x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
როგორ ცვლის ადამიანს ციხე

რაც უფრო ხანგრძლივი და ტრავმატულია ციხეში გატარებული დრო, მით უფრო რთულია ყოფილი პატიმრის საზოგადოებაში დაბრუნება.image

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ არ გაქვთ პირადი სივრცე, არ გაქვთ იმის არჩევის საშუალება, რა ჭამოთ, სად წახვიდეთ ან ვისთან გაატაროთ დრო და ასე გადის ყოველი დღე წლების განმავლობაში. თქვენ მოგაშორეს მეგობრებსა და ოჯახს. ყველგან საფრთხე და ეჭვია, სიყვარულისა და თუნდაც ადამიანური შეხების მოძიება კი - რთული.


პატიმარი იძულებულია, იარსებოს მსგავს გარემოში და ერთადერთი, რაც მას დარჩენია არის შეცვლა და ადაპტირება. ეს განსაკუთრებით ესადაგება ისეთ სიტუაციას, სადაც გრძელვადიან პატრიმრობასთან გვაქვს საქმე. ბოლო მონაცემებით, ინგლისსა და უელსში საპატიმრო სასჯელების დაახლოებით 43% ოთხ წელიწადზე ხანგრძლივია.


მოხსენებაში, რომელშიც საუბარია აშშ-ის ციხეებში პატიმართა ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ, სოციალურმა ფისქოლოგმა კრეგ ჰანეიმ დაწერა: "ძალიან ცოტა ადამიანი რჩება შეუცვლელი და უვნებელი ციხის შემდეგ". სწორედ კრეგ ჰანეი თანამშრომლობდა ფილიპ ზიმბარდოსთან სტენფორდის ციხის ცნობილ ექსერიმენტზე.


კემბრიჯის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის უნივერსიტეტის მკვლევარები უფრო შორს წავიდნენ და ასობით პატიმართან ინტერვიუებზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ გრძელვადიანი პატიმრობა "ადამიანის ბოლომდე ცვლის". თუ 1980-იან წლებში გამოქვეყნებული ერთ-ერთი პატიმრის ინტერვიუს სიტყვებს გამოვიყენებთ - "იგივე აღარ ხარ".



პიროვნული ფსიქოლოგიის სფეროში მიჩნეულია, რომ ჩვენი პიროვნება ძირითადად მოწიფულობისას ყალიბდება. თუმცა ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ სინამდვილეში, ჩვენი ფიქრის მანერა, ქცევა და ემოციები, შედარებითი სტაბილურობის მიუხედავად, მნიშვნელოვნად და გრძელვადიანად იცვლება ცხოვრების განმავლობაში მორგებული განსხვავებული როლების დროს. თითქმის გარანტირებულია, რომ პატიმრობაში - მკაცრად იერარქიულ და სოციალურად სახიფათო გარემოში, გატარებული დრო მნიშვნელოვნად შეცვლის ადამიანის პიროვნებას.


"ციხეში ვერავის ენდობი. ახლაც პრობლემა მაქვს ნდობასთან, უბრალოდ აღარავის ვენდობი" - განაცხადა ერთ-ერთმა პატიმარმა


ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ციხიდან გამოსული ადამიანები ადაპტირებას ვერ ახერხებენ, ისაა, რომ ციხეში შეძენილი თვისებები გამოსადეგია ციხეში გადარჩენისათვის, ხოლო ჩვეულებრივ პირობებში კი ამ თვისებებს უფრო მეტი ზიანი მოაქვთ, ვიდრე - სარგებელი. ციხის გარემოს პირობათა შორის პიროვნულ თვისებებს განსაკუთრებით ცვლის არჩევანის მუდმივი ნაკლებობა, პირადი სივრცის არარსებობა, დღიური სტიგმა, მუდმივი შიში, ემოციურად ხელშეუხებელი ადამიანის ნიღბის მუდმივი ტარება (სხვების მიერ ექსპულატაციისგან თავდაცვის მიზნით) და ყოველდღიური რუტინისა და წესებისადმი მორჩილების იძულება.


გასაკვირია, თუ რამდენად მცირე რაოდენობის კვლევაა ჩატარებული პატიმრობაგამოვლილი ადამიანების პიროვნულ ცვლილებაზე. "ხუთი მთავარი ხასიათის" მოდელი თანამედროვე კვლევებში დომინანტია და ჩვეულებრივ მოსახლეობას ისეთ თვისებებზე დაფუძნებით ყოფს, როგორებიცაა სიფრთხილე და ექსტროვერსია.


