x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
ჩემი შემოსავლის ერთადერთი წყარო ჩამომართვეს და პირისპირ დამტოვეს ვალებთან - დვალა დუმაცხოველის ემოციური წერილი

სოციალურ ქსელში, კარგად ცნობილი - დვალა. ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"მიუხედავად იმისა, რომ მოთხრობებს ვწერ და ამდენად მწერალი ვარ, უფრო კი ავტორი, ნახევარმა ქალაქმა გამიცნო როგორც მეთამბაქოე. ამაზე არ ვწუწუნებ ცხადია და არც ლიტერატურული დიდებისთვის ვიბრძვი გამალებით. თუ მართლა ღირებულ ტექსტებს ვქმნი, ცხადია ვერ დაიმალება. თუმცა ვიბრძვი ფიზიკური გადარჩენისთვის, რადგან მეც ისევე მჭირდება საპონი, ტუალეტის ქაღალდი და რა გასამხელია თვარა, პურიც კი, როგორც ეს სჭირდებათ იმათ, ვინც თავისი ქმედებებით თუ უმოქმედობით ჩემს ბედს ქმნის.
სწორედ ამიტომ მივყავი ხელი ქართული თუთუნით და ხელნაკეთი ჩიბუხებით საარსებო ფულის გამომუშავებას. ცხადია ამ გზაზე მილიონერობა არ მემუქრება, რომელსაც სიმართლე გითხრათ არც ვსასურველობ. ჩემთვის კი სულერთი არაა, როგორ ან სად გავაკეთებ ამ საქმეს. მაქვს რა სულიერი, მენტალური ახლობლობის განცდა ხელოვნებასთან, გადავწყვიტე რუსთაველის გამზირზე, კაზარიანცის სახლის მოპირდაპირედ, იქ სადაც სუვენირების და ხელოვნების ნაწარმების (ნაწარმოები ყინწვისის ანგელოზი ან მიქელანჯელო ბუანაროტის პიეტა ვიცი, სხვებზე რომ არა ვთქვათ) გასაყიდი ტურისტული ზონაა, ჩემი ხელით გამეკეთებინა იმ გარემოსთვის შესაბამისი სტენდი და ქართველი თუ უცხოელი ვიზიტორებისთვის მიმეცა შესაძლებლობა გაეცნოთ ჩემი ქვეყანა მეთამბაქოეობის და ადგილობრივი რეწვის, ჩიბუხების და მსგავსი რეკვიზიტების კუთხითაც. ხოლო მიღებული სარგებლით მეარსება.
ამასობაში ერთგვარი კოლორიტი შევქმენი ქალაქში. არაერთხელ დაინტერესებულან უცხოელი ფოტორეპორტიორები და ალბათ ჩემი სურათები რომელიმე გამოფენასაც კი ამშვენებს. (თუმცა კი საკუთარ მშვენიერებაზე არ ვარ მაღალი წარმოდგენის.) ერთხელ კანადელი მოგზაური მხატვრის ყურადღებაც კი მივიქციე, რომელმაც გვერდზე გამიშალა მოლბერტი და გადამაქაღალდა, დოჩანაშვილის სტილით რომ ვთქვათ.
რამდენიმე დღის წინ კი, ჩემთვის გაუგებარი კრიტერიუმებით მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გამმიჯნა ადგილზე დასაშვებად მიჩნეული საქმიანობისგან და მიმიჩნია გარემოვაჭრედ. ჩემი შემოსავლის ერთადერთი წყარო ჩამომართვა და პირისპირ დამტოვა ვალებთან, მოსალოდნელ გადასახადებთან და პირობითად რომ ვთქვათ ცარიელ მაცივართან. პირობითად იმიტომ, რომ ნაქირავებ ოთახში მაცივარი არ გამაჩნია, მაცივრის ხელა სულაა ოთახი. ცხადია არც ამაზე ვწუწუნებ და ძნელად თუ გავუცვლიდი ვან გოგსაც „საწოლი ოთახი არლში“ზე, რადგან ჩემი ოთახიც არა მგონია ნაკლებ საინტერესო.
შექმნილი კრიზისული და ჩემთვის დამღუპველი ვითარება ჯერ კიდევ შეიძლება შეფასდეს გაუგებრობად და მომეცეს შესაძლებლობა გავაგრძელო მუშაობა, რომელიც როგორც უკვე ვთქვი, ერთადერთი გზაა ჩემთვის ამ ეტაპზე. ხელის შეწყობა არასოდეს არავისთვის მითხოვია, მაგრამ ხელის შეშლასაც არ ვიმსახურებ. მითუმეტეს არ ვარღვევ კონსტიტუციას და არც დღე–დღეზე ასამოქმედებელ „თამბაქოს შესახებ კანონს“ ვუპირებ დარღვევას.
ვთხოვ შესაბამის საქალაქო მოხელეებს, მათ ვისაც გადაწყვეტილების მიღება ხელეწიფება, სიცოცხლით სავსე ქალაქში დამიტოვეთ სასიცოცხლო სივრცე, რადგან აქ არაა საუბარი ცოტა მექნება თუ ბევრი, აქ საუბარია მექნება თუ საერთოდ არ მექნება საარსებო ხარჯთან გამკლავების რესურსი, უნარი ან მექანიზმი.
პატივისცემით, დვალა "


შეგახსენებთ დვალა ამ პოსტს სოც.ქსელში აქვეყნებს


imageimageimage


0
51
1-ს მოსწონს
ავტორი:ხუმარა
ხუმარა
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0