x
მეტი
  • 21.10.2018
  • სტატია:81852
  • ვიდეო:333857
  • სურათი:439105
მეორე მსოფლიო ომის ქართველი გმირები

image

დღეს 9 მაისია, ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი.საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700 000-ზე მეტი მეომარი იბრძოდა, მათგან ნახევარი ვეღარ დაბრუნდა შინ.საბჭოთა კავშირის გმირის წოდება 136 თანამემამულეს მიენიჭა, ამის გარდა 2 ქართველი იტალიის ეროვნული გმირი გახდა, ცალკე ხაზგასასმელია ქართული ბატალიონის აჯანყება ტექსელის კუნძულზე.



ქვემოთ გავეცნობით ქართველთა გმირობის და მამაცობის ყველაზე შთამბეჭდავ ეპიზოდებს.




ზოია რუხაძე-პარტიზანი გოგონა, რომელიც სიმფეროპოლში გერმანელთა ყაზარმებზე აკრავდა სსრკ საინფორმაციო ბიუროს ცნობებს და ანტიფაშისტურ ფურცლებს, აგროვებდა სადაზვერვო ხასიათის ცნობებს მტრის დისლოკაციასა და მოძრაობებზე, მონაწილეობდა მნიშვნელოვანი იარაღ-საწყობების აფეთქებაში, დააზიანა გერმანელთა კაბელი, რის გამოც ფაშისტები კარგა ხანი კავშირგამბულობის გარეშე დარჩნენ.

image

1944 წლის 10 მარტს დააპატიმრეს გესტაპოს აგენტებმა. 21 წლის ახალგაზრდა ქალს საშინლად აწამებდნენ, მოითხოვდნენ მოკავშირე პარტიზანების გვარების გაცემას, მათი გეგმების გამხელას. თუმცა ზოია რუხაძე დუმდა. მოტეხეს ორივე ხელი, ამოთხარეს თვალები. ფაშისტებმა დასმულ შეკითხვებზე ვერცერთი პასუხი ვერ მიიღეს. ერთი თვის საშინელი წამების შემდეგ ზოია რუხაძე ჭაში ჩაახრჩვეს.

ზოია რუხაძეზე დაწერილია წიგნები, მიძღვნილია პოემა, 1971 წელს გადაიღეს მხატვრული ფილმი "ზოია რუხაძე", აქვე არ შეიძლება არ გავიხსენოთ 15 წლის ირინე სხირტლაძე, ოფიცერ არკადი სხირტლაძის ქალიშვილი, პოლონეთის წინააღმდეგობის არმიაში მოხალისედ ჩაეწერა და „პარასოლის“ ბატალიონის მეკავშირე და სანიტარი გახდა. ბატალიონთან ერთად ირინამ ბრძოლის მთელი გზა განვლო ვარშავის ვოლას უბნიდან ძველი ქალაქის გავლით ცენტრამდე და ჩერნიაკოვამდე.

image

დაიღუპა 1944 წლის 14 სექტემბერს ლუდნას ქუჩაზე, როდესაც მძიმედ დაჭრილი ბატალიონის უფროსს ეხმარებოდა.

ირინა სხირტლაძეს მიუძღვნა თავისი ცნობილი ლექსი „ირინოლა“ პოეტმა ჯანსუღ ჩარკვიანმა.





შოთა გამცემლიძე-დაიბადა თბილისში 1921 წელს, ომის დაწყებისთანავე საბჭოთა არმიის რიგებში იბრძოდა, მათ შორის სტალინგრადთან, ვოროშილოვგრადის განმათავისუფლებელ ბრძოლებში(1943)მისი სატანკო ბრიგადა ბელორუსის და ლიტვის განთავისუფლებაში მონაწილეობდა(1944)

image

1945 წლის იანვარში შოთა გამცემლიძე იბრძვის აულოვენენის მისადგომებთან, (ახლანდელი კალინინგრადის ოლქი)რომელიც გერმანელების მძლავრად გამაგრებული პუნქტი იყო.