ფსიქოლოგებსა და კრიმინოლოგებს შორის აღიარებული აზრია, რომ პატიმრები ადაპტირდებიან გარემოსთან. ამ მოვლენას ისენი "ციხიზაციას" უწოდებენ, იგი თავს "დატუსაღების შემდგომი სინდრომის" სახით იჩენს, პატიმრების გათავისუფლების შემდეგ.


ფსიქოლოგმა მარიეკ ლიემმა და კრიმინოლოგმა მაარტენ კანსტმა გაანალიზეს 25 პატიმართან ჩაწერილი ინტერვიუ, რომლებსაც ციხეში საშუალოდ 19 წელი აქვთ გატარებული, და აღმოაჩინეს, რომ ყოფილი პატიმრებს უვითარდებათ "ნაციხარ პიროვნებათა თვისებები", მაგალითად, უნდობლობა, ურთიერთობებში ჩართვის სირთულე და მიდრეკილება არახელსაყრელი გადაწყვეტილებებისკენ.


რამდენად ძლიერიც არ უნდა იყოს ადამიანი, ციხეში გატარებული დროის შემდეგ ის მაინც იცვლება. "ყოველდღიურ ცხოვრებაში ზოგჯერ მაინც ისე ვიქცევი, თითქოს ისევ ციხეში ვარ. ადამიანი ონკანი ან შუქის ჩამრთველი არ არის, რომ რაღაცების ჩართვა-გამორთვა შეეძლოს. როდესაც რაღაცას წლების განმავლობაში აკეთებ, ის შენი ნაწილი ხდება." - თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში 42 წლის ყოფილმა პატიმარმა.


ყველაზე ხშირი პიროვნული ცვლილებაა სხვებისადმი უნდობლობა - მუდმივი პარანოიისმაგვარი მდგომარეობა. "ციხეში ვერავის ენდობი. ახლაც პრობლემა მაქვს ნდობასთან, უბრალოდ აღარავის ვენდობი" - განაცხადა ერთ-ერთმა პატიმარმა.


კრიმინოლოგიის ინსტიტუტის მიერ დიდი ბრიტანეთის ციხეებში ჩატარებული ინტერვიუების ანალიზში, რომელიც 2015 წელს გამოაქვეყნეს, აღნიშნულია, რომ პატიმართა უმეტესობა ციხის გამოცდის შემდეგ რადიკალურად იცვლება.


ემოციური დაჩლუნგების პროცესს პატიმრები ასე აღწერენ: "მკაცრი და საშიში ხდები. უფრო დისტანცირებულს გხდის. უბრალოდ ასეთი ადამიანი ხდები. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად მყარი ხარ, უფრო მყარი გახდები, უფრო ცივი, უფრო განდეგილი."


"როდესაც ადამიანი გრძელვადიან პატიმრობას გადის ის "ადაპტირდება" (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) ტუსაღობის პერიოდის იმპერატივებისადმი, ის ემოციებთან კავშირს კარგავს ხდება უფრო თვითიზოლირებადი, სოციალურად "გარიყული" და ციხის გარეთ ცხოვრებისათვის ნაკლებად შესაფერისი", - ამბობს კრიმინოლოგიის ინსტიტუტის კვლევის ერთ-ერთი ავტორი სიუზი ჰალი.


გამოქვეყნებული კვლევები ძირითადად გრძელვადიან პატიმრობაში მყოფი პატიმრების ინტერვიუებზეა დაფუძნებული. თუმცა, 2018 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ კვლევით ნაშრომში, მკვლევარებმა გამოიყენეს ნეიროფსიქოლოგიური ტესტი იმის საჩვენებლად, რომ ციხეში გატარებული მცირე დროც კი ახდენს გავლენას ადამიანის პიროვნებაზე. ამსტერდამის უნივერსიტეტის კვლევში მონაწილეობა 37-მა პატიმარმა მიიღო. მათ ორჯერ, 3-თვიანი შუალედით გაიარეს ტესტირება. მეორე ტესტის შედეგების მიხედვით, ისინი უფრო ფიცხები გახდნენ და ნაკლებად შეეძლოთ ყურადღების კონტროლი.


მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ეს ცვლილებები გამოწვეულია ციხეში ადამიანის ავტონომიის დაკარგვითა და გონივრული გამოწვევების სიმცირით. მათ დაასკვნეს, რომ ეს საზოგადოებისათვის საჭირო და მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, ვინაიდან გათავისუფლებულ პატიმრებს უფრო უჭირთ პატიმრობის შემდეგ ცხოვრების კანონმორჩილად გაგრძება.


