x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
რას ნიშნავს სტრატაგემა?-გთავაზობთ 36 სტრატეგამას
image

ტერმინი "სტრატაგემა" ძველი ბერძნული სიტყვა "strategema"–დან (სამხედრო ხრიკი, ეშმაკობა. ჩინ. "პალ ცზი") მოდის, რაც ზოგადად სამხედრო საქმეს ან სამხედრო ხრიკს, ეშმაკობას აღნიშნავდა. ძველ ჩინეთში ტერმინი ასევე რაიმე სახის ეშმაკობის ან ხრიკის შემცველ სტრატეგიულ გეგმას აღნიშნავდა. სტრატაგემების ამდაგვარი გაგება შორეულ წარსულში ჩაისახა და პირველ რიგში სამხედრო და პოლიტიკურ ორთაბრძოლასთან იყო დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ სტრატაგემების და ზოგადად სტრატეგიული აზროვნების განვითარებაზე უდიდესი ზეგავლენა იქონია ძველი ჩინეთის ერთ ერთი უდიდესი სამხედრო მოაზროვნის სუნ ცზის ტრაქტატმა "ომის ხელოვნება", რომელიც ფაქტობრივად სტრატეგიული გათვლების სწორედ სტრატაგემებად გააზრებას მოითხოვს. სტრატაგემა თავისი შინაარსით ალგორითმის მსგავსად ორგანიზებას უწევს ჩანაფიქრის განსახორციელებელ მოქმედებათა თანამიმდევრულობას.


აღსანიშნავია, რომ ძველ ჩინეთში სტრატაგემებს არამხოლოდ მხედართმთავრები ადგენდნენ, არამედ მეფეთა და მმართველთა აღმზრდელები თუ პოლიტიკური მრჩეველები დახელოვნებულები იყვნენ სტრატაგემების საზოგადოებრივ ცხოვრებასა და დიპლომატიაში გამოყენებაში. იგი განათლების კულტურის ერთგვარი შემადგენელი ნაწილი იყო. ის ყველაფერი რაც პოლიტიკურ ორთაბრძოლაში გამარჯვებას საჭიროებდა ამავდროულად სტრატაგემებად უნდა გააზრებულიყო. დიპლომატიაში სტრატაგემების ცნება წარმოდგენილია როგორც დიპლომატიური და სამხედრო ღონისძიებათა ჯამური ხედვა, რომელიც სახელმწიფოს წინაშე არსებული საგარეო პოლიტიკური ამოცანების გრძელვადიან გადაწყვეტას უზრუნველყოფდა. სტრატაგემების ამდაგვარი მიდგომა რეალიზაციის საშუალებებსა და მეთოდებს არა საერთაშორისო ურთიერთობათა პრინციპების ან ნორმებისგან იღებდა, არამედ სამხედრო თეორიისგან, რომელიც ცივი გონებით მიდგომას გულისხმობს პრინციპით - მიზანი ამართლებს საშუალებას.


თუმცა სტრატაგემების საშუალებით ტაქტიკური დარტყმების მიყენებაც რა თქმა უნდა შესაძლებელია. ასე მაგალითად, განსაკუთრებით ცნობილია "სხვისი დანით მოკვლის" სტრატაგემა და ა.შ. სტრატაგემების რეაიზაციისთვის აუცილებელ პირობად ითვლება: "ნაბიჯების გათვლის და მათი შედეგების განჭვრეტის უნარი. მოწინააღმდეგის ფსიქოლოგიური თავისებურებების ცოდნა და სიმტკიცე სტრატაგემის განხორციელების გზაზე". ამდაგვარად სტრატაგემების შინაარსი სტრატეგიულ თუ ტაქტიკურ დონეზე შეიძლება იქნას გავრცობილი და პირდაპირ დამოკიდებულია მხედართმთავრისა თუ ზოგადად ლიდერის პიროვნულ უნარებზე თარგმნოს ამა თუ იმ სტრატაგემას არსი შესაბამის სივრცესა თუ გარემოში. პირველად უშუალოდ "36 სტრატაგემის" შესახებ ინფორმაციას "სამხრეთ დინასტია ცი–ის ისტორიაში" ვხვდებით, რომელიც 479-502 წლების პერიოდს მოიცავს. სამხრეთ ცი–ის ისტორია სიაო ცზისიანემ (489-537) შეადგინა. აღნიშნული ქრონიკა სახელმწიფო მოღვაწის ვან ცზინცზეს მმართველობას აღწერს. ბიოგრაფიის გმირი ერთ ადგილას ღვაწლმოსილი ბატონ ტანის "36 სტრატაგემას" ახსენებს.



