x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
15 ახალი სერიალი,რომელთაც რამდენიმე საათში შეგიძლიათ უყუროთ
ჩვენი ცხოვრების ჩქარი რიტმიდან გამომდინარე, ბევრს ნამდვილად არ ყოფნის არც დრო და არც ნერვები მრავალსერიანი ფილმების და მათი სეზონების სანახავად.

ამ სერიალების საყურენლად კი რამდენიმე დღე და ზოგ შემთხვევაში რამდენიმე საათიც კი დაგჭირდებათ.


პატარა ქალები-Little Women, 2017

imageსერიების რაოდენობა:3


ეს სერიალი 4 დის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ამერიკაში სამოქალაქო ომი მძვინვარებს, მათი მამა ომშია წასული და ოჯახის გაძღოლა დედას უხდება. იმისთვის, რომ შიმშილს ებრძოლონ, გოგონები მძიმე შრომას ეწევიან და დედას ეხმარებიან ოჯახის გამოკვებაში. გოგონებს განსხვავებული ხასიათი აქვთ, მეგი-ქალური და რომანტიულია, ჯო-ნამდვილი ყაჩაღანა, რომელსაც ხეებზე ცოცვა უყვარს, ბეტი-მორცხვი და მორიდებული გოგონა, ემა კი ეშმაკუნა.

გოგონები ცხოვრებისეულ გაკვეთილებს იღებენ, განიცდიან სიყვარულს და დანაკარგის სიმძიმეს.

ერთერთ მთავარ როლს უმა თურმანის ქალიშვილი მაია ჰოუკი ასრულებს.


საოცარი მისის მეიზელი-The Marvelous Mrs. Maisel, 2017

imageსერიების რაოდენობა:8

მირიამმა და ჯოელმა ერთმანეთი კოლეჯში გაიცნეს, შემდეგ დაქორწინდნენ და ბავშვებიც ეყოლათ.მირიამი ცდილობდა ყველაფრით ესიამოვნებინა მეუღლისთვის, მხარს უჭერდა მას მაშინაც კი, როცა ის სხვა კომიკოსებს პარავდა ნომრებს, კომიკოსთა კლუბში გამოსვლისას. ჯოელისთის კი ეს არაფერს ნიშნავდა, ის სხვა ქალთან წავიდა. დარდით გულმოკლული მირიამი კარგად გამოთვრა, კლუბში მივიდა და ისეთი სტენდაფი მოაწყო, რომ მაყურებლები აღაფრთოვანა. მირიამი გადაწყვეტს კიდევ სცადოს პუბლიკის წინაშე გამოსვლა, მაგრამ საკითხავია, როგორ შეუთავსებს სცენას, ბავშვებს და სამსახურს?

კომედიური სერიალი, რომელიც ერთი ამოსუნთქვით შეგიძლიათ ნახოთ.


წყვდიადი-Dark, 2017

imageსერიების რაოდენობა:10

პატარა გერმანულ ქალაქში 4 ოჯახი ცხოვრობს, რომელთა ცხოვრებაც ნელა და აუმღვრევლად მიედინება. იდილიას ორი მოზარდის გაუჩინარება არღვევს, რომელთა დაკარგვასაც მაშინვე ვერ ამჩნევენ. პოლიცია ვერ ხსნის ტრაგედიის მიზეზებს, ამიტომ დაკარგულთა მოსაძებნად ყველა მიდის, ვინც კი მოზარდებს იცნობდა. ყველა მათგანი იგებს, რომ პატარა და შეუმჩნეველ დეტალსაც კი შეუძლია ფარდა ახადოს საშინელ საიდუმლოს. რა შეიტყვეს მოზარდებმა, სანამ უკვალოდ გაქრებოდნენ?

სერიალი მათთვისაა, ვისაც თავსატეხები უყვარს.


კირი-Kiri, 2018

imageსერიების რაოდენობა:4

ეს სერიალი პატარა გოგონაზეა, რომელიც სოციალური სამსახურის აგენტის-მირიამის მეურვეობის ქვეშაა. ერთი ოჯახი მზადაა გოგონა იშვილოს, ამიტომ მირიამი გადაწყვეტს, რომ სანამ ეს მოხდება, გოგონა თავის ბიოლოგიურ ბებოს და პაპას შეახვედროს. ამ ვიზიტის შემდეგ კი გოგონა გაქრება.საზოგადოება მომხდარში მირიამს ადანაშაულებს. ქალი ცდილობს გოგონა იპოვოს, მაგრამ გამოუვა კი ეს მას?

