x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როცა ეპოქალური ვარსკვლავი მიდის...
image 1958 წელს ჰოლივუდის სამშობლოში "ჭრიჭინას" საბჭოთა ფილმების კვირეულზე ჩვენების შემდეგ ჟურნალი "დეილი იორკერი" წერდა: " საბჭოელებს თავისი ეკრანის დედოფალი, თავიანთი მერი პიკფორდი ჰყავთ.." აშშ-ში ლეილა აბაშიძე მსოფლიო კინოხელოვნების უდიდეს ვარსკვლავს მერი პიკფორდს შეადარეს..


ეს სტატია ლეილა აბაშიძეს ეძღვნება. მის როლებს, ცხოვრების რთულ გზას, რომელიც მან გაიარა და სურვილს - ყოფილიყო ბედნიერი.

როცა ეპოქალური ვარსკვლავი მიდის, რჩება სიცარიელე და სინანული, რომ რაღაც შეიძლება სხვანაირად ყოფილიყო, ცხოვრებაში დაგვეფასებინა კინოლეგენდა, იქნებ არ გადაგვეღობა მისთვის გადასაღები მოედნისკენ მიმავალი კარი და მასაც იმავე სიხალისით შეექმნა დაუვიწყარი სახეები ცხოვრების მეორე ნაწილშიც, ებრწყინა ისე, როგორც პირველ პერიოდში ბრწყინავდა..


image


" ჩვენი სიცოცხლე ხანმოკლე გასეირნებაა მარადიული ძილის წინ. მე არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც არ აფასებენ სიცოცხლის ყოველ წუთს.. მე საკმაოდ მძიმე ცხოვრება გამოვიარე და მუდამ დაუოკებელი სურვილი მქონდა ბედნიერი ვყოფილიყავი.." - წერდა თავად ლეილა აბაშიძე.


მისი რთული ცხოვრება კი ღრმა ბავშვობიდან იწყება, როდესაც მამამისი, იმ დროს მაღალი თანამდებობის პირი მიხეილ აბაშიძე დაიჭირეს და ციმბირში გადაასახლეს დედამ გადაწყვიტა ქმარს ციმბირში გაყოლოდა და ლეილაც თან წაიყვანა, სწორედ იქ იზრდებოდა ლეილა აბაშიძე, მამის დახვრეტის შემდეგ კი ისინი საქართველოში ბრუნდებიან. 1941 წელს ითამაშა პატარა კატოს როლი ფილმში "ქაჯანა", სადაც პარტნიორობა ეკრანის უდიდეს ვარსკვლავს ნატო ვაჩნაძეს გაუწია.

კადრი ფილმიდან "ქაჯანა" ნატო ვაჩნაძე და ლეილა აბაშიძე

ფილმიდან "ქაჯანა" ნატო ვაჩნაძე და ლეილა აბაშიძე

სწორედ ამ ფილმიდან იწყება ლეილა აბაშიძის ბრწყინვალების წლები.

მაყურებელს დღემდე ახსოვს პატარა კატო ფილმიდან "ქაჯანა" და მისი სიტყვები:

" წმინდაო გიორგი, შენს თეთრ ცხენს ვენაცვალე, ოღონდ ქაჯანას ამოუდგი ენა და თუ გინდა მე დამამუნჯე."

ერთ როლს მეორე მოჰყვა და წარმატებაც მალევე მოვიდა, 8 წლის ასაკში ნათამაშები მთავარი როლით პირველი ჰონორარი აიღო და 12 კვადრატული მეტრის ბინა იყიდა, მძიმე რეპრესიების შემდეგ მათი ოჯახი უსახლკაროდ იყო დარჩენილი.

image

50-იან წლებში ლეილა აბაშიძე საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავი ხდება, ამთავრებს თეატრალურ ინსტიტუტს, ეძახიან თეატრში მაგრამ გული კინოსკენ მიუწევს და არჩევანსაც კინემატოგრაფის სასარგებლოდ აკეთებს. ქმნის ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ქალის სახეებს ეპოქის გმირებს (მაგალითად მათე ბიჭი ფილმიდან "მაია წყნეთელი) და ამავდროულად თამაშობს ქაბაფშუტა გოგონებს. (მაგ: ჭრიჭინა) თუმცა ყველა მის მიერ ნათამაშები განსხვავებული ხასიათის ქალი, ერთნაირად შეიყვარა ქართველმა მაყურებელმა.