ითვლებოდა რომ პირველად 36 სტრატაგემა ცხრილად მოცემული "ხუმინის ფილოსოფიაში" (ხუმინ ჩჟესუე) არის მოცემული, რომელიც ხუმინის საიდუმლო საზოგადოებას ეკუთვნოდა. საზოგადოება 1074 წელს შეიქმნა და მიზნად მანდარინების განდევნასა და მინის დინასტიის აღდგენას ისახავდა. მათ მიერ შედგენილი 36 სტრატაგემის სია შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დღეს ფართოდ გავრცელებული 36 სტრატაგემის გარკვეული წინაპარი. თუმცა 1941 წელს უფრო ძველი წყარო იქნა ნაპოვნი. მინის დინასტიის ბოლო პერიოდით დათარიღებული "ტრაქტატი 36 სტრატაგემის შესახებ".


36 სტრატაგემის მთლიანი სია მხოლოდ 138 ჩინური იეროგლიფისგან შედგება. თუ 138–ს გავყოფთ 36–ზე მივიღებთ მხოლოდ 4 იეროგლიფს. აღნიშნული გარემოება მეტად მცირე ენობრივ მასალას იძლევა ანალიზისთვის, თუმცა თავის მხრივ საშუალებას ტოვებს აღნიშნული სტრატაგემები სხვადასხვა გაგებით იქნას ინტერპრეტირებული. ამიტომ ინტერპრეტაცია და განმარტება აქ აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში სტრატაგემის მნიშვნელობა ბუნდოვანი დარჩება მკითხველისათვის. გამომდინარე აქედან, შევეცდები ქვემოთ მოვიყვანო თითოეული სტრატაგემა და მათი ყველაზე გავრცელებული მოკლე განმარტებები. ასევე აღსანიშნავია, რომ დღეს ჩინური სტრატაგემები აქტიურად გამოიყენება ასევე ბიზნეს სასწავლებლებსა და ბიზნეს სტრატეგიებში.


პირველი სტრატაგემა - მოატყუე ცა (იმპერატორი) რომ გადაცურო ოკეანე (უჩინარი ქუდის სტრატგემა).

სიბნელისა და ჩრდილების საფარქვეშ მოძრაობა, იზოლირებული ადგილების დაკავება, ან სცენის მიღმა დამალვა მხოლოდ ეჭვს აღძრავს. მტრის ყურადღების მოსადუნებლად იმოქმედე ღიად და დამალე შენი ჭეშმარიტი ზრახვები ყოველდღიურ საქმიანობაში.


მეორე სტრატაგემა - ალყაში მოაქციე სახელმწიფო ვეი, რომ გადაარჩინო სახელმწიფო ჩჟაო (აქილევსის ქუსლის სტრატაგემა).

მოწინააღმდეგეზე ირიბი ზეწოლის სტრატაგემა. როდესაც მოწინააღმდეგე პირდაპირი შეტევისთვის ზედმეტად ძლიერია, შეუტიე იმას რაც ძვირფასია მისთვის. იცოდე, რომ ყველაფერში უპირატესი მტერი ვერ იქნება. სადღაც მის ჯავშანში სიცარიელეა, სისუსტე რომელსაც შეგიძლია დაარტყა. შეუტია მათ ვინც ძვირფასია შენი მტრისთვის, რომ ფსიქოლოგიურად დაასუსტო იგი.


მესამე სტრატაგემა - ითხოვე ვინმეს ხელი მოსაკლავად. (მოკალი ნათხოვარი დანით. ალიბის სტრატაგემა).