სერიალი ბოლო წუთამდე დაძაბულ მდგომარეობაში გამყოფებთ.


ვაშლის ხის ეზო-Apple Tree Yard, 2017

imageსერიების რაოდენობა:4

ივონ კარმაიკლი გათხოვილია, ორ ბავშვს ზრდის, მუშაობს და ცხოვრების მშვიდ რიტმს მიჰყვება. ერთ დღეს კი მარკ კოსტლს გაიცნობს. ეს ნაცნობობა მალე მის ოჯახურ იდილიას და კარიერას საფრთხის ქვეშ აყენებს.რას აირჩევს ქალი-პირად ბედნიერებას თუ ჩვეულ ცხოვრებას?

დრამატული სერიალი, რომელიც ყველა ქალს მოეწონება.


ჩოქელა-La Mante, 2017

imageსერიების რაოდენობა:6

მოქმედება პარიზში ხდება.ჟანა დებერი სერიული მკვლელი და ცივსისხლიანი ქალია, რომელიც 25 წელი შიშის ზარს სცემდა ყველას. მას აპატიმრებენ და სამუდამო პატიმრობას უსჯიან. რამდენიმე წლის შემდეგ კი ახალი მკვლელობების სერია იწყება, რომელსაც ჟანას მიმბაძველი სჩადის. პოლიცია გარიგებას დებს ჟანასთან, ის თანამშრომლობაზე თანხმდება იმ პირობით, რომ თავის შვილ-პოლიციელთან ერთად იმუშავებს წყვილში. ახალგაზრდა მამაკაცს კი ამის არავითარი სურვილი არ აქვს, მაგრამ არც სხვა არჩევანი გააჩნია.

ფსიქოლოგიური თრილერი, რომელსაც ერთი ამოსუნთქვით ნახავთ.


უდანაშაულოს გამოცდა-Ordeal by Innocence, 2018

imageსერიების რაოდენობა:3

ლეო არგალმა და მისმა ცოლმე რეიჩელმა ომამდე 5 ბავშვი იშვილეს. მათი ოჯახური იდილია ირღვევა, როცა ერთ დრეს რეიჩელს საკუთარ სასტუმრო ოთახში პოულობენ, სისხლის გუბეში მწოლიარეს. ეჭვი მის ვაჟზე ჯეკზე მიაქვთ და აპატიმრებენ, ის კი ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა.

აგათა კრისტის ცნობილი რომანის ახალი ეკრანიზაცია, რომელიც დეტექტივების მოყვარულებს მოეწონებათ.


ელექტრონული სიზმრები-Electric Dreams, 2017

imageსერიების რაოდენობა:10

სერიალი დაფუძნებულია საკულტო ფანტასტიკოსის ფილიპ კ. დიკის რამდენიმე ნაწარმოებზე. ყოველი სერია მწერლის თითო მოთხრობას ეძღვნება.

სერიალი სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულებს და არა მარტო მათ მოეწონებათ.



ორდინატორი-The Resident, 2018

imageსერიების რაოდენობა:14

ახალგაზრდა ინტერნი დევონ პრავეში ყველასგან გამოირჩევა ცხოვრებაზე თავისი იდეალისტური შეხედულებებით. ის თვლის, რომ ყველაფერი თავის ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეული და ამ ჩარჩოებიდან გადახვევამ შესაძლოა ნეგატიური შედეგები გამოიწვიოს. ცივი და ჩაკეტილი ორდინატორის-კონრად ჰოკინსის ზედამხედველობით მუშაობისას კი დევონი იგებს, რომ ყველაფერი არც ისე მარტივია, როგორც მას წარმოედგინა და ბევრი ნიუანსია, რომელზეც თვალის დახუჭვა არ შეიძლება.

შესანიშნავი დრამა, რომელშიც ექიმ-იდეალისტის და ექიმ-კარიერისტის დაპირისპირებაა ასახული.


