x
მეტი
  • 22.06.2018
  • სტატია:78039
  • ვიდეო:330796
  • სურათი:434015
რა და რატომ არ უნდა შევინახოთ მაცივარში?

ცივილიზებულ ადამიანს, მაცივრის და საყინულის გარეშე, ცხოვრება არ შეუძლია – აბა, სხვა სად უნდა შეინახოს მალფიჭებადი პროდუქტები? დიასახლისები, დროის ეკონომიის მიზნით, კერძს საჭიროზე მეტს ამზადებენ, რომ შემდეგ, მაცივრიდან გამოიღონ და უბრალოდ, გააცხელონ. მაგრამ, როგორც გაირკვა, დაბალ ტეემპერატურაზე, ყველა სახის პროდუქტის შენახვა არ შეიძლება, - ზოგიერთი საგემოვნო თვისებებს და ვიტამინებს კარგავს და ზოგს, გარეგანი იერი უფუჭდება. ამიტომ, უნდა ვიცოდეთ, თუ რა არ უნდა შევინახოთ მაცივარში და რომ ამ პროდუქტების სია საკმაოდ დიდია:


image


პური


ხსენებულ სიაში შესული პროდუქტების განხილვა, ალბათ, პურით უნდა დავიწყოთ. ზოგიერთი დიასახლისი თვლის, რომ პური რომ არ დაძველდეს, ის მაცივარში უნდა ინახებოდეს. მაგრამ, პურ-პროდუქტი ძალიან სწრაფად იღებს ნებისმიერ სუნს. გარდა ამისა, მაცივარში არსებული მაღალი ტენიანობის გამო, პური შეიძლება ობით დაიფაროს.

პური უმჯობესია, ოთახის ტემპერატურაზე, ქაღალდის პაკეტით ინახებოდეს.


ყავა


ყავაც იმ პროდუქტების სიაში შედის, რომლის შენახვა მაცივარში არ შეიძლება. ფართოდ გავრცელებული აზრი, იმის შესახებ, რომ მაცივარში ყავა თავის სპეციფიკურ არომატს და გემოს უკეთესად ინარჩუნებს, სიმართლეს არ შეესაბამება. უფრო პირიქით, ყავის მარცვლის ხარისხი დაბალ ტემპერატურაზე საგრძნობლად ფუჭდება.


ტროპიკული ხილი

imageხანგრძლივი ტრანსპორტირების წინ, კივის, მანგოს, ანანასს, ბანანს და სხვა ტროპიკული ხილის დამუშავება ეთილენით ხდება. ეს კონსერვანტია, რომელიც პროდუქტს ტრანსპორტირებისას გაფუჭების საშუალებას არ აძლევს. ხოლო, მას შემდეგ, რაც შეფუთვა იხსნება, ეთილენი ორთქლდება და ამ მომენტიდან, ხილი აქტიურად იწყებს დამწიფებას და გადუჭებას. ამიტომ, სწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ ტროპიკული ხილის დიდი ხნით შენახვა არ შეიძლება და არა იმის, თუ რატომ არ შეიძლება მისი მაცივარში შენახვა.

მაგრამ უნდა ითქვას, რომ მაცივარში შენახვის შემთხვევაში, ტროპიკული ხილი მართლაც კარგავს საგემოვნო თვისებებს. ამიტომ, დაუმწიფებელი ტროპიკული ხილი უმჯობესია გრილ და მშრალ ადგილზე, მაგ., სამზარეულოს კარადაში შეინახოთ, ხოლო უკვე დამწიფებული, სასწრაფოდ გამოიყენოთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი გადაგდება მოგვიწევთ.


ვაშლი და მსხალი


ხილის თემას თუ გავაგრძელებთ, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთვის კარგად ცნობილი და მშობლიური ვაშლი და მსხალი, ასევე ვერ იტანს დაბალ ტემპერატურას და სიცივეში ვიტამინების ნაწილს კარგავს. ხოლო ტენი, ხილის გაფუჭებას აჩქარებს. გარდა ამისა, მაცივრის თაროების შემოწმებისას, იმ თაროზე, რომელზეც, ჩვეულებრივ, ბოსტნეულს და ხილს ინახავდნენ, კუჭ-ნაწლავის დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმები აღმოაჩინეს, მათ შორის სოკო და სალმონელა.

რაც შეეხება შენახვის წესებს, კერძო სახლის პირობებში, ხილის შენახვა სარდაფში ან გრილ სათავსოში შეიძლება, ხოლო ვინც ბინაში ცხოვრობს, ხილის დიდი მარაგის გაკეთება რეკომენდირებული არ არის! ხოლო, რამდენიმე კილოგრამი ხილისთვის, ყოველთვის მოიძებნება გრილი უჯრა ან შემინული კარადის თარო.


