x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
რა არის ჯაზი?

სიტყვა “ჯაზი“ (Jazz) - თავდაპირველად „ჯასი“ (Jass)- პირველად XX საუკუნის 10-იანი წლების შუა ხანებშია მოხსენიებული. ფიქრობენ, რომ იგი ნაწარმოებია ფრანგული ზმნიდან „Jaser” (ხმაური). არის კიდევ ერთი ვერსია, რომ ჯაზს განიხილავენ, როგორც სპილენძის თეფშების ჟღერადობას, რომლებსაც ცეკვის დროს იყენებდა ზოგიერთი აფრიკელი ტომი. მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ამ სიტყვით აღნიშნავდნენ, როგორც ჯაზურ მუსიკას, ისე ორკესტრსაც, რომელიც ამ მუსიკას ასრულებდა.

image

ჯაზი არის იმპროვიზაციული ამერიკული მუსიკა, რომელიც იყენებს ევროპულ ინსტრუმენტებსა და ჰარმონიის ელემენტებს და ევროპულ-აფრიკულ მელოდიებსა და აფრიკულ რიტმს ერთმანეთთან აკავშირებს.

ევროპულმა ჯაზის კრიტიკოსმა, ჰოლანდიელმა იოხიმ ერნსტმა, გაილაშქრა ჯაზის ცნების ამგვარი განსაზღვრების წინააღმდეგ და მოითხოვა სიტყვა „ამერიკულის“ „ინტერნაციონალურით“ შეცვლა. ეს შენიშვნა, ასე თუ ისე, უფრო სწორად უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან ჯაზის შექმნაში ცოტად თუ ბევრად დიდი როლი ითამაშა მსოფლიოს სხვადასხვა ხალხის მუსიკამ.

და მართლაც, ნიუ-ორლეანი, სადაც დაირწა ჯაზის აკვანი, ინტერნაციონალური ქალაქი იყო.

ამ მუსიკის მთავარი თვისება არის იმპროვიზაციული საწყისის პრიორი, რაც გულისხმობს იმას, რომ ჯაზური ნაწარმოები უშუალოდ შესრულების პროცესში იქმნება და იმავე სახით აღარასოდეს განმეორდება. ჯაზში უშუალოდ შემსრულებელი ქმნის მუსიკას ან არის კომპოზიციის შემქმნელის უშუალო თანაავტორი.

ჯაზის საფუძვლები ამერიკაში გავრცელებულ საეკლესიო ჰიმნებში, სპირიჩუელზში უნდა ვეძიოთ. XIX საუკუნის დასასრულს წარმოქმნილი საფორტეპიანო შესრულების ახალი სტილი-რეგტაიმი (Ragtime), რომელიც სიტყვა-სიტყვით „დაფლეთილ რიტმს“ ნიშნავს, თავის წილს დებს ჯაზის წარმოქმნასა და განვითარებაში. იგი XIX საუკუნის აფრო-ამერიკული საცეკვაო მუსიკიდან, მარშებიდან, მისტრელ-შოუს სიმღერებიდან, პოპულარული საოპერო არიებიდან და, რაც მთავარია, იმ რიტმული მრავალფეროვნებიდან წარმოიშვა, ოდითგანვე რომ მოსდგამდა ამერიკის მიწაზე გადმოხვეწილ აფრიკულ მუსიკალურ ტრადიციას.

