x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ავთანდილისა და ტარიელის შედარებითი დახასიათება
ტარიელი “ვეფხისტყაოსნის’’ ერთ-ერთი მთავარი და გამორჩეული პერსონაჟი, წარმოშობით ინდოელია. იგი ერთ-ერთი მთავრის, სარიდანის ვაჟიშვილია, ხოლო როდესაც ფარსადანმა მთელი ინდოეთის სამეფო გააერთიანა, ტარიელი გახდა მისი შვილობილიც და ინდოეთის ამირბარიც(ფლოტის უფროსი), მეტად წარჩინებული პიროვნება.

image

“ერთი სამეფო საკარგვად უბოძა ამირბარობა, თვით ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირ-სპასალარობა.’’

მეორე მთავარ და გამოკვეთილ გმირად ავტორი ავთანდილს წარმოგვიდგენს, რომელიც “ვეფხისტყაოსნის’’ თითქმის ყველა მონაკვეთში გვხდება და ზოგჯერ მთხრობელადაც კი გვევლინება. ავთანდილს ტარიელზე არანაკლებ დიდი თანამდებობა ეკავა არაბეთის სამეფო კარზე. იგი იყო არაბი სპასპეტი(სარდალი) დიდი ამირსპასალარის(მთავარსარდალი) ძე. “ავთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამისსპასალარისა“.


ტარიელის, იდუმალი და მწუხარე შუქით მოსილი, ზღაპრული მშვენების პირი-სახე თავიდანვე იპყრობს და იტაცებს მკითხველს. მის სილამაზეს, მშვენიერებასა და უნაკლოებას ავტორი ხშირად გვახსენებს.როგორც შოთა აღგვიწერს ტარიელს სახე უგავდა მზეს, ტანი - საროს, წამწამთა ჰერი - გიშერს, ტუჩები - ლალს, მკლავი კი ლომივით ძლიერი ჰქონდა. ტარიელის მშვენებით მონუსხული ხატაელები ავთანდილს უამბობენ

“ თავსა და ტანსა ემოსა გარეთ-თმა ვეფხისტყავისა,

ჯერთ მისი მსგავსი მშვენება კაცთაგან არვის უნახავს’’

ხოლო თავად ტარიელი თავისავე სილამაზეს ასე აღწერს:

“ მზესა მე ვსჯობი შვენებით, ვით ბინდსა ჟამი დილისა,

იტყოდეს ჩემი მნახავნი მსგავსია ედემ ზრდილისა’’

ავთანდილი არც გარეგნობით ჩამორჩებოდა ძმობილ ტარიელს და მისი ხილვით გაოცებულთა დაბნედის მრავალი მაგალითი მოგვეპოვება “ვეფხისტყაოსანში’’ სხვადასხვა სცენის სახით. თავდაპირველად მის სილამაზეს ტარიელი უსვამს ხაზს, როდესაც ისინი პირველად გამოქვაბულში ხვდებიან ერთმანეთს.

“აწ ვაშად მოხვე, მეამა ნახვა შენისა პირისა!

ტანად სარო და პირად მზე, მამაცად მსგავსი გმირისა’’

ავთანდილი მნახველებზე მომაჯადოვებელ შთაბეჭდილებას ტოვებს მაშინაც, როცა იგი ფრიდონთან მივიდა, ავთანდილის სილამაზით განცვიფრებულმა მონადირეებმა კი

“ალყა დაშალეს, მოვიდეს, მოეხვეოდეს ბნდებოდეს

იქით და აქათ უვლიდეს, ზოგნი უკანა ჰყვებოდეს”

როგორც ჩანს, შემოქმედს ტარიელისთვის მხოლოდ შესაშური გარეგნობა და მაღალი თანამდებობა როდი უბოძებია. იგი შემკული იყო ისეთი დიადი თვისებებით, როგორიცაა ერთგულება, პატიოსნება, გულუხვობა, მამაცობა, გამჭრიახობა და რაც მთავარია უებრო სიყვარულის ნიჭი, უნარი - შეეყვარებინა სატრფო მთელი გულითა და სულით. იგი ხშირად სენტიმეტალურია და თავისი გრძნობებისა და სულიერი მდგომარეობის გამოსახატავად არ სრცხვენია ტირილი და დაბნედა.

“ასრე წვა რომე არ ჰგვანდა მკვდარი სამარის კარისა’’

ავთანდილის გამორჩეული თვისებებიც ისეთივე თვალში საცემი და უსაზღვროა, როგორც ტარიელის შემთხვევაში.

ავთანდილი მხოლოდ ანდერძის ეპიზოდითაც, რომ შევაფასოთ მაშინაც კარგად გამოიკვეთება უებრო თვისებები: მეგობრულობა, სიმამაცე, გულადობა, რიდი და პატივისცემა, გონივრულობა და სხვა. იგი ანდერძში როსტევანს უწერს, რომ "კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა, მოყვარულსა", რაც მის ერთგულებასა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

მისი რიდი და პატივისცემა კი ტარიელის საძებრად გაპარვისას როსტევანის პატიებისა და შენდობის თხოვნაში გამოიხატა.