ბოსტნეული


იმის ცოდნაც მნიშვნელოვანია, თუ რომელი ბოსტნეულის შენახვა არ შეიძლება მაცივარში. ზოგიერთების აზრით, საერთოდ, არცერთი სახეობის ბოსტნეულის შენახვა არ შეიძლება. მაგრამ, ეს ნამდვილად გაზვიადებულია. მხოლოდ კარტოფილი, ნიორი, ხახვი და პომიდორი ფუჭდება ტენიანი ჰაერის პირობებში - პროდუქტი იკეთებს ობს, რაც ლპობის ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ სახამებელი, რომელსაც კარტოფილი შეიცავს, დაბალ ტემპერატურაზე შაქრად გარდაიქმნება. ამიტომ, ასეთი კარტოფილს, მომზადების შემთხვევაში, ტკბილი გემო ექნება. ხოლო, პომიდორი, დაბალ ტემპერატურაზე, გემოს კარგავს.

სამაგიეროდ, ბადრიჯანი, ყაბაყი და გოგრა მაცივარში კარგად ინახება.

სტაფილო, ბოლოკი, ჭარხალი და სხვა ძირნაყოფა ბოსტნეული უნდა ინახებოდეს გრილ, მაგრამ არა ცივ პირობებში: სარდაფში ან გრილ სათავსოში. სტაფილო და ჭარხალი კარგად ინახება ყუთში, თუ ბოსტნეული ფენებად არის ჩაწყობილი და ფენებს შორის, ხახვის ფურცლები ან მდინარის ქვიშა არის მოთავსებული.


ხახვი და ნიორი


მაცივარში არ შეიძლება ისეთი პროდუქტის შენახვა, განსაკუთრებული, ძლიერი არომატი რომ აქვს. მათ შორის, არც ხახვის და ნივრის. რადგან სუნი მთელს მაცივარში დგება და არა აქვს მნიშვნელობა, როგორი შეფუთვით იქნება აღნიშნული პროდუქტი, ღია თუ დახურული. გარდა ამისა, ნიორი დაბალ ტემპერატურაზე მალე შრება.

ხახვი და ნიორი ბნელ გრილ სათავსოებში უნდა ინახებოდეს ან დაწნული სახით ეკიდოს კედელზე. ნივრის შენახვა ქსოვილის ტომარაშიც შეიძლება, ხახვის ფურცლებთან ერთად.


მწვანილი


მაცივარში არც მწვანილის შენახვას აქვს აზრი. დაბალ ტემპერატურაზე, ნამის გარეშე, შენახული კამა, ოხრახუში, ქინძი, სალათის ფოთლები და სხვა მწვანილი, ძალიან სწრაფად კარგავს ტენს – მცენარე ჭკნება და ამავდროულად კარგავს საგემოვნო თვისებებს და ვიტამინებს. ხოლო, ნამიანი მწვანილი ლპობას იწყებს.

თუ მწვანილი დიდი ხნით გინდათ შეინახოთ, კონა ჩადეთ ჭიქაში, ხოლო ჭიქა ბნელ ადგილზე დადგით.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე დღით კი არა, უფრო ხანგრძლივი დროით გინდათ მისი შენახვა, გაახმეთ და ისე შეინახეთ.


შოკოლადი


შოკოლადის მაცივარში შენახვის შემთხვევაში, მისი ზედაპირი კონდენსირებული წყლის წვეთებით იფარება, რომელსაც შოკოლადის მასიდან შაქარი გამოაქვს. ხოლო მას შემდეგ, რაც ტენი გაშრება, შოკოლადი ზემოდან შაქრის თხელი ფენით იფარება. ასეთი შოკოლადი არც მიმზიდველად გამოიყურება და საგემოვნო თვისებაც დაქვეითებული აქვს. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ შოკოლადს მაცივარში შენახვის წინ სამზარეულოს აპკში შეახვევთ ან პოლიეთილენის პარკში მოათავსებთ, მის ზედაპირზე, შაქრის ნაცვლად, შეიძლება, ობის ფენა გაჩნდეს.


ზეთი


ნებისმიერი სახეობის ზეთი ყოველთვის სიბნელეში უნდა ინახებოდეს, პირდაპირი მზის სხივები რომ არ მოხვდეს. არარაფინირებული ზეთი მაცივარში შენახვის შემთხვევაში, თეთრ ნალექს იკეთებს. ასეთი ზეთის გამოყენება, არც თუ ისე სასიამოვნოა და ამიტომ, მას უბრალოდ აგდებენ.