image

ამერიკის დიდ ქალაქებს რეგტაიმის მღელვარე ტალღამ გადაუარა და ამაში ლომის წილი მუსიკოსს სკოტ ჯოპლინს მიუძღოდა. იგი ტეხასში, მუსიკოსების ოჯახში დაიბადა, მამა ვიოლინოზე უკრავდა, დედა კი ბანჯოზე, იმ სახლში კი, სადაც მისის ჯოპლინი მოახლედ მუშაობდა სკოტმა ფორტეპიანოზე დაკვრა ისწავლა. მან მოგვიანებით, 30 წლის ასაკში შეძლო მუსიკალურ კოლეჯში ჩაბარება და საკუთარი კომპოზიციების შექმნა. ჯოპლინის კომპოზიციები შემთხვევით მოისმინა ნოტებით მოვაჭრემ და პირველი ფირფიტაც მან გამოუცა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯაზის წინამორბედი სპირიჩუელზი და ბლიუზი სამხრეთის აგრარულ რაიონებსა და პატარა ქალაქებში ჩაისახა, თანამედროვე გაგებით არსებული ჯაზი, როგორც ამერიკელი ჟურნალისტი ჯეი როჯერსი წერდა გაზეთ „სერვერში“ 1925 წლის 1 მარტს, მაინც ამერიკის დიდი ქალაქების პირმშოდ უნდა ჩაითვალოს, რომელმაც გააერთიანა საკუთარი თავში ამ ქალაქებისთვის დამახასიათებელი ხმაური, ჰანგები, მექანიზირებული ცივილიზაციის სულისკვეთება. როგორც ბოსტონის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი სერგეი კუსევიცკი წერდა, „ჯაზი თანამედროვე მუსიკის მნიშნვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, მას ეპოქალური მნიშვნელობა აქვს, ის არ არის ზედაპირული, იგი ფუნდამენტურია. ჯაზი სულიდან მოდის, საიდანაც ყველა სახის მუსიკა იწყება“. იმავე სტატიაში ავტორი კიდევ უფრო ცნობილი მუსიკოსის და დირიჟორის ლეოპოლდ სტოკოვსკის სიტყვებს იშველიებს: „ჯაზი მოვიდა, რათა დარჩეს, იმიტომ რომ იგი ჩვენი დროის გამოხატულებაა, ენერგიული, სუპერაქტიური დროისა, რომელშიც ვცხოვრობთ. მის წინააღმდეგ ბრძოლა უშედეგოა. მისი ახალი ძლევამოსილება, ახალი სიცოცხლისუნარიანობა თავად ახდენს საკუთარი თავის გამოვლენას… ამერიკის წვლილი წარსულის მუსიკაში ისეთივეა, როგორც უბრალო ადამიანის სისხლი მომაკვდავი არისტოკრატისთვის. მუსიკა შემდეგ უბრალოვდება, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით და უფრო და უფრო შორს შედის ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამერიკის მუსიკოსები უდიდეს როლს თამაშობენ ამ პროცესში, მათ გახსნილი გონება და შეუბოჭავი ხედვა აქვთ. ისინი არ არიან შებოჭილი წესებითა და ტრადიციებით და თავიანთი ახალი-ახალი იდეებით, სახელდახელო ექსპერიმენტებით, ახალ სისხლს ამოძრავებენ მუსიკის ვენებში. ჯაზის დამკვრელები მუსიკალურ ინსტრუმენტებს სრულიად ახალ რამეს აკეთებინებინებენ, იმას, რის მოშორებასაც ასწავლიდნენ ჩამოყალიბებულ მუსიკოსებს. ისინი გზამკვლევები არიან ახალ რეალობაში.

თუმცა სკეპტიკოსებიც იყვნენ, მაგალითად დიდი გამომგონებელი თომას ედისონი ამბობდა, რომ ჯაზის ფირფიტებს უკანა სვლით ატრიალებდა და „ასე უკეთესი ხმა გამოდისო“.

image

ახალი ორლეანური სტილის ერთ-ერთ დამაარსებლად და მის შესანიშნავ წარმომადგენლად ითვლება კინგ ოლივერი. მან დიდი ზეგავლენა მოახდინა თანამედროვე კორნესისტებზე და, პირველ რიგში, ლუი ამსტრონგზე, რომლის დაკვრაში ნათლად იგრძნობა ოლივერის ფრაზირება და მელოდიური ნიუანსები.

თემები: “Doctor Jazz”, “West End Blues”, “Chimes Blues”, Sugar Foot Stop” და სხვა.

image

კინგ ოლივერმა 1920 წელს ჩამოაყალიბა ჯაზური მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პატარა ანსამბლი King Oliver Creole Jazz Band. 1922 წელს მან მეორე კორნესისტად მიიწვია ლუი ამსტრონგი. ოლივერის ანსამბლში მონაწილეობდნენ კლარნესისტი ჯონი დოდსი და მედოლე ბები დოდსი.

ჯაზის უდიდესი გავლენა ამერიკულ და ევროპულ საზოგადოებაზე სწორედ ოციან წლებში გამოიკვეთა. ამ წლებში ჯაზმა არა მარტო ამერიკა, არამედ მთელი მსოფლიო დაიპყრო და ამ პერიოდის კულტურული ცხოვრების ისეთივე ფენომენი გახდა, როგორც ლიტერატურა. სწორედ ჯაზის წყალობით დაიმკვიდრა ამერიკამ უდიდესი ადგილი მსოფლიოში.

0
560
შეფასება არ არის
ავტორი:სოფიო მოდებაძე
სოფიო მოდებაძე
560
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0