შეუტიე სხვისი ძლიერების გამოყენებით (ვინაიდან არასაკმარისად ძლიერი ხარ, ან არ გინდა შენი სიძლიერე გამოაჩინო, ან უბრალოდ გინდა არ გამოჩნდე). აიძულე მოკავშირე შეუტიოს შენს მოწინააღმდეგეს. მოქრთამე რომ მოღალატედ აქციო. გამოიყენე მტრის სიძლიერე მისსავე წინააღმდეგ. მოახდინე სხვისი პროვოცირება შენი მტრის წინააღმდეგ. ამგვარად დარჩი უჩინარი.


მეოთხე სტრატაგემა - სიმშვიდეში ელოდე გადაღლილ მტერს. (გამოფიტვის სტრატაგემა).

აიძულე მოწინააღმდეგე გადაიღალოს და გახარჯოს საკუთარი ძალები. ეს არის ბრძოლის, დროისა და ადგილის შერჩევის უპირატესობის სტრატაგემა. მტრისგან განსხვავებით შენ გეცოდინება როდის და სად შედგება ბრძოლა. ხელი შეუწყე მოწინააღმდეგეს გახარჯოს მისი ენერგია უსარგებლოდ, მაშინ როცა შენ ძალებს ზოგავ. როდესაც იგი დაუძლურებული და დაბნეულია შეუტიე მთელი ძალითა და ენერგიით.


მეხუთე სტრატაგემა - გამოიყენე შანსი გაძარცვო როდესაც ირგვლივ ცეცხლია. (ამღვრეულ წყალში თევზაობის სტრატაგემა).

როდესაც სახელმწიფო ჩართულია შიდა კონფლიქტებში, როდესაც ავადმყოფობები და შიმშილი მეფობს, როდესაც კორუფცია და კრიმინალი ბატონობს, მაშინ შეუძლებელია გაუმკლავდე საგარეო საფრთხეს. ეს შიგნიდან დაუძლურებულ მოწინააღმდეგეზე თავდასხმის დროა.


მეექვსე სტრატაგემა - იხმაურე აღმოსავლეთით და შეუტიე დასავლეთით. (ცრუ მანევრის სტრატაგემა).

ბრძოლაში მოულოდნელობის ეფექტმა შეიძლება გადამწყვეტი უპირატესობა მოგცეს. პირისპირ მდგარი მოწინააღმდეგეც შეიძლება გააკვირვო შეტევის მოულოდნელი მიმართულებით. მარჯვე ფანდის გამოყენებით მოწინააღმდეგის გონებაში ცრუ მოლოდინი შექმენი და შეუტიე სულ სხვაგან.


მეშვიდე სტრატაგემა - შექმენი რაღაც არაფრისგან (მისტიფიკატორის სტრატაგემა).

მეშვიდე სტრატაგემა შეიძლება განიმარტოს რამდენიმენაირად. საჭიროა ცრუ მუქარის იმდაგვარი ინსცენირება, რომ მოწინააღმდეგემ სიცრუე შეამჩნიოს. ამის მერე მისი ყურადღება დაიკლებს და რეალური საფრთხის დროს იგი მას ვეღარ დაინახავს. ასევე, განიმარტება როგორც, რაიმეს დაჭერა ჰაერიდან. წარმოაჩინე მოგონილი როგორც სინამდვილე: დაყარე ჭორები, მოაწყვე სიცრუის კამპანიები; შექმენი არ არსებული ილუზია.


მერვე სტრატაგემა - ფარულად აღადგინე ჩენცანის გადასასვლელები (არაპირდაპირი შეტევის სტრატაგემა).

მოაჩვენე მოწინააღმდეგეს შეტევის ერთი მიმართულება, სინამდვილეში შეუტიე სხვაგან. ხშირად განმარტებულია ასევე როგორც ძალების გაყოფის სტრატაგემა. შეუტიე მოწინააღმდეგეს ერთმანეთისგან დაშორებული ტრაექტორიით. პირველი არის ძირითადი შეტევის მოჩვენებითი მიმართულება, მაშინ როდესაც მეორე მიმართულება არის უმთავრესი და მოწინააღმდეგისთვის მოულოდნელი, რაც მას აიძულებს ძალები დაყოს ქაოტურად და დამარცხდეს.


