x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ირაკლი შიოლაშვილი: „ჩემთვისაც გაუგებარია, რატომ უხსნიან დახმარებებს“
image


სოციალური დახმარებების გაცემის წესი მრავალი წელია განხილვის საგანია. მოსახლეობაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. სარეიტინგო ქულების განსაზღვრის წესი თითქმის ყოველწლიურად იცვლება, მაგრამ არ მცირდება პრეტენზიების რიცხვი. ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც ისევ მრავლად გვესმის საარსებო შემწეობის უსამართლოდ შეწყვეტის თაობაზე. ხელისუფლებაშიც აღიარებენ, რომ სისტემის გაჯანსაღებისთვის კრიტერიუმების შეცვლა საკმარისი არ აღმოჩნდა და სხვა გზები უნდა მოინახოს. ბოლო ხანს ბევრს საუბრობენ, რომ შესაძლოა ხელმოკლე ოჯახების სარეიტინგო ქულების განსაზღვრაში მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობა ჩაერთოს. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად რეგიონებში ხელისუფლება ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს დახმარების მოხსნა-დანიშვნის საკითხებში, უკმაყოფილო მოქალაქეები ძირითადად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს მიმართავენ. ადგილობრივ თვითმმართველობას კი მხოლოდ ის შეუძლია, რომ სოციალური სააგენტოს ადგილობრივ ფილიალს რეკომენდაციით მიმართოს და ოჯახის ხელახლა გადამოწმება სთხოვოს. ქმედითი დახმარების აღმოჩენის ბერკეტი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას არ აქვს.


პარლამენტის წევრი, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი ფიქრობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართვა ხელმოკლე ოჯახების სარეიტინგო ქულების განსაზღვრის პროცესში საერთო სურათს ბევრად გააუმჯობესებს და დახმარების გაცემის წესი უფრო სამართლიანი გახდება. შიოლაშვილი ამბობს, რომ მისთვის ხშირად გაუგებარი რჩება რა პრინციპით უხსნიან, ან უნიშნავენ დახმარებას. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ სოფლის რწმუნებულებს სოციალურ სააგენტოს სისტემაზე უკეთესად შეუძლიათ მათი სოფლის მაცხოვრებლების სიღარიბის დონის შეფასება. საამისოდ მას კონკრეტული მაგალითებიც მოჰყავს.