“შემინდევ და წამატანე მოწყალება ღმრთაებრისად’’

ავთანდილი გამორჩეული მონადირეც იყო. ამას როსტევანისა და ავთანდილის ნადირობის შედეგი გვიდასტურებს

“ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ათჯერ ოცია

მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია’’

არც ტარიელი იყო ნაკლები და გამოუცდელი მონადირე. იგი ბევრჯერ გვინახავს ლომისა და ვეცხვის სისხლით გასვრილი ხმლით ხელში.

“ხმალი გავსტყორცნე, გარდვიჭერ, ვეფხვი შევიპყარ ხელითა.

ტარიელი გამოირჩეოდა ტიტანური ძალითა და სამხედრო ხელოვნებისა და უნარების ფლობით, რომელსაც პრაქტიკაშიც იყენებდა, ეს ყოველივე კარგად ჩანს ქაჯეთის ციხის აღების სცენაში.

“გავიყოთ კაცი ას-ასი, რა ღამე ჩნდეს ნათენები

სამთავე სამგნით მივჰმართოთ, ფიცხლა დავსხლიტოთ ცხენები’’

იგი არ უშინდებოდა არც ფიცხელ ბრძოლას, რადგან მისი ქმედების მოტივი სატრფოს განთავისუფლება იყო. ქალის, რომლის გულთვისაც ყველაფერი მიატოვა და თავსაც კი გაწირავდა. მის თავგამეტებას მისი ბრძოლის სცენა აღწერს.

“კაცსა უკრავად დაბნედის ხმა ტარიელის ხაფისა

აბჯარსა ფრეწდის, გაცუდდა სიმაგრე ჯავშან ქაფისა’’

ვერც ავთანდილს დავუწუნებთ სიმამაცესა და ბრძოლაში თავის გამოჩენას. ამის დასტურად მეკობრეებთან შებრძოლება და უთანასწორო ბრძოლაში გამარჯვების მოპოვებაც კმარა.

“მათ ლაშქართა გულ-უშიშრად ასრე ხოცდა, ვითა თხასა

ზოგი ნავსა შეანარცხის, ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა’’

ტარიელი მხოლოდ თავის თავსა და სატრფოს ბედნიერებასა და კარგად ყოფნაზე როდი ზრუნავს. მას აღელვებს სამშობლოს ბედი და გრძნობს პასუხისმგებლობას მის წინაშე. ხატაელების წინააღმდეგ გადახდილი დიდის ომიც, ხომ სამშობლოს სამსახურს ისახავდა მიზნად.

ხოლო მისი უებრო მეგობრობა, ფრიდონისთვის დახმარების გაწევით, ვერაგი ბიძაშვილების დამორჩილებაში აშკარად გამოიკვეთა.

“ ფიცხლა ზედა შევეჯახე, მათ დაიწყეს ამოდ ცურვა

ქუსლი ვკარ და დავუქცივე, დაიზახეს დიაცურ ვარ’’

არც ამ შემთხვევაში გვხვდება ავთანდილი დაკნინებული. როგორც ტარიელს უყვარს ნესტანი, ისე და შეიძლება უფრო მეტად უყვარს ავთანდილს თინათინი. მათ შორის დიდი რიდი და ურთიერთპატივისცემა ადვილი შესამჩნევია.

“ რა მიჰლულნის სიახლოვე საყვარლისა ეოცების

შეკრთის, დიდნი დაიზახის, მით პატიჟი ეოცების''.

ავტორი ორივეს ისე წარმოგვიდგენს თითქოს თანაბარი ზომით იყოს მათში ცუდი და კარგი შეთავსებული.

თუ ტარიელმა, სიყვარულისგან დაბნედილმა დაარღვია რაინდის ეტიკეტი და მუხთლად მოკლა ხვარამზის შაჰი

“კარავსა შევე, იგი ყმა ვითა წვა ზარმაც თქმად ენით

უსისხლოდ მოვკალ იგი, გლახ თუმც სმა და სისხლთა დადენით’’

ასევე მუხთლად მოკლა ავთანდილმა ფატმანის საყვარელი

“ვეღარ აესწრა, იდუმალ მოკლა თუ, ვერცა ვცანითა

ხელი მოჰკიდა, მიწასა დაასკვნა, დაკლა დანითა’’

თუმცა ამით არცერთის ვაჟკაცობა არ კნინდება, რადგან მათი ქმედება დიდ სიყვარულს ემსახურებოდა.

“ვეფხისტყაოსნის’’ ავტორი შოთა რუსთაველი ძველი ელინელივით შესტრფის ადამიანის გარეგნულ მოხდენილობას.მისი თვალსაზრისით, ადამინს სულიერი და ფიზიკური მხარე თანაბრად უნდა ჰქონდეს განვითარებული.ძველი ბერძნები კოჭლად სთვლიდნენ იმას, ვისი სულიერი და ფიზიკური სილამაზეც ჰარმონიულად არ იყო შეზავებული. არც რუსთაველი უშვებს ამ მხრივ გამონაკლისს, დისჰარმონიას. რუსთაველის გმირები, სულიერი სამყაროს სიმდიდრესთან ერთად, გარეგნული მშვენიერებითაც იპყრობენ მკითხველის ყურადღებას.

0
4465
1-ს მოსწონს
ავტორი:ნუგზარ გოგბერაშვილი
ნუგზარ გოგბერაშვილი
4465
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0