x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134336
  • ვიდეო:352417
  • სურათი:508417
იაკობ გოგებაშვილის შთამომავლის სამწერლო დებიუტი - ციკო ინაურის ”ასოციალური თევზი”
image


გოგოები, რომლებიც სამყაროს დამარცხებას ცდილობენ - ასე იწყება წინათქმა რომანისა, რომლის ავტორიც იაკობ გოგებაშვილის დის, ეფემია გოგებაშვილის შვილთაშვილი, ციკო ინაურია. ციკო პირველია იაკობ გოგებაშვილის შთამომავლობიდან, რომელიც ქართულ ლიტერატურულ სივრცეში გამოჩნდა და თან მეტად საინტერესო რომანით ”ასოციალური თევზი”.

ეს ეგეოსის ზღვის სურნელით გაჟღენთილი რომანი სამი გოგოს, სამი განუყრელი მეგობრის ფიქრებსა და ოცნებებზე, სოციალური ნორმების მიმართ პროტესტზე, სიყვარულზე, ამბოხსა და შეგრძნებებზეა; იმაზე, თუ როგორ იზრდებიან გოგოები თბილისში, როგორ ყალიბდება მათი შინაგანი „მე."ისინი პირობას დებენ, რომ არასდროს შექმნიან ოჯახს და არავის, არასდროს შეიყვარებენ ისე, რომ საკუთარ პრინციპებს უღალატონ. თუმცა... სიყვარული მოდის, მოდის თავისი სიმძაფრითა და ცრემლით. მთავარი გმირები მკითხველს თავბრუდამხვევი და სიგიჟეებით სავსე თავგადასავლისკენ უხმობენ.

თავად ავტორი კი წიგნს შემდეგნაირად ახასიათებს: ”ჩემი აზრით, წიგნი მთლიანად ემოციის ნაწილია, რომელიც წერის პერიოდში მმართავდა. მინდა, რომ ის სტიმულისა და იმედის მიმცემი აღმოჩნდეს იმ ქალებისთვის, რომლებიც ძალადობის მსხვერპლები, ვინმეზე ფინანსურად მიჯაჭვულნი თუ შეშინებულები არიან. თუ ერთი გოგო მაინც, რომელიც ამ წიგნს წაიკითხავს, გადაწყვეტს, რომ უარი თქვას ძალადობაზე და თავისუფლებისკენ სვლა დაიწყოს, როგორც წიგნის პერსონაჟები იქცევიან, ვიტყვი და ვფიქრებ, რომ ამ რომანის დაწერას აზრი ჰქონდა. ძალიან ბევრს ვმუშაობ და ვერ ვახერხებ, რომ სოციალურად ისეთი აქტიური ვიყო, როგორც სხვა გოგოები, რომლებიც ქალების და, ზოგადად, ადამიანების უფლებებისთვის დაუღალავად იბრძვიან. ამიტომ მინდა, ჩემმა წიგნმა ამ ადამიანებზე ის პოზიტიური გავლენა მოახდინოს, რასაც მთელი გულით ველი. აგრესიის, სიძულვილის, მითითების და ძალადობის გარეშე. მინდა, რომ გოგოებს, რომლებიც ჩემსავით გაიზარდნენ, ახსოვდეთ, როგორები ვიყავით ბავშვობაში, როგორ გავხდით დიდები და როგორებად შეგვიძლია დავრჩეთ, თუ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას შევინარჩუნებთ.”



image


ციკო ინაურმა წერა ბავშვობაში დაიწყო. მუდმივად წერდა დღიურებსა და ლექსებს, შემდეგ მოთხრობებსაც, თუმცა არასდროს გამოუქვეყნებია. როგორც ავტორი აღნიშნავს, „ასოციალურ თევზამდე“ არ უფიქრია, რომ მისი მოთხრობა, ან პოეზია გასასაჯაროებლად მზად იყო. მანამდე ერთი რომანიც დაწერა, რომელიც წაშალა. ”ასოციალური თევზის” დაწერის შემდეგ კი გადაწყვიტა მისი გამოცემა გამომცემლობა ”პალიტრა L-ისთვის” შეეთავაზებინა.