მეცხრე სტრატაგემა - უყურე ცეცხლს მდინარის მეორე სანაპიროდან (მოთმინების, ჩაურევლობის სტრატაგემა).

არ ჩაერთო ბრძოლაში სანამ ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგეები ერთმანეთს არ გამოფიტავენ. შემდეგ შეუტიე მთელი ძალით და დაამარცხე დაუძლურებული მტერი. არ ჩაერიო სხვათა კრიზისულ მოვლენებში სანამ ყველაფერი შენთვის სასიკეთოდ ან განვითარდება. არსებობს სტრატაგემის მეორე ინტერპრეტაციაც - უყურე მოჩხუბარ ვეფხვებს მთაზე მჯდომმა, რაც თავისი არსით იგივეა.


მეათე სტრატაგემა - ღიმილში დამალული დანა ("იუდას კოცნის" სტრატაგემა).

მოხიბლე მოწინააღმდეგე ტკბილი სიტყვით. როდესაც მოიპოვებ მის ნდობას, იმოქმედე ფარულად მის ზურგს უკან. შენიღბე შენი ზრახვები ღიმილით.


მეთერთმეტე სტრატაგემა - შეწირე ქლიავის ხე ატმის მოსაწევად (შეწირე ვერცხლი ოქროს გადასარჩენად).

მცირედის შეწირვა უფრო მნიშვნელოვანის გადასარჩენად. არსებობს გარემოებები როდესაც გრძელვადიანი გეგმების განსახორციელებლად მოკლევადიანი მიზნები უნდა შეწირო. ასევე განმარტებულია, როგორც სტრატაგემა რომელიც გულისხმობს სხვის გაწირვას საკუთარი თავის გადასარჩენად.


მეთორმეტე სტრატაგემა - ხელს გააყოლე ცხვარი (კაიროსის სტრატაგემა - ხელსაყრელი მომენტის ბერძნული ღმერთი).

შენს გზაზე სიარულისას იყავი მზად გამოიყენო ყველა მოულოდნელი შესაძლებლობა მოწინააღმდეგეზე უპირატესობის მისაღწევად. მუდმივი ფსიქოლოგიური მზაობა უპირატესობის მოსაპოვებლად.


მეცამეტე სტრატაგემა - ბალახზე დარტყმა გველის შესაშინებლად (პროვოცირების სტრატაგემა).

როდესაც არ შეგიძლია განსაზღვრო მოწინააღმდეგის გეგმები მოახდინე მისი პროვოცირება მცირე შეტევით და დააკვირდი მოწინააღმდეგის რეაქციებს. მოწინააღმდეგის ქმედებები დაგანახებს მის სტრატეგიას.


მეთოთხმეტე სტრატაგემა - ითხოვე გვამი სულის დასაბრუნებლად (კარგად დავიწყებული ძველის სტრატაგემა).

დაუბრუნდი დავიწყებულ ძველს. იმას, რაც კარგად დავიწყებულია და შესძინე მას ახალი მნიშვნელობა, აღჭურვე ახალი იდეებით ან ტექნოლოგიებით. მოახდინე მისი თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ინტერპრეტაცია. განაახლე მხოლოდ ფასადი ძველი ურთიერთობისა და სისტემების შესანარჩუნებლად. თანამედროვე იდეოლოგიურ დაპირისპირებაში გამოიყენე წარსულში დავიწყებული იდეები.


მეთხუთმეტე სტრატაგემა - აიძულე ვეფხვი დატოვოს ბუნაგი (იზოლაციის სტრატაგემა).

აიძულე მოწინააღმდეგე დატოვოს თავისი ბაზა. მოწყვიტე მისი სიძლიერის წყარო, ან მის მოკავშირეს რათა განმარტოვებული ადვილად დაამარცხო.


