x
image
ირაკლი შავიძე
ყველაზე უჩვეულო არქეოლოგიური აღმოჩენები
წარმოგიდგენთ ყველაზე მოულოდნელ ადგილას გაკეთებულ არქეოლოგიურ აღმოჩენებს


ცერემონიული ურნა ღვიძლისათვის

image
ბრიტანულმა ოჯახმა გარდაცვლილი ბიძისაგან მიიღო მემკვიდრეობა, მათ შორის ძველი თიხის ნივთი. 20 წლის მანძილზე ის ბაღში იდგა, სანამ ერთ დღესაც ვიღაცამ ყურადღება არ მიაქცია, რომ მისი ზედა ნაწილი კაფსულის ფორმისა იყო და ეგვიპტურ სახეს ჰგავდა.მფლობელებმა ქოთანი ექსპერტს აჩვენეს. მათ გასაოცრად უბრალო ქოთანი 3000 წლის ეგვიპტური არტეფაქტი გამოდგა, მასზე გამოკვეთილი სახე კი ღვთაება ამსეტის ეკუთვნოდა, ჰორის შვილს, რომელიც იცავდა გარდაცვლილის ღვიძლს. 33 სანტიმეტრიანი თასი სინამდვილეში რიტუალური ურნა აღმოჩნდა, რომელშიც მუმიის შინაგან ორგანოებს ინახავდნენ. თითოეულ გარდაცვლილს რამდენიმე ასეთი ურნა ჰქონდა, კონკრეტული ორგანოებისათვის. უცნობია, როგორ აღმოჩნდა ასეთი იშვიათი და ძველი რელიქვია უბრალო ადამიანების ხელში, რომელთაც მის მნიშვნელობაზე წარმოდგენაც არ ჰქონდათ.


იანუსის თასი


image
პატარა ბრიტანული ქალაქის მცხოვრებმა ჯონ ვებერმა ბაბუისგან მემკვიდრეობით მიიღო თასი. ბაბუამისი ჯართით ვაჭრობდა და ხშირად მის ხელში ბრინჯაოს და თითბერის ნივთებიც აღმოჩნდებოდა ხოლმე, ამიტომაც ახალ მფლობელს ეს თასი წლების მანძილზე საწოლქვეშ ჰქონდა მიგდებული, რადგან უსარგებლო ეგონა და თან გადაგდებაც ენანებოდა. უკვე ხანდაზმული, 70 წლის ჯონ ვებერი ახალ ბინაში გადასვლისას შემთხვევით ისევ წააწყდა ბაბუამისის თასს და რატომღაც გადაწყვიტა სპეციალისტისთვის ეჩვენებინა. ექსპერტებმა განაცხადეს რომ მსგავსი არაფერი ენახათ: თასზე გამოსახული იყო ორსახოვანი რომაული ღმერთი იანუსი, შუბლზე გველის თავსაბნევით, ლაბორატორიული ანალიზით კი თასის ასაკიც დაადგინეს: IV-III საუკუნეები ჩვენს ერამდე. იღბლიანმა პატრონმა ნაპოვნი 100 000 დოლარად გაყიდა.


რელიქვია პიცერიიდან

image
სოტბის აუქციონზე მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა უჩვეულო კვარცხლბეკი, რომელიც კაფე „Ask Pizzeria“ -ში აღმოაჩინეს. ვიღაცამ შემთხვევით ყურადღება მიაქცია ლამაზ ნივთს, სურათი გადაუღო და სოტბის ექსპერტს მარიო ტაველას უჩვენა. აღმოჩნდა, რომ კვარცხლბეკი XVII საუკუნეში იყო დამზადებული და გადმოცემით მსგავს ნივთებს პაპი კლემენტ IX თავის მეგობრებს საჩუქრად გადასცემდა. იგი მეორე მსოფლიო ომის დროს დაიკარგა და კოლექციონერებს მისი პოვნის იმედი აღარც ჰქონდათ


მომღერალი თასი

image
2007 წელს ნიუ-იორკში, ძველმანების ბაზრობაზე, ოჯახურმა წყვილმა ყურადღება მიაქცია თეთრ თასს, რომელიც 3 დოლარად იყიდებოდა. ამის შემდეგ ეს თასი რამდენიმე წელი მათ მისაღებ ოთახში იდო. ერთხელაც ისინი დაინტერესდნენ, რა ასაკისა იყო კერამიკა და სად იყო ის დამზადებული. ანალიზის პასუხმა ისინი გააოგნა: ერთი შეხედვით უბრალო, 12 სანტიმეტრიანი თასი ათასწლოვანი ჩინური არტეფაქტი აღმოჩნდა, რომელიც სუნის დინასტიის ეპოქას განეკუთვნებოდა, თასი 300 000 დოლარად შეფასდა, თუმცა ოჯახმა აუქციონზე გაიტანა და მასში 2, 2 მილიონი აიღო.


„მძინარე ქალი“

image
უნგრელი ხელოვნებათმცოდნე გერჯელი ბარკი შვილთან ერთად უყურებდა ფილმს „სტიუარტ ლიტლი“, როცა ერთ სცენაში შენიშნა რობერტ ბერენის ნახატი „მძინარე ქალი შავი ვაზით“, რომელიც 1928 წლის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა. ბარკიმ გაარკვია, რომ 90-იან წლებში ერთმა კოლექციონერმა სურათი 40 დოლარად შეიძინა, რომლისგანაც ჰოლივუდელმა დიზაინერმა იყიდა 500 დოლარად და ოთახში ეკიდა, როგორც ინტერიერის ნაწილი. დღეს სურათი 120 000 დოლარადაა შეფასებული.