20 იანვარს საბჭოთა ჯარებმა აულოვენენზე მძლავრი შეტევა განახორციელეს არტილერიით, ნაღმტყორცნებით, მათ შორის პირველი იყო ტანკსაწინააღმდეგო ბრიგადა, რომელსაც უმცროსი სერჟანტი შოთა გამცემლიძე ხელმძღვანელობდა, ბრიგადამ შეძლო ორი ჯავშანტრანპორტიორის და თვითმავალი ქვემეხის აფეთქება, ამის შემდეგ გაიმართა ქუჩის გააფთრებული ბრძოლები, ფაშისტებმა შეძლეს სარეზერვო მძიმე ტექნიკის გამოყვანა, მათ შორის იყო ტანკები და თვითმავალი ქვემეხები

გამცემლიძემ ტანკსაწინააღმდეგო ჭურვით ორი "ფერდინანდი" ააფეთქა, თუმცა დარჩა მძიმე ტანკი "ვეფხვი".რომლის დაზიანებაც ტანკსაწინააღმდეგო ჭურვმა ვერ შეძლო, გამცემლიძემ ყუმბარა ისროლა, რომელიც "ვეფხვის" წინა მუხლუხებთან დაეცა, ტანკი კვლავ განაგრძობდა მოძრაობას, ამის შემდეგ წელზე ყუმბარშემორტყმული გამცემლიძე მოკლე გარბენით "ვეფხვს" ქვეშ შეუვარდა.ტანკი აფეთქდა.

იმავე საღამოს საბჭოთა ჯარებმა აულოვენენი დაიკავეს.


ანალოგიური გმირობა ჩაიდინა ლავრენტი ავალიანმა(დაბ.1923წ.)

მდინარე დნეპრის ქვემოწელთან ბრძოლების დროს (1943) ავალიანი შეიჭრა მტრის სანგარში და 30 გერმანელი მოკლა. მომდევნო ბრძოლებში მტრის 18 ჯარისკაცი და ოფიცერი გაანადგურა. ქ. მელიტოპოლთან ბრძოლაში (ამ დროს ოცეულს მეთაურობდა) ხელყუმბარით ტანკს ქვეშ შეუვარდა.

image






3)ალექსანდრე წურწუმია-(დაბ.1908წ.)-1941 წლის 10 ივლისიდან მფრინავ მაიორ წურწუმიას ბომბდამშენთა ესკადრილია შიშის ზარს სცემდა მოწინააღმდეგე ძალებს, წურწუმიამ წარმატებული საბრძოლო დავალებები შეასრულა, 6 თვის მანძილზე მისმა ესკადრილიამ დაბობმა რიგი სამხედრო ობიექტები, ბუქარესტში, პლოეშტიში და კონსტანცაში, გაანადგურა 6 პოლკი, ჩაძირა 7 გერმანული და რუმინული ხომალდი, 200 ტანკი, 1200 სამხედრო ავტოტექნიკა, ჩამოაგდო 14 თვითმფრინავი, დაბობმა 10 აეროდრომი, რა დროსაც მწყობრიდან გამოიყვანა უამრავი სამხედრო თვითმფრინავი.

image

წურწუმია დაიღუპა 1941 წლის 29 დეკემბერს, ცენტრალური არქივის ინფორმაციით საკუთარ აეროპორტზე ავიაკატასტროფის შედეგად.