თუმცა, სხვა აღმოჩენები იმედის ნაპერწკლებსაც გვთავაზობენ. შვედეთის მკაცრი კონტროლის ციხეებში განსხვავებული ჯგუფების გაკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ პატიმრების კეთილსინდისიერების კოეფიციენტი გაიზარდა, განსაკუთრებით მისი ორი ქვეთვისება - მოწესრიგებულობა და თვითდისციპლინა. კრისტიანადის უნივერსიტეტის მკვლევარი იოანა მასკე-ნოს აზრით, ეს აღმოჩენა ასახავს ციხის გარემოსათვის დადებით პიროვნულ ცვლილებას: "ციხის გარემო ძალიან მკაცრია რეგუალაციებისა და ნორმების პატივიცემის მხრივ, ხოლო პირადი სივრცე შეზღუდულია. მსგავსი გარემო პატიმრებისგან მოითხოვს წესრიგის შექმნას იმისათვის, რომ არ დაისაჯონ ან იმისათვის, რომ თანაპატიმრები ცუდად არ მოექცნენ." სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კეთილსინდისიერება გვეხმარება საფრთხის თავიდან არიდებაში.


იმის მიუხედავად, რომ შვედურ და ჰოლანდიურ ციხეებში ჩატარებული კვლევების შედეგები განსხვავდება, უნდა აღინიშნოს რომ ჰოლანდიური ციხეები ნაკლებ ყურადღებას უთმობენ პატიმრებს. შესაძლოა მეორე ტესტზე პატიმრებმა მხოლოდ იმიტომ აჩვენეს უკეთესი შედეგები, რომ ციხეში გატარებული დროის განმავლობაში მათ ხშირად ავალებდნენ გარემოს მოწესრიგებას. ასევე შესაძლებელია, რომ შვედურ ციხეებში მაღალი კეთილსინდისიერების გამოვლინება ამ ქვეყნის ციხის სისტემის სპეციფიკის დამსახურებაა, სადაც, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ყურადღება უფრო პატიმრების რეაბილიტაციასა და მკურნალებას ეთმობა.


ასევე იმედისმომცემია ორი განსხვავებული კვლევის შედეგებიც, სადაც პატიმრები თამაშობდნენ ფინანსურ თამაშებს, რომლებიც ხშირად თანამშრომლობისა და რისკების შეფასების სასწავლებლად გამოიყენება. ამ კვლევების მიხედვით, პატიმრები თანამშრომლობის მაღალ უნარს ამჟღავნებენ.


"ზოგადად მიჩნეულია, რომ კრიმინალები ცუდი ტიპები არიან, რომელთაც საზოგადოებრივი მოტივაცია აკლიათ. ამ მიზეზს ხშირად მკაცრი სასჯელის გასამართლებლადაც იყენებენ" განაცხადა ერთ-ერთი კვლევის ავტორმა, თუმცა მათი კვლევა აჩვენებს, რომ კრიმინალები საზოგადოებრივი კეთილდღეობისადმი იმდენადვე შეიძლება იყვნენ მოტივირებულნი, რამდენადაც სხვები.


ამჟამად კონკრეტული მიზნებისათვის ჩატარებული კვლევების რაოდენობა მცირეა, თუმცა ის ვიცით, რომ ციხეში ადამიანის პიროვნების ცვლილება ართულებს მათ რეაბილიტაციასა და რეინტეგრაციას საზოგადოებაში. შესაძლოა ეს გარდაუვალიც კი იყოს, თუნდაც მხოლოდ პირადი სივრცისა და თავისუფლების დაკარგვის გამო.


იმ კვლევების შედეგები, რომლებიც პატიმრების კეთილსინდისიერებისა და თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე საუბრობენ, იმედს მთლიანად არ გვიკარგავს. ეს კვლევები გვიჩვენებს იმას, თუ როგორ გვსურს გამკლავება იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩვენს კანონებს არღვევენ. ახლანდელი მტკიცებულებები გვიჩვენებს, რომ რაც უფრო მკაცრი და ხანგრძლივია სასჯელი, მით უფრო გართულდება პატიმრის რეინტეგრაცია საზოგადოებაში.


საბოლოოდ, შეიძლება არჩევანის წინაშე დავდგეთ. შეგვიძლია დამნაშავეები მკაცრად დავსაჯოთ და ამით გავართულოთ მათი "გამოსწორება", ან შევიმუშავოთ ისეთი წესები და ციხეები, რომლებიც ხელს შეუწყობენ პატიმრების რეაბილიტაციას.


0
101
1-ს მოსწონს
ავტორი:ანანო ლიპარტია
ანანო ლიპარტია
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0