანიშნავი ადამიანის სიცოცხლეც მალე შეწყდა - იგი 1921 წლის ივნისში შავი ჭირის ეპიდემიამ იმსხვერპლა.


ლეონიდეს შემდეგ საკათალიკოსო ტახტზე აღსაყრდა კათალიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია. მას განსაკუთრებულად სასტიკ დროს მოუხდა მოღვაწეობა. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველომ ისევ დაკარგა დამოუკიდებლობა. ახლად მოვლენილი ბოლშევიკური მთავრობა არად დაგიდევდათ ქართველი ერის სასიცოცხლო ინტერესებს - დამპყრობლები ანიავებდნენ ქართულ მიწებს, ავიწროებდნენ ქართულ ენას, დევნიდნენ ქართულ ეკლესიას. კათალიკოსი ამბროსი ყოველივე ამის უტყვი მოწმე როდი იყო. იგი საქართველოს იმდროინდელ მთავრობას წერილს წერილზე უგზავნიდა და თავის გულისწყრომას დაუფარავად გამოხატავდა. ასეთივე საპროტესტო წერილი გაუგზავნა მან 1922 წელს იტალიის ქალაქ გენუაში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს - სთხოვდა მათ, გამოეჩინათ კეთილი ნება და მოეთხოვათ საქართველოდან წითელი არმიის გაყვანა. ამ წერილით კათალიკოსმა ამბროსიმ საქართველოს ბოლშევიკური მთავრობა საბოლოოდ გადაიკიდა.

1924 წელს იგი გაასამართლეს და მიუსაჯეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. როგორც გადმოგვცემენ, ამ სასამართლო სხდომაზე წარმოთქვა მან შემდეგი სიტყვები: “სული ჩემი ეკუთვნის ღმერთს, გული - საქართველოს, გვამს კი, რაც გნებავთ, ის უყავით".

ambros მთელი იმდროინდელი საზოგადოება აღშფოთებული იყო კათალიკოს-პატრიარქის დაპატიმრებით. ამიტომ წლის ბოლოს, ხალხის შიშით, მთავრობა იძულებული გახდა, ამბროსი ხელაია გაეთავისუფლებინა. იგი გარდაიცვალა 1927 წლის 29 მარტს. 1995 წელს კი საქართველოს საეკლესიო კრებამ ამბროსი ხელაია წმინდანად შერაცხა.

ambrosi

0
18
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ლიპარტია
მარიამ ლიპარტია
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0