x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ერთად დავწეროთ თუ დეფისით? - კომპოზიტთა მართლწერა
image


დღეს საკმაოდ პრობლემატურია კომპოზიტური სიტყვების მართლწერის საკითხი და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში არც თუ ისე იშვიათად ვხვდებით ამ ტიპის შეცდომებს. ბევრ ჩვენგანს გვიკითხავს ჩვენი თავისთვის - ერთად დავწერო თუ დეფისით? ეს სწორედ კომპოზიტურ სიტყვებს შეეხება. სინამდვილეში კომპოზიტთა მართლწერა სულაც არ არის ისეთი რთული, როგორც გვგონია. პირველ რიგში, აუცილებელია ვიცოდეთ თუ რა არის საერთოდ კომპოზიტი და რა უნდა გავითვალისწინოთ იმისთვის რომ შეცდომა არ დავუშვათ.

კომპოზიტებს ისეთ სიტყვებს უწოდებენ, რომლებიც რამდენიმე დამოუკიდებელი სიტყვის შეერთებით არის წარმოქმნილი.

პირველ რიგში, კომპოზიტთა დაწერილობის წესის დასადგენად სწორედ მათ შედგენილობაზე კეთდება აქცენტი. კომპოზიტთა დაწერილობა კი დიდ ნაირგვარობას ნამდვილად არ გულისხმობს. ორი არჩევანია - ერთად დავწეროთ თუ დეფისით. აღნიშნული მიზნით კომპოზიტთა კლასიფიკაციის დროს უნდა გავმიჯნოთ ორი ჯგუფი - ფუძეგაორკეცებული და ნაირფუძიანი კომპოზიტები.


ფუძის გაორკეცება ახალ სიტყვათა შექმნის საკმაოდ გავრცელებული ხერხია. ამ დროს ერთი სიტყვა თავის თავს გაიმეორებს და ამგვარი გაორმაგებით ახალ სიტყვას შექმნის. მაგ: ტოლი - ტოლ-ტოლი. გაორკეცებული შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი ჯგუფის სიტყვა. ამავე დროს გაორკეცებული ფუძეები შეიძლება „და“ კავშირით შეერთდეს - პირდაპირ, გულდაგულ და ა.შ. შესაძლებელია გაორკეცებისაას საწყისი სიტყვის რომელიმე ბგერა შეიცვალოს და რთული სიტყვა, ერთი შეხედვით, განსხვავებულ ფუძეთა შეერთებად მოგვეჩვენოს. მაგალითად: ახალუხი, ერთურთი, ბალახბულახი და ა.შ. განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენს ისეთი გაორკეცების მაგალითები, რომელშიც დამოუკიდებელ, საწყის ფუძეს საერთოდ ვერ გამოვყოფთ: ბაჯბაჯი, ბუტბუტი, კაშკაში.

ჩნდება შეკითხვა, როდის, როგორ დავწეროთ ჩამოთვლილი და მათი მსგავსი ფუძეგაორკეცებული სიტყვები? ამისათვის ორი პირობის გათვალისწინებაა აუცილებელი:

1. არის თუ არა ამგვარი სიტყვის თითოეული კომპონენტი რეალური სიტყვა და გამოიყენება თუ არა დამოუკიდებლად და თუ არის 2. აქვს თუ არა ფუძეგაორკეცებულ სიტყვას არსებითად იგივე მნიშვნელობა, რაც მის შემადგენელ ფუძეს. მაგალითისთვის რომ განვიხილოთ სიტყვა „ წამწამი“. ვიცით რომ ეს სიტყვა კომპოზიტია და ერთი სიტყვის ფუძის გაორკეცებითაა მიღებული. მისი მნიშვნელობაც ყველასთვის ცნობილია და ის ადამიანის ორგანოს, თვალის, შემადგენელი ნაწილია. ამ კომპოზიტში უკვე ნათქვამი წესის თანახმად უნდა გამოვყოთ საწყისი ფუძე, ანუ ის ნაწილი კომპოზიტისა, რომლის გაორკეცებითაც მივიღეთ ახალი სიტყვა. ასეთი საწყისი ფუძე არის სიტყვა „წამი“. რომელიც დამოუკიდებლად გამოიყოფა და გამოიყენება, მაგრამ სიტყვების, „წამწამის“ და „წამის“, მნიშვნელობა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ საწყისი ფუძისა და ფუძეგაორკეცებული სიტყვის მნიშვნელობები ერთმანეთს არ ემთხვევა, სიტყვა შერწმულად დაიწერება. შესაბამისად, სწორი ფორმაა „წამწამი“ და არა „წამ-წამი“. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია მეორე დასკვნის გაკეთებაც - ფუძეგაორკეცებული სიტყვა დეფისით დაიწერება თუ ზემოთნათქვამ ორივე პირობას დადებითი პასუხი აქვს. ამიტომაც სწორი ფორმებია: ბევრ-ბევრი, ნაპირ-ნაპირ, ას-ასი და ა.შ.

