x
გაინტერესებთ სად იწერებოდა ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტე“ ?


image

"რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, წლების მანძილზე წაღვერის პარკში იწერებოდა ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტე“. დილით ადრე, როდესაც ჯერ კიდევ წაღვერის დამსვენებლებს ეძინათ ტკბილი ძილით და პარკში არა კაცი არ იყო მისი ხელისშემშლელი, დოლიძე თავისი მანდოლინით, რვეულით და ფანქრით ხელში იჯდა სკამზე, უკრავდა და წერდა. ხან წამოხტებოდა, ჩქარი ნაბიჯით დაიწყებდა წინ და უკან სიარულს, თავს გადაიქნევდა, რომ ჩამოვარდნილი თმა უკან გადაეყარა და შემდეგ ისევ დაჯდებოდა, უკრავდა და წერდა. მე ამ სურათის ხშირი მოწმე ვიყავი, რადგან კარგად ვიცნობდი მას პირადად და ჩვენი სახლის აივანიც პირდაპირ უყურებდა პარკს. ვ. დოლიძე მამაჩემთანაც დიდად დამეგობრებული იყო, ვინაიდან „ძია ვარდენი“ ყოველთვის და ყველაფერში ყურადღებით იყო მის მიმართ. ისიც არა ერთხელ მოგვასმენინებდა მანდოლინაზე მის სახუმარო ადგილებს „ქეთო და კოტედან“. ასეთი იყო წაღვერი 1915, 1916 და 1917 წლების მანძილზე. ამ წლების შემდეგ 1918-20 წლებში აქ სატყეოს გამგედ დანიშნული იყო გიორგი სალარიძე – ესეც მეტად ძვირფასი და სათნო ადამიანი. მახსოვს, როდესაც მე გიმნაზია დავამთავრე 1921 წელს და იმავე წელს მივდიოდი უნივერსიტეტში აგრონომიულ ფაკულტეტზე ჩასაბარებლად, მითხრა: „მამაშვილურად გირჩევ, მართალია, მიდიხარ აგრონომად, მაგრამ ექიმად დაბრუნებულიყავი; უფრო გამოადგები წაღვერსო." ეს სურვილი იყო მამაჩემისაც, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ შევუსრულე მას. თუმცა, შემდგომ მიკრობიოლოგიით დავინტერესდი და ვმუშაობდი წლების მანძილზე ბაქტერიოფაგების ინსტიტუტში, ახლახან გარდაცვლილ ჩემს მეუღლესთან – ინსტიტუტის დირექტორის მოადგილესთან, საქართველოს დამსახურებულ ექიმთან, პროფესორ ნიკო აბაშიძესთან. შემდეგ სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრაზე პროფ. ლადო ანთაძესთან სასწავლო ლაბორატორიის უფროსად. მომდევნო წლებში აქ ისვენებდა და იწვრთნებოდა დრამატული სტუდია პროფესორ აკაკი ფაღავას ხელმძღვანელობით. მისი სტუდიელები – ვასო გოძიაშვილი, მაღლაკელიძე, მიქელაძე, კანდელაკი, მურღულია – ხშირად დგამდნენ პატარ-პატარა პიესებს, კომედიებს, პაროდიებს. ამავე წლებში, მაშინ ჯერ კიდევ ახლად ფეხადგმული მწერლობაში, ლევან ასათიანი ხშირად კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა მწერლების შემოქმედებაზე. განსაკუთრებით უყვარდა აკაკი წერეთელზე ლექციის წაკითხვა. უფრო გვიან აგარაკები ააშენა მარიჯანმა, კიმოთეს უბანში – მომღერალმა სანდრო ინაშვილმა, პროფესორმა აკაკი ფაღავამ, კოტე ვირსალაძემ, პროფესორმა ზურაბაშვილმა და პროფესორმა ს. ყაუხჩიშვილმა. იმ დროს, 1926 წლიდან, მე ვიყავი პირველი ქალი წაღვერიდან, რომელმაც მიიღო უმაღლესი განათლება და კაცებიდან ჩემი მომდევნო იყო ექიმი შალვა ხაჩიძე, რომელიც დღეს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატია.
გასაბჭოებიდან აქ აშენდა ერთი საშუალო სრული სკოლა, დაარსდა საბავშვო ბაღი, საავადმყოფო და პოლიკლინიკა. აფთიაქისთვის აიგო ორსართულიანი ლამაზი აგურის შენობა, აშენდა კლუბი, კინოთეატრი და სხვ. დღეს წაღვერი ითვლის 500-600 კომლს, დამშვენებულია მრავალი ორსართულიანი აგურის შენობით, ჰყავს უმაღლესი განათლებით ათეულობით ექიმი, აგრონომი, მეტყევე, პედაგოგი, ინჟინერ-ტექნიკოსი, გეოლოგი და არაერთი სხვა სპეციალისტი. გაიზარდნენ ახალგაზრდები და ბევრს უკვე ვეღარ ვცნობ, თუმცა ხშირად მაჩერებენ ხოლმე და თავაზიანად გამომეცნაურებიან. რა თქმა უნდა, კეთილმა და თავმდაბლურმა განწყობილებამ, რომელიც იყო დამყარებული ჩამოსულ ინტელიგენციას, სწავლულ ხალხსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის, დიდად შეუწყო ხელი და მისცა გაქანება იმას, რომ ადგილობრივი ახალგაზრდობა დასწაფებოდა სწავლა-განათლებას."
1966წელი “მოგონებები წაღვერზე" მარიამ აბაშიძე

2
68
1-ს მოსწონს
ავტორი:Kate ქეით
Kate ქეით
68
  
2022, 5 იანვარი, 1:22
მადლობა რომ ბაბუაჩემი შალვა ხაჩიძე მოიხსენიეთ
2018, 5 მაისი, 20:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2