ნიჭიერები-The Gifted, 2017

imageსერიების რაოდენობა:13

ადამიანები და მუტანტები ერთად ცხოვრობენ, მაგრამ აშშ-ის ხელისუფლება გადაწყვეტს მუტანტებს უფლებები შეუზღუდოს და სპეცსამსახურებს მათზე ნადირობის საშუალებასაც აძლევს. რიდ სტრაკერი პროკურორია და ამ ბრძოლაშია ჩართული, სანამ ის და მისი ცოლი თავის შვილებში ზეშესაძლებლობებს არ აღმოაჩენენ. ოჯახი იძულებულია მათ წინააღმდეგ განწყობილ ადამიანებს გაექცნენ და მუტანტებს სთხოვონ დახმარება.


ახალგაზრდა შელდონი-Young Sheldon, 2017

imageსერიების რაოდენობა:22

ეს სერიალი შელდონის, სერიალ “დიდი აფეთქების თეორიის" გმირის ბავშვობაზე მოგვითხრობს, რომლის გატაცებასაც მისი მშობლები არ იზიარებენ. დედა ძალიან რელიგიურია, მამა კი დროს ტელევიზორთან ატარებს, ლუდის ბოთლით ხელში. შელდონს არც თანატოლებთან გამოსდის ურთიერთობა, რადგან მას სამეცნიერო ექსპერიმენტები უფრო იტაცებს, ვიდრე სათამაშოები.

საინტერესოა, რომ მსახიობი, რომელიც პატარა შელდონის დედის როლს ასრულებს, იმ მსახიობის ქალიშვილია, რომელიც უკვე გაზრდილი შელდონის დედის როლს ასრულებდა.

შესანიშნავი სერიალი, რომელიც ცუდ ამინდშიც კი კარგ განწყობას შეგიქმნით.


პატარა ბიჭი ლურჯ მაისურში-Little Boy Blue, 2017

imageსერიების რაოდენობა:4

ეს ისტორია რეალურ ამბავზეა დაფუძნებული, რომელიც 2007 წლის აგვისტოში მოხდა. 11 წლის რის ჯონსი ფეხბურთის თამაშის შემდეგ, შინისკენ მიმავალი მოკლეს. ამ შემთხვევას ბევრი მოწმე ყავდა, მაგრამ ყველას ისე ეშინოდა მკვლელის, ადგილობრივი ხულიგნის, რომ ვერავინ გაბედა მისთვის ხელის დადება. გამომძიებელი დეივი კი მაინც არ კარგავს იმედს, რომ დამნაშავეს დაიჭერს.

კრიმინალური დრამა, რომელსაც თვალს ვერ მოსწყვეტთ.


მაკმაფია-McMafia, 2018

imageსერიების რაოდენობა:8

რუსი ემიგრანტების ვაჟი ალექს გუდმანი ცდილობს თავის კრიმინალურ-მაფიოზურ ოჯახს გაექცეს და მშვიდად იცხოვროს თავის შეყვარებულ რებეკასთან ერთად. მაგრამ წარსული თავს ახსენებს და ალექსი იძულებულია დანაშაულებრივ სამყაროში გადაეშვას იმათ გადასარჩენად, ვინც უყვარს.


ორეული-Counterpart, 2017

imageსერიების რაოდენობა:10

ხანდაზმული მოხელე ჰოვარდ სილკე უკვე 30 წელია საიდუმლო კომპანიაში მუშაობს და ამავე დროს არც კი იცის, რას საქმიანობს ეს კომპანია. ყველაფერი ერთ დღეს იცვლება, როცა ჰოვარდი დაცვის უფროსთან მიყავთ დაკითხვაზე და ამავე დროს საკუთარ ორეულს აცნობენ პარალელური სამყაროდან, რომელიც იმისთვის მოვიდა ამ სამყაროში, რომ მკვლელი იპოვოს თავისი სამყაროდან. ჰოვარდი ინტრიგების, მკვლელობის და ჯაშუშების სამყაროში ხვდება, ის ორეულის სამყაროშიც გადავა და საკუთარ თავში ისეთ რაღაცეებს აღმოაჩენს, რაზეც ადრე არც კი ეჭვობდა.


911 - 9-1-1, 2018

imageსერიების რაოდენობა:10

ეს სერიალი ჩვეულებრივ ადამიანებზეა, რომელთაც რთული პროფესია აირჩიეს. პოლიციელები, მეხანძრეები, ექიმები -ერთმანეთის გვერდიგვერდ მუშაობენ რთულ პირობებში. ხშირად რისკავენ სიცოცხლით და რთულ სიტუაციებში საკუთარ მოვალეობებს ასრულებენ.


0
500
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
500
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0