x
image
ირაკლი შავიძე
პრაღელი გოლემი - ლეგენდა თიხის გოლიათზე
image
ლეგენდა გოლემზე - ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ცნობილი ლეგენდაა პრაღაში. დღეს ამ ქალაქში თიხის გოლიათის უამრავ სუვენირს იპოვით, image
ადგილობრივი გიდები კი სიამოვნებით მოგიწყობენ ექსკურსიას იოზეფის კვარტალში და დაგათვალიერებინებენ ღირსშესანიშნაობებს, რომლებიც გოლემთანაა დაკავშირებული.image

ლეგენდა გაჩნდა XVI საუკუნეში. პრაღის ებრაელთა სათვისტომოს ქალაქის მცხოვრებნი ხშირად ესხმოდნენ თავს და აწიოკებდნენ. დადიოდა ხმები, რომ ებრაელები თავიანთი დღესასწაულების დროს ახალშობილებს კლავდნენ და მათ სისხლს რიტუალებისათვის იყენებდნენ. ხშირად სპეციალურადაც მიაგდებდნენ ებრაულ კვარტალში გარდაცვლილ ახალშობილებს, რომ შემდეგ ებრაელები დაედანაშაულებინათ ამაში. როცა ებრაელების დევნამ უკვე სისტემატიური სახე მიიღო, პრაღის მთავარმა რაბინმა - ლევმა ბენ ბეცალელმა გადაწყვიტა გადამწყვეტი ზომებისათვის მიემართა: მან გაბედა ძველი კაბალური რიტუალის ჩატარება და თავისი თანამოძმეებისათვის უძლეველი დამცველი შექმნა.image

რიტუალი ბეცალელმა ღამით ჩაატარა, ვლტავის ნაპირზე, უახლოესი თანაშემწეების დახმარებით.მან ჯერ თიხიდან უზარმაზარი ადამიანისმაგვარი ფიგურა გამოძერწა, შემდეგ თავის ქმნილებას პირში ჩაუდო შემი - პერგამენტი უძველესი ებრაული შელოცვით, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი უსულო საგნის გაცოცხლება. რიტუალის დასრულების შემდეგ თიხის გოლიათი ფეხზე ადგა და თავის შემქმნელს ქალაქში გაჰყვა.image

ჩვეულებრივი ადამიანებისგან გოლემი გიგანტური ზომებით გამოირჩეოდა, იყო ყავისფერი და არ ლაპარაკობდა, რადგანაც პირში პერგამენტი ედო. დღისით გოლემი რაბინის ცოლს სახლის საქმეებში ეხმარებოდა, ღამით კი ებრაული კვარტალის ქუჩებში დაეხეტებოდა და მის მცხოვრებთა უსაფრთხოებას იცავდა. პრაღაში მალე გავრცელდა ხმები, რომ ებრაელებს დამცველი გამოუჩნდათ, თანდათან შიშმა სძლია სიძულვილს და თავდასხმები ებრაელებზე შეწყდა.


გოლემი პატიოსნად ასრულებდა თავის მოვალეობებს ექვსი დღის მანძილზე, პარასკევ საღამოს კი რაბინი პირიდან გამოუღებდა შემს და კვირა დილამდე გოლემი უძრავად იყო. ამის გაკეთება აუცილებელი იყო იმიტომ, რომ თიხის გიგანტში ჩასახლებულ სულს შეიძლებოდა მოენდომებინა თავისუფლების მოპოვება წმინდა შაბათს, როცა ებრაელთა რწმენით ნებისმიერ არსებას შეუძლია თავისუფლება მოიპოვოს, და მაშინ უმართავი გახდებოდა.

მაგრამ ერთხელ ბეცალელს მაინც დაავიწყდა გოლემის პირიდან პერგამენტის გამოღება, გოლემის სხეულში ჩასახლებული სული აჯანყდა, გოლემი გაგიჟდა და დაიწყო ყველაფრის ლეწვა და მტვრევა, მისი მსხვერპლი გახდა რამდენიმე შემთხვევითი გამვლელიც. ხალხი შევარდა სინაგოგაში და მოითხოვეს რაბინისგან შეეწყვიტა ღვთისმსახურება და დაეშოშმინებინა შეშლილი გიგანტი. გადმოცემით, ბეცალელი ამ დროს 92-ე ფსალმუნს კითხულობდა, მან შეწყვიტა ქადაგება და ხალხის დასახმარებლად გაეშურა. რაბინმა მოახერხა გოლემთან მიპარვა და პირიდან პერგამენტის გამოცლა. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა მეტად აღარ გაერისკა და გოლემი სინაგოგის სხვენზე შეინახა, შემდეგ კი სხვენზე ამავალი კიბე მოანგრია.

