x
image
მანჩო 777
როგორ გამოვაცხოთ ორიგინალური, სრულიად განსხვავებული და უგემრიელესი სააღდგომო კულიჩი
ძვირფასო დიასახლისებო, სულ მალე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ავღნიშნავთ. ეს დღე წარმოუდგენელია წითელი კვერცხის და პასკის გარეშე. დამერწმუნებით, გემრიელი პასკის ყიდვა დღეს არც თუ ისე იოლია. ყველაფერს სახლში, საკუთარი ხელით გამომცხვარი სჯობს. დღეს მინდა შემოგთავაზოთ პასკის ორიგინალური, განსხვავებული რეცეპტი. ვეცდები თითოეული წვრილმანი დეტალებში აგიწეროთ, რომ უფრო გაგიადვილდეთ მისი მომზადება. მთავარია მონდომება და ყველაფერი გამოგივათ.



image



გაითვალისწინეთ, რომ როცა ცომის მოზელას იწყებთ, სამზარეულოში მაქსიმალურად უნდა იყოს ტემპერატურული რეჟიმი დაცული, რადგან პასკის ცომს, უპირველეს ყოვლისა, სითბო და სიმყუდროვე ჭირდება. ასევე ყველა ინგრედიენტი თბილი უნდა იყოს. სასურველია ტემპერატურა 35 გრადუსზე დაბლა არ ჩამოვიდეს, რათა ცომს აფუება არ გაუჭირდეს. მაშ ასე, პირველ რიგში მოვიმარაგოთ


ინგრედიენტები:

უმაღლესი ხარსისხის ფქვილი- 720 გრამი


რძე 2, 5 % - 170 მილილიტრი

მშრალი საფუარი - 14 გრამი

შაქარი-180 გრამი

მწიკვი მარილი

ორი კვერცხის ცილა

კვერცხი- 6 ცალი

გამდნარი კარაქი- 90 გრამი

ერთი ფორთოხლის წვენი

ლიმონი-2 ცალი

ვანილინი- დანის წვერით

ცომზე წასასმელად- 250 გრამი კარაქი (ოთახის ტემპერატურის)

ნუშის ფანტელები ან სხვა რომელიმე თხილეული - 100 გრამი

ცუკატები ან ქიშმიში-200 გრამი


ცომის მომზადება:


ცომის მოზელა დავიწყოთ საფუვრის გააქტიურებით: გავათბოთ რძე 38 გრადუს ტემპერატურამდე, დავამატოთ ერთი ჩაის კოვზი შაქარი და საფუარი, კარგად მოვურიოთ და 10 წუთი გავაჩეროთ. თუ კარგი საფუარია, მასა მალე ამოიწევს და ერთგვარ ქუდს წარმოქმნის.

თასში გავტეხოთ კვერცხები, დავამატოთ ცილა, დარჩენილი შაქარი და მიქსერთ კარგად ავთქვიფოთ. ცომის სტრუქტურა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად იქნება ათქვეფილი კვერცხი და გამდნარი შაქარი. ამიტომ გოგლიმოგლი უნდა გაითქვიფოს შაქარის სრულ გადნობამდე.

ორჯერ გავცრათ ფქვილი. იცოდეთ, რომ გაცრის დროს ფქვილი მდიდრდება ჟანგბადით და უფრო იოლად ამოდის. დავამატოთ ფქვილს ცოტაოდენი მარილი, გავაკეთოთ ფქვილის შუაგულში ჩაღრმავება და მასში მოვათავსოთ დაყენებული ოპარა (საფუვრიანი მასა), გათქვეფილი კვერცხები, ფორთოხლის წვენი, ვანილინი, ლიმონის ცედრა და დავიწყოთ ცომის მოზელა. ნელ-ნელა ვამატოთ გამდნარი კარაქი.

დაიმახსოვრეთ: როცა კულიჩის ცომს ვზელთ, უნდა ვიყოთ კარგ ხასიათზე და დადებითად განწყობილი. გაგკვირდებათ და ეს პირდაპირ მოქმედებს სააღდგომო პასკის ხარისხზე.