კონსტანტინე ლესელიძე(დაბ.1903 წ.)-ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მხედართმთავარი მეორე მსოფლიო ომში,

გენერალ-პოლკოვნიკი, ომის საწყის წლებში ის იყო დასავლეთის ფრონტის მე–2 მსროლელი კორპუსის არტილერიის უფროსი და შემდგომ დასავლეთის ფრონტის 50-ე არმიის სარდლის მოადგილე.

image

1942 წლიდან, მას შემდეგ რაც მოწინააღმდეგემ კავკასიას შეუტია, ლესელიძე გადაიყვანეს ამიერკავკასიის ფრონტზე. ის იყო ამიერკავკასიის ფრონტის მე–3 მსროლელი კორპუსის მეთაური (1942), ამიერკავკასიის ფრონტის 46–ე არმიის ჯარების სარდალი (1943), ამიერკავკასიის ფრონტის 47–ე არმიის ჯარების სარდალი (1943), ჩრდილოეთკავკასიის ფრონტის, 1-ლი უკრაინული ფრონტის მე–18 არმიის ჯარების სარდალი (1943-44). მან თავი გამოიჩინა კავკასიის ქედზე ქლუხორის და მარუხის უღელტეხილებთან გამართული ბძოლებით, ქალაქ ტუაფსესა და ნახევაკუნძულების ნოვოროსიისკისა და ანაპის გათავისუფლებით.


კონსტანტინე ლესელიძე გარდაიცვალა გრიპის გართულების შემდეგ მოსკოვის ჰოსპიტალში 1944 წლის 21 თებერვალს.


"მე მომიხდა მებრძოლა ერთ-ერთ უნიჭიერეს საბჭოთა მხედართმთავართან — მე-18 არმიის სარდალ გენერალ-პოლკოვნიკ კ. ნ. ლესელიძესთან ერთად. ფრონტზე ძალიან მალე მჟღავნდება ადამიანის ბუნება, იქ მაშინვე იგებ, ვინ რას წარმოადგენს. კონსტანტინე ლესელიძე დამამახოვრდა როგორც ქართველი ხალხის საუკეთესო ეროვნული თვისებების განსახიერება. ეს იყო სიცოცხლით სავსე ვაჟკაცი, მტრისთვის მკაცრი და მეგობრებისათვის გულუხვი, პატიოსანი კაცი, სიტყვის კაცი, გონებამახვილი და გულმგზნებარე“(ლეონიდ ბრეჟნევი)


ასევ აღსანიშნავია გენერალ-ლეიტენანტი გალაქტიონ ალფაიძე, რომელიც1943 წლიდან მეთაურობდა საარტილერიო პოლკს, იბრძოდა მოსკოვის მისადგომებთან, დნეპრთან, დნესტრთან, დუნაისთან, კიშინიოვთან, ბალატონის ტბასთან (აქ მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება), ბუდაპეშტთან და სხვა.

image
შალვა ლოლაძე-(დაბ.1904)-ქართველი საბჭოთა სამხედრო მფრინავი, გერმანელთა ტყვე და შემდგომში ვერმახტის ოფიცერი, რომელიც 1945 წელს სათავეში ჩაუდგა კუნძულ ტექსელზე დაწყებულ ანტი-გერმანულ ამბოხებას, 1942 წელს იყო საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალების კაპიტანი და საჰაერო ესკადრონის ხელმძღვანელი. მისი თვითმფრინავი გერმანელებმა უკრაინაში ჩამოაგდეს, ლოლაძე კი დაატყვევეს . ტყვეობაში ყოფნის დროს ის აიყვანეს ვერმახტის შემადგენლობაში ჩამოყალიბებულ ქართულ ლეგიონსა და 822-ე ქვეით ბატალიონ "თამარ მეფეში". 822 მუშათა ბატალიონი აგვისტოს ბოლოდან 1943 წლიდან იმყოფებოდა დაბა ზანდვორტში 1945 წლის თებერვალში ბატალიონი ნიდერლანდების კუნძულ ტექსელზე გადაიყვანეს. 1945 წლის 6 აპრილს შალვა ლოლაძის მეთაურობით ბატალიონმა აჯანყება წამოიწყო დამპყრობელი ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ.

