x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
მხოლოდ ქართულის" კონკურსანტი, რომელიც მაყურებელმა გამოჩენისთანავე შეიყვარა
კონსტანტინე კარანაძე მეგაპროექტ "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტია, რომელიც მაყურებელმა შოუში პირველივე გამოჩენისთანავე შეიყვარა. სცენაზე მისი ყოველი გამოსვლის შემდეგ, გულგრილი ვერავინ რჩება. კონკურსში ბებიის თხოვნით მოვიდა. გამარჯვების იმედი არ აქვს, თუმცა მიიჩნევს, რომ მის ცხოვრებაში ახლა ინტენსიური სწავლის პერიოდია, რითაც დიდ სიამოვნებას იღებს.



image


"ეს პროექტი ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაწილი აღმოჩნდა. კონკურსში პირველად ვცადე ბედი, აქამდე მსგავს რაღაცაში მონაწილეობა არ მიმიღია, რადგანაც შეჯიბრი, კონკურენცია და მსგავსი რაღაცები არ მიზიდავს - ამ თვალსაზრისით უამბიციო ვარ. არც მომღერლობაზე მაქვს პრეტენზია, ამიტომ არსად ვიღებდი მონაწილეობას. უბრალოდ, მინდა, რომ მუსიკოსი ვიყო და ეს არის, თუმცა მეგობრები სულ მეუბნებოდნენ, მირჩევდნენ, რომელიმე კონკურსზე გამოვსულიყავი. ახლა მონაწილეობა ბებიამ დამაძალა - თუ არ წავხალ, სახლში არ შემოგიშვებო, რომ არ გავსულიყავი, ამის გამკეთებელი იყო. უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა. როდესაც ჟიურისგან დადებითი შეფასება მივიღე და ათეულში მოვხვდი, შოკში ვიყავი. მიკვირდა და მიხაროდა ერთდროულად.


საერთოდ, არასდროს მყოლია მუსიკოსი მეგობარი, მომღერალი, ბავშვობიდან ისე ვიზრდებოდი, თვითონ, ჩემთვის მარტო ვაჩხაკუნებდი გიტარას. აქ კი ამდენი დადებითი და ნიჭიერი მუსიკოსი, ადამიანი გავიცანი. ათეულში ვინც მოვხდით, ამ ადამიანებითაც კმაყოფილი ვარ და მათთან ურთიერთობით ბედნიერი. ამ პროექტს ბევრი რაღაცის მოტანა შეუძლია და უკვე მოიტანა კიდეც.



ინტერნეტში შენი რამდენიმე ძველი ვიდეო ვნახე იმ პერიოდის, როცა, როგორც აღნიშნე, შენთვის "რაღაცას აჩხაკუნებდი". როგორც ჩანს, ამ საქმით დიდი ხანია გატაცებული ხარ...


– ეგ ვიდეოები ძალიან ძველია და არ უნდა ნახოთ. თან, ჩემი ატვირთული არ არის. ჩემი ძმა იღებდა და ტვირთავდა, ვერც ვშლი. მათი ნახვა ახლა ძალიან სირცხვილია. თან, საკმაოდ პატარა ვარ მანდ და იმ პერიოდის არის, როცა გიტარაზე რაღაც სიმღერებს ვაწყობდი.


- რას იზამ, ისიც შენი "წინა ცხოვრების" ერთ-ერთი ეტაპია... რას გვეტყვი შენზე?


– უნივერსიტეტში მესამე კურსზე ვარ, მაგრამ ახლა აკადემიური ავიღე. მეცნიერებათა ხელოვნების ფაკულტეტზე ვსწავლობ. ორი დიდი ფაკულტეტია გაერთიანებული და მე მუსიკის მიმართულებით ვარ. აკადემიური იმისთვის დამჭირდა, რომ ერთ-ერთ კონკურსში გავიმარჯვე და პოლონეთში საქართველოს რეპრეზენტატორად წავედი. წარმომადგენელი ვიყავი და პოლონელ ბავშვებს ინგლისურს და სხვადასხვა აქტოვობებსაც ვასწავლიდი. 4 თვე ვიყავი იქ. რომ ჩამოვედი, სწავლა აღარ გამიგრძელებია, რადგანაც სწავლის საფასურის გადახდის პროცესი ცოტა ჭირს. მოკლედ, რომ ჩამოვედი, მაშინვე კონკურსში მივიღე მონაწილეობა.


image


ადრე ქუჩის მუსიკოსი იყავი და ალბათ, ვიღაცები იქედან გიცნობენ, ახლა ტელევიზიით, გრანდიოზულ შოუში გამოჩნდი, კონკურსანტი ხარ, მასშტაბები გაიზარდა. ამდენმა ადამიანმა გაგიცნო. რას გრძნობ?


– მინდა, გითხრათ, რომ თავს ისევ ქუჩის მუსიკოსად ვგრძნობ. რაც შეეხება ემოციას, ხალხი მხვდება და კომპლიმენტებს მეუბნება. იმ დღეს ფეხი ვიტკინე და ყავარჯნით დავდივარ და ქუჩაში მაჩერებენ და მეკითხებიან - რა მჭირს... კონცერტის მეორე დღეს, მე და ჩემი ძმაკაცები მანქანით წავედით, ბევრნი ვიყავით. მეგობარმა შემთხვევით მანქანა ქუსლზე შემაყენა. არა უშავს, გამივლის, სულ ასე ხომ არ ვიქნები. მთავარი ხალხის ასეთი ყურადღება და სიყვარულია, რომელსაც ჩემ მიმართ იჩენენ. მართლა ძალიან მიხარია ეს რეაქციები. ბევრს მოვწონვარ, ბევრსაც არა, მაგრამ ვფიქრობ, რომ გაცილებით მეტს მოვწონვარ, ვიღაცებს თუ არ მოვწონვარ, ესეც ვიცი, რატომ და მესმის.