მეთექვსმეტე სტრატაგემა - იმისთვის რომ დაიჭირო, ჯერ გაუშვი (გულუხვობის სტრატაგემა).

ნება დართო მოწინააღმდეგეს, რომ გაიქცეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მას უშვებ. ზოგჯერ კუთხეში მომწვდეული მტერი ორმაგად სახიფათოა. ამიტომ მიეცი ნება გაიქცეს, რათა მორალურად დამარცხებული ადვილად დაიმორჩილო. ასევე შეიძლება განმარტებულ იქნას, როგორც გულის მოგების სტრატაგემა. გულუხვობით აიძულო დაგნებდეს მოწინააღმდეგე.


მეჩვიდმეტე სტრატაგემა - აგურის გადაგდება იასპის მისაღებად (სატყუარას სტრატაგემა).

რაიმე ნაკლებად მნიშვნელოვნის დათმობა უფრო მნიშვნელოვანის მისაღებად. ბრძოლაში მოწინააღმდეგეს შეუქმენი მოჩვენებითი სისუსტის ილუზია. აიძულე მასზე წამოეგოს რათა საბოლოოდ შენი ჩანაფიქრი განახორციელო. დათმე მცირედი უფრო დიდისთვის. განიმარტება ასევე, როგორც Argumentum ad populum - სპექტაკლი ხალხისთვის.


მეთვრამეტე სტრატაგემა - ყაჩაღების დამმარცხებლად ჯერ დაიჭირე მეთაური (თავის მოკვეთის სტრატაგემა).

მოწინააღმდეგის დამარცხება მეთაურის ლიკვიდაციის გზით. ცხვრის ფარაც საშიშია თუ მას ლომი მიუძღვება. ორგანიზმის სიძლიერის ლიკვიდირება მისი თავის გაუვნებელყოფით.


მეცხრამეტე სტრატაგემა - გამოაცალე ცეცხლს ნაფოტები. არ დაუპირისპირდე ძლიერ მოწინააღმდეგეს პირისპირ. ნელ ნელა გამოაცალე ენერგია მისი ძლიერების წყაროს.


მეოცე სტრატაგემა - წყლის ამღვრევა თევზის დასაჭერად (ქაოსის სტრატაგემა).

გამოიყენე მტრის ბანაკში შექმნილი არეულობა მიზნის მისაღწევად. არიე სიტუაცია, რომ მიაღწიო საწადელს.


ოცდამეერთე სტრატაგემა - ოქროს ციკადა ტყავს იცვლის (თავდაჯერებულობის სტრატაგემა).

ყოველთვის შეინარჩუნე დამაჯერებლობა. არ დაუშვა ეჭვის შეტანა შენი პოზიციების სიმყარეში, რათა არ მოახდინო მტრის შეტევის პროვოცირება.


ოცდამეორე სტრატაგემა - ჩაკეტე კარი ქურდის დასაჭერად (ალყის სტრატაგემა).

მცირერიცხოვანი მოწინააღმდეგე ალყაში მოაქციე და გაანადგურე. თუ მოწინააღმდეგეს გაქცევის საშუალებას მისცემ, ამით მომავალი კონფლიქტის თესლს დათესავ. ასე უნდა მოიქცე დღეს, რათა მცირერიცხოვანი ან სუსტი მოწინააღმდეგე მომავალში ვინმემ შენს წინააღმდეგ არ გამოიყენოს.


ოცდამესამე სტრატაგემა - იმეგობრე შორს მყოფთან, იომე მეზობელთან (მეზობლის სტრატაგემა).

ცნობილია, რომ მეზობელი სახელმწიფოები ერთმანეთის მიმართ ხშირად მტრულად არიან განწყობილნი, ხოლო "მეზობლის მეზობელი" ხშირად მოკავშირეა. პრინციპი - ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია.


ოცდამეოთხე სტრატაგემა - გამოიყენე დაცული გზა გოს სამეფოს დასაპყრობად.