ლეილა აბაშიძე კინოფილმიდან "აბეზარა" 1956 წელი. image

თავად ამბობდა, რომ ყველა მისი როლი ერთნაირად ძვირფასი იყო და ერთის გამორჩევა არ შეეძლო, მაგრამ განსაკუთრებით ამაყობდა იმ ფაქტით, რომ ფილმში "შეხვედრა წარსულთან" გასახიერებული ტრაგიკული ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ( დრამატიზმისთვის და ტრაგიზმისთვის) საკავშირო კინოფესტივალზე პრიზით დაჯილდოვდა. სწორედ ამ როლის შემდეგ ის წარდგენილი იყო საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის ტიტულზე თუმცა ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა, ეს როლი იყო ლეილა აბაშიძისთვის მწვერვალიც და ამ როლით დაიწყო დაღმასვლაც, რადგან ამ ფილმის შემდეგ მის ცხოვრებაში დიდხნიანი პაუზა დადგა. მას აღარ იღებდნენ ფილმებში, არ აძლევდნენ მთავარ როლებს..

ლეილა აბაშიძე ფილმიდან "შეხვედრა წარსულთან"

image



ფოტო: ფილმის "შეხვედრა მთაში" გადაღებებისას, კადრს მიღმა..

image


იმისათვის რომ ეს გაურკვეველი პაუზა შეევსო ლეილა აბაშიძემ თავად დაწერა სცენარი და გადაიღო ფილმი " თბილისი პარიზი თბილისი", სადაც სხვა ცნობილ მსახიობებთან ერთად მთავარი როლი თავად ითამაშა..



ფოტო - წყარო ციფრული ფოტომატიანე

imageუნიკალური ფოტო, რომელზეც ასახულია თუ როგორ იღებს ლეილა აბაშიძე ფილმს, სადაც მთავარ როლს თავად ასრულებს.

ლეილა აბაშიძის ფილმოგრაფიაში ჩამოწოლილი პაუზა 80-იან წლებში კიდევ ერთხელ დაირღვა, როცა რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ ის თავის ფილმში "ორომტრიალი" მთავარი როლის შესასრულებლად მიიწვია, ფილმი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, მან ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე პრიზი მიიღო რეჟისურაში, ლელა აბაშიძით კი მსოფლიოს კინოს ლეგენდა, გრეგორი პეკი მოიხიბლა, რომელიც ფესტივალის პრეზიდენტი იყო იმხანად.


" გრიგორი პეკი პრეზიდენტი იყო ფესტივალის და ვხვდებოდით რაღაც ღონისძიებებზე, უცებ გაშალა ხელები და შესძახა, ლეილაა! მე გამიკვირდა, არ ველოდი.." - იხსენებდა ლეილა აბაშიძე


საინტერესოა ის ფაქტი, რომ ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიალზე, გრეგორი პეკმა ფილმის დაჯილდოების შემდეგ განაცხადა ასეთი რამ:

" ბედნიერი ვარ რომ გავიცანი არაჩვეულებრივი მსახიობები, ლია ელიავა და ლეილა აბაშიძე და სამწუხაროდ იმის გამო, რომ ფილმმა პრიზი მიიღო რეჟისურაში, ისინი დარჩნენ პრიზის გარეშე.."

ლეილა აბაშიძე ფილმიდან " ორომტრიალი"

ლეილა აბაშიძე ფილმიდან "ორომტრიალი"

" ჩამოვიდოდი უცხოეთიდან, მქონდა რაიმე წარმატება, ამის შესახებ ყველას ვუყვებოდი, მეგონა მათაც უხაროდათ, თქვენც არ მომიკვდეთ. თურმე მტრებს ვიძენ, თურმე ჩუმად უნდა იყო, არ ვიცოდი." - ლეილა აბაშიძე

image

88 წლის ასაკში ქართული კინოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვავი გარდაიცვალა,

ამ დროს, ნახულობ მის ფილმებს, კითხულობ ინტერვიუებს, ათვალიერებ ფოტოებს და ფიქრობ:


როცა ეპოქალური ვარსკვლავი მიდის, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს.

მისი წასვლა ძალიან დიდ გულისტკივილს იწვევს. ამ დღეებში ბევრს ისაუბრებენ, მოუსვენარ აბეზარაზე, სიცოცხლით სავსე მარინე ფერაძეზე, მამაც მათე ბიჭზე, ტრაგიკულ ნინოზე ფილმიდან "შეხვედრა წარსულთან", მშვენიერ ლალი მინდელზე ფილმიდან " შეხვერდა მთაში" და ბევრ სხვაზეც, ყველაფერ იმაზე, რამაც ჩვენს კინემატოგრაფს შესძინა ეპოქა, რომლის შემქნელიც ლეილა აბაშიძეა.

image

ამ დღეებში, ალბათ, ბევრჯერ მოვისმენთ ფრაზას: " ჩვენი ჭრიჭინა აღარა გყვავს, არა! " და პირველად, ამ ფრაზის მოსმენისას კი არ გავიცინებთ, დავსევდიანდებით..


image


სტატიის ავტორი: ზაურ მირიანაშვილი



0
322
3-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
322
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0