x
რა მასალაზე წერდნენ ძველ დროში?

etrati უძველეს დროს, როცა ადამიანებს თავიანთი საქმეების უკვდავყოფა სურდათ, სათქმელს კედლებზე კვეთდნენ ან საღებავით აწერდნენ. ზოგან ახლად მოზელილი თიხის სველ ფილებზე კაწრავდნენ ლერწმის ღეროთი, ზოგან კი სპილენძზე, ვერცხლზე ან ოქროზე ჭრიდნენ ლითონის წვეტიანი იარაღით. ზოგიერთ ქვეყანაში გასანთლულ ხის დაფებზე ისწავლეს წერა. საჭიროების შემთხვევაში ასეთ ნაწერს ადვილად შლიდნენ და დაფას თავიდან იყენებდნენ, მაგრამ ამგვარ მასალებზე შესრულებული ნაწერის გადატანა ერთი ადგილიდან მეორეზე თითქმის შეუძლებელი იყო. ადამიანი ეძებდა უფრო მსუბუქ და საიმედო მასალას და მიაგნო კიდეც. მაგალითად, ძველმა ეგვიპტელებმა პაპირუსისაგან დაიწყეს საწერი მასალის დამზადება. პაპირუსი, ანუ ჭილი, უხვად იზრდებოდა ნილოსის სათავეებში. მისგან დამზადებულ ''ქაღალდზე'' ტექსტი ორმხრივ შეიძლებოდა დაწერილიყო. ჭილის ფურცელი გრაგნილისებურად იხვეოდა. ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიის ცნობილ ბიბლიოთეკაში ათიათასობით ჭილის გრაგნილი ინახებოდა. ასეთი გრაგნილებით წერილების გაგზავნაც თავისუფლად შეიძლებოდა, მაგრამ ჭილს ნაკლიც ჰქონდა - ის მეტისმეტად მყიფე იყო.

etrati

მალე ადამიანებმა უფრო რბილი და გამძლე საწერი მასალის დამზადება ისწავლეს ცხოველის ტყავისაგან. ტყავის საწერ მასალას დიდი რაოდენობით ამზადებდნენ მცირე აზიის ქალაქ პერგამონში, ამიტომ ევროპის ქვეყნებში საწერ ტყავს შეარქვეს პერგამენტი, საქართველოში კი იგი “ეტრატის'' სახელით იყო ცნობილი. ეტრატი წარმოშობით ბერძნული სიტყვაა, იგი მომდინარეობს სიტყვიდან “ტეტრადიონი'', რაც ბერძნულად ოთხად გადაკეცილ ტყავის საწერ ფურცელს ეწოდებოდა. ტყავისაგან დამზადებულ საწერ ფურცლებს რვეულის ფორმით კინძავდნენ, ტყავგადაკრულ ხის ყდაში სვამდნენ და ძვირფასი ქვებით ამკობდნენ. ასეთი წიგნის დამზადება დიდ დროს მოითხოვდა და იგი ძალზე ძვირადაც ფასობდა.

დროთა განმავლობაში ადამიანებმა მიაგნეს კიდევ უფრო მოხერხებულ და იაფ საწერ მასალას - ეს იყო ქაღალდი. ქაღალდის დამზადება უძველეს დროში ჩინელებმა დაიწყეს, ჩინელებისგან არაბებმა შეითვისეს, არაბებისგან კი - ევროპის ხალხებმა. ამ უკანასკნელებმა დიდად გააუმჯობესეს ქაღალდის წარმოების წესი და მთელ მსოფლიოში დაიწყეს ქაღალდით ვაჭრობა.


0
943
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ლიპარტია
მარიამ ლიპარტია
943
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0