როცა ცომი ბოლომდე მოიზილება და ჭურჭლის კედლებს მოსცილდება, გადმოვიღოთ სამუშაო მაგიდაზე და ხელით კიდევ კარგად დავზილოთ. არ დაამატოთ ცომს არცერთი გრამი ფქვილი. კარგად მოზელილი ცომი მაგიდას და ხელებს არ უნდა ეკრობოდეს. უნდა მიიღოთ საოცრად არომატული, დამყოლი და ელასტიური ცომი.

თასზე წავუსვათ მზესუმზირის ზეთი, გადავიტანოთ მასზე ცომი, დავაფაროთ ტილო და დავდგათ სითბოში. დაახლოებით ერთ საათში ცომი უნდა ამოვიდეს და მოცულობაში ორჯერ გაიზარდოს.

გადმოვიღოთ ცომი და გავყოთ სამ ნაწილად. დავამრგავლოთ და კვლავ დავდოთ ამოსასვლელად. როცა ცომი ხელახლა ამოვა, გადმოვიღოთ სამუშაო მაგიდაზე, მოვაყაროთ ცოტაოდენი ფქვილი და ძალიან თხლად გავაბრტყელოთ. წავუსვათ დარბილებული კარაქის მესამედი, თუკი თქვენ გიყვართ, მოაყარეთ დაფქვილი მუსკატის კაკალი, ცუკატები ან ქიშმიში, ნუშის ფანტელები ან მსხვილად დაფქული თხილი და ნიგოზი... მოკლედ, შეგიძლიათ კულიჩი ნებისმიერი დანამატით გაამდიდროთ, რაც გსურთ და გიყვართ. ამის შემდეგ ფრთხილად დავიწყოთ ცომის გადახვევა რულეტივით. გადახვეულ ცომს გადავაფაროთ ტილო და დავტოვოთ მაგიდაზე. ასე მოვიქცეთ სამივე ცომის შემთხვევაში.


ცომი დავასვენოთ დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი შევუდგეთ მის მომზადებას ფორმებში ჩასადებად. ამისათვის ცომი სიგრძეზე უნდა გავჭრათ, ოღონდ არა ბოლომდე- ორიოდე სანტიმეტრი უნდა დატოვოთ. ამის შემდეგ იწყება ცომის დახვევა ერთი ბოლოდან მეორესკენ ( ეს პროცესი კარგად ჩანს ვიდეოში, რომელსაც სტატიის ბოლოს ნახავთ). ამგვარად დახვეული ცომი ფრთხილად გადავიტანოთ პასკის ფორმაში, ყალიბები სითბოში დავდგათ, გადავაფაროთ მშრალი ტილო და დავტოვოთ სრულ ამოსვლამდე: ამას დასჭირდება დაახლოებით ერთი საათი.

როცა ცომი კარგად ამოვა, ჩავრთოთ ღუმელი 200 გრადუსზე და კარგად გავაცხელოთ. შემდეგ ფრთხილად გადავიტანოთ ცომიანი ფორმები საცხობ ფირფიტაზე და მოვათავსოთ ღუმელში. 10 წუთის შემდეგ ტემპერატურას დავუწიოთ და 180 გრადუსზე გავაგრძელოთ ცხობა. გამოვიღოთ გამომცხვარი კულიჩები ღუმელიდან და გვერდულად დავდოთ გასაგრილებლად. გაციების მერე ფრთხილად შემოვხსნათ ყალიბი (თუ ყალიბი ქაღალდისაა და ერთჯერადია, მაშინ პასკას ფორმიდან გამოღება არ უნდა).

კარგად გაციებული კულიჩები ჩავაწყოთ ემალის ქვაბში და შევინახოთ გრილ ადგილას. სურვილის შეთხვევაში შეიძლება ზემოდან გავუკეთოთ შოკოლადის ან თეთრი მინანქარი ან მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრა.



image


ბედნიერ აღდგომას გისურვებთ, მეგობრებო!



ისარგებლეთ ქვემოთ მოცემული ვიდეორეცეპტით:


http://intermedia.ge/vid/491016-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%93%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9D-%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90/


0
213
6-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0