x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
„10 წლის წინ დაიწყო ძალიან საინტერესო ისტორია ჩვენს ქვეყანაში“

image

2008 წელს, 10 წლის წინ, ქართველი მკითხველის თაროებს ძირითადად ძველი გამოცემის წიგნები ამშვენებდა, რომელთა უმეტესობაც რუსულ ენაზე იყო. თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის ქართულ ენაზე შეძენისა და წაკითხვის ფუფუნება კი ერთეულებსაც არ ჰქონდათ, რომ აღარაფერი ვთქვათ თანამედროვე ქართველი მწერლების ნაწარმოებებზე. 2008 წლის 23 მაისს თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე ერთი პატარა წიგნის მაღაზია გაისხნა, რომელმაც 10 წლიანი ისტორია შექმნა, გააერთიანა საქართველოს 21 ქალაქი 56 ფილიალითა და უამრავი საინტერესო წიგნით. საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ 10 წლისაა, კომპანიას, რომელმაც განსაკუთრებული როლი ითამაშა წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციაში, დაბადების დღეს ხალხისთვის საყვარელი ცნობადი სახეები ულოცავენ.


image


ნინელი ჭანკვეტაძე - მსახიობი
„ვულოცავ „ბიბლუსს“ 10 წლის იუბილეს- ეს ძალიან ბევრიც არის და ძალიან ცოტაც, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს კომპანია კიდევ მრავალი წელი იქნება მკითხველის საყვარელი ადგილი, სადაც სასურველი ლიტერატურის ფართო არჩევანია. „ბიბლუსი“ განსაკუთრებულად კარგ საქმეს აკეთებს ბავშვებისთვის. ისინი ხომ წიგნს თავდაპირველად გარეკანისა და იმ ადგილის მიხედვით ირჩევენ, სადაც ეს წიგნები ცხოვრობენ. „ბიბლუსში“ კი მართლაც შესანიშნავი გარემოა წიგნების შესარჩევად“.


ნანა შონია - მსახიობი

„ბიბლუსს“ აქვს, საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ წიგნების მაღაზია, აქ არის განსაკუთრებული ატმოსფერო და ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ წიგნები აქ უნდა იკითხო და აქ რომ დაიწყებ კითხვას გიჩნდება სურვილი, რომ გააგრძელო სახლშიც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ახალი თაობისთვის, რადგან აჩენს მათში სტიმულსა და სურვილს რომ წაიკითხონ რაც შეიძლება მეტი წიგნი.

ტორესა მოსი - მწერალი

„10 წლის წინ დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი ისტორია ჩვენს ქვეყანაში, ეს არის „ბიბლუსის“ ისტორია. ბიბლუსმა შეცვალა ძალიან ბევრი რამ ამ საზოგადოებაში. პირველ რიგში ამ კომპანიის მთავარი ხიბლი მგონია ის, რომ ეს არის წიგნების მაღაზიათა პირველი ქსელი, რომელიც ძალიან მოკლე პერიოდში ფაქტობრივად ყველგან გაჩნდა და შექმნა პრეცედენტი, რომ წიგნი შეიძლება იყიდებოდეს შენს სახლთან ძალიან ახლოს და იყოს ხელმისაწვდომი. წიგნიერების გავრცელება 10 წლის წინ ნამდვილად სერიოზული პრობლემა იყო და „ბიბლუსი“ არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება შრომით და ძალიან გააზრებულად ადამიანებამდე მივიტანოთ წიგნი და გავაღვივოთ მათში წიგნის სიყვარული“.

მამა პეტრე (კოლხი )

წიგნი ერთადერთი ნამდვილი მეგობარია, რომელიც არასდროს გვღალატობს. ტაძრის შემდეგ, ყველაზე მშვიდად თავს ვგრძნობ იქ, სადაც ერთად უამრავი წიგნია თავმოყრილი და შესაბამისად, „ბიბლუსი“ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. არცერთ ომს, არცერთ ნგრევას ისეთი დიდი ტრაგედია არ მოუტანია, როგორიც შეიძლება ერის უწიგნურობამ მოიტანოს. შესაბამისად, წიგნის გამავრცელებლების როლი უმნიშვნელოვანესია ერის განვითარებაში. ჩემთვის ძალიან მშობლიურია „ბიბლუსის“ გარემო, ვულოცავ მას და მის ერთგულ მკითხველებს 10 წლის იუბილეს“.

გელა ჩარკვიანი - მწერალი

„წიგნი ჩემთვის ინფორმაციის, ცოდნის და განათლების მიღების საუკეთესო საშუალებაა. როგორც ისააკ ბაროუ იტყოდა, ვისაც წიგნების კითხვა უყვარს, მუდამ გვერდით ჰყავს ერთგული მეგობარი, მხიარული თანამოსაუბრე, ბრძენი მრჩეველი და დამრიგებელი.
მინდა, „ბიბლუსს“ 10 წლის იუბილე მივულოცო. ჩემი აზრით, ამ კომპანიას დიდი წვლილი მიუძღვის წიგნის პოპულარიზაციაში. ხელს უწყობს ქვეყანაში წიგნიერების ამაღლებას, რაც უდაოდ დასაფასებელია. ვუსურვებ მას, რომ კიდევ მრავალი წელი გაეგრძელებინოს ის საქმე, რომელსაც წიგნის სიყვარული ჰქვია“.


image


0
9
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0