x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
ფეხშიშველი ჩემპიონი
image
მსოფლიო სპორტს ბევრი ექსტრაორდინარული ათლეტი ახსოვს, მათ შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს აბებე ბიკილას, ეთიოპიელ მარათონელს.

ბიკილა დაიბადა 1932 წლის 7 აგვისტოს, სიმბოლურია, რომ სწორედ იმ დღეს ტარდებოდა ლოს-ანჟელესის ოლიმპიადაზე შეჯიბრი მარათონში.

1960 წელს, რომის ოლიმპიადაზე, ბიკილა არათუ ფავორიტად არ ითვლებოდა, ეთიოპიის ნაკრების შემადგენლობაშიც კი ბოლო დღეებში შეიყვანეს. ოლიმპიადაზე უნდა ეასპარეზა ვამი ბირატუს, რომელმაც ფეხბურთის თამაშის დროს ტრავმა მიიღო. ბიკილა გახდა ოლიმპიური ჩემპიონი მარათონში, თანაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა, 2:15:16, მაგრამ ყველაზე უცნაური ის იყო, რომ მან ეს ფეხშიშველმა გააკეთა, მთელი დისტანცია ფეხსაცმელების გარეშე გაირბინა. როდესაც ჰკითხეს მიზეზი, მან განაცხადა, რომ უნდოდა მთელი მსოფლიოსათვის ეჩვენებინა, რომ ეთიოპია ყოველთვის იმარჯვებს თავდადებისა და გმირობის წყალობით, თუმცა სინამდვილეში მიზეზი სულ სხვა იყო: ბიკილა სულაც არ გეგმავდა ფეხშიშველს ერბინა, უბრალოდ გუნდის ეკიპირებაში არ აღმოჩნდა ფეხსაცმელი, რომელიც მოხერხებული იქნებოდა მისთვის და სტარტამდე რამდენიმე საათით ადრე მან მიიღო გადაწყვეტილება, უარი ეთქვა ფეხსაცმელებზე. image
ბიკილა გახდა არა უბრალოდ პირველი ეთიოპიელი ოლიმპიური ჩემპიონი, არამედ პირველი შავკანიანი აფრიკელი ოლიმპიური ჩემპიონი. გასაკვირი არაა, რომ ყოველივე ამის გამო ბიკილამ უსაზღვრო პოპულარობა მოიპოვა და მას სამშობლოში დახვდნენ, როგორ ეროვნულ გმირს.

ბიკილა მეორედაც გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, თანაც კვლავ დრამატულად : ოლიმპიადამდე 1 თვით ადრე ბრმა ნაწლავი ოპერაცია გაუკეთეს და ტოკიოში ისე წავიდა, დარწმუნებული არ იყო, შეძლებდა თუ არა ერბინა. ბიკილა გამოვიდა შეჯიბრზე, თანაც ფეხსაცმელებით და კვლავ გაიმარჯვა თან თავის ფეხშიშველ რეკორდზე 3 წუთით უკეთესი დრო აჩვენა : 2:12:11. ამგვარად ბიკილა პირველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა მარათონში.


ბიკილამ 1968 წლის ოლიმპიადაზეც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ამჯერად უშედეგოდ: გარბენის მე-17 კილომეტრზე მარცხენა მუხლის ტრავმა მიიღო და ფინიშამდე ვეღარ მივიდა.

ბიკილა 1973 წელს, ინსულტით გარდაიცვალა, ეთიოპიის იმპერატორმა ჰაილე სელასიემ კი ქვეყანაში ეროვნული გლოვა გამოაცხადა.image

0
84
1-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლი შავიძე
ირაკლი შავიძე
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0