x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508246
წმინდა ნინოს შემოსვლა ქართლში
ერთ სახელგანთქმულ კაპადოკიელ სარდალს, ზაბულონს, ჰყავდა ასული ნინო. როცა გოგონა 12 წლის გახდა, ზაბულონმა და მისმა ცოლმა სოსანამ მთელი ქონება ღარიბებს დაურიგეს, ნინო აღსაზრდელად თავიანთ ნათესავს - იერუსალიმის პატრიარქს მიაბარეს, ხოლო თავად სულიერი ცხოვრების გზას დაადგნენ. პატრიარქმა ნინო ქრისტეს წრფელი სიყვარულით აღზარდა და როცა იგი წამოიზარდა, უცხო ქვეყნების მოვლა და ადამიანთა გულებში ქრისტეს რწმენის გაღვივება დაავალა.

ნინომ იქვე, იერუსალიმშივე შეიტყო, რომ ქრისტეს კვართი ჩრდილოეთის შორეულ ქვეყანაში, ქალაქ მცხეთაში ინახებოდა - წარმართთა შორის. ნინო მიხვდა, რომ ქადაგება სწორედ იმ ხალხიდან უნდა დაეწყო, რომელიც ქრისტეს კვართს ამდენი ხნის მანძილზე საიდუმლოდ ინახავდა.

ნინო ქართლის გზას დაადგა. ძნელი იყო ეს გზა, რადგან ურწმუნო ხალხი კეთილად როდი ხვდებოდა ქრისტეს მოციქულს, მაგრამ ნინო, ჯვრით ხელში, მაინც მიდიოდა მცხეთისაკენ. წინ მას თვით იესო მიუძღვებოდა. ნინომ ჩააღწია მცხეთაში, შეხვდა ელიოზის შთამომავლებს და მათგან შეიტყო, თუ სად იყო დამარხული ქრისტეს წმინდა სამოსი. წმინდა ნინოს მცხეთაში, ვაზის ჯვარი, თავისი თმებით შეუკრავს.

wminda nino ნინო ქალაქის ზღუდესთან ახლოს დასახლდა, გამუდმებით ლოცულობდა და ევედრებოდა ღმერთს, რათა გაეხსნა წარმართი ქართველების გულები ჭეშმარიტი რწმენისათვის. სათნო ცხოვრებით სულ მალე გაითქვა სახელი და მიმდევრებიც გაიჩინა. ყველას აოცებდა ამ მარტოხელა ქალის უსაზღვრო სიკეთე, მის გვერდით გასაოცარ სიმშვიდეს გრძნობდნენ, გულები ერთმანეთის სიყვარულით ევსებოდათ. მასთან მისულებს ნინო ისე ექცეოდა, როგორც იესო ადამიანებს: სასოწარკვეთილებს იმედს უბრუნებდა, სნეულებს კურნავდა, მომაკვდავებს აღადგენდა. ყველა ხედავდა, რომ ნინო ასეთ სასწაულებს მათთვის სრულიად უცხო ღმერთის დახმარებით ახდენდა. ეს ღმერთი მართლაც მოწყალე იყო და ბევრმა იწამა ნინოს ღმერთი.


ერთხელ ქართლის დედოფალი ნანა მძიმედ დასნეულდა. მთელი ქვეყნის სახელგანთქმული მკურნალები თავს დასტრიალებდნენ დედოფალს, მაგრამ ამაო იყო მათი ყოველი ცდა. მაშინ მცხეთელებმა დედოფალს ნინო მიუყვანეს. ნინოს ძლიერ შეებრალა სნეული დედოფალი და მხურვალედ ილოცა მისთვის. ღმერთმა შეისმინა ნინოს ვედრება და დედოფალი განკურნა. განა შეეძლო ამის მერე დედოფალ ნანას, არ ერწმუნა ნინოს ღმერთი?

დედოფლის გადარჩენამ მეფე მირიანს დიდი სიხარული მოჰგვარა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ დაიჯერა ნინოს ღმერთის ძალა. ცოტა ხნის შემდეგ მეფე მახლობელ მთებში სანადიროდ წავიდა. უეცრად მზე დაბნელდა და ირგვლივ საშინელი წყვდიადი ჩამოწვა. მირიანი შეშინდა და თავის წარმართულ ღმერთებს შესთხოვა, დაებრუნებინათ მისთვის სინათლე. ღმერთებმა ყურად არ იღეს მეფის თხოვნა. მაშინ მირიანი ნინოს ღმერთს შეევედრა შველას და, მართლაც, ქვეყანა მაშინვე განათდა. ასე დარწმუნდა მირიან მეფე ნინოს ღმერთის ძლიერებაში და სამუდამოდ იწამა იგი.

ნინო სიცოცხლის ბოლომდე საქართველოში დარჩა და უამრავი ადამიანი მოაქცია ქრისტეს რჯულზე. იგი გარდაიცვალა კახეთში, სოფელ ბოდბეში, სადაც დაკრძალეს კიდეც. იქვე მირიან მეფემ ააშენა ეკლესია, რომელიც დღემდე წმინდა ნინოს სახელს ატარებს. სწორედ მას შემდეგ გავრცელდა საქართველოში სახელი ნინო.

0
2288
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ლიპარტია
მარიამ ლიპარტია
2288
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0