x
ჩვენი ტკივილი - ქუჩის ბავშვები
image

სახლიდან უნივერსიტეტამდე გზად ყოველდღიურად მეტროში ათობით დახმარების სათხოვნელად ხელგამოწვდილ ბავშვს ვხედავ, რომლებიც განსხვავებული ტექსტებით ცდილობენ ადამიანებში სიბრალულის გრძნობა გამოიწვიონ, რათა მათგან ფულადი დახმარება მიიღონ. საზოგადოების დამოკიდებულება მათ მიმართ სხვადასხვანაირია; ზოგი ფულადი დახმარებით პასუხისმგებლობას იცილებს თავიდან და მიაჩნია, რომ თავისი საქციელით ვალი მოიხადეს მათ წინაშე, ზოგი სამათხოვროდ გამოსული ბავშვების მშობლებს კიცხავს და აკრიტიკებს, თუ როგორ იმეტებენ ისინი თავიანთ შვილებს ასეთი მძიმე ხვედრისათვის, ზოგი მთავრობას წყევლის და მას უნიათობაში ადანაშაულებს, მძიმე სოციალურ პირობებს აბრალებს ყველაფერს, რეალურად კი არავინ ზრუნავს ამ ბავშვებზე.

ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ ბავშვები მთელ დღეებს ქუჩაში აქეთ-იქით წანწალში ატარებენ? - მშობლები, რომლებიც თავს არ იწუხებენ მუშაობით და შვილების რჩენით, სახელმწიფო, რომელსაც “ქვეყნის ინფრასტრუქტურა" უფრო ადარდებს, ვიდრე მოქალაქეების მძიმე სოციალური ვითარება, თუ საზოგადოება, რომელიც გულგრილად უყურებს ყოველივეს? ეს ბავშვები ჩვენი საზოგადოების ნაწილია, მათაც აქვთ განათლებისა და ნორმალური ცხოვრების უფლება. ამ ბავშვებს საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანები ზედამხედველობენ, რომლებიც როგორც ნივთებს, ისე ეპყრობიან მათ; სცემენ, აყენებენ ფიზიკურ შეურაცხოფას, სჯიან, თუ საკმარის ფულს ვერ იშოვიან.

ერთხელ ქუჩაში ასეთ ფაქტს შევესწარი: ერთი პატარა, დაახლოებით 5-6 წლის გოგონა პურის ნაჭერს ულუფებად ყოფდა. იგრძნობოდა, რომ ბავშვს ძალიან შიოდა და პურს გამოზოგვის მიზნით ანაწილებდა. ნანახით შეძრულმა


გადავწყვიტე დავხმარებოდი და 2 ლარიანი გავუწოდე. ამ დროს თვალი მოვკარი ცივი თვალებით მომზირალ ქალს, რომელიც ხელებში შემომყურებდა. გზა განვაგრძე, ეჭვით შეპყრობილი შემოვტრიალდი და დავინახე, როგორ სცემდა ქალი ბავშვს და ნაწყალობევ ფულს ართმევდა. დავიბენი, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა მოცემულ სიტუაციაში, დავბრუნებულიყავი და გამოვსარჩლებოდი პატარას, თუ გზა გამეგრძელებინა, სამწუხაროდ, მეორე ვარიანტი ავირჩიე.

ხშირად მესმის, რომ მაწანწალა ბავშვები უხეშები და უზრდელები არიან, თუ არ დაეხმარები, ან გაგინებენ, ან გაფურთხებენ. ეს მედლის ერთი მხარეა, მეორე მხარეს კი ჩვენ ვდგავართ. ჩვენ თვითონ რას ვაკეთებთ მათთვის? შეგვინიშნავს ოდესმე, რემდენჯერ უხეშად მიგვიმართავს, ან ყურადღების ღირსადაც არ ჩაგვითვლია ისინი? სხვათაშორის უმოქმედობა და “ეს მე არ მეხებას" პოზიციაც დანაშაულის ტოლფასია. არადა, ნებისმიერი სიტუაციიდან ყოველთვის არსებობს გამოსავალი, თუნდაც ჩემს შემთხვევაში, ხომ შემეძლო, მივბრუნებულიყავი და ქალისთვის ბავშვის დაჩაგვრის საშუალება არ მიმეცა, მიცემული ფულით საჭმელი მეყიდა და დახმარების მთავარი მიზანი შესრულებულიყო - გოგონა მშიერი არ იქნებოდა.

თუმცა სამ მილიონ ნახევრიან ქვეყანაში ერთი მილიონი ასე რომც მოიქცეს, არც ეს იქნებოდა რეალური გამოსავალი. ყველაზე მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ გააცნობიეროს, რომ დახმარება არ ნიშნავს ზედმეტი ხურდების მოშორებას ან გამონაცვალი ტანსაცმლის ჩუქებას, არ უნდა დავკმაყოფილდეთ მხოლოდ ერთჯერადი დახმარებით, ამის პარალელურად უნდა ვიფიქროთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ მათთვის, რათა ისინი არ აღმოჩნდნენ ცხოვრებისაგან გარიყულნი. მაწანწალა ბავშვების უმრავლესობა გაუნათლებელია, რადგან არ დადიან სკოლაში და მთელ დღეებს ქუჩაში ატარებენ... მაგრამ რა იქნება შემდგომში, როცა ისინი გაიზრდებიან და ნახავენ, რომ ცხოვრებაში არსებობს ბევრი რამ, რაც მათ უნდა ჰქონდეთ და არ ექნებათ მისი შოვნის საშუალება. ხომ არ არიან ისინი მომავალში განწირულნი კრიმინალისა და პროსტიტუციისათვის?! ცხადია, მომავალში ყველას შეგვაწუხებს კითხვა - რეალურად ბავშვებს ჰქონდათ სხვა არჩევანი?

5
62
3-ს მოსწონს
ავტორი:qera15
qera15
62
  
2018, 6 მაისი, 8:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 6 მაისი, 8:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 5 მაისი, 0:14
,ნღაცეობა ზომ გვყავს კარგად? ავა დაბარჩენს რაღას დაეძევღ?
2018, 15 აპრილი, 13:42
სამწუხარო რეალობა ! ქუჩის ბავშვები რომ არავის ტკივილი არ არის, ამ სტატიის ნახვის რაოდენობასაც ეტყობა. მხოლოდ 30 ადამიანს აწუხებს უპატრონო ბავშვები.
2018, 12 აპრილი, 15:30
მაფიას პაკისტანიდან, აზერბაიჯან დან და სხვა ქვეყნებიდან შემოჰყავთ აგრესიული მათხოვართა ბანდები. საჭიროა ჩვენც ავკრძალოთ აზერბაიჯანივით მათხოვრობა და მაწანწალობა. თან უნდა აშენდეს თავშესაფრები ადგილობრივი მაწანწალებისათვის.
0 1 5