x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ის, რაც უნდა ვიცოდეთ თანდებულთა სწორი გამოყენებისთვის
image


ჩვენს რეალობაში ძალიან ხშირია ქართულისათვის არაბუნებრივი ფორმების გამოყენება, რაც ჩვენს მეტყველებას ან წერილობით ნაშრომს გრამატიკულად გაუმართავს ხდის. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა თანდებულების არასწორი გამოყენება.

ზე-თანდებულიანი სახელების უმართებულოდ გამოყენების შემთხვევები: ჩვენთვის საინტერესო ზე- თანდებულიანი სახელები მათთან ერთად წარმოდგენილი სიტყვების მსაზღვრელი სახელები არიან. ის სახელი, რომელიც წინადადებაში ან შესიტყვებაში მსაზღვრელად არის წარმოდგენილი ნათესაობით ბრუნვაში დგას. აქედან გამომდინარე, გავრცელებული ფორმა -გულზე ოპერაცია - არასწორია და მის მაგივრად უნდა გამოვიყენოთ სწორი ფორმა - გულის ოპერაცია. დღეს ასევე ძალიან ხშირად განიხილავენ სპორტის სიაახლეებს, მსჯელობენ მსოფლიო მატჩების შესახებ და ამ მსჯელობის დროსაც იყენებენ „ზე“ თანდებულს უმართებულოდ. მაგალითად: მატჩი მსოფლიო პირველობაზე. ეს ფორმა ქართული ენისათვის ბუნებრივი არ არის და გადმოტანილია რუსული ენიდან. ქართულისათვის ბუნებრივი ფორმა კი შემდეგნაირია - მსოფლიო პირველობის მატჩი. ენის განვითარებისთვის კი აუცილებელია მისთვის ბუნებრივი კონსტრუქციების გამოყენება.

მნიშვნელოვანია ვთქვათ კიდევ ერთი ტიპის შეცდომის შესახებ, რასაც თითქმის ყოველდღე ვხვდებით. მაგალითად, ალბათ, თითოეულ ჩვენგანს გაგვიგონია ფრაზა - ტრანსპორტზე მგზავრობის უფლება. ეს ფორმა ქართულისათვის არაბუნებრივია და მის მაგივრად მოქმედებითი ბრუნვის ფორმით გაფორმებული კონსტრუქცია უნდა გამოვიყენოთ, შესაბამისად, სწორი ფორმა იქნება - ტრანსპორტით მგზავრობის უფლება. აქედან გამომდინარე, სწორია - ავტობუსით ვმგზავრობ, ტრანსპორტით სამგზავროდ და ა.შ. საქმე იმაშია, რომ გადაადგილების შინაარსის ზმნებთან ქართულში მოქმედებითი ბრუნვა გვჭირდება.


ასევე ხშირია „ზე“ და „ში“ თანდებულის ერთმანეთის ადგილას გამოყენება. მაგალითად, ვხვდებით ფორმებს: ავტობუსზე ავიდა, ტრანსპორტზე ავიდა და ა.შ. იმისათვის რომ ამ ტიპის შეცდომები არ დავუშვათ უნდა გავითვალისწინოთ განსხვავება „ზე“ და „ში“ თანდებულებს შორის. ზე- თანდებული გამოხატავს მოქმედების ადგილს ზედაპირზე, ხოლო ში- თანდებული კი გამოხატავს მოქმედების სივრცეს ოღონდ შიგნით. აქედან გამომდინარე, ავტობუსზე ავიდა და ტრანსპორტზე ავიდა სწორი არ არის და უნდა იყოს - ავტობუსში ავიდა და ტრანსპორტში ავიდა. არასწორია ასევე ქორწილზე მიიპატიჟა და უნდა იყოს ქორწილში მიიპატიჟა. ასევე არასწორია ფორმა - ექიმი პაციენტს ბინაზე გასინჯავს, ვინაიდან ის რუსულიდან გადმოტანილია და რუსულ კალკად მიიჩნევა, ამიტომ უნდა იყოს შემდეგნაირად - ექიმი პაციენტს ბინაში გასინჯავს. არასწორია ბაზარზე ყიდის, სწორია - ბაზარში ყიდის. აგრეთვე არასწორია ბოლო წუთებზე და უნდა იყოს ბოლო წუთებში.