როდესაც სუსტი ორ ძლიერ მოწინააღმდეგეს შორის არის მოქცეული, შესთავაზე მას შენი დახმარება და ამ საბაბით გაიმაგრე პოზიციები, შეიყვანე შენი ძალები მის ტერიტორიაზე დახმარების საბაბით.


ოცდამეხუთე სტრატაგემა - მოიპარე დედაბოძი და ახადე სახლს სახურავი (დეზორგანიზების სტრატაგემა).

მტრის წყობა სახლს ჰგავს. გამოაცალე საფუძვლები, რომ შეარყიო. აიძულე იგი მუდმივად იცვალოს განლაგება. აიძულე დაარღვიოს ჩვეული მოქმედების წესი და ამით მოშლი მის მდგრადობას.


ოცდამეექვსე სტრატაგემა - დაემუქრე თუთას და იგულისხმე სოფორა (გადაბრალების სტრატაგემა).

ნამდვილი დამნაშავეების დაფარვა სხვაზე გადაბრალებით. ცრუ ალიაქოთის შექმნით ყურადღების გადატანა ნამდვილი დამნაშავისგან უდანაშაულოზე. საუკეთესო თავდაცვა, თავდასხმაა. არსებობს ასევე მეორე განმარტებაც. მმართველმა შიში უნდა ჩაუნერგოს თავის ხელქვეითებს სხვაზე მაგალითებით. იგივე პრინციპს გულისხმობს ქართული გამონათქვამი - "მულო შენ გეუბნები, რძალო შენ გაიგონეო".


ოცდამეშვიდე სტრატაგემა - მოაჩვენე თავი სულელად, რომ იყო ბრძენი (ჯამბაზის სტრატაგემა).

გაიკეთე სულელის ნიღაბი, რომ დამალო შენი ზრახვები. მოაჩვენე თავი თითქოს არაფერი იცი, დაელოდე სანამ სხვები გამოააშკარავებენ თავიანთ ზრახვებს. სჯობს მოაჩვენო თავი, თითქოს არაფერი იცი და არაფრის გაკეთება არ გინდა, ვიდრე საქვეყნოდ იხმაურო და არაფერი გამოგივიდეს.


ოცდამერვე სტრატაგემა - აძვერი სახურავზე და დამალე კიბე (კომუნიკაციის სტრატაგემა).

შეიტყუე მოწინააღმდეგე მძიმე ბუნებრივ გარემოში, გადაუჭერი მომარაგების გზები. აიძულე ებრძოლოს როგორც შენ, ასევე ბუნებრივ პირობებს. არსებობს ამ სტრატაგემის მეორე ინტერპრეტაციაც, რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა. იგი განმარტავს სტრატაგემას შემდეგნაირად: ჩააყენე შენი მებრძოლები ისეთ ბუნებრივ მდგომარეობაში საიდანაც უკან დახევა წარმოუდგენელია და არსებობს მხოლოდ ორი გზა - გამარჯვება ან სიკვდილი. პირდაპირ იმეორებს დავით აღმაშენებლის ჩანაფიქრს დიდგორის ველზე.


ოცდამეცხრე სტრატაგემა - გამხმარი ხეც აყვავდება (შენიღბვის სტრატაგემა).

თუ ხეს აბრეშუმით მოვრთავთ სიცოცხლის ილუზიას შევქმნით. ეშმაკობისა და შენიღბვის გამოყენებით შექმენი ილუზია, შეაცდინე მოწინააღმდეგე. ცრუ შენიღბვა მოგეხსენებათ ფართოდ გამოიყენება სამხედრო ხელოვნებაში მოწინააღმდეგის შედომაში შესაყვანად.


ოცდამეათე სტრატაგემა - შეუცვალე სტუმარსა და მასპინძელს ადგილები.

დაამარცხე მოწინააღმდეგე მის ბანაკში შეღწევით, მოჩვენებითი დანებებით, სამშვიდობო ხელშეკრულებებით. ამ გზით შეგიძლია აღმოაჩინო მისი სისუსტეები და როდესაც მისი თავდაცვითი ინსტიქტები მოდუნდება, დაარტყი პირდაპირ სიმძიმის ცენტრს.


