x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა არის ინტელექტი და მისი კოეფიციენტი(IQ)?



image


რა არის ინტელექტი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თითქოს ძალზე იოლია და ინტელექტის მნიშვნელობაც ყველამ იცის, თუმცა, რეალურად, ძნელია ერთი სიტყვით აღწერო, თუ რა არის ინტელექტი.


ინტელექტი არის ძალიან ზოგადი გონებრივი შესაძლებლობა, რომელიც სხვა კომპონენტებთან ერთად, მოიცავს ლოგიკური მსჯელობის, დაგეგმვის, პრობლემების გადაჭრის, რთული იდეების წვდომის, სწრაფად დასწავლის უნარს.



სხვაგვარი განმარტების მიხედვით, ინტელექტი არის გამოცდილებიდან სარგებლის მიღების და გარემოს შესახებ მოცემული ინფორმაციის ფარგლების გარღვევის ზოგადი უნარი.


გამომდინარე აქედან, ინტელექტის გაზომვა საკმაოდ რთული იყო მეცნერებისთვის. ზოგ ფსიქოლოგს მიაჩნია, რომ ადამიანის ინტელექტი შეიძლება რაოდენობრივად განისაზღვროს და ერთ გარკვეულ ქულაზე იქნას დაყვანილი. სხვები ფიქრობენ, რომ ინტელექტი ბევრი სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება და ისინი ცალ-ცალკე უნდა გაიზომოს.

image

ინტელექტის საკვლევი პირველი ტესტი გამოქვეყნდა საფრანგეთში, 1905 წელს.



ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ალფრედ ბინემ გადაწყვიტა შეექმნა უფრო ეფექტური სასწავლო მეთოდები განვითარება-შეფერხებული ბავშვებისთვის. პირველ რიგში, საჭირო იყო ამ ბავშვების ინტელექტუალური უნარის გაზომვა. ამისათვის შეიმუშავეს სპეციალური ტესტი, რომელსაც იყენებდნენ ამ ბავშვების უნარების გამოსარჩევად მათი თანატოლებისგან.


ტესტირება ჩაუტარდათ სხვადასხვა ასაკის ბავშვებს და დადგინდა თითოეული ასაკის ნორმალურად განვითარებული ბავშვებისთვის ტიპური საშუალო ქულა.


ტესტების მიღებული შედეგები შეადარეს და დაადგინეს ე.წ. გონებრივი ასაკი– ასაკი რომელშიც ბავშვის ინტელექტუალური აქტივობა იმ საშუალო ასაკით გამოიხატება, რომელშიც ნორმალურად განვითარებული ბავშვები განსაზღვრულ ქულას იღებენ.


სწორედ გონებრივი ასაკი გვიჩვენებს, თუ რამდენად შეესაბამება ბავშვის ინტელექტუალური შესაძლებლობები მის ასაკს და ფიზიკურ განვითარებას.


ამიტომაც, როცა მშობელი უკმაყოფილოა თავისი შვილის განვითარების დონით, ის ფსიქოლოგს მიმართავს.სპეციალისტი კი ჯერ კონკრეტულ ტესტურ დავალებებს მისცემს შესასრულებლად, რითიც დაადგენს რეალურია თუ არა პრობლემა და ამის შემდეგ გადაწყვეტს თუ რა პროცედურებით დაეხმაროს ბავშვს.




მაგალითად, როცა ბავშვის მიერ დაგროვებული ქულა უტოლდება 5 წლის ბავშვთა ჯგუფის საშუალო ქულას, ამ ბავშვის გონებრივი ასაკი იქნება 5, მიუხედავად იმისა, თუ როგორია მისი ქრონოლოგიური ასაკი.


ქრონოლოგიური ასაკი კი ნიშნავს ადამიანის დაბადებიდან გასული წლების რაოდენობას.


გონებრივი ასაკი და ქრონოლოგიური ასაკი ორი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ინტელექტის გაზომვისას.


ინეტელექტის ტესტებს მართლაც მნიშვნელოვანი მონაცემების დადგენა შეუძლიათ პიროვნების შესახებ. მათი საშუალებით შესაძლოა ადამიანთა დიფერენცირება ლიდერობის უნარის და სხვა მახასიათებლების მიხედვით. ისინი ფართოდ გამოიყენება სკოლებში, საწარმოებში და სხვა.

image

ინტელექტის ტესტებს შორის ყველაზე გავრცელებულია IQ ტესტები.