გან - თანდებულიანი ფორმები: თანამედროვე ქართულში წესის მიხედვით, თუ სახელი პასუხობს კითხვებზე ვისგან? ან რისგან? ის შემდეგნაირად უნდა იყოს წარმოდგენილი - საჩუქარი მეგობრისგან მიიღო. თუ სახელი პასუხობს კითხვას - საიდან? მაშინ უნდა იყოს - საჩუქარი ევროპიდან მიიღო. შესაბამისად, უნდა ვთქვათ რომ „გან“ თანდებული ორ ბრუნვას ითხოვს -ნათესაობითსა და მოქმედებითს. ნათესაობითში წარმოდგენილი გან-თანდებულიანი სახელი გვიჩვენებს იმას თუ ვისგან ან რისგან სრულდება მოქმედება. მოქმედებითში წარმოდგენილი გან- თანდებულიანი სახელი გვიჩვენებს მოქმედების საწყის პუნქტს სივრცესა და დროში და უპასუხებს კითხვებს - საიდან? რა დროიდან? აქედან გამომდინარე, შეცდომების თავიდან ასაცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე შემთხვევა:

  • ის სახელები, რომლებიც მასალას აღნიშნავენ გან-თანდებულიან ნათესაობითში უნდა იყოს წარმოდგენილი. მაგალითად: ნამცხვარი ფქვილისგან, კვერცხისგან, შაქრისგან და სხვა ინგრედიენტებისგან მზადდება.
  • შედგება - ზმნასთან უნდა გამოვიყენოთ გან-თანდებულიანი ნათესაობითის ფორმა. მაგალითად: შედგება საუკეთესო აბიტურიენტებისგან.
  • წავიდა და იცოდა ზმნებთან თუ ადამიანის აღმნიშვნელი სახელებია წარმოდგენილი მაშინ გან-თანდებულიანი ნათესაობითი გვჭირდება, ხოლო თუ ადგილის აღმნიშვნელი სახელები გვაქვს მაშინ დაგვჭირდება გან-თანდებულიანი მოქმედებითი. მაგალითად: ანა მეგობრისაგან წავიდა და ანა ქალაქიდან წავიდა.
  • აქედან გამომდინარე, სწორი ფორმებია : წერილი დედისაგან მიიღო, საჩუქარი შეყვარებულისგან მიიღო, ლექსიკონი მასწავლებლისგან ითხოვა და ა.შ. ასევე სწორი ფორმებია: წერილი სოფლიდან მიიღო, საჩუქარი ევროპიდან მიიღო, ლექსიკონი ბიბლიოთეკიდან წამოიღო და ა.შ.

    ასევე უნდა ვთქვათ კიდევ ერთი ძალიან გავრცელებული შეცდომის შესახებაც. სამარშუტო ტაქსით მგზავრობისას, ალბათ, ყველას გაგვიგონია ფრაზა - გაჩერებაზე გამიჩერეთ. ეს დაუშვებელი ფორმაა ქართული ენისათვის და აუცილებელია მისი სწორი ფორმით ჩანაცვლება. ამ შემთხვევაში, ზე - თანდებულიანი ფორმის მაგივრად უნდა გამოვიყენოთ შემდეგნაირი კონსტრუქცია - გაჩერებასთან გამიჩერეთ. ზე - ზედაპირზე მოქმედებას აღნიშნავს, -თან კი პუნქტთან სიახლოვეს. ვინაიდან, შეუძლებელია მანქანა გაჩერებაზე ავიდეს და იქ გაჩერდეს, ამიტომ საჭიროა თან - თანდებულის გამოყენება.





    ეკატერინე გურგენიძე

    თსუ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, II კურსი

    0
    992
    2-ს მოსწონს
    ავტორი:ეკატერინე გურგენიძე
    ეკატერინე გურგენიძე
    992
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0