x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
თბილისს „გიკი გოგოს“ ავტორი ჰოლი სმეილი ესტუმრება

image



ერთ–ერთმა ყველაზე ცნობილმა ბრიტანელმა მწერალმა, ჰოლი სმეილმა გადაწყვიტა მკითხველისთვის ის გარემო ეჩვენებინა, რომელში ცხოვრებაც თანამედროვე თინეიჯერებს უწევთ, თანაც საკმაოდ ორიგინალური პერსპექტივიდან. მას ეკუთვნის ბესტსელერის ექვსტომეული „გიკი გოგო“, რომელიც Waterstones Children's Book Prize-ისა და Leeds Book Award-ის ჯილდოების მფლობელია და საქართველოშიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. საქართველოში „გიკი გოგოს“ პრეზენტაციას თინეიჯერთა უზარმაზარი რიგიც მოყვა წიგნის მაღაზიასთან.



„გიკი გოგო“ საკმაოდ საინტერესო და უნიკალური წიგნების სერიაა, რომელიც წინა პლანზე ისეთ პრობლემებს წამოწევს, როგორებიცაა: ბულინგი სკოლაში, საკუთარი თავის პოვნა და საზოგადოებაში თავის დამკვიდრება გარდატეხის ასაკში. მთავარი გმირი ჰერიეტი ჩვეულებრივი „გიკია“, რაც ქართულად წიგნის ჭიას, ე.წ „შკოლნიკს“ ნიშნავს. გიკთან ასოცირდება ადამიანი, რომელიც მთელ დროს მეცადინეობაში ხარჯავს და სოციალური ცხოვრებით არ გამოირჩევა. ჰერიეტს ძალიან მაღალი ინტელექტი აქვს. ის ცდილობს, დაამტკიცოს, რომ გიკობა ცუდი სულაც არ არის და ეს ფაქტი ხელს არ უშლის, რომ წარმატებებს, რაც უნდა დაუჯერებელი იყოს, მოდის სამყაროშიც კი მიაღწიოს. ავტორი ცდილობს, რომ გვიჩვენოს, თუ როგორ შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება ბოლო წლებში მოცემული პრობლემის მიმართ – „სამყაროში სიტყვა „გიკი“ მნიშვნელობას იცვლის, ის დასაცინიდან, საქებარ სიტყვად გარდაიქმნა, სწორედ ამის მიღწევა მინდოდა მეც, იყავი ის ვინც ხარ, გიკობა არაა სირცხვილი“, ამბობს ის ერთ-ერთ ინტერვიუში.



მოდის სამყარო თავად ჰოლის ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელია, რადგან ფიქრობს, რომ ჩაცმულობით შეიძლება საკუთარი თავის კარგად გამოხატვა. გარდა ამისა, მოდელობის გამოცდილებაც აქვს. ის ლონდონის სამოდელო სააგენტომ 15 წლის ასაკში აღმოაჩინა და მონაწილეობა მიიღო მრავალ ჩვენებაში, თუმცა ბრისტოლის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მიატოვა და გადაწყვიტა მწერალი გამხდარიყო.



გარდა წერისა, რაც 5 წლის ასაკიდან შეუყვარდა, ჰოლი სმეილი გიჟდება მოგზაურობაზე. ის ნამყოფია მსოფლიოს 27 ქვეყანაში და ეს ყველაფერი მის ნაწარმოებებზეც აიახება. უნდა აღინიშნოს, რომ „გიკი გოგოს“ სერიის მეორე წიგნი სწორედ იაპონიაში ვიზიტის დროს დაწერა, როდესაც ინგლისურის მასწავლებლად მუშაობდა. ეს ფაქტი ნაწარმოებებს უფრო დამაჯერებელს, მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის.




გარდა ბესტსელერის ავტორობისა და მოგზაურობის სიყვარულის, ჰოლი სმეილი აქტიური ფემინისტიცაა და თვლის, რომ ქალთა უფლებების დაცვა და პატივისცემა მნიშვნელოვანია. ბავშვობაში მფრინავობაზე ოცნებობდა, თუმცა ჰატარა ბიჭმა უთხრა, რომ ამ ოცნებას გოგოობის გამო ვერ აიხდენდა. ამ შემთხვევას მწერალი საკუთარი პოზიციების ჩამოყალიბებას უკავშირებს– „აუცილებელია მომავალმა თაობამ კარგად გაიაზროს ფემინიზმი, რადგან ამის გარეშე თანასწორობას ვერ შევქმნით.“



უნდა აღინიშნოს, რომ ჰოლი სმეილი თბილისს მაისის წიგნის ფესტივალის ფარგლებში ეწვევა და ქართველ მკითხველს მიეცემა საშუალება პირისპირ გაესაუბროს საყვარელ ავტორს. მწერალს ძალიან აინტერესებს უცხო ქვეყნების ტრადიციები და კულტურა, შესაბამისად გარდა ფანებთან შეხვედრისა, დაათვალიერებს თბილისის ღირსშესანიშნაობებს და გაიცნობს ქალაქის ისტორიას.














0
23
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0