IQ-ეს არის ინტელექტის კოეფიციენტი, რომელიც ამერიკელმა ფსიქოლოგებმა შეიმუშავეს. ის არის ინტელექტის რიცხობრივი, სტანდარტიზებული საზომი, რომელიც გვიჩვენებს ჩვენი ინტელექტის დონეს.


ამჟამად ფართოდ გამოიყენება სტენფორდ-ბინეს და ვექსლერის სკალები.


რაც შეეხება თვითონ ტერმინ IQ-ს, ის 1914 წელს შემოიტანა შტერნმა.


თავდაპირველად IQ გამოითვლებოდა ინდივიდის გონებრივი ასაკის შეფარდებით ქრონოლოგიურ ასაკთან და გამრავლებული ასზე –


IQ= გონებრივი ასაკი/ქრონოლოგიურ ასაკზე * 100;


დღეს კი გამოითვლება, როგორც IQ ტესტის ქულა.


მაგალითად: ბავშვს, რომელიც 8 წლისაა და ტესტის ქულებმა აჩვენა გონებრივი ასაკი-10 წელი, მისი IQ იქნება 10/8*100=125.


მაგრამ, თუ დღეს ჩაიტარებთ ტესტს, თქვენი ქულები შეჯამდება და პირდაპირმოხდება მათი შედარება თქვენი ასაკის სხვა ადამიანთა ქულებთან.


საშუალოდ, მიღებულია, რომ 90-სა და 110-ს შორის ქულები “ნორმაა''

100 - “საშუალო'' 120 და ზემოთ - “უმაღლესი''


image


როცა 18 წლამდე ადამიანები აგროვებენ IQ ქულებს 70-დან 75-მდე ან ნაკლებს, ეს უკვე “გონებრივი ჩამორჩენილობის'' ერთ-ერთ კრიტერიუმად შეიძლება ჩაითვალოს.



ინტელექტის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ მეცნიერებს, მაგ: გარდნერის თეორიის მიხედვით ინტელექტის ცნების შინაარსი სცილდება ტესტებში გათვალისწინებულ უნარებს. ის გამოყოფს ინტელექტის 8 სახეს, თითოეულ მათგანს კი განსხვავებული ღირებულება ენიჭება, იმის მიხედვით თუ რა უფრო საჭირო ან სასარგებლოა კონკრეტული საზოგადოებისთვის.


ესენია: ლოგიკურ-მათემატიკური

ლინგვისტური

საბუნებისმეტყველო

მუსიკალური

სივრცობრივი

სხეულებრივ-კინესთეტიკური

პიროვნებათშორისი

შიდაპიროვნული


ინტელექტის ამ სახეობათა შესაფასებლად კი ქაღალდისა და ფანქრის ტესტები არასაკმარისია.



ჩვეულებრივი ინტელექტის გვერდით ასევე არსებობს EQ- ემოციური ინტელექტი. მას IQ-ს ორეულსაც უწოდებენ. ადამიანებს, რომელთაც მაღალი EQ აქვთ, შეუძლიათ სხვისი ემოციების სწორად დანახვა და ამოცნობა, რაც ეხმარებათ საკუთარი მიზნების მიღწევაში. ასეთ ადამიანებს მარტივად შეუძლიათ ეფექტურად გამოიყენონ და გაიგონ ემოციები.


ინტელექტის ამ ტიპის კვლევა ბოლო წლებში დაიწყეს, ის რამდენიმე ძირითად კომპონენტს უნდა მოიცავდეს, ესენია:


1) ემოციების ზუსტად აღქმის, შეფასების და გამოხატვის უნარი;

2)აზროვნების გასაიოლებლად ემოციების გამოყენების უნარი;

3)ემოციების ანალიზის, ემოციური ცოდნის ეფექტურად გამოყენების უნარი;

4)საკუთარი ემოციების რეგულირების უნარი.


EQ არანაკლებ მნიშვნელოვანი და საჭიროა პიროვნებისთვის, ვიდრე IQ, რადგან მისი საშალებით ადამიანი აკონტროლებს და მართავს საკუთარ ცოდნასა და გრძნობებს, რაც აუცილებელია. ზომიერება ხომ ყველგან და ყოველთვის საჭიროა.

image


თათია ბუღათრიშვილი


0
1049
2-ს მოსწონს
ავტორი:თათია ბუღათრიშვილი
თათია ბუღათრიშვილი
1049
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0