პეტრის ქოთანი

image
გასული საუკუნის 50-იან წლებში ერთ ტაქსისტს მგზავრმა ფულის მაგივრად დაუტოვა პატარა ქოთანი. ქოთანზე მიკრული იყო ქაღალდი, რომელზეც ტაქსისტმა ამოიკითხა : „ლიბიური კერამიკა“, 3000 წელი ჩვენს ერამდე, ნაპოვნია ფლინდერსონ პეტრის მიერ 1894-95 წლებში, თუმცა მან ამას ყურადღება არ მიაქცია. 2014 წელს ტაქსისტის შვილიშვილმა გაი ფანელმა ავტოფარეხის დალაგებისას ქოთანი იპოვა და წარწერის წაკითხვისთანავე ლონდონში პეტრის მუზეუმს დაუკავშირდა. ეს ქოთანი უიშვიათესი ეგვიპტური ნივთი აღმოჩნდა, თქვენ წარმოიდგინეთ, მასზე მიკრული ქაღალდსაც კი დღეს ისტორიული ღირებულება აქვს. ტაქსის მგზავრი კი სავარაუდოდ ჯოზეფ მილნი იყო, ოქსფორდის მუზეუმის კურატორი, ასეთი ეჭვი კი იმიტომ გაჩნდა, რომ იმავე სამარხიდან ამოღებული კიდევ ერთი ქოთანი მილნის სხვა ტაქსისტისთვისაც უჩუქებია.


რომაული მორტარიუმი

image
რეი ტეილორმა ალჩესტერიდან თავის ბაღში მიწაში კერამიკის ბრტყელი თასი იპოვნა და დაასკვნა რომ ჩიტების საკვებისათვის გამოადგებოდა. თასს ჩიტები რამდენიმე წელი იყენებდნენ, სანამ ერთ დღეს რეი ტეილორის შვილმა არ აღმოაჩინა, რომ თასზე იმის მსგავსი ორნამენტები იყო, რაც რომაული ნივთების გამოფენაზე ნახა. ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ეს იყო II-III საუკუნეების რომაული მორტარიუმი, ნივთი, რომელზეც მცენარეებს და სუნელებს ნაყავდნენ. სხვა მსგავსი ნივთებისგან განსხვავებით ეს მორტარიუმი ძალიან კარგად იყო შენახული. რეი ტეილორმა ნაპოვნი ვერვირკშირის მუზეუმს გადასცა საჩუქრად.


ლესტერის ქვა

image
ლესტერის ბაზრობაზე ერთმა მყიდველმა მოჩუქურთმებული ქვა შენიშნა. არქეოლოგი და ტელეწამყვანი ჯეიმს ბალმე ენდო ინტუიციას და იყიდა ეს ქვა. ქვის გაწმენდისა და დამუშავების შემდეგ ის მიხვდა, რომ ინტუიციამ არ უღალატა: ქვაზე ერთ მხარეს უძველესი წარწერა აღმოჩნდა, სავარაუდოდ ის რაღაც უძველესი ნაგებობის კუთხის ნაწილს შეადგენდა, V-XI საუკუნეებს შორის, თუმცა უფრო დაწვრილებით ვერაფრის დადგენა ვერ მოხერხდა.


დევონის მთვარის ქვა

image
1950 წელს ერთმა ოჯახმა სასექსში შრი-ლანკელი ფერმერისგან სახლი შეიძინა. იქ მათ აღმოაჩინეს 1, 5 მეტრამდე დამუშავებული ქვა ზედ სპილოების, ფრინველების, ლომების, ცხენების და ხარების გამოსახულებით. ოჯახი საცხოვრებელ ადგილს ხშირად იცვლიდა და ეს ქვა მუდამ თან დაჰქონდათ და ყოველთვის სადმე ახალი სახლის ბაღში დადგამდნენ ხოლმე, ისე, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდათ ეს რა ქვა იყო. როდესაც მათი გოგონა გაიზარდა, ერთხელ მის სტუმრებს შორის აღმოჩნდა ერთი ცნობილი აუქციონერი. გაირკვა რომ ბაღის გასალამაზებელი ქვა სინამდვილეში ცეილონური მთვარის ქვა - სანდაკადა პაჰანა ყოფილა. თუმცა ამ ქვის ნამდვილობაზე სერიოზული ეჭვები გაჩნდა: ასეთი ქვის შრი-ლანკის საზღვრებს გარეთ პოვნა წარმოუდგენელია, ქვეყნიდან მისი გატანის დადასტურებული ცნობა კი არ არსებობდა, ამიტომ ეს ქვა „მხოლოდ“ 47 500 დოლარად შეფასდა.


ბლენჰეიმის სარკოფაგი

image
2016 წელს ანტიკვარიატის ექსპერტი სეირნობდა ბლენჰეიმის სასახლეში, როცა ყურადღება მიაქცია უჩვეულო ყვავილების ქოთანს, ის დააკვირდა მასზე გამოსახული ადამიანების ფიგურებს და დიონისე, ჰერკულესი და არიადნე ამოიცნო. გაირკვა, რომ ეს საყვავილე თავის დროზე სარკოფაგი იყო, რომლისგანაც დროთა განმავლობაში მარტო ერთი კედელიღა დარჩა. სამწუხაროდ უცნობია, ვინ და ვისთვის დაამზადა ეს სარკოფაგი, თუმცა დადგენილია შექმნის სავარაუდო თარიღი - მისი ასაკი 1700 წელია. ექსპერტებმა რომაული სარკოფაგი 121 000 დოლარად შეაფასეს. რესტავრირებული „საყვავილე“ დღეს ჰერცოგ მალბოროს სასახლეს ამშვენებს

0
244
3-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლი შავიძე
ირაკლი შავიძე
244
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0