თაფლი


ის კი არა, რომ თაფლის მაცივარში შენახვა არ შეიძლება. უბრალოდ, ამის გაკეთებას აზრი არა აქვს. თაფლი ნატურალური პროდუქტია, რომელიც ოთახის ტემპერატურაზე არ ფუჭდება (+40 გრადუსზე და ზევით, ის სასარგებლო თვისებებს კარგავს). ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მას მაცივარში მაინც შეინახავთ, თაფლის შემადგენლობაში არსებული ფრუქტოზას კრისტალიზება მოხდება. ჩაშაქრული თაფლი ისევე სასარგებლოა, როგორც თხევადი, მაგრამ რამდენად სასიამოვნო იქნება მისი გამოყენება?

შენიშვნა: თუ თაფლის ფრუქტოზა დაკრისტალდა (ეს შეიძლება +14 გრადუსზეც მოხდეს, თაფლის სახეობას გააჩნია), ხელოვნურად მისი გადნობა არ შეიძლება.


სახლში დამზადებული ბოსტნეულის კონსერვები


აზრი არა აქვს, მაცივარში ბოსტნეულის კობსერვების შენახვას, რადგამ სახლის პირობებში კონსერვირების დროს, ჩეულებრივ, ძმარი, მარილი და სუნელები გამოიყენება, რომლებიც პროდუქტს გაფუჭების საშუალებას არ აძლევს. რაც შეეხება გახსნილი კონსერვის ქილას, გათავებამდე ის, გრილ ადგილზე უნდა ინახებოდეს. მაგ., ბინის აივანზე ან მაცივარში, საყინულიდან ყველაზე მეტად დაშორებულ თაროზე.


მაღალგრადუსიანი ალკოჰოლური სასმელები


ხალხი ხშირად ინტერესდება, თუ რომელი “მაგარი" ალკოჰოლური სასმელის შენახვა შეიძლება მაცივარში? პასუხი – კონიაკია.

სინამდვილეში, მისი შენახვა მაცივარშიც შეიძლება და ჩვეულებრივ ბარშიც. მთავარია, რომ სუფრაზე მიტანისას, ოთახის ტემპერატურის იყოს – მხოლოდ თბილი კონიაკით შეიძლება მის მთელი ბუკეტის (ზოგიერთი პროდუქტის სხვადასხვა ხარისხისათვის დამახასიათებელი გემოსა და სურნელების ერთობლიობა) შეგრძნება.


რა არ უნდა შევინახოთ საუყინულეში?


საშინელი გემო აქვს საყინულეში შენახულ კვერცხს. ხოლო, თუ ნაჭუჭი დაიბზარა და კვერცხში ავადმყოფობის გამომწვევმა მიკროფლორამ შეაღწია, ის სრულიად გამოუსადეგრ ხდება.

საყინულეში არც დიდი რაოდენობით წვენის შემცველი ხილის (საზამთრო, ნესვი, პაპაია და ა. შ.) შენახვა შეიძლება. გალხობის შემდეგ, ეს ხილი უფორმო მასად გადაიქცევა, დაკარგავს საგემოვნო თვისებებს და არომატს.

რძე და რძის პროდუქტები, გაყინვის შემთხვევაში, საგემოვნო და სასარგებლო თვისებებს კარგავს.

imageდა ბოლოს, პროდუქტის დიდი მარაგის გაკეტება, ნამდვილად არა ღირს. ეს არც თქვენს ბიუჯეტს წაადგება და არც ჯანმრთელობას, რადგან მაცივრიდან გამოღებული საკვები, შეიძლება, არც თუ ისე ხარისხიანი იყოს.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image

საჭმლის “სიცოცხლის" ხანგრძლივობა მაცივარში

10 ეშმაკობა, რომელიც ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს
12 კულინარიული ხრიკი, პროფესიონალი მზარეულისგან

6 პროდუქტი, რომლის მეორედ გაცხელება არ შეიძლება

კვერცხის შენახვის წესები მაცივარში

2
157
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
157
  
,,მთავარია, რომ სუფრაზე მიტანისას, ოთახის ტემპერატურის იყოს – მხოლოდ თბილი კონიაკით შეიძლება" - ტექსტში ოთახის ტემპერატურა წერია. ღვინო და ლუდი კი – ,,მაგარი" სასმელების კატეგორიაში არ გადის.
31 მაისი, 12:24
კონიაკი თბილი კი არა,ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს არომატის შესაგრძნობად.არაყი კი ცივია კარგი,ლუდიც და ღვინოც.
0 1 2