ოცდამეთერთმეტე სტრატაგემა - ლამაზმანის სტრატაგემა. გამოიყენე ლამაზი ქალი კაცის საცდუნებლად, ან მტრის ბანაკში დეზორგანიზების შესატანად. ასევე, თუ კი მოწინააღმდეგის არმია ძლიერია გამოიყენე ქალი მისი მეთაურის საცდუნებლად და მასზე გავლენის მოსაპოვებლად. როდესაც მეთაური მოეშვება, მოეშვება მისი არმიაც. ხშირად ქალები ეჭვიანობისა და შურის ნიადაგზე ფასდაუდებელი მოკავშირეები ხდებიან.


ოცდამეთორმეტე სტრატაგემა - ცარიელი ციხესიმაგრის სტრატაგემა.

როდესაც მოწინააღმდეგის ძალები აღმატებულია რაოდენობაში, შეუქმენი მოულოდნელი ილუზია. დააცარიელე ციხესიმაგრე თითქოს იგი ხაფანგებით სავსე იყოს. მოულოდნელი საქციელი მტერს ეჭვს გაუჩენს და მოაჩვენებს ხაფანგს იქ, სადაც ის სინამდვილეში არ არის. ამგვარად ხელს ააღებინებ შეტევაზე. იაზროვნე არასტანდარტულად.


ოცდამეცამეტე სტრატაგემა - მსტოვრის სტრატაგემა.

გამოიყენე მოწინააღმდეგის მსტოვარი ცრუ ინფორმაციის გასავრცელებლად და მოწინააღმდეგის რიგებში განხეთქილების შესატანად. ხშირად განიმარტება ასევე, როგორც გათიშე და იბატონეს სტრატაგემა. ცრუ ინფორმაციით ერთმანეთის მიმართ ეჭვი გააჩინე მტრის ბანაკში.


ოცდამეთოთხმეტე სტრატაგემა - თვითდაზიანების სტრატაგემა.

დაიზიანე საკუთარი თავი ნდობის მოსაპოვებლად. ხელოვნურად გაები მტრის ხაფანგში. მოადუნე მოწინააღმდეგის ყურადღება, რომ საფრთხედ აღარ აღგიქვას. სტრატაგემის მეორე ინტერპრეტაციის მიხედვით: მოახდინე მტერთან ინტეგრირება, თითქოს საერთო მტრისგან მიიღე დაზიანება. გახდი ცრუ მოკავშირე.


ოცდამეთხუთმეტე სტრატაგემა - სათადარიგო გეგმის სტრატაგემა.

არასდროს დაეყრდნო მხოლოდ ერთ სტრატეგიას. იქონიე რამდენიმე სათადარიგო გეგმა. იმოქმედე სხვადასხვა სტრატეგიით ერთი გეგმის ფარგლებში. თუ ერთი არ იმუშავებს, ყოველთვის გექნება ალტერნატივა.


ოცდამეთექვსმეტე სტრატაგემა - გაქცევის სტრატაგემა.

თუ სიტუაცია უიმედოა - გაიქეცი. თუ ნათელია, რომ მტერი აუცილებლად დაგამარცხებს, უკან დაიხიე, გაიქეცი. როდესაც მარცხდები სამი გამოსავალია: დანებება, კომპრომისი და გაქცევა. პირველი სრული დამარცხებაა, მეორე ნახევრად დამარცხება, მაგრამ გაქცევა ჯერ კიდევ არ ნიშნავს მარცხს, იმდენად რამდენადაც სანამ ჯერ კიდევ არ დამარცხებულხართ შანსი ყოველთვის იქნება. სტრატაგემის მეორენაირი ინტერპრეტაციაა: როდესაც მარცხი გარდაუვლად გეჩვენება არ ჩაება ბრძოლაში, შეინახე ძალები უკეთესი დროისთვის.

1
93
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
93
  
2018, 12 მაისი, 18:43
ეს სტატია ჩვენს სამხედროებს და ვითომპოლიტიკოსებს წააკითხეთ...
0 1 1