x
მეტი
  • 20.08.2018
  • სტატია:79593
  • ვიდეო:332314
  • სურათი:436826
დედოფლისწყაროს იმ სოფლებში სადაც გაზი არასოდეს ყოფილა მაგისტრალის მშენებლობისთვის 11 მილიონი ლარი გამოიყო

image

.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილ სოფლებში ცისფერი ალის შეყვანის პერსპექტივა კიდევ უფრო რეალური გახდა. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 4 აპრილს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერი ხაზს უსვამს, რომ პრობლემას 40 მილიონამდე ლარი მოხმარდება.
.
ბოლო წლებში დედოფლისწყაროს ხელისუფლება აქტიურად საუბრობდა იმაზე, რომ გაზს ისეთ სოფლებში შეიყვანდნენ, სადაც აქამდე არასოდეს ყოფილა. ახალი ხელისუფლების ერთერთი მთავარი დაპირება სწორედ ასეთი სოფლების გაზიფიცირება იყო. დედოფლისწყაროსთვის ეს საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მუნიციპალიტეტს საკუთარი ტყის რესურსი არ აქვს და მოსახლეობისთვის შეშით მომარაგების საკითხი დამატებით პრობლემებთანაა დაკავშირებული და მისი თვითღირებულებაც შორი მანძილის გამო იზრდება.
.
ბოლო ხანს დედოფლისწყაროს მერიაში ამბობდნენ, რომ ქედების ზონის სოფლების გაზიფიცირების პროექტი უკვე შესყიდულია და ყველა დეტალი გათვლილია. მის განსახორციელებლად კი მხოლოდ ფინანსური რესურსის გამოძებნა იყო საჭირო. სამუშაოების დაწყების თარიღიც დაფინანსების წყაროზე იყო დამოკიდებული.
.
საქართველოში ბუნებრივი აირი დამატებით 17 517 ოჯახს მიეწოდება, - გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს მთავრობა კიდევ 19 მუნიციპალიტეტის 80 სოფელსა და 1 ქალაქში განახორციელებს.
.
მასშტაბური სამუშაოები, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 39, 5 მლნ ლარით დაფინანსდება, განხორციელდება დედოფლისწყაროს, ქობულეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, თერჯოლის, წყალტუბოს, ლაგოდეხის, დუშეთის, მცხეთის, სენაკის, ბოლნისის, გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, გარდაბნის, ზუგდიდის და ხობის მუნიციპალიტეტების არაერთ სოფელში, ასევე - ქალაქ მარტვილში, გაზიფიცირების გარეშე დარჩენილ უბნებში.
.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, 2013-2017 წლებში 80 ათას ახალ ოჯახს მიეწოდა ბუნებრივი აირი მთავრობის მიერ განხორციელებული გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად; ახალი სამუშაოები კი დამატებით 17 517 ოჯახის გაზიფიცირებას ითვალისწინებს, რაც, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების კუთხით, ძალიან მნიშნელოვანია.
.
დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ამბობს, რომ პრემიერი მხოლოდ ქედების ზონის გაზიფიცირების პროექტს არ გულისხმობდა და ეს დედოფლისწყაროს ყველა სოფელს ეხება, სადაც გაზი ჯერ კიდევ არ არის. დამატებით დეტალებს მერია მას შემდეგ შეიტყობს, რაც პრემიერის აპარატი მერიას შესაბამის დოკუმენტაციას მიაწვდის.
.
სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი გაზეთ „შირაქთან“ საუბრისას ამბობს, რომ ამ სოფლების გაზიფიცირების საკითხი მისი ერთერთი მთავარი საარჩევნო დაპირება იყო, ამიტომ მოხარულია, რომ საკითხი გადაწყდა. შიოლაშვილის მტკიცებით, პროექტი მოიცავს სოფლებს: ზემო ქედს, არხილოსკალოს, ქვემო ქედს, სამთაწყაროს, ფიროსმანს, საბათლოს, თავწყაროს, ჭოეთს. მილს შეიყვანენ ასევე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალშიც, რომელიც დედოფლისწყაროში, ელდრის საძოვრებზეა გაშენებული.
.
ირაკლი შიოლაშვილი: „ჩემი ერთერთი მთავარი დაპირება იყო გაზიფიცირების პრობლემის მოგვარება და მიხარია, რომ ისეთ სოფლებში მივიყვანთ გაზს, სადაც აქამდე არასოდეს ყოფილა. ბევრი ვიბრძოლე საიმისოდ, რომ დროულად გადაჭრილიყო ეს პრობლემა. გამოყოფილი 40 მილიონიდან 11 მლნ ლარი დედოფლისწყაროში განსახორციელებელ სამუშაოებს მოხმარდება. ჯერ კიდევ გუბერნატორად მუშაობის პერიოდში მოვამზადე ერთობლივი პროექტი, რომელიც ყველა სოფლის დაპროექტებას ისახავდა მიზნად. ასე რომ პროექტი უკვე არსებობს და მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები წელსვე უნდა დაიწყოს. ხელისუფლება მოახდენს ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობას და მილის ყველა სოფელში მიყვანას. გასულ წლებში ასეთი სამუშაოები გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ აწარმოა, ამჯერად ვინ გაიყვანს მაგისტრალურ მილს, ჯერჯერობით ჩემთვის ცნობილი არ არის. მაგრამ ერთი შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ მილს სახელმწიფო ყველგან მიიყვანს, შემდეგ კომპანია „სოკარს“ გადასცემს და უკვე „სოკარი“ უზრუნველყოფს მის დაქსელვას და აბონენტებამდე მიყვანას. ასეთი პრაქტიკა არსებობდა გასულ წლებში და სავარაუდოდ, ახლაც ამ სქემით მოხდება პროექტის განხორციელება. კიონკრეტულად როდის დასრულდება ეს პროექტი, ან სავარაუდოდ, როდის მივა ბუნებრივი აირი ამ სოფლების ოჯახებამდე, ჯერ ამის თქმა ნაადრევია. სულ მალე გვეცოდინება დეტალები, მივიღებთ შესაბამის დოკუმენტაციას და სიამოვნებით ვისაუბრებთ ვრცლად. მედიასაშუალებების დახმარებით ვეცდებით ოპერატიულად ვაცნობოთ დაინტერესებულ მოსახლეობას ამ სამუშაოების ირგვლივ დამატებითი დეტალები“
0
138
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0