მალე თითქმის მთელი კუნძული ამბოხებულების ხელში აღმოჩნდა, მაგრამ მოკავშირეთა დესანტის გადასხმა დაგვიანდა. გერმანელთა დამატებითმა ძალებმა აჯანყება ჩაახშეს. მძიმე ბრძოლებში 800 გერმანელი, 565 ქართველი და 117 ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა.

image

შალვა ლოლაძე ამ უთანასწორო ბრძოლას 24 აპრილს გმირულად შეეწირა. დაკრძალულია კუნძულ ტექსელის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას - ჰოგე-ბერგზე შალვა ლილაძის სახელობის ტექსელის ქართველთა ძმათა სასაფლაოზე.


ყოველი წლის 4 მაისს აღნიშნულ სასაფლაოზე ტარდება გახსენების დღე, სადაც ჰოლანდიის, ბელგიის ქართველობა, საქართველოს ელჩი, კუნძულის ბუხემეიტერის, სულიერი მამა აბიბო ბელგიიდან, გულშემატკივრები მობრძანდებიან, რათა გვირგვინით და ყვავილებით შეამკონ და პატივი მიაგონ შალვა ლოლაძეს და მისი მეომრების სულებს და ხსოვნას.




ზაქრო ხიტალიშვილი(დაბ.1926წ.)-ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მფრინავი მეორე მსოფლიო ომში, 22 წლის ასაკში უკვე საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა,

კა­პი­ტან­მა ხი­ტა­ლიშ­ვილ­მა 106 საბ­რ­ძო­ლო გაფ­რე­ნი­სას 69 გერ­მა­ნუ­ლი ტან­კი, 31 ჯავ­შან­მან­ქა­ნა და 29 თვით­მ­ფ­რი­ნა­ვი გა­ა­ნად­გუ­რა, რაც ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი იყო მო­ი­ე­რი­შე ავი­ა­ცი­ის ის­ტო­რი­ა­ში.

image

ზაქრო ხიტალიშვილი გარდაიცვალა 1986 წელს თბილისში, მასზე გადაღებულია დოკუმენტური ფილმი "..მეტი, ვიდრე სიცოცხლე", რომელმაც იალტის VI- საერთაშორისო ფესტივალზე ფელინის პრიზი დაიმსახურა.

imageფოტოზე მარცხნივ 232-ე მოიერიშე ავიაპოლკის ესკადრილიის მეთაური კაპიტანი ზაქრო ხიტალიშვილი


ფორე მოსულიშვილი(დაბ.1916წ.)-იტალიის ეროვნული გმირი.

მეორე მსოფლიო ომის წინ სამხედრო სამსახურს გადიოდა ლატვიის ქალაქ დაუგავპლისში. სწორედ აქედან მიიღო მისი უკანასკნელი წერილი ოჯახმა 1941 წლის მაისში.

image

ერთ–ერთ ბრძოლაში ფორე დაიჭრა და უგონოდ მყოფი ტყვედ აიყვანეს გერმანელებმა.

სხვა ტყვეებთან ერთად ფორე პოლონეთში გადაიყვანეს, კრუშინას საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც იყო ქართველი სამხედროების გადაბირების საკოორდინაციო ცენტრი. აქ ოფიცრებსა და უნტეროფიცრებს ამზადებდნენ ვერმახტის ძალებისთვის.


1943 წლის დამლევს ფორე მოსულიშვილი პოლონეთიდან საფრანგეთში გადაიყვანეს, მერე კი ქალაქ სტრეზაში (იტალია, ნოვარის პროვინცია).

1944 წლის 7 სექტემბერს ფორე მოსულიშვილი სამოცდაათზე მეტ ქართველთან ერთად იტალიელ პარტიზანებისკენ გადავიდა, რომლებიც გარიბალდის ბრიგადის სახელით მოქმედებდნენ პიემონტში. ქართველები პარტიზანულ რამზებში გადაანაწილეს. ფორე მოხვდა გარიბალდის რემო სერვადეის სახელობის 118-ე ბრიგადის მეორე ბატალიონის, „პეპინოს“ ქვედანაყოფ „არმანდოში“.