ასეთი ფუძეები შერწყმულად დაიწერება მაშინაც, როდესაც კომპოზიტის პირველი კომპონენტი სახელობითი ბრუნვითაა წარმოდგენილი. მაგალითად: ნელინელ. ყველა დანარჩენ შემთხვევაში სიტყვა შერწყმულად დაიწერება: თავთავი, ბაჯბაჯი. ასევე, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ შერწყმულად დაიწერება „და“ კავშირით შერწყმული ფუძეებიც: თანდათან, გულდაგულ და ა.შ. “და“ კავშირით დაკავშირებულ სიტყვებთან დაკავშირებით არ უნდა დავივიწყოთ გამონაკლისები. სწორია: ბოლოს და ბოლოს, უფრო და უფრო, ისევ და ისევ.

ნაირფუძიან კომპოზიტებში თავს იყრის ისეთი კომპოზიტებიც, რომლებიც სხვადასხვა სიტყვათა შეერთებით არის წარმოდგენილი. ეს შედგენილი სიტყვები შეიძლება კომპოზიტში სხვადასხვა ფორმით იყოს შეერთებული:

  • შეიძლება თითოეული კომპონენტი ფუძის სახით იყოს წარმოდგენილი : ძალ-ღონე, ქალ-ვაჟი..
  • შეიძლება ერთი კომპონენტი ფუძის სახის იყოს, მეორე რაიმე სხვა ფორმით: ძმისწული, ქვითკირი.
  • შეიძლება თითოეული კომპონენტი საკუთარი ფორმით იყოს შესული კომპოზიტში: ამიერკავკასია, წუთიწუთს.
  • უნდა ითქვას, რომ წარმოდგენილი ნაირგვარი კომპოზიტთა დაწერილობა იმდენად მათ ფორმობრივ მხარეზე არ არის დამოკიდებული, რამდენადაც შემადგენელ კომპონენტთა და მთლიანად კომპოზიტის შინაარსზე, მათ შინაარსობრივ ურთიერთმიმართებაზე. კერძოდ, განარჩევენ ერთცნებიან და ორცნებიან კომპოზიტებს.

    ერთცნებიანია კომპოზიტი, თუ მისი მნიშვნელობა არ უდრის შემადგენელ კომპონენტთა მნიშვნელობების მექანიკურ ჯამს, ანუ თუ კომპოზიტი ერთ დამოუკიდებელ შინაარსს გამოხატავს. მაგალითად, სიტყვა „ცისკარი“ არ გამოხატავს „კარს ცაზე“, არამედ გულისხმობს „განთიადს“. შესაბამისად, მაგალითად მოყვანილი სიტყვა ერთცნებიანია.

    ორცნებიანი კომპოზიტი თავისთავში გულისხმობს კომპონენტის მნიშვნელობას ანუ ის არის ერთგვარი ჯამი შემადგენელ ფუძეთა. მაგალითად, სიტყვა „მშვილდ-ისარი“ იგივეა, რაც მშვილდი და ისარი. შესაბამისად, მაგალითად მოყვანილი სიტყვა ორცნებიანია.

    კომპოზიტი ერთცნებიანია თუ ორცნებიანი, განაპირობებს იმას თუ, როგორ უნდა დაიწეროს ის. ამის მიხედვით, თუ კომპოზიტი ერთცნებიანია ის შერწყმულად დაიწერება, თუ ორცნებიანი - დეფისით. აქ შეიძლება გაჩნდეს კიდევ ერთი შეკითხვა - როგორ დავადგინოთ კომპოზითი ერთცნებიანია თუ ორცნებიანი? იმისათვის რომ ეს გავარკვიოთ, აუცილებელია კომპოზიტის შესაბამის კომპონენტთა შორის ჩავსვათ „და“ კავშირი და თუ წევრთა ამგვარად შეერთება არ ცვლის იმ შინაარსს, რასაც კომპოზიტი გამოხატავდა მაშინ კომპოზიტი ორცნებიანი ყოფილა. ხოლო თუ ამგვარი შეერთება კომპოზიტის შინაარსის დაურღვევლად შეუძლებელია, მაშინ ის ერთცნებიანი ყოფილა. მაგალითად, სიტყვის „მშვილდ-ისარი“ შემადგენელ კომპონენტებს შორის ჩავსვათ „და“ კავშირი, მივიღებთ „მშვილი და ისარი“, რაც არ ცვლის თავდაპირველ სიტყვის მნიშვნელობას. აქედან გამომდინარე, „მშვილდ-ისარი“ ორცნებიანი ყოფილა. თუ ასე ვერ მოხერდება „და“ კავშირის ჩასმა და სიტყვას თავდაპირველი მნიშვნელობა დაეკარგება, მაშინ ის ერთცნებიანი ყოფილა.

    ასევე უნდა ითქვას, რომ დეფისით დაიწერება ისეთი ორმაგი სახელწოდებები როგორიცაა სახლ-მუზეუმი, წევრ-კორესპონდენტი და ა.შ.




    ეკატერინე გურგენიძე

    თსუ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, II კურსი




    0
    1089
    2-ს მოსწონს
    ავტორი:ეკატერინე გურგენიძე
    ეკატერინე გურგენიძე
    1089
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0