x
image
რუსუდან ნადირაშვილი
ახალგაზრდები პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავენ და მრჩეველთა საბჭოს შექმნას ითხოვენ
image


ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სახელზე ღია წერილს აქვეყნებს. ჯგუფში რვა ქართული უმაღლესი სასწავლებლიდან რამდენიმე ათეული ახალგაზრდაა გაწევრიანებული. ისინი ხელისუფლებას სთხოვენ მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შეიქმნას და მათაც ჰქონდეთ პროცესებში მონაწილეობის საშუალება.


„ახალგაზრდობა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი რესურსია, რომლის მეშვეობითაც უნდა მოხდეს სახელმწიფოს დემოკრატიული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარება. ამავდროულად, ჩვენ ვართ ცვლილებისა და ინიციატივების მოტივატორები სხვადასხვა სფეროში, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არაერთი დარგისათვის. ჩვენ, საქართველოს სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის დამამთავრებელი საფეხურის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები, მოგმართავთ ინიციატივით შეიქმნას საქართველოს მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო. გამოვთქვამთ მზადყოფნას, აქტიურად ვიმუშაოთ ეკონომიკის, განათლების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საგარეო პოლიტიკის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, იურისპრუდენციის, კულტურისა და ყველა იმ მიმართულებით, რომელიც ახალგაზრდულ ენერგიასა და იდეებს საჭიროებს. თანამშრომლობის პერიოდში, ამა თუ იმ უწყებას შევთავაზებთ მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის რეკომენდაციებს, დანახულს ახალგაზრდული, პროგრესული ხედვით.


ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში, ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც ქვეყნის ყველა მოსახლე სრულად თუ ნაწილობრივ იზიარებს, თუმცა ამავდროულად მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია, დღეისათვის ჩვენს ხელთ არსებული რესურსები მივმართოთ არა მხოლოდ პიროვნული, თუ კარიერული განვითარებისთვის, არამედ საერთო კეთილდღეობისთვის საჭირო საქმიანობისკენ, რომელიც სახელმწიფოს მართვაში ჩართულობასა და პოლიტიკაზე გადის.



მივესალმებით რა თქვენს ინიციატივას, 2018 წლის, დიალოგისა და საყოველთაო ჩართულობის პერიოდად გამოცხადებასთან დაკავშირებით, გამოვთქვამთ მზადყოფნას, მოვახმაროთ ჩვენი ენერგია, ცოდნა და ენთუზიაზმი უკვე დაგეგმილისა, თუ ახლად ინიცირებულ საქმიანობებს. საწყის ეტაპზე, შექმნილია საინიციატივო ჯგუფი, რომელიც განწყობილია კონსტრუქციული თანამშრომლობისაკენ და გვჯერა, სწორედ დიალოგზე დაფუძნებული ფორმატით შევძლებთ ფართო კონსესუსის მიღწევასა და საზოგადოების გაერთიანებას.


ჩვენი ამ ფორმით ჩართულობის სურვილის მთავარი მოტივატორი არის ზოგადი მდგომარეობა, რომელიც ახალგაზრდებში საკმაოდ მწვავედ შეინიშნება. მაგალითად, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევიდან, "თაობა გარდამავალ პერიოდში, ახალგაზრდობის კვლევა 2016 - საქართველო", ირკვევა, რომ ახალგაზრდობა ნაკლებადაა დაინტერესებული პოლიტიკური საკითხებით, რაც ნაწილობრივ აიხსნება მოსაზრებით, რომ მათი ინტერესები საკმარისად არაა წარმოდგენილი დღევანდელ პოლიტიკურ დღის წესრიგში. გამოკითხულ ახალგაზრდათა 49% მიიჩნევს, რომ ამ ჯგუფის აზრი მცირედ, ხოლო 21%-ის თქმით, სრულებით არ არის გათვალისწინებული.


ახალგაზრდების პოლიტიკური ჩართულობა, კერძოდ კი, მათი დასწრება სამოქალაქო შეხვედრებზე, საერთო კრებებზე მოსაზრების გამოხატვა, ადამიანის უფლებების დაცვით აქციაში მონაწილეობა, სოციალურ დემონსტრაციებში ჩართულობა, კვლევის მიხედვით 2-დან 6%-მდე ვარირებს, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ეს და მსგავსი მონაცემები გვაფიქრებინებს, რომ აუცილებელია ერთი მხრივ, თავად ჩავერთოთ პროცესებში, რათა დავძლიოთ ახალგაზრდებში გაჩენილი ნიჰილისტური დამოკიდებულება და მეორე მხრივ, გავხადოთ დანარჩენები ამ პროცესის მონაწილეები, რათა საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ მათი პოზიცია მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევია.


