x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ნიკოლოზ ჯანიაშვილი: „თვითმმართველობებს არ აქვს საკმარისი უფლებები, რომ შემოსავალი თავად განკარგონ“
image


ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის ღია დიალოგი მნიშვნელვანია, ამიტომ ყოველწლიური ფორუმი დაფუძნდა, სადაც სამი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ. შეხვედრები ტრადიციულ ხასიათს შეიძენს. პირველი ყოველწლიური ფორუმი „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი“ ახალციხეში, ე.წ. რაბათის ციხეში გაიხსნა. საქართველოს მთავრობამ პრიორიტეტად გამოაცხადა ქვეყნის რეგიონების განვითარება და მმართველობითი სისტემის დეცენტრალიზაცია.


ფორუმს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ასევე პარლამენტის, სამხარეო ადმინისტრაციების, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფორუმზე იმყოფებოდნენ სასულიერო პირებიც.


პრემიერ–მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობის მიზანია, რომ ათი წლის განმავლობაში, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსება გაორმაგდეს.



პარლამენტის თავმჯდომარემ საჯარო მოხელეების გადამზადების შესახება ისაუბრა. ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს მთავრობის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი დეცენტრალიზაციაა და ამ კუთხით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება. კობახიძის განცხადებით, მთავრობის სტრატეგიის მიზანი თვითმმართველობების უფლებამოსილების გაფართოებაა. ამ სტრატეგიის დოკუმენტზე უკვე მუშაობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.


image


ფორუმის მეორე დღეს მერების კონგრესი შედგა, სადაც მოსაზრება დააფიქსირა დედოფლისწყაროს ხელისუფლებამაც. ქონებრივ გადასახადებზე ისაუბრა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა. მისი თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობებს არ აქვს საკმარისი უფლებები იმისათვის, რომ ქონების გადასახადიდან მიღებული შემოსავალი თავად განკარგონ:


„ჩვენი შემოსავლების დიდი ნაწილი უჭირავს ქონების გადასახადს, რომელიც 100%–ით შემოდის თვითმმართველობაში. ამ ყველაფერს კი ადმინისტრირებას ფინანსთა სამინისტრო უწევს. დაინტერესების შემთხვევაშიც კი ძალიან ძნელია, მაგალითად, იმის დადგენა, კონკრეტულმა ფერმერმა გადაიხადა თუ არა მიწის გადასახადი, “ - განმარტა ჯანიაშვილმა.


კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც დედოფლისწყაროს მერმა ისაუბრა გათანაბრებითი ტრანსფერი იყო:


„2014 წელს ჩვენი მუნიციპალიტეტის გათანაბრებითი ტრანსფერი იყო 1 700 000 ლარი, 2018 წელს არის 680 000 ლარი, გაიზარდა ადგილობრივი შემოსავლები, რის პარალელურადაც შემცირდა გათანაბრებითი ტრანსფერი. კარგი იქნება, ზრდის პარალელურად, ტრანსფერი ვთქვათ, 50%–ით შემცირდეს მარტო და მუნიციპალიტეტს ჰქონდეს სტიმული, რომ გაზარდოს შემოსავალი და გააკეთოს უფრო მეტი საქმე, ვიდრე წინა წელს აკეთებდა, “ - აღნიშნა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.


ჯანიაშვილის კითხვას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა უპასუხა: „ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულება სწორი არ არის. ტრანსფერზე დამოკიდებული კი არ უნდა ვიყოთ, არამედ უნდა შევქმნათ ისეთი საშუალებები, რომ მუნიციპალიტეტის დონეზე, გქონდეთ ადგილობრივი ბიზნესის განვითარების შესაძლებლობა“.


დეცენტრალიზაციის განსახორციელებლად, რეგიონული განვითარების სამინისტრო თვითმმართველობებში სამუშაო ჯგუფებს შექმნის და მასში ჩართული ადგილობრივებიც იქნებიან, ამის შესახებ ფორუმზე მინისტრმა განმარტა.


„სამინისტროში მარტში შემოსულ პროექტზე, რომელიც დეცენტრალიზაციის პროცესების განხორციელებას ეხება, აქტიურად ვმუშაობთ. ის სტრატეგიად უნდა ვაქციოთ და ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმა. ამისთვის თვითმმართველობებში მოქალაქეებთან ერთად სამუშაო ჯგუფები შეიქმნება. ჩვენ მათთან ერთად უნდა განვიხილოთ რეგიონის საჭიროებები, მათ უკეთ იციან თავიანთი მუნიციპალიტეტების ეკონომიკური პოტენციალი“, – ამბობს ცქიტიშვილი.


მისივე თქმით, სტრატეგიულ დოკუმენტზე მუშაობის პროცესში, რეგიონული განვითარების სამინისტროს აქტიური ურთიერთობა ექნება პარლამენტთანაც: „ცალ–ცალკე მუშაობით ვერაფერს გავხდებით, ამ პროცესში ყველა შესაბამისი უწყება აქტიურად უნდა ჩაერთოს. განსაკუთრებით კი ადგილობრივების და ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა გვინდა“.


ხელისუფლება მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს კავშირების დამყარების რამდენიმე გზას სთავაზობს: „მათ შეუძლიათ შექმნან საერთო ააიპ–ი, შპს, ან ჩამოაყალიბონ კერძო სამართლის იურიდიული პირი. მაგალითად, ძაღლსაშენის მოწყობის შემთხვევაში, რადგან აქ მოგება არ იქნება და მხოლოდ საზოგადოებას დავიცავთ ცოფიანი ძაღლებისგან ჯობია ააიპ–ი დააფუძნონ. ასეევე, მუნიციპალიტეტებს შეუძლიათ ტენდერი გამოაცხადონ და გამარჯვებულ კომპანიასთან ერთობლივად გააფორმონ ხელშეკრულება, “ - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა.


image

image


მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის წარმომადგენელი, ექსპერტი გიორგი ტოკლიკიშვილი ფიქრობს, რომ მსგავს ფორუმებსა და დიალოგებში, დარგობრივი სამინისტროების ჩართულობა აუცილებელია: „მთავრობის დადგენილებით, რეგიონულ სტრატეგიაში მხოლოდ მუნიციპალური პროექტები კი არა, დარგობრივი სამინისტროების მიერ ამ ტერიტორიებზე განსახორციელებელი პროექტებიც უნდა იყოს ასახული, თუმცა არ არის. მუნიციპალიტეტი უნდა იყოს ინფორმირებული, რას აკეთებს, რას გეგმავს მის რეგიონში მაგალითად, განათლების სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ა.შ“.


0
36
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0