რატომ არ მოსწონხარ?


– ალბათ პროექტის შინაარსი, მე სხვანარად გავიგე და მათ _ სხვანაირად. "მხოლოდ ქართული" რომ ჰქვია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სტატიკურად უნდა იდგე და მღეროდე, სიმღერაში შეიძლება ხასიათიც მოიტანო და კიდევ, "მხოლოდ ქართული" სუფრულ სიმღერებს, მხოლოდ ქალაქურს არ ნიშნავს. ქართული რეპიც არის, როკიც არის... ბევრი დადებითად მაფასებს, შეცდომები, რასაც ვუშვებ, გამოწვეულია ტექნიკური მიზეზებით, რაღაცები ჩემი ბრალიც არის და ამ ყველაფერს გამოვასწორებ.


ბებიაზე ხშირად საუბრობ, თუმცა დედაზეც ერთ-ერთ ინტერვიუშიც ისაუბრე. თქვი, რომ ემიგრანტია. მოგვიყევი მასზე.


– ემიგრაციაში წავიდა ეკონომიკური კრიზისის გამო, რადგანაც ოჯახში ასეთი ეტაპიც დადგა. არ მეგონა, თუ დედა უცხეთში სამუშაოდ წავიდოდა, მაგრამ წავიდა 6 თვით ადრე პროექტის დაწყებამდე. სულ მეუბნებოდა, ეგ რომ მცოდნოდა, არ წავიდოდიო, მაგრამ სხვა გზა არ იყო. ახლა იქიდან მგულშემატკივრობს. სულ ჩემთან არის. ჩემი მთავარი გულშემატკივრები ბებია და დედა არიან. თუ რამე ვიცი, სიმღერაში, ან საერთოდ რამეში, მისი დამსახურებაა. გენეტიკურად დედისგან ბევრი რამ მომყვება.


ბევრი პროფესია გაქვს, მუშაობდი მიმტანად, ფოტოგრაფად, მასწავლებლად, გიდად, პოლირების სპეციალისტად. რატომ?


– იმიტომ, რომ მატერიალური შემოსავალი მქონოდა, დამოუკიდებელი ვყოფილიყავი. 7-10 ლარი რომ დამჭირვებოდა, ბებიაჩემისთვის, დედისთვის არ მეთხოვა, ვერ გამოვართმევდი. ჯერ ერთი, არ ჰქონდათ და მეორე ფულის თხოვნა არ "მევასება". შანსი არ არის, ჯობია, ფეხით წავიდე და ასეც ყოფილა. ამ პროფესიებში არ ვარ დიდად დახელოვნებული, მაგრამ მთავარი ის არის, რომ გამოვცადე ისინი, ამასთან, ხალხთან ურთიერთობა მომწონს.


და ბოლო დროს ქართულ სიმღერას იხდენ...


– ქართული სიმღერა იყო და არის კიდეც ჩემთვის ძალიან დიდი საგანძური. პოლონეთშიც რომ ვიყავი, ქართულ სიმღერას და კულტურას რეკლმას ვუწევდი, ბავშვებს ჰამლეტ გონაშვილის სიმღერებს ვასმენინებდი. ეს მნიშვნელოვანი და დიდი სიწმინდეა ჩემთვის. ასე ადვილი სულაც არ არის ქართული სამღერის შესრულება. აქამდე ასე ხელაღებით არც ვეხებოდი მას და ბებიაჩემს თუ ვუმღერებდი, როცა გაბრაზდებოდა, ხასიათზე რომ მომეყვანა.


ამ პროექტში კი შანსი მეძლევა, ქართული სიმღერები შევასრულო. თვითონ მუსიკოსი ვარ, ვწერ სხვა ჟანრში და სხვა ენაზე და გიტარის თანხლებით ვმღერი. ახლა ბევრი რამის გაკეთება და სწავლა მიწევს. ბატონ ზვიადს, ვოკალის პედაგოგებს, ჟიურის წევრებს მადლობა მინდა გადავუხადო. უდიდესი სწავლის პროცესი მაქვს.


გაიმარჯვებ?


– პირველივე კონცერტიდან ბავშვებს ვეუბნები, აბა, კარგად იყავით, შანსი არ არის, შემდეგ ტურზე გადავიდე-მეთქი... მაგრამ პროექტში ვრჩები. მადლობას ვუხდი ჩემს გულშემატკივარს. აქამდე მეგონა, 100 კაცს ვიცნობდი, მაგრამ ზარები პანტა-პუნტით შემოდის. საერთოდ, არ ვიცნობ ამ ხალხს. გამარჯვების სურვილი არ მაქვს. არ მაინტერესებს, მთავარია, კონცერტის დროს სცენაზე სიამოვნება მივიღო და ასევე მაყურებელმაც. იყვნენ ბედნიერები. დანარჩენი, გულწრფელად ვამბობ, არაფერი მაინტერესებს.



0
57
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0