პირველი საბრძოლო ოპერაცია „არმანდომ“ 14 სექტემბერს ჩაატარა, როცა დაბა ომენიის ჰოსპიტალიდან გამოიხსნა ჯენეზიას მახლობლად ტყვედ ჩავარდნილი ძმები გოგიშვილები და ედო დელ გრატა. ამ შეტაკებისას ფორემ უხმაუროდ მოხსნა დაცვა და საშუალება მისცა რაზმს დაეკავებინა შენობა. მალე ფორეს დიდი შენაერთის მეთაურობა შესთავაზეს, მაგრამ უარი განაცხადა: ადგილმდებარეობას არ ვიცნობ კარგად და არც იტალიური ვიციო...


1944 წლის სექტემბრის ბოლოს მისი რაზმი იბრძოდა დაბა დომოდოსოლოს რაიონში, სადაც მოსპეს 30 გერმანელი ჯარისკაცი, ხოლო ფორემ დაცვის ცხვირწინ ააფეთქა ხიდი, რომელიც რაიონს ნოვარას პროვინციასთან აკავშირდებდა. ერთხელ მოენის შოვნა იყო საჭირო, ფორემ გადაიცვა გერმანელი ოფიცრის ფორმა და თამამად შევიდა ქ. სტერზას ლუდხანაში, ერთ–ერთი ოფიცერს ჩუმად იარაღი დაადო და ასე მიიყვანა პარტიზანთა ბანაკში. გერმანელი ისე დაფეთდა, კარგა ხანს ხმას ვერ იღებდა.

ნაცისტებმა გადაწყვიტეს გაენადგურებინათ პარტიზანები და ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელეს.


პარტიზანულ ქვედანაყოფ „არმანდოში“ იმჟამად მყოფი ჩვიდმეტი პარტიზანიდან შვიდი ქართველი იყო,

გააფთრებულ შეტაკებაში ბევრი გერმანელი დაიღუპა, მაგრამ პარტიზანებიდან ფორე და კიდევ ორი კაცი დაიჭრა, ამასთან ვაზნებიც შემოელიათ.

ფაშისტები მეთაურის დანებებას მოითხოვდნენ, დანარჩენებს კი სიცოცხლის შენარჩუნებას პირდებოდნენ.

„ერთმანეთს გადავხდეთ, ვერც რაზმის მეთაური ედო დელ გრატა და ვერცერთი ჩვენთაგანი ადგილიდან დაძვრას ვერ ვბედავდით. გერმანელებთან გასვლა წამებით სიკვდილს ნიშნავდა. როცა ჩვენს დახოცვამდე, ალბათ, წამები იყო დარჩენილი, სისხლით შეღებილი ფორე მოსულიშვილი კართან მივიდა, გამოაღო და გერმანელებს შესძახა: „მეთაური მე ვარ, თქვენთან ტყვეობას სიკვდილი მირჩევნია! გაუმარჯოს პარტიზანებს! გაუმარჯოს თავისუფლებას!“ და თავი მოიკლა. მისმა თავგანწირვამ თექვსმეტ კაცს შეგვინარჩუნა სიცოცხლე.."(პარტიზანი მარიო ძინონის მოგონებიდან)


ფიოდორ პოლეტაევთან ერთად ფორე მოსულიშვილი მეორე უცხოელია, რომელიც იტალიამ თავის ეროვნულ გმირად აღიარა.


1990 წელს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება.


აქვე უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი გმირი, რომელიც იტალიაში იბრძოდა-გიორგი ვარაზაშვილი, "პიავეს" პარტიზანთა წევრი, რომელსაც მეტსახელად "კაპიტანი მონტი" შეარქვეს, რიფრონტოლის გორაზე ალყაშემორტყმულმა პარტიზანმა მეგობრების გაცემას თავის აფეთქება ამჯობინა.

image

იტალიის ეროვნული გმირის-გიორგი ვარაზაშვილის საფლავზე აწერია-"გამვლელო, შეჩერდი, აქ განისვენებს პატრიოტი, რომელმაც შენ თავისუფალი იტალია გაჩუქა".


0
245
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
245
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0