ირაკლი შიოლაშვილი: „ამ საკითხზე პარლამენტში ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბატონმა აკაკი ზოიძემ გააკეთა განცხადება და განმარტა, რომ ნელნელა, ეტაპობრივად ამ პროცესში თვითმმართველობების ჩართვაც უნდა მოხდეს. მე, როგორც სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი, ვეთანხმები ამ იდეას და მიმაჩნია, რომ ეს ნაბიჯი სწორი იქნება. საპარლამენტო არჩევნების წინ, კამპანიის მსვლელობისას მოსახლეობას პირდაპირ ვეუბნებოდით, რა მოგვწონს, რა არ მოგვწონს და რა გაგვიკეთებია მანამდე. როდესაც წინასაარჩევნო კამპანია მქონდა, ამომრჩეველთან შეხვედრისას მუდმივად მესმოდა პრეტენზიები. „იმას რომ აქვს დახმარება, მე რატომ არ მაქვს“, „მე რატომ მომეხსნა, თუკი იმას არ შეუწყვიტეს“, „მე უფრო მიჭირს და სხვას აძლევთ დახმარებას“... უამრავი კითხვა არის დღემდე ამ საკითხზე. ჩვენც ხშირად გვეკითხებიან, მაგრამ ვერც სოფლის რწმუნებული, ვერც მაჟორიტარი, ვერც მერი, ვერანაირ პასუხს ვერ ვაძლევთ. როცა შესაბამის უწყებაში ვცდილობთ გარკვევას, მათი პასუხი არის, რომ თურმე რომელიღაც აგენტმა შეამოწმა ამ ოჯახების მდგომარეობა, შეავსო კითხვარი, შემდეგ სპეციალურ პროგრამაში შეიტანა მათი მონაცემები, მიაწოდა თბილისში საინფორმაციო ცენტრს და კომპიუტერულმა სისტემამ გამოთვალა რაღაც ქულები... ამ ქულების მიხედვით დახმარება ან ინიშნება, ან არა. ძალიან ხშირად, პენსიონერებისთვის კი არა, ჩემთვისაც გაუგებარი რჩება, ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევებში რატომაა მოხსნილი, ან დანიშნული სოციალური დახმარება. ხშირია ისიც, როცა მოხუცის შვილები, ან შვილიშვილები სადმე არიან დასაქმებულნი და პენსიონერს მაინც ეძლევა საარსებო შემწეობა. ან პირიქით, ყველა უმუშევარი ჰყავს და მაინც არ აძლევენ დახმარებას. თავიდან ბოლომდე ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ სოფლის რწმუნებული, მაჟორიტარი და მუნიციპალიტეტის მერი უკეთესად ფლობენ ინფორმაციას, რომელ სოფელში რომელ ოჯახს უფრო ეკუთვნის დახმარება. ამ ცვლილებების და კრიტერიუმების განსაზღვრის წესის დამტკიცება პოლიტიკური პროცესი და სამუშაო საკითხია. თბილისში, რომელიღაც კაბინეტში მდგარმა კომპიუტერმა განსაზღვროს შორეულ საზღვრისპირა, რაიონულ ცენტრს მოწყვეტილ სოფელში მცხოვრები გლეხის ბედი, ნაკლებად რეალურია. არადა სოფლის რწმუნებულებმა ზედმიწევნით იციან მათი მაცხოვრებლების ყოფა. უმჯობესია, თვითმმართველობის წარმომადგენლების აზრიც იყოს დაფიქსირებული სარეიტინგო ქულების განსაზღვრის პროცესში. მაგრამ აქ კიდევ იკვეთება ერთი პრობლემა. ზოგადად, სოციალური დახმარება აბსოლუტურად ყველას უნდა. მათ შორის ერთი ჩემი მეზობელია, ქალბატონი ითხოვს დახმარებას მხოლოდ იმიტომ, რომ პენსიონერია. არადა მას ჰყავს შვილები, შვილიშვილები, მისი შთამომავლობა დასაქმებულია. ადამიანებმა ზუსტად უნდა იცოდნენ, ვის ენიშნება, რატომ ენიშნება და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ. ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე. თუ პროცესი იქნება გამჭირვალე, მაშინ პრეტენზიებიც ნაკლები იქნება, შესაბამისად, აღარ იქნება უსაფუძვლო მოთხოვნა. დღეს, როცა სარეიტინგო ქულას კომპიუტერი ადგენს და ოჯახებს პირდაპირ მიღებული ციფრები ეგზავნებათ, პროცესი არ არის გამჭირვალე და ამიტომაც აღარ დამთავრდა გაუთავებელი შეკითხვები და პრეტენზიები. მეთოდოლოგია რა იქნება მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ თვითმმართველობის აზრის გათვალისწინება მნიშვნელოვანი იქნება. ერთ კონკრეტულ მაგალითს მოგიყვანთ. 2013 წელს, როცა მე დედოფლისწყაროს გამგებელი ვიყავი, გარკვეული ფინანსური რესურსი გამოთავისუფლდა და რწმუნებულებს მივეცი დავალება, რომ თითოეულს შეერჩია 8 ყველაზე გაჭირვებული ოჯახი, რომელთაც შეშით დავეხმარებოდით. სოფლის რწმუნებულებმა მოიტანეს ასეთი სიები, გავანაწილეთ შეშა და თქვენ წარმოიდგინეთ, არცერთი პრეტენზია არ გამოთქმულა, არცერთ ოჯახს არ დაუჩივლია, იმას რომ შეხვდა, რატომ მეც არ დამეხმარეთო... ამით რისი თქმა მინდა, რომ სოფლის რწმუნებულების მიერ ზუსტად შეირჩა ხელმოკლე ოჯახები და გაუგებრობებიც თავიდან ავიცილეთ. დარწმუნებული ვარ, ასეთ შემთხვევებში სოფლის რწმუნებული ვერ გამოიჩენს პირად ინტერესს. დამიჯერეთ, თუ რწმუნებული ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებს არ დაასახელებს, მის სახლთან მომჩივანთა რიგი არ დაილევა და რამდენიმე ხანში მოსახსნელი გახდება ის ადამიანი. როცა იმავე სოფელში ცხოვრობ და მუშაობ, ადვილი არ იქნება შენი სოფლის წინააღმდეგ წახვიდე.



ხშირად ადარებენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს ამხელა ხელფასები აქვთ და გაჭირვებულებს ცოტა. საჯარო მოხელეს რომ ჰქონდეს ნაკლები ხელფასი, ეს თანხა გადავანაწილოთ და სოციალურად დაუცველებს დაურიგდეს, ამ მიდგომას არ ვეთანხმები. თუ მოხელეს მისცემ დაბალ ხელფასს, უნდა ჩავთვალოთ, რომ ის სამსახურში ქმედითი არ იქნება და ვერც მისი მუშაობა იქნება პროდუქტიული. თუმცა, კატეგორიულად არ ვეთანხმები არც იმას, როცა გარკვეულ სამსახურებში თანამდებობის პირებს 10 და 20 ათასები აქვთ ანაზღაურება. პირდაპირ ვამბობ ჩემს პოზიციას, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის და ასევე ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეებს არ უნდა ჰქონდეთ ასე კოლოსალურად მაღალი ხელფასი. მაშინ, როცა მინისტრების ხელფასი გაცილებით დაბალია, ასევე პარლამენტარების ანაზღაურებაც დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ ამხელა მანძილზე გვიხდება სიარული და ბევრი ხარჯია საიმისოდ, რომ უფლებამოსილება განვახორციელოთ. ჩვენს ქვეყანაში სულ რამდენიმე სამსახურია, სადაც წარმოუდგენლად მაღალი ხელფასებია და ამას ჩვენ ყოველთვის ღიად ვამბობთ, რომ ეს მიუღებელია“.

0
87
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0