როგორც ”პალიტრა L-ის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნათია ზაქრაძე განმარტავს, რომანი მათთვის საინტერესო აღმოჩნდა, რადგან თანამედროვე საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებსა და პრობლემებს ეხება.

”ეს არის სამი თბილისელი გოგონას ამბავი, მათი ცხოვრება იმ პრობლემებით, რომლებსაც დღეს ჩვენ ვაწყდებით. ნაწარმოებში აღწერილია, თუ როგორ იზრდებიან ისინი ჩვენთვის ახლობელ გარემოში, როგორ ყალიბდებიან, უშვებენ შეცდომებს, როგორ იბრძვიან საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის და ცდილობენ, საინტერესო, თავგადასავლებით სავსე ცხოვრება ჰქონდეთ. ისინი მძაფრი ემოციებით დატვირთული ცხოვრებისკენ მიისწრაფიან და სწორედ ამიტომ, ნაწარმოები საოცარი ჟინის მატარებელია. „ასოციალური თევზი“ მარტივად წასაკითხი პოსტმოდერნისტული ტექსტია, რომელიც თითქოს მართლაც ზღვის სურნელით გაჟღენთილი და მისი ენერიგიითაა ინსპირირებული. რაც მთავარია, სავსეა გულწრფელობით, რომელიც, ნამდვილად დააფიქრებს თანამედროვე მკითხველს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სრულიად არ დაეთანხმოს მთავარი პერსონაჟების შეხედულებებს.“- განმარტავს ნათია ზაქრაძე.

ციკო ინაური ახალ რომანზეც მუშაობს, თუმცა ამბობს, რომ ჯერ არ იცის, როგორ დამთავრდება.

”თუ მომეწონება და მივხვდები, რომ ვინმესთვის მნიშვნელოვანი და საჭირო იქნება, აუცილებლად ვეცდები მის გამოცემას. ზოგადად ვფიქრობ, რომ ყველა ახალი წიგნი ვინმეს უნდა სჭირდებოდეს და გამოადგეს. უბრალოდ ისტორიების მოყოლა და ლამაზად წერა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ თავს უფლება მისცე, შენი ნაწერი წიგნად აქციო. ეს დიდი და, ამავდროულად, საშიში პასუხისმგებლობაა. ამიტომ, უნდა დაველოდო და ვნახო, რა გავლენას მოახდენს მკითხველზე ”ასოციალური თევზი“. მხოლოდ მერე ვიფიქრებ ახალი რომანის გამოცემაზე, ” - განმარტავს ციკო ინაური.


image


26 წლის ციკო ინაური პროფესიით კინომცოდნეა. 18 წლიდან 5 წლის განმავლობაში რადიო ”უცნობში” მუშაობდა მუსიკალური წამყვანის პოზიციაზე და ჰქონდა ორი პერსონალური რუბრიკა „კინო რადიოში“ და „მოგზაურობა“. მოგვიანებით სამუშაოდ გადავიდა Georgia Today Group-ში, სადაც რადიოქალაქის არტმენეჯერი იყო და ჰქონდა გადაცემა ბიზნესზე „სოციოჰოლიკი“. ასევე, იყო Georgia Today Group- ის ფროდაქშენის პროდიუსერი და ჟურნალ ”ფოკუსის” ავტორი, რომელშიც კინოსა და სოციალურ პრობლემებზე წერდა. 2015 წელს მუშაობა დაიწყო კომპანია adjaranet-ში, სადაც ფილმებს ახმოვამებს და კინო რეცენზიებს წერს. ასევე, 2015 წელს საქართველოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში თეა ქამუშაძესთან ერთად შეადგინა სილაბუსი საქართველოში მცხოვრები არაქართველენოვანი სტუდენტებისთვის, რომლითაც უკვე ერთი წელია სტუდენტები ქართულს შეისწავლიან.


0
47
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0