ამბობენ, რომ XVIII საუკუნეში რაბინმა ეზეხიელ ლანდაუმ სცადა აეღწია აკრძალულ სხვენზე და ენახა გოლემი.მან ჯერ განწმენდის რიტუალი გაიარა, შემდეგ მისადგმელი კიბით სხვენზე ავიდა, იქედან კი რამდენიმე წუთში ცარცივით თეთრი და აკანკალებული ჩამოვიდა და გაიმეორა ბეცალელის მოწოდება, რომ აღარავინ ასულიყო სხვენზე და არ ეცადა გოლემის შეწუხება.image

XX საუკუნეში სხვენზე ერთი ჟურნალისტი აძვრა, იქ ვერც გოლემი, ვერც მისი ნარჩენები ვერ იპოვა და ეს ყველაფერი უმალვე მთელ ქვეყანას მოსდო. პრესაში დებატები გაჩაღდა, თუმცა ხალხში გავრცელებულია გოლემის შესახებ კიდევ ერთი ლეგენდა, რომელიც იმასაც ხსნის, რატომ არ აღმოჩნდა სხვენზე თიხის გიგანტი: ამბობენ, რომ ერთხელ სინაგოგაში დაზიანდა ჭერი, შესაკეთებლად ხელოსანს დაუძახეს, რომელმაც იმ სხვენშიც შეიჭყიტა, სადაც გოლემი იყო დამალული. შემთხვევით ამ ხელოსნის ცოლი ბეცალელის შთამომავალი აღმოჩნდა და ის ლეგენდარული პერგამენტიც მის ოჯახში ინახებოდა როგორც რელიქვია. ხელოსანმა ცდუნებას ვერ გაუძლო და გადაწყვიტა გოლემის გაცოცხლება, მაგრამ სანამ პირში გოლემს მაგიურ პერგამენტს ჩაუდებდა, ხელოსანს დაავიწყდა მთავარი: გოლემისთვის დავალების მიცემა. უმართავმა გოლემმა ბოროტების ჩადენა დაიწყო. მას შემდეგ, რაც ქუჩაში დაახრჩო 7 უდანაშაულო გამვლელი და კინაღამ გადაწვა ცნობილი ოქროს ქუჩა, უეცრად ზეციდან დაეშვა თეთრი მტრედი, რომელმაც გოლემს პირიდან შემი გამოაცალა და ისევ მოულოდნელად გაფრინდა, სასიცოცხლო ძალაგამოცლილი გოლემი დაეცა, მოულოდნენად კოკისპირული წვიმა წამოვიდა და მანამ არ შეწყდა, სანამ მთლიანად არ დაალბო და ჩარეცხა თიხა, რომლისგანაც გოლემი იყო შექმნილი. ამიტომაც ვეღარ იპოვეს სხვენზე გოლემი სენსაციებზე მონადირეებმა.image

გოლემი ძალიან დაეხმარა პრაღელ ებრაელებს: მას შემდეგ, რაც გავრცელდა ლეგენდა მასზე, ებრაელებზე თავდასხმებმა მკვეთრად იკლო, ცოტა ხანში კი იმპერატორმა რუდოლფ II-მ გამოსცა განკარგულება, რომელიც ებრაელების დევნას კრძალავდა. რაბინი ბეცალელის მოსაგონებლად დღემდე ძველ-ახალ სინაგოგაში (სწორედ ასე ეწოდება ახლა იმ სინაგოგას) ქადაგებისას 2-ჯერ კითხულობენ 92-ე ფსალმუნს. ბეცალელის საფლავზე ამოკვეთილია წარწერა, რომ აქ განისვენებს გოლემის შემქმნელი. ადგილობრივებს სჯერათ, რომ ვინც ბეცალელის საფლავზე დატოვებს წარწერას სურვილით, მას ეს სურვილი აუცილებლად აუსრულდება. image
და კიდევ, პრაღელები ამტკიცებენ რომ ყოველ 33 წელიწადში იოზეფის კვარტლის ქუჩებში შეიძლება შეხვდე თიხის გოლიათს, რომელიც ისევე უეცრად ქრება, როგორც გაჩნდა.image

0
168
3-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლი შავიძე
ირაკლი შავიძე
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0