x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
„ბიბლუსი შენს სკოლაში“ - როგორ ჩავერთოთ პროექტში, რომელიც კითხვის მოყვარულ, საზრიან ბავშვებს აერთიანებს
image

„ბიბლუსი შენს სკოლაში“ წიგნის მაღაზიათა ქსელის „ბიბლუსის“ მიერ ორგანიზებული პროექტია, რომელიც კომპანიის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაიგეგმა. როგორც პროექტის მენეჯერი ანი ამირანაშვილი აცხადებს, ის კითხვის მოყვარულ საზრიან ბავშვებს აერთიანებს. მთავარი მიზანი კი კვლავაც წიგნის პოპულარიზაციაა.

თუ როგორ გაჩნდა პროექტის „ბიბლუსი შენს სკოლაში“ იდეა, რა შესაძლებლობებს აძლევს ის სკოლის მოსწავლეებს და ვის შეუძლიათ მასში ჩართვა ინტერვიუდან შეიტყობთ.

- მოგეხსენებათ, „ბიბლუსის“ მთავარი მიზანი საზოგადოებაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციაა. ვცდილობთ სხვადასხვა აქტივობებით წიგნი და ლიტერატურა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და ამავდროულად, მოთხოვნადი გავხადოთ. სკოლის მოსწავლეები საზოგადოების ის წევრები არიან, რომლებსაც კითხვის პოპულარიზაციაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ისეთი პროექტი შეგვექმნა, რომელიც სკოლის მოსწავლეებს კიდევ უფრო გაახალისებდა და კითხვისთვის მეტ მოტივაციას მისცემდა.

- პროექტი ახალია, თუმცა განსაკუთრებული გამოხმაურება აქვს, შეგიძლიათ პროექტის მიზნებზე უფრო დეტალურად გვიამბოთ?

-პროექტის მთავარი მიზანია აღმოაჩინოს ბავშვები, რომლებსაც განსაკუთრებით უყვართ ლიტერატურა და მისცეს მათ მეტი შესაძლებლობა, რომ სულ უფრო მეტი წიგნები იკითხონ. ამასთანვე, გვსურს, რომ პროექტმა იმ ბავშვებშიც გააჩინოს წიგნის კითხვის სურვილი და მოტივაცია, რომლებიც აქამდე ნაკლებ დროს უთმობდნენ წიგნებს და კითხვას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „ბიბლუსი შენს სკოლაში“ კომპანიის 10 წლის იუბილეს ფარგლებში დავგეგმეთ. მოგეხსენებათ, 2018 წელი ბიბლუსისთვის საიუბილეო წელია. ამ ფაქტთან დაკავშირებით არაერთ სიახლეს ვთავაზობთ ჩვენს ერთგულ მომხმარებელს. აღნიშნული პროექტი კი ერთერთი მათგანია.


-ანი, საინტერესოა როგორ არჩევთ სკოლებს, თქვენი სურვილით, თუ თავად გიკავშირდებიან?

-ჯერ-ჯერობით ერთადერთი შეზღუდვა რაც სკოლების შერჩევის პროცესში გვაქვს, ის არის, რომ დედაქალაქში მდებარე სკოლებს ვირჩევთ. პროექტი ახალი დაწყებულია, რის გამოც, ჯერჯერობით, თბილისის სკოლების ათვისებაზე ვართ ორიენტირებული. თავდაპირველად, შემთხვევითობის პრინციპით შევარჩიეთ რამდენიმე სკოლა და სწორედ მათ დავუკავშირდით. თუმცა პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სკოლები თავად გვიკავშირდებიან ჩვენი ოფიციალური ფეისბუქგვერდის მეშვეობით. ახლა, პირველ რიგში სწორედ იმ სკოლებში მივდივართ, რომლებიც თავად გამოთქვამენ ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს.

- შეგიძლიათ უფრო დეტალურად გვიამბოთ პროექტის „ბიბლუსი შენს სკოლაში“ შესახებ?

მას შემდეგ რაც სკოლას ვეწვევით, პროექტისა და იდეის შესახებ მცირე პრეზენტაციას ვმართავთ. დაინტერესებულ ბავშვებს ტესტის დაწერას ვთავაზობთ, სადაც სახალისო დავალებებია მოცემული. საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეებს წიგნებით ვასაჩუქრებთ. ამას გარდა, ისინი ჩვენი კლუბის წევრებიც ხდებიან.

მინდა აღვნიშნო, რომ წიგნის კლუბი ჩვენი პროექტის ერთერთი ყველაზე საინტერესო ნაწილია. ის არაერთ აქტივობას მოიცავს მათ შორის: ლიტერატურულ საღამოებს, წიგნის განხილვებს, კინოჩვენებესა და სხვა საინტერესო შეხვედრებს. აღნიშნული ღონისძიებები ექსკლუზიურად კლუბის წევრი ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი. ჩვენი კლუბი საზრიან, მოტივირებულ, კითხვის მოყვარულ ბავშვებს გააერთიანებს. „ბიბლუსისგან“ მათ სპეციალური სერტიფიკატები გადაეცემათ, უამრავი წიგნი და არაერთი სიურპრიზი.


-ვის შეუძლია პროექტში ჩართვა, რა ასაკის მოსწავლეებს ხვდებით?

ჩვენ პროექტში მონაწილეობა ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია, რომელიც VI ან VII კლასში სწავლობს, თუმცა სამომავლოდ, დიდი სურვილი გვაქვს, რომ „ბიბლუსი შენს სკოლაში“ სხვა ასაკობრივი ჯგუფებიც ჩავრთოთ.

-რას გვეტყვით სამომავლო გეგმებზე?

გამოხმაურებამ, რომელიც ჩვენს პროექტს, „ბიბლუსი შენს სკოლაში“ მოჰყვა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია. დიდი სურვილი გვაქვს რომ თბილისის გარდა, სხვა ქალაქებსაც ვეწვიოთ. ჩავიდეთ რეგიონებში და „ბიბლუსი შენს სკოლაში“ იქაური მოსწავლეებიც ჩავრთოთ.






0
48
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0