რამეთუ მნიშვნელოვან პრობლემად მივიჩნევთ ახალგაზრდების ნაკლებ ჩართულობას პოლიტიკურ, თუ სახელმწიფო მართვის პროცესებსა და გადაწყვეტილებების მიღების ეტაპზე, ვცდილობთ გავაანალიზოთ ის მიზეზები, რამაც ეს უკანასკნელი გამოიწვია და ვთვლით, რომ წარმოქმნილი სირთულე შესაძლოა არაეფექტური კომუნიკაციის შედეგი იყოს. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, მივიჩნევთ, რომ ჩვენ, ახალგაზრდებს გვაქვს შესაძლებლობა ვიკისროთ ერთგვარი მაკავშრებელი რგოლის ფუნქცია მთავრობასა და საზოგადოებას შორის.


აღსანიშნავია ისიც, რომ არსებობს წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკა (Youth Advisory Council-ის სახელწოდებით), რომლის მიხედვითაც, სხვა ქვეყნებში, მთავრობები თავად ქმნიან მსგავს ახალგაზრდულ საბჭოებს. ამ მხრივ, გამოირჩევა, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია. ჩვენ, ქართველ ახალგაზრდებს, გვსურს, რომ მსგავსი პრეცენდენტი ჩვენსავე ქვეყანაში დავუშვათ, რადგან, ამისთვის საჭირო ყველა რესურსი უკვე არსებობს და გვჯერა, საქართველოს შეუძლია იქცეს გამოკვეთილ ლიდერად რეგიონში ახალგაზრდული ჩართულობის მიმართულებით.


ქვეყანაში არსებობს არაერთი სტუდენტური კლუბი, თუ საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პოლიტიკური მიმართულების აქტივიზმითაა დაკავებული, თუმცა ამას ნაკლებად სისტემური სახე აქვს და ხელშესახებ შედეგს იშვიათად იძლევა. ამ და ზემოთ აღნიშნული პრობლემების გამო, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზაობას, მოხალისეობრივ პრინციპზე დაფუძნებით აქტიურად წავრმართოთ ახალგაზდრული მრჩეველთა საბჭოს საქმიანობა.


საწყის ეტაპზე საჭიროდ მივიჩნევთ, გავმართოთ შეხვედრა. ეს აუცილებლობა გამომდინარეობს სურვილიდან, უკეთ გაგაცნოთ ჩვენი მიზნები და ამოცანები, რომლებიც ერთი მხრივ, ქვეყნის განვითარებისკენაა მიმართული, ხოლო მეორე მხრივ, მოტივირებულია ახალგაზრდების ინიციატივებისა და მათი ხედვის გაჟღერების საჭიროებით. დარწმუნებული ვართ, აღნიშნული შეხვედრა და შემდგომი თანამშრომლობა, ხელს შეუწყობს აღმოიფხვრას ის ხარვეზი, რაც ახალგაზრდებსა და საქართველოს მთავრობას შორის კომუნიკაციაში არსებობს.


ბატონო პრემიერ-მინისტრო, იმედს გამოვთქვავთ, მხარს დაუჭერთ ჩვენს ინიციატივას და მოგვეცემა შესაძლებლობა ღირსეული მონაწილეობა მივიღოთ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში


წერილს ხელს აწერენ:


  • გიორგი მამულაშვილი;
  • ირაკლი ბუთურიშვილი;
  • ლელა ჯავახიშვილი;
  • ელენე ბერძენიშვილი;
  • ნათია ჯინჭარაძე;
  • ნინო წულაძე;
  • საბა მანჯგალაძე;
  • დიანა ხატიაშვილი;
  • თამთა გობოზაშვილი;
  • გიორგი მჭედლიძე;
  • გიორგი ინჯგია;
  • კარლო ხუციშვილი;
  • ნიკოლოზ შაუთიძე;
  • ალიკა გოჩუა;
  • გიორგი მორგოშია;
  • გიორგი შენგელია;
  • მუხრანი შუბითიძე;
  • დიმიტრი მაისურაძე;
  • ლუკა ჯაჯანიძე;
  • საბა სახვაძე;
  • მარიამ თურმანიძე;
  • გიორგი ბერაძე;
  • ნინო მაწკეპლაძე;
  • შოთა ქათამაძე;
  • სანდრო ტატიშვილი;
  • გიორგი კვინიკაძე;

1
58
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
58
  
2018, 24 აპრილი, 7:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1