x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
დღეს ტიციან ტაბიძის დაბადების დღეა
image


1895 წლის 2 აპრილს ვანის რაიონში, სოფელ ჭყვიშში, მღვდლის ოჯახში დაიბადა ბიჭი, რომელსაც სახელად ტიციანი დაარქვეს.


1901 წელს მშობლებმა მომავალი პოეტი სასწავლებლად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც 1901-1905 წლებში სწავლობდა თავის ბიძაშვილთან – გალაკტიონთან ერთად.


"მე არ მახსოვს, როგორ ვისწავლე წერა-კითხვა, ოთხი წლისა ვიყავი, როცა ჩვენსავე შენობაში მოწყობილ სკოლაში დავდიოდი და ადვილად ვერკვეოდი ანბანში. ეს ძალიან ახარებდა დედაჩემს“.



image


1906 წლის 12 იანვარს ტიციანმა განცხადებით მიმართა ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორს და თხოვა გიმნაზიის პირველ კლასში ჩარიცხვა. ტიციანმა წარმატებით ჩააბარა მისაღები საგნები და 1906 წლის 6 თებერვალს იგი ჩაირიცხა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის პირველ კლასში. ამდროინდელი ქუთაისი ქართული კულტურის მძლავრ კერას წარმოადგენდა. ამ გარემოში გამოიჭედა ტიციანისა და მისი მეგობრების მისწრაფებანი და ინტერესები.


1913 წელს ტიციანმა სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში ტიციან ტაბიძე აქტიურ საზოგადოებრივ და შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა. მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1917 წელს, ტიციანი მცირე ხანს თბილისში, გაზეთ "საქართველოს” რედაქციაში მუშაობდა. გაზეთის ფურცლებზე მან მრავალი კორესპოდენცია და პუბლიცისტური სტატია გამოაქვეყნა, რომლებშიც თავისებურად აანალიზებს მაშინდელ რთულ პოლიტიკურ, ეროვნულ და სოციალურ მოვლენებს.


image


თბილისში „ცისფერყანწელთა“ თავშეყრის ადგილი კაფე „ქიმერიონი“ იყო, სადაც თითქმის ყოველ საღამოს იმართებოდა პოეტური საღამოები. ერთ-ერთ ასეთ საღამოს გაიცნო საზოგადოებამ ნინა მაყაშვილი, პოეტის მომავალი მეუღლე.


„შენს წითელ კაბას... ბალაგანის ჯვრის გარდამოხსნას,
შენს ტუბერკულოზს და სინაზით ავადგამხდარ ხმას!
ძველი სონეტის მხოლოდ დარჩა... ერთი ცერტინა.“


„ერთხელ, კონსტანტინე გამსახურდიამ მიხაკების თაიგული მაჩუქა. ყვავილები შინ წავიღე. ერთი მიხაკი კი ჰალსტუხში გავირჭე და ქართულ ჩაიხანაში წავედი, სადაც თავს იყრიდა მთელი ტფილისის ინტელიგენცია. მაგიდას რომ ვუახლოვდებოდი, მარტა მაჩაბელმა, რომელიც ტიციან ტაბიძის გვერდით იჯდა, მიხაკი გამომტაცა. მინდოდა, მარტასთვის მიხაკი წამერთმია, მაგრამ ქალი გაჯიუტდა, მაშინ ტიციანმა ყვავილი თავისი საღილედან ამოაძრო და გამომიწოდა. ჯერ ვიუარე, ის-ის იყო, უნდა დამეტუქსა, მაგრამ სიტყვა პირზე შემატოვა: უარს ნუ მეტყვით. მე თქვენ გიცნობთ. ნინა მაყაშვილი ბრძანდებითო. მადლობა გადავუხადე. ყვავილი გამოვართვი და შინ დავბრუნდი. კონსტანტინე გამსახურდიაც უკან გამომყვა. გზაში გამომიტყდა: დილით შენთვის თაიგულს რომ ვყიდულობდი, თაიგულიდან ერთი მიხაკი ტიციანმა ამოიღო, გულზე დაიბნია და მითხრა: ამ ერთადერთ ყვავილს ვუბოძებ წითელ ქალიშვილს, მაგრამ მისთვის ეს თაიგულზე ძვირფასი იქნებაო. იმ დღიდან მე და ტიციანი ძალიან ხშირად ვხდებოდით ერთმანეთს“, - ვკითხულობთ ნინა ტაბიძის მოგონებებში.


image

პოეტს და ნინა ტაბიძეს შეეძინათ ქალიშვილი, რომელსაც ტანიტ (ნიტა) დაარქვეს.


image

1937 წლის 1 ივნისს საქართველოს საბჭოთა მწერლების პარტორგანიზაციის სხდომაზე ერთ-ერთმა პროლეტარმა მწერალმა თქვა, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ ტიციან ტაბიძის ბინაში იმყოფებოდა დივერსანტი აღნიაშვილი, რომ "ცისფერყანწელები" (იაშვილი, ტაბიძე, ლეონიძე და სხვები) დაკავშირებული იყვნენ მოსკოვში ბუხარინთან, კამენევთან და ათასობით რუბლს იღებდნენ რაღაც მოლაპარაკებების სანაცვლოდ.


მწერალთა კავშირიდან გაგდების შემდეგ ტიციანი დააპატიმრეს, წაუყენეს ბრალდება, თითქოს ის ერთსა და იმავე დროს სხვადასხვა პიროვნების მიერ რამდენიმე კონტრევოლუციურ ორგანიზაციაში იყო გადაბირებული.


ბრალმდებელი აღნიშნავს, რომ ტიციანმა, თავი დამნაშავედ ცნო ნაწილობრივ. იგი 1937 წლის 15 დეკემბერს დახვრიტეს ისე, რომ "სამეულს" მისი საქმე ფორმალურადაც არ განუხილავს, ხოლო ოჯახს შეატყობინეს, ტიციანი უნდა გადაასახლონ და თბილი ტანსაცმელი გამოუგზავნეთო.


სხვა ვერსიით, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში მიატოვეს.


ნინო მაყაშვილი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე, მთელი 28 წელი ელოდა მეუღლის დაბრუნებას.


image


"იცოდეთ ერთი რამ, ჩემი სახელის ხსენებისა და ხალხისთვის თვალში ჩახედვის არასდროს შეგრცხვებათ", - ამ სიტყვებით დაემშვიდობა პოეტი თავის საყვარელ მეუღლესა და შვილს.


image


1
145
1-ს მოსწონს
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
145
  
2018, 3 აპრილი, 5:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1